რა ყულფში გაყო თავი ნიკა წულუკიძემ და რა ურთიერთობა აქვს მას ჩინეთის კედელზე მოსაუბრე ქალებთან
ბოლო დროს ყველგან არის – ყველგან, სადაც კი მაუწყებლობა „იჭერს”. ნიკა წულიკიძე თეატრმცოდნე და კრიტიკოსია, მაგრამ ტელეწამყვანისა და ცნობილი სერიალის ასევე ცნობილი პერსონაჟის როლიც, ოსტატურად მოირგო. თავად ეს თემა ძალიან ადარდებს, თუმცა ვარსკვლავური „სენი” ნამდვილად არ შეყრია. ძალიან თბილი, კომუნიკაბელური და გახსნილია. ალბათ, ამიტომაც, მის ირგვლივ ყოველთვის ხალხმრავლობაა და თავადაც საკუთარ თავს იღბლის ნებიერად მიიჩნევს. მით უმეტეს, რომ მისი „სტანდარტით” ყველაფერი აქვს, რაც ადამიანებისთვის ბედნიერების საზომად იქცა...
– ნიკა, ბოლო რამდენიმე თვეა, ყველგან ხარ – რადიოში, ტელევიზიაში, თეატრში... იმ მხიარული ამბის არ იყოს, უთო რომ ჩართონ, ნიკა წულუკიძე გამოჩნდება.
– ნეტავ, იცოდეთ, როგორ მაფიქრებს ეგ ამბავი. ყველაფერს გეფიცებით, თუ ამას გასაპრანჭად ვამბობდე. მე თვითონ მაღიზიანებს ადამიანები, დიდი დოზით რომ არიან ეკრანზე, ამიტომ, ვცდილობ, იქ, სადაც გამომივა, დიდი პაუზა გავაკეთო. არ მინდა, თქვან: არ შეგვჭამა ამ ნიკა წულუკიძემო! „შუა ქალაქი” არის ძალიან პოზიტიური, ერთი წელი არაა, რაც ნოდარი გამოჩნდა და ხალხს ძალიან უყვარს. უნდა ნახოთ, ქუჩაში რა ამბავია. როცა რამეს აკეთებ, აუცილებლად გემჩნევა, ამას იმიტომ აკეთებ – თვის ბოლოს რომ ხელფასი აიღო, თუ გსიამოვნებს ეს საქმე. ასეა, ჩემთვის „შუა ქალაქი” – ეს არის დიდი სიამოვნება, რომელზეც უარს ვერ ვიტყვი. „დღის შოუში” მარტო პარასკევობით ვარ. ვფიქრობ, ჩემი დღე სრულიად განსხვავებულია. იმ დღეს სტუდიაში მარტო თეატრისა და ხელოვნების წარმომადგენლები მოდიან. ვსაუბრობთ თემებზე, რაც ჩემი სტიქიაა. სხვათა შორის, სამი ქალის გარემოცვაში ყოფნა, ძალიან საინტერესოა. მინდობენ კიდეც ჩემი პარტნიორები, სხვა რა გზა აქვთ – არც ისე „კანფეტი” ვარ, როგორც ერთი შეხედვით ვჩანვარ (იცინის). „დღის შოუზე” არაჩვეულებრივი ჯგუფი მუშაობს თამარ ღვინიანიძის ხელმძღვანელობით. „ღვინჯო“ არის ღვთის წყალობა საქმეში. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა სცენარის წერა სერიალისთვის „გოგონა გარეუბნიდან”. ირაკლი კაკაბაძესთან და დათო გოგიჩაიშვილთან მუშაობა დიდი ფუფუნებაა. მე ძალიან გამიმართლა იმაშიც, რომ არც ერთი სამსახური არ მაქვს ისეთი, დილით ადრე ადგომა რომ მესიკვდილებოდეს, ყველგან მიმიხარია მისვლა.
– როგორც ჩანს, ცხოვრების განსაკუთრებულად იღბლიანი პერიოდი გაქვს.
