ვის მოსაკლავად მიფრინავდა ისრაელში იარაღით თაკო აბაშიძე და რის გამო მოსდევდა მას ქალი ტუალეტის ქაღალდით რიკოთზე
სერიალ „ჩვენი ოფისის“ ერთი შეხედვით, მომთხოვნი, მკაცრი და კაცების რისხვა ნატა უფროსი, იგივე თაკო აბაშიძე, რეალურ ცხოვრებაში ძალიან თბილი, სასიამოვნო, ხალისიანი და ენაწყლიანი ადამიანია. როგორც თავად ამბობს, მისთვის ყველაზე მთავარი ადამიანებთან ურთიერთობაა. ამიტომაც ჰყავს უამრავი მეგობარი და მათ გვერდით კარგადაც ერთობა და ხალისობს.
თაკო აბაშიძე: გამოუვალ თუ კურიოზულ სიტუაციებში იუმორი ძალიან მშველის, ასევე კომუნიკაბელურობა. ძირითადად, მგზავრობისას მემართება კურიოზები. არ დამავიწყდება, ფოთში იყო ჩვენი მეგობრის ქორწილი და ოთხი მეგობარი წავედით აქედან მანქანით. რიკოთის უღელტეხილზე შევისვენეთ. შევედით საჭირო ოთახში. თან მახლდა ლიკა ოყროშიძე, ჩემი მეგობარი და უმჯობესია მასთან ერთად არ ჩავარდე კომიკურ სიტუაციაში. რადგან, ამას მერე ისე აზვიადებს... ვიფიქრე ახლა აქ რა უნდა მოხდეს-მეთქი და... მოკლედ, საჭირო ოთახში, რას აკეთებენ ყველამ იცის. აი, იქ რომ დამინახეს და მიცნეს, ეს უნდა გენახათ. სწრაფად გამოვედი, უკან გავიხედე და რას ვხედავ, მორბის ქალი, მოაფრიალებს გაშლილ ტუალეტის ქაღალდს და ყვირის, ნატა, ნატა, შენ არა ხარ გოგო, ხომ შენ ხარო?! (იცინის). როგორ მოვკურცხლე იქიდან და შევხტი მანქანაში, აღარ მახსოვს. დავქოქეთ მანქანა და ვიღაცამ, მთელი ერთი დიდი პარკი წაბლი მოგვაწოდა, ჩვენი ტყის არის და მიირთვითო. მთელი გზა, ლიკას ჯიბრით ამ წაბლს ვჭამდი და ქორწილში ისეთი დანაყრებული ჩავედი, რაღად მინდოდა გოჭი და ქათამი. სადაც კი მოვხვდებით, ლიკა ტუალეტის და წაბლის ამბავს ყვება და ძალიან ხალისობს.
– თაკო, როგორც ვიცი, ძალიან ცოცხალი ბავშვი იყავი. ამის გამო ოჯახის წევრები სტუმრების თანდასწრებით შეგირცხვენია?
– რამდენჯერაც გინდა. (იცინის). ძალიან მოძრავი, შემაწუხებელი, ენერგიული და თავის მომჭრელად გულწრფელი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ბოროტი არა. ერთხელ, მამამ სახლში საპატიო სტუმარი მოიყვანა. ვანიდან იყო. სუფრასთან დასხდნენ და დაიწყეს საუბარი. მე შევვარდი გიჟივით ველოსიპედით და დავიწყე მაგიდის გარშემო წრიული მოძრაობა. იმ კაცმა მითხრა, მოდი აქ, ბიძია, დაწყნარდი, რა გემართებაო. (იცინის). ბებიაჩემი კი ძილის წინ ლექსებს მიკითხავდა. იმას მივაძინებდი და მე მერე ვიწყებდი თამაშს. ბებია ამბობდა, ეს ბავშვი ნორმალური არ იქნებაო, ბაბუა კი ამბობდა, ეს ბავშვი ნახევრად გიჟი გაიზრდებაო. (იცინის).
– გიჟი არა, მაგრამ ცნობილი ადამიანი კი გახდი. რა რეაქციები აქვთ ქუჩაში გამვლელებს, როცა გცნობენ?
