კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


ფარული მბრძანებელი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30-45(463)


– ჰოდა, ასე ვქნათ: შენ მაგ ნაცემ შპანას მილიციის საკნებში ჩაყრი და იქ აყურყუტებ. ჩემს მეგობრებს კი პირადად მოემსახურები და ყურადღებას მიაქცევ, რომ არავინ შეაწუხოს. ახლა კი ტელეფონი ჰამოს მიეცი და ჩემი ბრძანება სასწრაფოდ შეასრულე, – უთხრა ლუდამ მილიციის კაპიტანს.

– გასაგებია, ქალბატონო, – ამოილუღლუღა გაფითრებულმა მილიციელმა, ტელეფონი ჰამოს დაუბრუნა და აკანკალებული ხმით უთხრა:

– ინებეთ!

ჰამომ ლუდა მედვედევას გაუღიმა:

– მადლობელი ვარ, ლუდოჩკა!

– რის მადლობა. მოჯდა ტრაკზე ეს პეტუხი?

– მოჯდა კი არა, ჩასვრილი დგას. როგორ ხარ?

– არა მიშავს. სოფი როგორაა?

– კარგად.

– მომიკითხე.

– აუცილებლად.

– კალინინგრადში რამ ჩამოგიყვანა?

– ჩემს უცხოელ მეგობრებს ჩამოვყევი.

– კარგი, ჰამო, ნახვამდის. თუ დაგჭირდე, არ მოგერიდოს, დამირეკე.

– ნახვამდის, ძვირფასო, კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას. კარგად, – დაემშვიდობა ჰამო, მერე ტელეფონი დაკეცა, პატრონს დაუბრუნა, მადლობა გადაუხადა და მეგობრებს უთხრა: – ნომერში დავბრუნდეთ და დავისვენოთ.

მილიციელმა მლიქვნელურად გაუღიმა ჰამოს:

– მაპატიეთ, არ ვიცოდი, თუ ასეთი პატივსაცემი ხალხი იყავით. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. ამ ნაძირლებს კი ახლავე საკნებში ჩავყრი.

ჰამომ მხრები აიჩეჩა:

– რაც გინდათ, ის ქენით, მაგრამ ვფიქრობ, ამათ საავადმყოფო უფრო სჭირდებათ. საკანში, შეიძლება, სული გააფრთხონ და შარში გაეხვევით.

– მართალს ბრძანებთ, მაგრამ ქალბატონმა რომ ამათი საკნებში გამომწყვდევა ბრძანა?

– ამას ჩემს თავზე ვიღებ.

– კარგი, – თავი დაუქნია მილიციელმა და ხელქვეითებს უბრძანა, რომ ტრაკუშა და დანარჩენები საავადმყოფოში წაეყვანათ. შემდეგ ჰამოს კართან დაეწია და მოწიწებით მიმართა, – ქალბატონმა მითხრა, მოემსახურეო და აქ ვარ. თუ რამე დაგჭირდეთ, კაპიტანი კალინინი გამოიძახეთ და გეახლებით.

– ხვალ მივემგზავრებით, კაპიტანო. ასე რომ, ალბათ, არ დაგვჭირდებით. თუმცა, ვინ იცის, შეიძლება, კვლავ ვესტუმროთ თქვენ მშვენიერ ქალაქს და თქვენი სამსახურიც დაგვჭირდეს, – უთხრა ჰამომ კაპიტან კალინინს, ჯიბეში ასევროიანი ჩაუდო და დანარჩენებთან ერთად რესტორნიდან გავიდა.

***

ჰამო, რამაზი, გრეტა და ფრანც შულცმანი თვითმფრინავითვე დაბრუნდნენ ამსტერდამში. თუმცა, თავიდან გემით დაბრუნება ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ გადაიფიქრეს, რადგან გემით მგზავრობას დიდი დრო დასჭირდებოდა, ოქროს დიდი ხნით კალინინგრადში დატოვება კი სარისკო იყო და სასწრაფოდ უნდა მოეფიქრებინათ, როგორ გამოეტანათ იქიდან ამდენი განძი.

ოთხეული კვლავ გრეტჰენის ბინაში რომ შეიკრიბა, ფრანცმა რამაზს უთხრა:

– რამხელა ბედნიერებაა, არა, როდესაც ამხელა სიმდიდრეს ფლობ?

– ჯერ არაფერს ვფლობთ, – საუბარში გრეტჰენი ჩაერთო, – ის განძი აქედან შორსაა და მაშინ ჩავთვლი თავს მისი ნაწილის მფლობელად, როდესაც ოქრო, პლატინა და ბრილიანტები აქ იქნება.

