კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ენერგიებს უშვებს კოსმოსში ნანიკო ხაზარაძე და სად ნატრობს ის ხავერდოვან თრობაში გადასვლას

მიუხედავად ხანგრძლივი პაუზებისა, ამოვარდნებისა, ტელევიზია მის გარეშე „ვერ ძლებს”. უკვე რამდენი სეზონია, ის მაყურებლის საყვარელ წამყვანად რჩება. ახალ-ახალ პროექტებში ჩნდება და რაც მთავარია, ყველას ირგებს. ნანიკო ხაზარაძე ახალი წლისთვის განსაკუთრებით არ მომზადებულა. ყველა შემოთავაზებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ახალი წლის პირველი ღამე ოჯახის წევრებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად გაეტარებინა.,

 

– როგორ ახერხებ, რომ ამდენი წლის განმავლობაში, როგორც კი მიდგება საკითხი იმაზე, ვინ გვინდა ჩვენ და მკითხველს ჟურნალის საახალწლო ყდაზე იყოს, ყველა ერთხმად ამბობს ნანიკო ხაზარაძეო?

– მეკითხები ამას და თან ვფიქრობ, რა პასუხი შეიძლება, გავცე. თავის ქება არ მინდა. არასდროს მინდოდა და არ დამიგეგმავს ტელევიზიაში მუშაობა, მაგრამ რადგან ასე აეწყო და ამდენი წელია, ასე დაუგეგმავად მოვდივარ, დროა, დავფიქრდე და პასუხის ძებნა დავიწყო. რატომ ხდება ასე?! 

– შენი თავისუფლების ხარისხი ხომ არ განსაზღვრავს ამას?

– ზოგი მეუბნება, რომ ავი ხარ, ხშირად არ ფიქრობ იმაზე, რასაც ლაპარაკობო. მაგრამ, მგონია, ამით არავის ვტკენ. ვსაუბრობ იმაზე, რაც მაწუხებს, რასაც ვგრძნობ. თუ შეიძლება, ამის გამო ისე დამახასიათო როგორც ავი ქალი, დაე, ვიყო ავი. თუმცა, შეუპოვარი ვარ. რაღაცეებს არ ვუშინდები, უკან არ ვიხევ. იმის გამო, რომ პირდაპირ ეთერში ვართ, არ გავჩუმდები იმაზე, რაც მე სიმართლე მგონია. არასდროს შევჩერდები და არაფერს შევუშინდები, არ არსებობს. თუკი, ჩემს სიმართლეში ეჭვი მეპარება, ვჩუმდები და გავდივარ. ბრმად და უაზროდ არავის ვასკდები. არასდროს ვრისკავ.

– არადა, პირიქით, რისკიანი ჩანხარ.

– ვარ რისკიანი იქ, სადაც ვიცი, მართალი ვარ. ამ შემთხვევაში, რისკი გამართლებულია. მაგრამ, თუ არ ხარ დარწმუნებული და რისკავ, შეიძლება, რაღაც დაკარგო და დასაკარგი ნამდვილად არაფერი მაქვს. 

– გასულ წელს როგორ შეაფასებ? თითქოს ისევ იგივე საქმეს აკეთებ, მაგრამ შენი პერსონის მნიშვნელობა აშკარად გაიზარდა. ამას თუ გრძნობ?

– არ ვიცი, მართლა ვერ ვგრძნობ, მაგრამ თუკი ეს ასეა, ამის მიზეზი, ალბათ, ყოველდღიური გადაცემაა. ის გაძლევს საშუალებას, შენი რესურსი ბოლომდე აჩვენო, სხვადასხვა საკითხის მიმართ შენი მოსაზრება თქვა. ამან თუ ჩემი მნიშვნელობა გაზარდა, მხოლოდ მადლობა მეთქმის მაყურებლისთვის. ალბათ, ის, რომ ანტიპათიას არ ვიწვევ, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურებაა. რაც შეეხება გასულ წელს, ის რუტინული, სტაბილური, კარგი და ბევრი სიახლის მომტანი იყო. ყველაზე მეტად რა მახარებს, ამ ერთ წელიწადში საშინლად გავიზარდე. ყოველდღიურად ვატყობ ამას საკუთარ თავს, მსჯელობის, აზროვნების, რაციონალური ფიქრის მიხედვით. ასეთი რაციონალური არასდროს ვყოფილვარ. ოღონდ ეს ყველაფერი ეთერს მიღმა. ამაზე ფიქრი ეთერში თუ დავიწყე, ჩამივარდება გადაცემა. 

– რამ გამოიწვია ეს, მრგვალი ასაკი არ მოგდგომია ჯერ კარს.