– ძირითადად, სერიალის გმირის სახელს მეძახიან, მიღიმიან. ზოგი რომ დამინახავს, ამბობს „შუა ქალაქის“ მსახიობიო, ეშლებათ ხოლმე. მაგრამ, დამერწმუნეთ, აგრესია ან ანტიპათია მათი მხრიდან არასდროს მიგრძვნია. მსიამოვნებს მათი ყურადღება და არ მჯერა მათი, ვინც პოპულარულია და ამბობს, არ მსიამოვნებს ყურადღებაო. ტაქსისტები ხშირად ფულს არ მართმევენ, ყოფილა შემთხვევა, როცა გულით რაღაცას მჩუქნიან. ერთხელ, მიწისქვეშა გადასასვლელში, ქოთანში ჩარგულ ულამაზეს, ჯუჯა, დეკორატიულ პომიდორს ყიდდნენ. დედაჩემს ძალიან უყვარს ასეთი რამეები და ვიფიქრე ვუყიდი-მეთქი. მანამდე, გაზეთი ვიყიდე და რომ მოვტრიალდი, ვიღაც უცხო ბიჭს უყიდია ეს პომიდორი და მომართვა, ეს ჩემი საჩუქარიაო.
– სიმართლე მითხარი, აივანთან თუ გიმღერიან თაყვანისმცემლები ან რაიმე ორიგინალურ საქციელს თუ სჩადიან შენს გამო?
– აივანზეც დამხვედრია ყვავილები და უმღერიათ კიდეც ჩოხაში გამოწყობილებს, ხელში ცეცხლოვანი ფიალებით. მე მაინც უფრო საინტერესო და ორიგინალურ თაყვანისმცემელს ველი. ისეთი რამით უნდა გამაკვირვოს, რაც ჯერ არ მომისმენია და არ მინახავს. ერთ გვიან საღამოს, მესმის სიმღერის ხმა. გადავიხედე ფანჯრიდან და რას ვხედავ? ჩოხებში გამოწყობილი ბიჭები დგანან, ფიალები უჭირავთ და მღერიან „გინდ მეძინოს...“. ძალიან მესიამოვნა, ამას ვერ უარვყოფ. ყვავილები კი ბევრჯერ დამხვედრია სახლთან, განსაკუთრებით ქარელში აგარაკზე. არ ვიცოდი ვინ მიგზავნიდა, მაგრამ ისე შევეჩვიე, რომ ყოველ დილით უნდა დამხვედროდა ყვავილების თაიგული, თუ არ დამხვდებოდა, მეხამუშებოდა. (იცინის).
– გავიგე, ზღვაზე ისე იცეკვა, ქუსლებიდან გადმოხტაო. რა გაცეკვებდა ასე გამწარებულს ქუსლები რომ დაამტვრიე ფეხსაცმელს?
– დასასვენებლად ვიყავი და იქ გავიგე, რომ ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა. იმ საღამოს გახარებულმა ისე ვიცეკვე, „ურა, ურას“ ძახილით ბულვარში ტანგო, რომ ქუსლი მომტყდა. ვიფიქრე ინდაურივით არ ვიარო-მეთქი და უნდა გენახათ, რომ არ შეემჩნია სხვებს როგორ დავდიოდი. (იცინის). ფეხსაცმელი კი გავაფუჭე და ფეხის წვერებით მომიწია სიარული, მაგრამ ისეთი ამბავი შევიტყვე, ეს ამად ღირდა. ასე რომ, ჩემი ძმის გაბედნიერებას ფეხსაცმლის ქუსლი შეეწირა.
– ამბობენ, მტრისას თაკოსთან ერთად მანქანით მგზავრობა. მძღოლებს სისხლს უშრობსო. მართლა ასეთი ცუდი მგზავრი ხარ?