– გრეტა მართალია, – თქვა რამაზმა, – განძი ჯერ ჩამოსატანია, ეს კი დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

– სწორედ ამიტომ ვართ აქ შეკრებილები, რომ ჩამოტანის გეგმა შევიმუშაოთ, – თქვა ჰამომ, – თუ ყველაფერს ზუსტად გავთვლით, ამის გაკეთება არც ისე ძნელი იქნება.

– ღმერთმა გისმინოს, – დაეთანხმა გრეტჰენი.

– მაინც, რას ფიქრობთ, როგორ უნდა წამოვიღოთ იმ წყეული ქალაქიდან ამდენი განძი? – დაინტერესდა ფრანცი და გააბოლა.

– ვფიქრობ, რომ ზღვით, – დაიწყო ჰამომ, – ფიქტიურ საბუთებს გავაფორმებთ და რომელიმე ფირმის სახელით რაიმე ტვირთს ჩავწერთ.

– ეს არც ისე იოლი საქმეა, – თავი გააქნია რამაზმა, – ასეთი რამ ოთხმოცდაათიანი წლების საქართველოში შეიძლებოდა და ახლა ზოგიერთ ბანანის ქვეყანაში. შუაგულ ევროპაში კი ეს ძალიან სარისკო საქმეა და ყველაფერი, უწვრილმანეს დეტალებშია მოსაფიქრებელი. მე მგონი, ჯობია, ჯერ თბილისში გადავფრინდეთ და ყველაფერი იქ შევათანხმოთ.

– მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, – დაეთანხმა ჰამო.

გრეტჰენმა და ფრანცმა ერთმანეთს გაკვირვებულებმა შეხედეს.

– თბილისში გადაფრენა რა აუცილებელია, ან ვისთან რა უნდა შეათანხმოთ? – იკითხა გრეტამ.

– მე ვთქვი, შევათანხმოთ-მეთქი, – გაიმეორა რამაზმა, – საქმეში სხვაცაა ჩართული და მასთან კონსულტაციაა საჭირო.

– რა კონსულტაცია? – შეიშმუშნა გრეტჰენი.

ჰამოს გაეცინა, გოგონას მხარზე მოუთათუნა ხელი და უთხრა:

– ძვირფასო, გრეტა, ნუთუ ფიქრობ, რომ გადაგდებას გიპირებთ?

– არა, მაგრამ დრო არ ითმენს, ოქრო თუ დროზე არ წამოვიღეთ, ვინ იცის, რა მოხდება, – თქვა გოგონამ.

– რა უნდა მოხდეს რამდენიმე დღეში? სამოც წელზე მეტია, ოქრო იქაა და არაფერი მომხდარა, ახლა რა უნდა მოხდეს? მე არ მითქვამს, რომ კიდევ ამდენი წელი დავტოვოთ-მეთქი, მაგრამ კონსულტაცია საჭიროა და, რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი, – თქვა რამაზმა, გრეტჰენს თავზე გადაუსვა ხელი და გაუღიმა, – ასე რომ, ჩემო კარგებო, ახლა საქართველოს დედაქალაქში გასამგზავრებლად მოემზადეთ და ეს იქნება თქვენი საქორწინო მოგზაურობის მეორე ნაწილი.

– მე ის ნაწილი მხიბლავს, როცა ოქრო აქ მექნება, – თქვა გრეტჰენმა.

– ეს უკვე მესამე ნაწილი იქნება, – გაიღიმა ჰამომ, – და ყველაზე სასიამოვნო.

– კეთილი, ჩვენ თანახმა ვართ, – თქვა გრეტჰენმა და ფრანცს გადახედა, რომელიც გაცხოველებული ექაჩებოდა სიგარეტს და ეტყობოდა, რომ აშკარად ნერვიულობდა.

ოთხეული მეორე დღესვე გაფრინდა თბილისში. საღამოს 6 საათი სრულდებოდა, როდესაც კომპანიები აეროპორტის ტრასაზე მიჰქროდნენ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

ახალმოსულებს პეტიკო და სოფი შეეგებნენ, ივახშმეს და პეტიკოს კაბინეტში განმარტოვდნენ მოსათათბირებლად. ფრანცსა და გრეტჰენს პეტიკო უბრალო კომპანიონად გააცნეს და კალინინგრადში მომხდარი ამბები დაწვრილებით უამბეს. პეტიკომ სტუმრებს გაუღიმა, გრეტჰენს ხელზე ეამბორა და თქვა:

– დიდი გამართლებაა, როდესაც ადამიანი ამხელა სიმდიდრეს აღმოაჩენს და უფრო დიდი გამართლებაა, როცა წილს თითქმის არაფერში გთავაზობენ. თუმცა, ამხელა სიმდიდრის ევროპაში გამოზიდვა არცთუ ისე უბრალო საქმეა.

