კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ურჩევნია მამაკაცს ცოლთან დაშორებას მისი ღალატის ატანა

მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქალები ყოველთვის პატიობენ ქმარს ღალატს, ყველა მამაკაცში კი ოტელოს სძინავს, – მცდარია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ღალატის პატიება-არპატიება ადამიანის სქესზე კი არა, მის ფსიქოტიპზეა დამოკიდებული, ანუ, სულერთია, ძლიერ სქესს მიეკუთვნები თუ ქალბატონი ბრძანდები: ან პატიობ ღალატს, იმიტომ, რომ ასე გიღირს, ან – არა, რადგან, აღარ შეგიძლია დაკარგული ნდობის გარეშე ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. თუმცა სიყვარული მაინც ის ფენომენია, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ ახსნის და ვერც ერთი ფსიქოლოგი ვერ ჩასწვდება მის ჭეშმარიტ არსს. სიყვარულია ის, რაც თავმოყვარეობასაც გვავიწყებს, სტერეოტიპებსაც გვინგრევს და წარმოუდგენელი საქციელის ჩადენისკენაც გვიბიძგებს, ისეთი საქციელისკენ, რასაც სხვა შემთხვევაში არ ჩავიდენდით. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი შეხვდებით კაცს, რომელიც მის გარეშე დარჩენას მოღალატე ცოლის გვერდით ცხოვრებას ამჯობინებს.

 

ზურა (37 წლის): ჩემი ცოლი ძალიან რომანტიკულ გარემოში გავიცანი ხუთი წლის წინ: სათევზაოდ ვიყავი, ის და მისი დაქალი მდინარეში ბანაობდნენ და პირდაპირ ჩემ თვალწინ ამოემართნენ წყლიდან. არ ვიტყვი, რომ მანამდე მსგავსი სილამაზის ქალი არ მენახა, მაგრამ, ჰქონდა რაღაც ისეთი, რამაც მისი დავიწყების საშუალება აღარ მომცა. გავგიჟდი, თავი მოვიკალი და გავიცანი. იმ დღის მერე გვერდიდან აღარც მოვცილებივარ. ლამის ჭკუა დამაკარგვინა. უარს არ მეუბნებოდა, მაგრამ, არც იმედს მაძლევდა. ერთი სიტყვით, „შემაბა“.

– ეს ნიშნავს, რომ თავი შეგაყვარათ?

– დიახ, თავი შემაყვარა. მანამდე, ანუ სანამ მას გავიცნობდი, ერთ გოგოს ვხვდებოდი, მაგრამ, მაშინვე მივხვდი, რომ თურმე მთელი ცხოვრება ამას ველოდებოდი. ეს რომ ვუთხარი, გაიცინა და მაშინვე მითხრა, თუ ასე გიყვარვარ, ცოლად გამოგყვებიო. ვინ თქვა, რომ მარტო ქალებს ასულელებს სიყვარული?! როცა ეს გრძნობა მოდის და თავის კანონებს გკარნახობს, შენი საღი აზრი სასაცილო და არაფრის მაქნისი ხდება.

– მამაკაცები არ აღიარებენ ხოლმე, როცა ჭკუას კარგავენ.

– გეთანხმებით, არ აღიარებენ, მაგრამ, მე ვინ მოვატყუო, საკუთარი თავი? მაშინ, რა აზრი ექნება ამ ჩვენს შეხვედრას? ბევრი კაცი, ალბათ, დამცინებს, მაგრამ, სხვის უბედურებაზე სიცილი ადვილია. არავის ვუსურვებ ჩემს სიტუაციაში ყოფნას. სიყვარული თუ ყველანაირ კომპრომისზე წამიყვანდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

– სიყვარულს აბრალებთ იმას, რაც თავს გადაგხდათ? იქნებ, მიზეზი სხვა რამეშიც არის?