– მე საერთოდ იღბლიანი ადამიანი აღმოვჩნდი. ამის თქმა, ცოტა კი მეშინია (იცინის). მთელი ჩემი ცხოვრება ასეა, ბავშვობიდან მოყოლებული, არ არის პერიოდი, რომელიც ცუდად შეიძლება, მახსენდებოდეს. 17 წლიდან ვმუშაობ, ჩემს თავს თვითონვე ვინახავ და მშობლებისთვის ფული არ მომითხოვია. სკოლაში რომ ვასწავლიდი, 60 ლარი მქონდა ხელფასი, ამას ემატებოდა თეატრალურ ინსტიტუტში ეროსი მანჯგალაძის სახელობითი სტიპენდია – 30 ლარი. ეს დიდი ფული იყო მეორე კურსელი ბიჭისთვის. ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, „ერისთავის სათვალე“ უნდა წაიყვანო ლევან ერისთავთან ერთადო. იქ რომ მივედი, ვფიქრობდი, ნეტავ, ხელფასს რამდენს შემომთავაზებენ-მეთქი და უცებ ოთხჯერ მეტი ხელფასი შემომთავაზეს, ვიდრე ვფიქრობდი. თუმცა, ასეთი მოულოდნელობების მიუხედავად, ჩემს ცხოვრებაში არაფერი მოდის უცბად ან შემთხვევით.
– მაგრამ, არის რაღაცეები, რაც ჯერ კიდევ აუხდენელი რჩება შენთვის?
– რასაკვირველია. თუმცა, არასდროს ვფიქრობ 7-ოთახიან ბინაზე პარიზში ან მილანში. ადამიანი ღორი არ უნდა იყო, თუ იქნები შრომისმოყვარე, ყველაფერი გამოდის. ბინა მილანში ბედნიერება არაა – ბედნიერება ჩემთვის არის ჯანმრთელი და ცოცხალი დედა და მამა, ბებია და ბაბუა, რომელთათვისაც სულ კალთაში ჩასასმელი და მოსაფერებელი ხარ. ბედნიერებაა რეალიზება იმ საქმეში, რომელიც გიყვარს; როცა ეკონომიურად ცუდად არ ხარ და გყავს საყვარელი ადამიანი. მე ეს ხუთივე კომპონენტი მაქვს, ამიტომაც ვარ ძალიან ბედნიერი.
– შენ ჯერ კიდევ პერსპექტიული სასიძოების რიცხვს ეკუთვნი. მეხუთე კომპონენტიც თუ გყავს, რატომ აგვიანებ დაქორწინებას, ან რატომ „მალავ” მას?
– არ ვმალავ, ჩვენ ერთად დავდივართ კინოსა და თეატრში, აუცილებლად, „დღის შოუში” უნდა მოვიყვანო (იცინის)? ის არის ერთი კარგი გოგონა. ერთმანეთს ვხვდებით ზაფხულიდან მოყოლებული. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ცხოვრებაში უკვე დადგა ის პერიოდი, როცა მამაკაცმა უნდა იფიქროს ოჯახის შექმნაზე. ახლა მე ვარ „იავარდქმნილი”.
– იოლად მოახერხა იმ გოგონამ შენი „იავარდქმნა?” ისეთი პედანტი ხარ ურთიერთობებში, ძალიან პრეტენზიული იქნები ქალებთან.
– პრეტენზიული არ ვარ, უფრო კატეგორიული ვარ. მე ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, შესაბამისად, ჩემთვის მიუღებელია რაღაც-რაღაცეები. ვერ ვიტან მჩატე ქალებს, ვერც ისეთებს ყველაფერზე რომ თავისი კომპეტენტური აზრი აქვთ. როგორ შეიძლება ადამიანს ყველაფერზე კომპეტენტური წარმოდგენა გქონდეს, ეს ტყუილია. ასეთებს ბევრს ვიცნობთ, მათ ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ყველაფერზე ისაუბრონ, ჩინეთის კედლის კონსტრუქციით დაწყებული ეგზისტენციალიზმით დამთავრებული. ეს გამაღიზიანებელია, ქალისგან მით უმეტეს. ქალს უხდება კრძალვა, ძნელად რომ მოიპოვებ, ის უფრო ძვირფასია. სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი ვიწვალე, რომ მას ჩემკენ გამოეხედა. ბევრი რამ გავაკეთე ამისთვის. ეს ყველაფერი დაიწყო ბათუმში – „კალიასკიანი” ველოსიპედით მირთმეული მოჰიტოები პლაჟზე, პიტნა მოკრეფილი ბათუმის სასაფლაოს ასახვევ ეზოში, „სპრაიტები” და ყინულები შუა ქუჩაზე, ვარდის ფურცლების დაყრა და მთელი ამბები... ეს რომანტიკა იყო (იცინის).
– როდის ყოფ მაგ „ყულფში” თავს და თავისუფალი კაცის ცხოვრებას როდის ემშვიდობები?