– ძალიან მეშინია მანქანით მგზავრობის, მირჩევნია, მატარებლით ვიმგზავრო. თუ მატარებელი არ უდგება, დავიღუპე. მანქანაში, შეიძლება ითქვას, ფეხზე ვდგავარ მთელი გზა. კოშმარულად მეშინია. ოთხჯერ მოვყევი ავარიაში, არც კი მინდა ამ ამბების გახსენება და რა გასაკვირია, რომ მეშინოდეს? თუ მძღოლი სწრაფად დადის, ვეუბნები ნელა იარე-მეთქი და ის თუ მეუბნება, მე კარგად ვატარებ და ჩემზე მეტად ხომ არ გიყვართ ჩემი თავიო, აი, ამ ორ პასუხზე შემიძლია მძღოლი მოვკლა. გეუბნებით, ერთ დღესაც თუ მიხილეთ პატრულში, რომელიმე ტაქსის მძღოლის მკვლელობაზე და ამის მიზეზად დაასახელონ ჩემი ფსიქიკური აშლილობა, არ გაგიკვირდეთ (იცინის). სულ შენიშვნებს ვაძლევ მძღოლებს და მინდა გაითვალისწინონ. თვითმფრინავით მგზავრობა კი ისე მიყვარს, ვგიჟდები. შარშან, ოცი წუთი ვერ დაჯდა თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე, ქარის გამო. ხალხი ვალიდოლებს სვამდა, ისე ნერვიულობდნენ, მე კიდევ უბედნიერესი სახე მქონდა. აფრენა და დაფრენა ხომ ყველაზე საშიში მომენტია თვითმფრინავისთვის? მე ამაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს ეს პროცესი. ერთხელ, ისრაელში მივდიოდი თეატრიდან გასტროლებზე. სპექტაკლში, ისეთი როლი მქონდა, სადაც თოფს ვისროდი. ეს პატარა პისტოლეტი ჯიბეში მედო. აეროპორტის საბაჟოზე, კონტროლი ხომ უნდა გამევლო და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, როცა ამ იარაღს აღმომიჩენდნენ. უშიშროების ოთახში რომ შემიყვანეს და დაიწყო დაკითხვა, კარგა ხანს იქ ვიჯექი. თან საინტერესო ის იყო, რომ ტყვიებიც მიმქონდა და მებაჟეები გადაირივნენ, ვის მოსაკლავად მიდიხარ ისრაელშიო (იცინის). წვერი არ მქონდა თორემ, ნამდვილად ტერორისტად მომნათლავდნენ. ერთხელ კი, უცხოეთში ჩასულები, ტაქსით ვმგზავრობთ მე და ჩემი დაქალი. იმ ქვეყანაში, ჩვენდა გასაკვირად, თითქმის ყველა კაცს ნეკა თითზე მოზრდილი ჰქონდა ფრჩხილი. მოკლედ, ეს მძღოლი, მაგარი ჩაპუდრულ, დავარცხნილ, დადუხული ვინმე იყო და მასაც ნეკა თითზე ფრჩხილი ჰქონდა მოზრდილი. დავიწყეთ დაქალებმა ლანძღვა ქართულად, რა არის, რა უბედურებაა, ან რა მოდაა, აბა, შეხედე ახლა ამას, სიმპათიური ბიჭია და ამ ნეკა თითზე ფრჩხილის გაზრდა რა ჭკუაში მოუვიდა, თავმოყვარეობა არ აქვს... მაგრად რომ გამოვლანძღეთ, უცებ არ მოგვხედა და არ გვითხრა, გოგონებო მარჯვნივ შევუხვიოო. გავშრით და გავლურჯდით. თურმე ქართველი არ ყოფილა? (იცინის). მეორე დღეს, შიშით ვიხედებოდით აქეთ-იქით, სადმე არ დაგვხვდეს და არ მიგვაცხრილოსო.
– ხშირად დადიხარ საჭმლით ჩანთაში. ვისი გამოკვებისთვის გჭირდება ეს?
– ძალიან მეცოდებიან მაწანწალა ძაღლები და კატები. მათთვის ჩანთაში სულ მიდევს საჭმელი. თუ სადმე ნახეთ ძაღლების გროვა და შუაში მე ჩებურეკებით და ძეხვით ხელში, არ გაგიკვირდეთ. ერთხელ, მეტრო „ნაძალადევთან“ მანქანა გაუფუჭდა ჩემს მეგობარს. გააჩერა და ჩამოვიდა. მეც ჩამოვედი. დავინახე ერთი მაწანწალა ძაღლი. ვიფიქრე, სანამ ეს მანქანას შეაკეთებს, მე ამ ძაღლს რამეს ვუყიდი და გამოვკვებავ-მეთქი. საცხობში ვიყიდე ხაჭაპურები, დავგლიჯე და ვაჭმევ. გავიხედე, მეორე ძაღლი მოვიდა თავისი ლეკვებით, მესამე მოჰყვა თავისი მეუღლით, მეოთხე ნათესაობით და... აღმოვჩნდი ძაღლების ხროვაში. დღესაც გაკვირვებული ვარ, როგორ შეატყობინეს ერთმანეთს რომ მეტროს წინ ქეიფი იყო. (იცინის).