– მაგალითად, რაში? ვის პატიობენ ყველაფერს ბრმად და ანგარიშმიუცემლად? იმათ, ვინც მართლა ძალიან უყვართ და, კიდევ, გააჩნია სიყვარულის სიძლიერესაც, ანუ, რა დონეზე გიყვარს. ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც სიკვდილი ურჩევნიათ საყვარელ ადამიანთან განშორებას?! თითქმის ასეთ სიტუაციაში ვარ მეც. გონებით ვიცი, რომ ძალიან ცუდად ვიქცევი, რომ ნამდვილ რქიან იდიოტად გამომყავს თავი, მაგრამ რეალურად, აბსოლუტურად უძლური ვარ, რამე შევცვალო.

– რის შეცვლას გულისხმობთ?

– მოგიყვებით და თქვენ თავად განსაჯეთ, რის შეცვლაზეა ლაპარაკი. ოჯახის დანგრევა არ მინდა, არ არის ეს ჩემთვის ადვილი, ყველანაირი გაგებით. ჯერ ერთი, ბავშვი ძალიან დაზარალდება. ჩემმა ცოლმა მე კი მიღალატა, მაგრამ, არაჩვეულებრივი დედაა და შვილზე გიჟდება. რომ გავეყარო, ბუნებრივია, ბავშვს წაიყვანს. მე თავიც რომ მოვიკლა, სულ მის გვერდით ვეღარ ვიქნები და ამისი გადატანა ძალიან გამიძნელდება. არ ვიცი, რამდენად კარგად გიხსნით იმას, რომ მე ჩემი ოჯახი ჰაერივით მჭირდება. შეიძლება, არიან კაცები, რომელთათვისაც ოჯახი ბევრს არაფერს ნიშნავს და, იქნებ, მათთვის ბევრად ადვილიც არის ცხოვრება, მაგრამ, მე ზუსტად ვიცი, ოჯახის გარეშე როგორც პიროვნება მოვკვდები და ვერც ფიზიკურად ვიქნები კარგად.

– ალბათ, იმავეს ფიქრობენ ქალები, რომლებიც ქმრების დაუსრულებელ საყვარლებს ეგუებიან.

– არ იცით, როგორ მესმის მათი და როგორ მეცოდებიან. მეც, ალბათ, ბევრს შევეცოდები. ჩემი ცოლიც ამას მეუბნება, მებრალებიო. სხვის თავს რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი, ვიტყოდი, რაში სჭირდება ასეთი სიბრალული-მეთქი, მაგრამ, რეალობის წინაშე სხვანაირად ვიქცევი და ეს არ მიკვირს. არც უთავმოყვარეო ვარ, როგორც, შეიძლება, ეს ვინმეს მოეჩვენოს. ზოგჯერ მგონია, რომ უფრო ეგოიზმი ჭარბობს ჩემში, ვიდრე ჯანსაღი სიყვარული. ამ ყველაფერს არანორმალურად განვიცდი, რაც ჩემს ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება – პირდაპირ შრომისუნარიანობაზე ახდენს გავლენას. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ზოგჯერ ისე ვარ... კიდევ კარგი, ჩემი ბიზნესი დიდ აქტიურობას არ მოითხოვს, თორემ, გავკოტრდებოდი.

– ცოლმა გიღალატათ, თქვენ ეს გაიგეთ, აპატიეთ, ისევ ერთად ცხოვრობთ და ისიც ისევ განაგრძობს ღალატს?

– არა, მთლად ასეც არ არის. როცა გავიგე, რომ მიღალატა, პირველი რეაქცია აბსოლუტურად ბუნებრივი და ძალიან ადეკვატური მქონდა – გავგიჟდი.

– შეიძლება, გკითხოთ, როგორ გაიგეთ?