– დიახ, – დაადასტურა გრეტჰენმა.

პეტიკო კვლავ ხელზე ეამბორა გოგონას და, რადგან მიხვდა, რომ ცოლქმრულ წყვილში მთავარ როლს ის ასრულებდა, ჰკითხა:

– თუ საიდუმლო არაა, თქვენი წილი განძის შენახვას სად აპირებთ?

– ჯერჯერობით არ ვიცით, – მხრები აიჩეჩა გოგონამ.

– მე გთავაზობთ, რომ ამსტერდამის ბანკში შეინახოთ. ჩვენ ჩვენს წილს იქ შევინახავთ. ძალიან საიმედო ადგილია, იქ ყველაფერს ჩვენი მეგობრები განაგებენ და არც ფულთან დაკავშირებული პრობლემები გექნებათ. როცა გინდათ და რამდენიც გინდათ, იმდენი შეგეძლებათ, აიღოთ ხოლმე, – უთხრა პეტიკომ გრეტჰენს.

– მე წინააღმდეგი არ ვარ, – თქვა გოგონამ და ფრანცს გადახედა, რომელმაც გაიღიმა და თქვა:

– არც მე.

– ჰოდა, ძალიან კარგი. ახლა კი ოქროს გამოზიდვის გეგმაზე ვისაუბროთ, – თქვა პეტიკომ. შემდეგ საგანგებოდ მომზადებულ უზარმაზარ ეკრანზე რუკა აანთო და დანარჩენებს უთხრა: – ეს ჩრდილოეთ ევროპის რუკაა და წითელი ისრით განძის ტრანსპორტირების მარშრუტია აღნიშნული. კალინინგრადიდან კატეგაცისა და სკაგერაკის სრუტეებით ჩრდილოეთის ზღვაში უნდა გავიდეთ, იქიდან კი ამსტერდამში ჩავუშვებთ ღუზას. ვფიქრობ, რომ მძლავრი, საშუალო სიჩქარის გემით უნდა გადავიტანოთ ჩვენი ქონება. ტვირთად კი რუსულ ხე-ტყეს გავაფორმებთ, რომელიც ჰოლანდიაში დიდად ფასობს და არანაირ ეჭვს არ აღძრავს.

– გემი რომ შეამოწმონ? – ჰკითხა რამაზმა პეტიკოს.

– განძი საიმედოდ უნდა დავმალოთ. მე შესაბამისი გემი მაქვს შეთვალიერებული, – მიუგო პეტიკომ.

– ამას არ ვგულისხმობ.

– აბა, რას?

– გემი რომ შეამოწმონ და იქ ხე-ტყე არ აღმოჩნდეს, ეს ხომ ეჭვს გამოიწვევს?

– მერე, ვინ გითხრა, რომ იქ ხე-ტყე არ უნდა აღმოჩნდეს? ფირმა „ბილდინგი“, რომელსაც ჩვენი მეგობარი ხელმძღვანელობს ამსტერდამში, კალინინგრადში ოფიციალურად დატვირთავს ციმბირულ ხე-ტყეს და მას ამსტერდამში ჩაიტანს.

– ესე იგი, ამ ოპერაციაში „ბილდინგის“ ხელმძღვანელიც მიიღებს მონაწილეობას და ოქროს ამბავი მასაც უნდა გავანდოთ? – დაინტერესა გრეტჰენი.

– „ბილდინგის“ ხელმძღვანელი მე ვარ და პირადად მივიღებ მონაწილეობას ოქროს გადაზიდვაში, – გაიღიმა პეტიკომ.

– ყველაფერი კარგია, მაგრამ აქ ერთი დეტალია, – თქვა რამაზმა, – თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ, შეუძლია, დიდი პრობლემები გაგვიჩინოს.

– რა დეტალი? – იკითხა პეტიკომ.

– ოქროს სანახში 52 ყუთია. თითოეული 200 კილოგრამს იწონის და მათი გემზე გადატანა ძალიან რთული იქნება.