– არ ვიცი, როდის იქნება ეგ ამბავი. ქართველებს გვაქვს ერთი არაჩვეულებრივი სიტყვა – წესრიგი. ყველაფერს აქვს თავისი დრო, წესი და რიგი. მე ძალიან ვაფასებ ამას. ვცდილობ, ყველაფერს მივცე თავისი მიმართულება, თანრიგი, წესრიგი. მე ყოველთვის გაწონასწორებული ვარ. მაგალითად, ვცდილობ, არასდროს დავთვრე, რადგან მეზიზღება ადამიანი, ვინც საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს. სულ ვაკონტროლებ ყველაფერს, რაც ჩემს ირგვლივ ხდება.
– იცხოვრო დადგენილ ჩარჩოებში და არასდროს გაცდე მას, რთული არაა?
– ასე „დაგეგმილიც” კი არ ვარ, კაცო (იცინის). ყოველ პარასკევს ჩვენ, ძმაკაცები – შვიდნი ბიჭნი, სულ ვიკრიბებით და ვჭამთ კიდეც, ვსვამთ კიდეც და მშვენივრად ვატარებთ დროს ერთად. შაბათ-კვირა ღმერთმა დააწესა დასასვენებლად და ეს დღეებია მთლიანად ჩემი. კვირას ქვეყანა რომ ინგრეოდეს, არაფერს გავაკეთებ. სცენარსაც კი არ დავწერ. ჩემი თავის დიდი პატივისმცემელი ვარ. ვერ ვიტან, საკუთარ თავს რომ მიაგდებენ ხოლმე. იმის მიუხედავად, რომ ამდენ საქმეში ვარ გაბნეული, ყველაფერს ვასწრებ. ჩემი „დოპინგი” არის კახი კავსაძის ნასწავლი რეცეპტი. სადაც არ უნდა ვიყო, დავჯდები სავარძელში, დავხუჭავ თვალებს და დავიძინებ ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც თავისუფალი მაქვს. თუ ვიცი, რომ თხუთმეტ წუთში უნდა გავიღვიძო, ვიღვიძებ ზუსტად 15 წუთში, იმ შეგრძნებით, თითქოს მთელი ღამე ჰამაკში მეძინა. მობილური რომ ჯდება და უნდა დატენო, დატენვა ხომ სჭირდება, ასე, 15 წუთი მჭირდება მეც. ეს რეცეპტი ძალიან მშველის, თითქმის არასდროს უღალატია ჩემთვის (იცინის).
– როგორ ფიქრობ, კარგი მეოჯახე იქნები?
– ალბათ, ღვინის გაკეთებაც კი შემიძლია, წელს 500 კილოგრამი ყურძენი ვიყიდე და დავწურეთ ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის აგარაკზე, საწნახელში. ოჯახში ღვინო აუცილებლად უნდა იყოს, ისე, არ გამოვა. ბაბუაჩემი ღვინის დაყენების უსტაბაშია, მე გადაღებასა და ჭაჭის შემობრუნებაში ვეხმარები ხოლმე. არაყსაც კი ვხდი, ბატონო ჩემო. სახლის რემონტის დროს ელიავას ბაზრობაზე ხელის აწევით მხვდებოდა ხალხი (იცინის). სამაგიეროდ, ახლა ისეთი სახლი მაქვს, როგორიც მინდოდა, რომ მქონოდა. კაბინეტში, მეჩვიდმეტე საუკუნის კაკლის მაგიდა მიდგას, რომელსაც საოცარი სუნი აქვს. კაბინეტში თავადი წულუკიძეების საგვარეულო გერბი მიკიდია, ჩემო ბატონო. ჯიშიანი გვარი გვაქვს და მიხარია (იცინის). ძალიან მიყვარს სტუმრები და ხშირად ვარ ხოლმე მასპინძლის როლში, მით უმეტეს დღესასწაულებზე. მაგალითად, ახლა ახალ წელსაც ყველანი ერთად შევიკრიბეთ – ჩვენი დიდი ოჯახი. ბევრნი ვართ და მათთან ერთად უფრო ვგრძნობ, რომ ძალა ერთობაშია. ალბათ, ამიტომაც არის რომ ახალ წელს არსად არ მიყვარს წასვლა. არ შემიძლია იმის ატანა, ახალი წლის ღამეს, პირველის ათ წუთზე რომ გარბიან სახლიდან. ერთადერთი ახალი წელი მახსოვს, რომელიც სახლში არ გამიტარებია – „იმედში” ვიყავი, კარერასის კონცერტი მიმყავდა კადრს მიღმა. თორმეტ საათზე ხალხი სუფრასთან რომ იჯდა, მე ყურსასმენი მეკეთა და ვლაპარაკობდი. ეს იყო ყველაზე გამორჩეული ახალი წელი ჩემთვის.