– ძალიან ბანალურად. სხვათა შორის, საკმაოდ ფრთხილად იქცეოდნენ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, არ გამეგო და, ახლა რომ ვაანალიზებ, ვფიქრობ, ეტყობა, ჩემს ცოლს უნდოდა ოჯახის შენარჩუნება, თორემ, მეტყოდა, სხვა მიყვარსო და დაამთავრებდა ჩემთან ურთიერთობას. არც სახლში მოსვლას აგვიანებდა, არც საეჭვო შემინიშნავს რამე და არც ესემეს მიმოწერაში გამომიჭერია. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო ის, რაც საკუთარი თვალით ვნახე ჩვენი სახლის ახლოს, მანქანაში, ანუ, როგორც კი სამსახურში წავედი და თავი სამშვიდობოს დაიგულა, ჩემმა ცოლმა მაშინვე გამოიძახა თავისი საყვარელი. შემთხვევით მოვბრუნდი სახლში, რაღაც დამჭირდა და მანქანა ეზოში აღარ შევიყვანე – ვიღაცის სატვირთო იყო ცუდად გაჩხერილი. ამიტომ, ფეხით მომიწია სახლამდე მისვლა და დავინახე, ჩემი ცოლი ვიღაცის მანქანაში როგორ კოცნიდა უცხო კაცს. გავშტერდი, ლამის დამბლა დამეცა. რამდენიმე წუთი სრული შოკი მქონდა და არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. გონზე რომ მოვედი, ჩემი ცოლი ჩემ წინ იდგა და მიყურებდა. არც უცდია, თავი ემართლებინა. სახლში რომ ავედით, იქ ავტეხე ერთი ამბავი, ლამის დავალეწე ყველაფერი. ცოლის ცემაც კი მინდოდა, მაგრამ, არ მიცემია. იცით, რა მშვიდად იყო? ერთი ნერვი არ შერხევია. რა ვქნა, ასე მოხდა და, თუ გინდა, დავშორდეთო. ასეთ რამეს მისგან ნამდვილად არ ველოდი. დარწმუნებული ვიყავი, მეტყოდა, რომ შეცდომა დაუშვა, რომ რაღაც გაუგებარი და გაუთვალისწინებელი მოხდა და მე ვარ მისთვის ყველაზე ძვირფასი, საყვარელი ადამიანი...

– როგორც მამაკაცები იქცევიან, ხოლმე ასეთ შემთხვევაში...

– ჰო, ალბათ, მე არ მივეკუთვნები იმ მამაკაცების რიცხვს, თუმცა, მსმენია, ზოგადად ყველა მოღალატე იფიცება, რომ არ უნდოდა და რაღაც დაემართა. ჩემი ცოლი რადიკალურად განსხვავებულად მოიქცა: არც ის უთქვამს, რომ სხვა შეუყვარდა, არც ჩემთან უცდია თავის გამართლება. ეგრევე მომახალა – არ არის პრობლემა, დავშორდეთო. არც სკანდალი მინდა და არც რამე პრეტენზია მექნება. მშვიდად, ცივილიზებულად დავცილდეთ. არც აგრესია მაქვს და გთხოვ, შენც ნუ დაიბოღმები. ჩვენ შორის ბევრი ძალიან კარგი რაღაც იყო. შვილი გვყავს, ბევრი საერთო გვაქვს და, ვეცადოთ, ეს ყველაფერი არ დავანგრიოთო. სრულიად გულწრფელად ვაღიარებ: სუსტი აღმოვჩნდი. ეს არ არის ჩემი პლუსი და ვაცნობიერებ ამას, მაგრამ, მაინც ვცადე, წყალწაღებულივით ხავსს მოვჭიდებოდი.

– თქვენი ცოლის საყვარლის ნახვა და მისი ცემა არ მოგინდათ?

– კი, იყო ეგეთი სურვილი, მაგრამ, ჩემმა ცოლმა გამაჩერა – ციხეში  გინდა აღმოჩნდეო? ეს ხომ მისი კი არა, ჩემი და შენი ბრალია. მე შენ მიმართ ინტერესი დავკარგე, ჩვენს ურთიერთობაში რაღაც მოკვდა და ის იმიტომ გამოჩნდაო. მაშინ დავფიქრდი და მივხვდი, ციხეში ჩაჯდომა არანაირად არ მინდოდა.