– ეს მისია ჩვენ უნდა ვიკისროთ. დაქირავებული გემის ეკიპაჟი თორმეტკაციანია, მაგრამ არც ერთმა მათგანმა ეჭვიც კი არ უნდა აიღოს, რა გადაგვაქვს სინამდვილეში. ყუთები ჩვენ, ხუთივემ, უნდა გადავზიდოთ გემზე და მხოლოდ ამის მერე დავტვირთავთ ხე-ტყეს. ამ საქმეში გარეშე პირის ჩარევა გამორიცხულია და ეს შავი სამუშაო ჩვენ უნდა შევასრულოთ, – თქვა პეტიკომ.

– მე მზად ვარ, ასეთი შავი სამუშაო დაუსრულებლად ვაკეთო, – კმაყოფილებით თქვა გრეტჰენმა და მეუღლეს გადახედა.

– მეც, – დაუდასტურა ფრანცმა.

– ახლა კი დრო და მანძილი ვიანგარიშოთ, – თქვა პეტიკომ. შემდეგ, კალინინგრადის პორტის ხედი გაუშვა ეკრანზე და განაგრძო: – გემი აქ იდგება. როგორც ჩვენ მიერ მოცემული ინფორმაციიდანაა ნათელი, სანახიდან აქამდე 400 მეტრია. ესე იგი, 400 მეტრი 52-ჯერ უნდა გავიაროთ ორასკილოგრამიანი ყუთებით, რაც ზუსტად 20 კილომეტრი და 800 მეტრია. დავუშვათ, თითოეულ ასეთ რეისს თავისი დასვენებიან-უკან დაბრუნებიანად, 12 წუთი სჭირდება, მაშინ 52 რეისს 10 საათი და 40 წუთი დასჭირდება. ესე იგი, განძი ორი დღის განმავლობაში უნდა ვზიდოთ.

– რატომ ორი დღის განმავლობაში? – იკითხა ფრანცმა, რომელიც მანამდე ხმას არ იღებდა და მხოლოდ გრეტჰენის სიტყვებს ადასტურებდა.

– იმიტომ, რომ ეს ოპერაცია ღამის საათებში, თორმეტიდან ხუთამდე უნდა განვახორციელოთ. ასე რომ, ორი დღე დაგვჭირდება, გაიმეორა პეტიკომ.

***

ხუთეული ერთად გადაფრინდა ამსტერდამში. პეტიკომ ფირმა „ბილდინგის“ ანგარიშიდან ფული გადარიცხა რუსული ხე-ტყის მწარმოებელ კომპანიაში და უმაღლესი ხარისხის ციმბირული კედარი შეისყიდა. შემდეგ დაიქირავა, სპეციალური გემი, სახელწოდებით, „შივა“ და კალინინგრადში გაამგზავრა. გასვლამდე კი გემის კაპიტანს კეთილი მგზავრობა უსურვა. ამსტერდამიდან კალინინგრადამდე ცურვას ერთი კვირა სჭირდებოდა, ამიტომ კომპანიონები მხოლოდ ექვსი დღის მერე გადაფრინდნენ კალინინგრადში და ისევ სასტუმრო „ბალტიკაში“ დაბინავდნენ. „შივა“ მეორე დღის შუადღეზე უნდა შემოსულიყო კალინინგრადის პორტში და ხუთეულმა ღამით ოქროს საიდუმლო სანახის მონახულება გადაწყვიტა. ისინი უკვე კარგად ნაცნობი მარშრუტით ჩავიდნენ გვირაბში და პეტიკოს ოქროს ზოდებით სავსე ყუთები უჩვენეს, გრეტჰენმა კი თაროდან ბრილიანტებით სავსე ტომარა აიღო, გულში ჩაიხუტა და პეტიკოს უთხრა:

– ახლა ხომ მაინც შეიძლება ამის აქედან წაღება?

– ნუ ვიჩქარებთ, გრეტა, – გაუღიმა პეტიკომ გოგონას, – ყველაფერს თავისი დრო აქვს. სულ რაღაც ორი დღეც და მთელ განძს გავზიდავთ. ახლა კი ეს ბრილიანტები უკან დააბრუნე.

გრეტჰენმა უხალისოდ დადო ბრილიანტებით სავსე ტომარა თაროზე. მაგრამ, წამოსვლის წინ ასევე ჩუმად აიღო, ყველასგან მალულად უბეში ჩაიდო და დანარჩენებს გაჰყვა. გარეთ რომ გამოვიდნენ, საათის ისრები ღამის პირველ საათს უახლოვდებოდა. მათ ფეხით გადაწყვიტეს ღამის ქალაქში გავლა და ნელ-ნელა გაუყვნენ განათებულ ბულვარს.