– როგორ არა?! ორმოცი წლის ვხდები. ზუსტად მრგვალში ვარ (იცინის). ასაკი რომ თავისას შვრება, ფაქტია. მიყვარს ცვლილებები, აბსოლუტურად გახსნილი ვარ სიახლეების მიმართ და არ მეშინია. ვიცი, რომ ეს სიახლე ცუდს არაფერს მომიტანს. თუკი მომიტანს, ესე იგი დავიმსახურე. რას მივხვდი, იცი?! პირდაპირ ეთერში შენი სათქმელის გატანას და მაყურებლამდე სწორად მიტანას, უდიდესი ენერგია სჭირდება. ამ ენერგიის ხარჯვასა და ამაზე ფიქრში, გავიზარდე. იმედია, სწორად მიხვდით, რასაც ვგულისხმობ.

– არიან წამყვანები, ვისაც რაღაცეებს პატიობენ, რაც არ უნდა მათთვის მიუღებელი აზრი ჰქონდეს. შენ ხარ ის, ვისაც გპატიობენ.

– და სულ მიკვირს ეს. რატომ ხდება, წარმოდგენა არ მაქვს. მპატიობენ ისეთ რაღაცეებს, რაზეც ვიცი, სხვას მთელი წელი დასცინებდნენ – თუნდაც აგრესიას, გრამატიკულ შეცდომებს და სხვა. არ დავასახელებ წამყვანს, მასზე ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა. ასეთ და ამაზე უარეს შეცდომებს დღეში ოთხჯერ, კვირის განმავლობაში ოცჯერ და წლის განმავლობაში მილიონჯერ ვუშვებ. მითხრეს, შენი ყურში არ გვხვდებაო და არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი. ამაზე პასუხი არ მაქვს. მაგრამ, ეს ამბავი ხომ საშიშია?! ესე იგი, იოლად შემიძლია საზოგადოების აყოლიება.

– ყოველ შემთხვევაში, აგრესია არ გამოიწვიო. ალბათ, ვინც უყვართ, მას პატიობენ.

– არ გავსკდე თავის ქებით, მეშინია (იცინის). თავს არ ვიქებ, ადამიანებო, უბრალოდ, მიზეზს ვეძებ. მაგრამ, შეიძლება ჩემზეც ამბობენ, უბრალოდ, ჩემამდე არ მოდის. 

– ახალი წლის მიმართ რა ემოციებით ხარ?

– არაინფანტილური. ვერ ვიზიარებ საახალწლო ემოციებს. თოვლი, წვიმა, ზამთარი, გუნდები – ფანჯრის მიღმა მიყვარს. კომფორტის ადამიანი ვარ. დიდი მოგუნდავე და რომანტიკული არ ვარ, რომ წვიმაში გაქცევა, ფეხშიშველი სეირნობა ან გუნდების სროლა მომწონდეს. არ შემიძლია. სითბო მირჩევნია. თუნდაც, ნაძვის ხის აწყობა ყველას უხარია – ემზადებიან. მე მეზარება. აწყობის დროს უკვე იმაზე ვფიქრობ, რა მალე იქნება დასაშლელი, როგორ მიმოიფანტება „ბლიოსტკები”, წიწვები... (იცინის). არ მიყვარს სახლში ყვავილები, თოჯინები. 31 დეკემბერს, თორმეტ საათზე სიახლის განცდა ნამდვილად არ მაქვს. ეს განცდა უფრო გაზაფხულზე მაქვს, ყველაფერი ყვავის, სულ ეიფორიაში ვარ, გულისცემა აჩქარებულია. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიზიარებ იმ ბედნიერებას, რომელიც თორმეტი საათის მოახლოებას ახლავს თან, მაინც იყო ჩემს ცხოვრებაში ისეთი 31 დეკემბერი, რომელიც მთელი სიცოცხლე საუკეთესო მოგონებად გამყვება. თუმცა, ეს იმდენად ინტიმურია არ გეტყვით (იცინის).

– წელს როგორ გაატარე?

– უარი ვთქვი ყველანაირ სამუშაოზე. ღმერთს მადლობა, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ისეთი მშიერი არ ვარ, რომ ახალ წელს მემუშავა. კი, ბანკში ვალები მაქვს, სხვა პრობლემებიც არის, მაგრამ მირჩევნია, ეს ყველაფერი ეტაპობრივად გავისტუმრო და გადავწყვიტე, ამ ერთ დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებიც ძალიან დიდი ხანია არ მინახავს, თუნდაც ბაჟეში ჩამეყო თავი. ასაკი თავისას შვრება, ალბათ. მართლა ძალიან დიდი ხანია, ასე ჩემს ჭკუაზე ახალი წელი არ გამიტარებია – ხან ქუჩაში ვდგავარ, რაღაცას ვღრიალებ. წელს დედაჩემთან და ბავშვთან ერთად შევხვდი ახალ წელს, მერე კი წავედი და მანქანით ვისეირნე, მეგობრებთან მივედი სახლში... ბავშვობიდან არ მიყვარდა ხალხმრავლობა, ხმაური, საგიჟეთი. ამიტომაც ვარჩიე რამდენიმე ადამიანთან ერთად ისეთ ადგილას ვყოფილიყავი, სადაც ერთმანეთის საუბარს გავიგებდით და ღრიალი არ მოგვიწევდა. 

