„მისი უდიდებულესობა“, ანუ – ?
ნაცარში ჩანგალჩაყრილები
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“, ჯერ იყო და, დაგვპირდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას არავის შეარჩენდა (პრინციპით: კიდევაც დაიზრდებიან, თუ მთლად ალგეთის ლეკვები არა, არასამთავრობოებლები მაინც), თანაც, ისეთი ზარ-ზეიმით, რომ ამ ჩვენი მრავალგზის იავარქმნილი კონსტიტუციის დასაცავად ლამის ჩანგლებიც ავლესეთ. ოღონდ, მოგვიანებით, კოვზი (გნებავთ, ჩანგალი) ნაცარში ჩაგვივარდა. ჩაგვივარდა, რადგან ზემოხსენებული ორგანიზაციის თავკაცმა გასული კვირისავე მიწურულს გვაუწყა, რომ სასამართლოსთვის მიმართვა გადაიფიქრეს იმდენად კეთილშობილური მოტივით, რომ ჩანგალს ნებითვე ჩააგებდი სამზარეულოს უჯრაში. კერძოდ, რომ მისი უდიდებულესობა „საზოგადოება ამ პროცესის დაწყების წინააღმდეგია“. სახელდობრ, საზოგადოების თავმჯდომარემ მიხეილ დევდარიანმა ბრძანა: „ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია, მივიჩნევთ, რომ საარჩევნო პროცესის თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისთვის (კონსტიტუციის პატივისცემა ვითომ სულ არაფრის წინაპირობაა?!) და პოლიტიკური კონსენსუსი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ამის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ამდენად, გადავწყვიტეთ, უარი ვთქვათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე.“
მოგეხსენებათ, აწ უკვე მკვდრადშობილი სარჩელის ძირითადი ლაიტმოტივი ასეთი უნდა ყოფილიყო: რაკი, კონსტიტუციით, პარლამენტის უფლებამოსილების ვადა 4 წელია, პრეზიდენტისა – 5 წელი, ეს ვადები კი დარღვეულია (უფლებამოსილების ვადა გაზრდილი აქვს როგორც პარლამენტს, ისე პრეზიდენტს), „ახალ თაობა – ახალ ინიციატივას“ ვადების დაცვა უნდა მოეთხოვა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის მაისში გამართულიყო და იგივე ბედი სწეოდა საპრეზიდენტო არჩევნებსაც (რაკი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი 2008 წლის იანვარში გახდა, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადაც 2013 წლის იანვარში ეწურება). რაც მთავარია, ეს ყოველივე 2007 წელს დაინერგა, თუმცა, „ახალ თაობა – ახალ ინიციატივას“ სარჩელზე საფიქრელად და კონსტიტუციის დასაცავად განგაშის ზარების დასარისხებლად ხუთიოდე წელი დასჭირდა (თუმცა, როგორც თავად თქვეს, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ოღონდ ახლა გაირკვა, რომ მაინც არასდროს ამჯობინეს). რაც შეეხება მათ მიერ დასახელებულ მოტივს: თუ გავიხსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარების წინააღმდეგ პოლიტიკურად ყველაზე აგრესიული განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს (დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის შემოდგომაზე გაიმართებაო), გადაფიქრებას კოჭებშივე ეტყობა, რომ გადამფიქრებლებს „მის უდიდებულესობაში“ საზოგადოება არ უგულისხმია.