– ციხეში რატომ უნდა ჩამჯდარიყავით, მოკვლას უპირებდით?

– არავინ იცის, რომ შევხვდებოდი, იქ რა მოხდებოდა. ცემასა და ჩხუბზე, რა, არ იჭერენ? რას მივიღებდი ამით? მე დამიჭერდნენ, ჩემი ცოლი კი იმასთან შეხვედრებსა და სიყვარულობანას გააგრძელებდა. სხვა გადაწყვეტილება ამიტომ მივიღე. არ ყოფილა ადვილი იმის გაკეთება, რაც მე შევძელი და, თუ სხვა მხრიდან მივუდგებით ამას, მაშინ, ბევრ მამაკაცზე ძლიერი გამოვდივარ – პატიების, შენდობის უნარი ხომ მარტო ძლიერებს აქვთ: ჩემს ცოლს შევთავაზე, ყველაფერი თავიდან დაგვეწყო, იქნებ, ჩვენი ურთიერთობისთვის ინტრიგა და რომანტიკა დაგვებრუნებინა. სხვათა შორის, ის წამოვიდა ამაზე – მაშინვე დამთანხმდა.

– ალბათ, მართლა ძალიან ძლიერი უნდა იყო კაცი, რომ ცოლს ღალატი აპატიო და თან რომანტიკა შესთავაზო.

– ეს ირონიაა? პრინციპში, რა უფლება მაქვს მეწყინოს? თქვენთან ძირითადად ქმრის ღალატით დაჩაგრული ქალები მოდიან და მათ უფრო თანაუგრძნობთ. მესმის თქვენი. კაცი, ალბათ, იმიტომაც არის კაცი, რომ საკუთარ პრობლემებს თავადვე გაუმკლავდეს, წუწუნის გარეშე. თუმცა, მე არ ვწუწუნებ.

– როგორ მოქმედებთ?

– ყველაფერი „დავივიწყე“ და ვცდილობ, ჩემი ცოლისთვის სხვა ადამიანი გავხდე. უფრო სწორად, ცოლისთვის კი არა, ოჯახისა და საკუთარი თავისთვის ვცდილობ. იმ ადგილებში დამყავს, სადაც შეყვარებულობის პერიოდში დავდიოდით; სასიამოვნო სიურპრიზებს ვუკეთებ... ოღონდ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის „ყიდვას“ ვცდილობ ძვირფასი საჩუქრებით. ალბათ, ჩემი ბრალიც არის მისი ღალატი – იქნებ, სწორედ ყურადღება და რომანტიკა დავაკელი? იცით, რა სხვანაირად დავიწყე ფიქრი? სწორად გამიგეთ. ადრე ასე მართლა არ ვფიქრობდი. საკუთარი ჭრილიდან ვუყურებდი ცხოვრებას, ისევე, როგორც ყველა მამაკაცი. მამაკაცები ნუ გამინაწყენდებიან, მაგრამ, ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს. რამდენი მამაკაცი განაგრძობს ცოლთან ისეთ ურთიერთობას, როგორიც შეყვარებულობის პერიოდში, ოჯახის შექმნამდე ჰქონდა?

– ეს ხომ ბუნებრივად ხდება. როგორც ამბობენ, ოჯახი კლავს რომანტიკას.

– მეც ასე მიმაჩნდა და ბევრ რამეს „ვიკიდებდი“. ვფიქრობდი, არ ვსვამ, არ ვეწევი, ოჯახს ვარჩენ, მექალთანე არ ვარ... ანუ, კარგი ქმარი ვარ-მეთქი. მაგრამ, ასე მარტივად ნამდვილად არ არის საქმე. ქალს ყველაზე მეტად ყურადღება სჭირდება კაცისგან, მით უმეტეს – საყვარელი კაცისგან.