– რომანტიკული ახალი წელი არ გინდოდა? – ორისთვის, ბუხართან, წითელი ღვინით...

– აუ, კი. ასეთი: ხალათი, ჩუსტები, ბუხარი გიზგიზებს, ჩემი კატა კალთაში და აქეთ-იქით ოჯახი. კარგად რომ ჩათვრები, ნელ-ნელა... ალკოჰოლი არ მიყვარს და ბევრი არაფერი ვიცი ამ პროცესების, მაგრამ ამბობენ, ღვინოს ნელ-ნელა მოაქვს ბახუსი და ხავერდოვნად გადადიხარ თრობაშიო. სიამოვნებით, გამოვცდიდი ამ ყველაფერს. 

– მერე არაფერს აკეთებ ამისთვის?

– რა გავაკეთო?! ვუშვებ ენერგიას კოსმოსში და ზუსტად ვიცი, დამიბრუნდება. 

– რა პრობლემები აქვს ორმოც წელს მიტანებულ, ლამაზ, ქერათმიან ქალს? რატომ შეიძლება, იყოს მარტო?

– მიზეზი, ალბათ, სხვადასხვანაირია. რამდენიმე დღის წინ ვიყავი ჯონდო ასტროლოგთან. ნოდარ მელაძის გადაცემის ჩაწერაზე იყო და მივხვდი, კაცი გენიოსია – ნამდვილი გიჟი. მთელ ხმაზე მიყვიროდა: ამ სიბნელეში, ამ დუპლეტებში რა გინდა, გოგო, ხომ ვხედავ, შენ ნათელი ხარ. წამოდი, დაგანახვებ, შენ რა გინდაო. (იცინის). რა თქმა უნდა, ჯონდოსთან მივედი. კარი რომ გააღო, მივხვდი, კომუნიზმის გადავარდნის შემდეგ, მის სახლში გათბობა არ ჩართულა. გამოყინული სახლი „პლეხანოვზე”, დახურული ფანჯრები, არანორმალურად ბევრი წიგნი და გადარეული ჯონდო, თეთრი გაშლილი თმით. ისე გამაშიშვლა და ისე დაინახა ჩემი პიროვნება, რომ ამას ვერ მოვყვები.

გაშიშვლდი საზოგადოებისთვის, ნანიკო. 

– (იცინის) იმას გეტყვით, რომ დაინახა, თუ საიდან მოდის ჩემი პრობლემა და რა არის აქედან გამოსავალი...

– კარმულია?

– კარმული ყველაფერი მოთავებული მაქვს. კარმულები გავასწორე. ახლა ხასიათი რაღაცნაირად უნდა გავხსნა – არ დავარბილო და გავამკაცრო, უბრალოდ, რაღაც ფარული მოცემულობაა. მას თუ უფრო მეტად გავხსნი, ყველაფერი დამილაგდება. მივხვდი, მისთვის სამყარო აბსოლუტურად სხვანაირია. „დე ენ ემს” ხატავს, რომ გელაპარაკება, რეინკარნაციებზე საუბრობს – გუშინ ვინ იყავი, ხვალ ვინ იქნები. ჩემთვის უცხო ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ მთავარი გავიგე. რაც მთავარია, ხელით დაწერილი „ჩემი თავი” გამომატანა. ამ საუკუნეში მგონი, ხელით არავინ აღარ წერს. ადამიანი ოთხი „მესგან” შედგება – ოჯახური, კარმული, მე, საზოგადოებისთვის... ჩემი მოკლე შინაარსით აბსოლუტური დისჰარმონია მაქვს ოთხივე მესთან, რაც მანგრევს. 

– ვიცი, ფსიქოლოგებთანაც ბევრი გისაუბრია საკუთარ თავზე...

– კი, მყავს საოცარი მარიამი, რომლის მიერ ნასწავლი ვარჯიშები დღემდე ძალიან მადგება. ვერ გეტყვი, რომ სულ ამით ვხელმძღვანელობ, მაგრამ ხშირად მივმართავ მისგან ნასწავლ ხერხებს. აბსოლუტურად ჯანმრთელი ფსიქიკა გაქვსო, მითხრა, უბრალოდ, უნდა ისწავლო შენი ემოციების მართვაო. ერთ ვარჯიშს თქვენც გეტყვით. თუ ვინმეზე საშინლად გაბრაზებული ხარ და ამ აგრესიას ვერაფერს უხერხებ, დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ ის ადამიანი სადღაც დაპატიჟე, ესაუბრე და მერე ჩაეხუტე. ეს ჩახუტება ძალიან რთულია, ძლივს მოვახერხე. ამას რომ გააკეთებთ, მეორე დღეს ის ადამიანი აუცილებლად დაგირეკავთ. საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი. არ არსებობს, თქვენ მიერ გაშვებული დადებითი ემოცია, სადაც გაუშვებ, იქ არ მივიდეს. სცადეთ და შემოირიგეთ ამ ახალი წლიდან ყველა. საოცარ სიმსუბუქეს იგრძნობთ.

 

 

скачать dle 11.3