– ყველა ქალს?

– ალბათ, ყველა ქალს. თუმცა, გააჩნია მისი ცხოვრების პირობებსაც. მე არ ვგულისხმობ იმათ, ვისაც საშინელი პრობლემები აქვთ, ქმრები სცემენ და ასე შემდეგ. ეს, საერთოდ, პათოლოგიაა. მე ჩვეულებრივ, ნორმალურ ურთიერთობებსა და ოჯახს ვგულისხმობ. კაცებს არ აკმაყოფილებთ მხოლოდ მეოჯახე ცოლები. ითხოვენ, რომ ისინი სულ ფორმაში იყვნენ, ეფექტურად გამოიყურებოდნენ და თავს უვლიდნენ. ვინც იტყვის, რომ კაცებს ამის მოთხოვნილება არ აქვთ, ის იტყუება. არავის განსჯას არ ვაპირებ, მე ხმა როგორ ამომეღება, მაგრამ, როგორც გითხარით, ბევრ რამეს ძალიან სხვანაირად ვაფასებ.

– ფიქრობთ, ეს თქვენს ოჯახს გადაარჩენს? ცოლი აღარ გიღალატებთ?

– მე ვცდილობ და, რაც ჩემს შესაძლებლობებშია, ვაკეთებ. ქალები ხომ პატიობენ ქმრებს ღალატს, რატომ უნდა იყოს სამარცხვინო ის, რომ მეც ვაპატიო ცოლს ღალატი?

– თუკი მას არ უნდა, რომ აპატიოთ?

– ფაქტია, რომ ოჯახის დანგრევისგან თავი თავიდანვე შეიკავა. ახლა, მგონი, მაკვირდება. მე ის გავაოცე ჩემი დიდსულოვნებითა და სიმშვიდით; კომპრომისზე წასვლით; იმით, რომ ისე არ მოვიქეცი, როგორც ელოდა.

– თქვენ ასე გეშინიათ ოჯახის დანგრევის?

– ვაღიარებ, რომ მეშინია. მე არ ვარ ის კაცი, ვინც ხელის ერთი მოსმით ანგრევს წლობით ნაშენებს. დანგრევა ხომ ძალიან ადვილია! მე არ მემეტება ჩემი შვილი იმ სტრესისთვის, რომელსაც მას დედისა და მამის განშორება მოუტანს. მას ორივე უყვარს და ორივე ერთად უნდა,  ნაკლებად აინტერესებს ჩვენი პრობლემები.

– ანუ, ცოლის სიყვარული არაფერ შუაშია?

– როგორ არ არის შუაში! ჩვენ შორის დიდი სიყვარული იყო. ძალიან მიყვარდა და იმასაც ვუყვარდი. ახლა მარტო ჩემს გრძნობაზე შემიძლია ვილაპარაკო. შეიძლება, თქვენ ჩემზე ფიქრობთ, რომ დაღუპული კაცი ვარ. არა უშავს, არ მწყინს. მარტო თქვენ კი არა, სხვებმაც შეიძლება, ასე იფიქრონ. თუ ოჯახი გადამირჩება, მიღირს ამად.

– კიდევ რომ გიღალატოთ?

– ვიცოდი, რომ ამას შემეკითხებოდით. როცა ცოლად ვირთავდი, ვიცოდი, რომ მიღალატებდა?! – არ ვიცოდი, არანაირად არ წარმოვიდგენდი ამას და, ვინმეს რომ ეთქვა, ცოლი გიღალატებს და შენ აპატიებო, გავგიჟდებოდი. ამიტომ, არ მაქვს პასუხი თქვენს შეკითხვაზე. ჯერჯერობით დინებას მივყვები და ვნახოთ, რა გამოვა. ყოველ შემთხვევაში, შანსი უნდა მივცე ცოლსაც და საკუთარ თავსაც.

 

 

скачать dle 11.3