– როგორი სანახაობა იყო, პეტიკო? – ჰკითხა ჰამომ ცოლისძმას.

– საოცარი, – თავი დააქნია პეტიკომ, – ზღაპარივითაა.

– რა იდეინი იყო, არა, ფრანცის ბაბუა, რომ ეს ოქრო თავისთვის არ გამოიყენა და ფაშიზმის აღორძინებისთვის ინახავდა?! – გაეცინა ჰამოს.

– მის სადღეგრძელოს პირადად შევსვამ განსხვავებულით, – თქვა პეტიკომ.

– განსხვავებული რას ნიშნავს? – დაინტერესდა გრეტჰენი.

– დიდი ჭიქა, – მარტივად აუხსნა გოგონას ჰამომ. ის კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, რომ მოზრდილი სკვერის შუაგულში ახალგაზრდების ჯგუფი შენიშნა და ყველას გასაგონად თქვა: – შპანა გაიჩითა და ყურადღებით იყავით!

ჰამოს სიტყვებმა ყველაზე მეტად გრეტჰენი შეაშფოთა, რადგან ბრილიანტებით სავსე ტომარა ედო უბეში და თქვა:

– უკან ხომ არ გავბრუნდეთ, ან ტაქსი ხომ არ გავაჩეროთ?

– რამ შეგაშინა, გრეტა? – ჰკითხა მეუღლეს ფრანცმა და სიგარეტს მოუკიდა, თან ღიმილით დააყოლა, – ჩხუბსა და ცხვირ-პირის მტვრევას არასდროს მორიდებიხარ და ახლა რა დაგემართა?

გოგონას საქციელმა პეტიკოს ეჭვები აღუძრა და რაღაცის კითხვა დააპირა, მაგრამ სკვერიდან გამოსული ერთ-ერთი გრძელთმიანი ახალგაზრდა პეტიკოს მიუახლოვდა და ქუჩური ჟარგონით მიმართა:

– ბიძაჩემო, სიგარეტი მესროლე!

პეტიკომ „მარლბოროს“ კოლოფი ამოაცურა და ყმაწვილს გაუწოდა:

– ინებეთ!

გრძელთმიანმა კოლოფი გამოართვა და ერთი ღერი ამოიღო, პირში ჩაიდო, თან პეტიკოს უთხრა.

– ბარემ, მომიკიდე!

პეტიკომ ბიჭს „ზიპო“ აუნთო.

ყმაწვილმა მოუკიდა, მერე პეტიკოს „ზიპო“ გამოსტაცა, შეათვალიერა და თქვა:

– ოქროსფერია, ბაჯაღლო გეგონება.

– ოქროსია, – თქვა პეტიკომ.

– მართლა, ბიძია?

– დიახ, მართლა, – თავი დაუქნია პეტიკომ.

– მაშინ, ამასაც მე ავიღებ, – განაცხადა ყმაწვილმა და ჯერ „მარლბორო“ ჩაიდო შარვლის ჯიბეში, შემდეგ ოქროს „ზიპოც“ მიაყოლა და პეტიკოს უთხრა: – დამეხმარე, ბიძია, ობოლი ვარ, ცოტა ფული მომეცი, რომ პური ვჭამო.

ჰამო და რამაზი მიხვდნენ, პეტიკოს რაღაც მიზეზი ჰქონდა, რომ გრძელთმიანს საკადრის პასუხს არ სცემდა და ხმას არ იღებდნენ. ფრანცმა კი კოპები შეიკრა და ბიჭს კეფაში წამოარტყა, თან უთხრა:

– აქედან აახვიე, შე ნაბიჭვარო, თორემ ცხვირ-პირს გაგიერთიანებთ!

პეტიკოს ფრანცის შეჩერება უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო. გრძელთმიანი კი ასფალტზე დაჯდა და ტირილის იმიტირება დაიწყო, თან იმეორებდა:

– მიშველეთ, კეთილო ხალხო, ობოლს ჩაგრავენ, პურის ფულს არ აძლევენ!

სკვერიდან ახალგაზრდა ბიჭებისგან შემდგარი თხუთმეტკაციანი ჯგუფი გამოვიდა, რომელსაც მაღალი, ათლეტური აღნაგობის ყმაწვილი მოუძღვებოდა. მათ წრე შემოარტყეს ხუთეულს, ათლეტმა კი ასფალტზე მჯდომს ჰკითხა:

– რატომ ტირი, პატარავ?

გრძელთმიანმა პეტიკოსკენ გაიშვირა ხელი და ენის ბორძიკით მიუგო:

– აი, იმ ბიძიამ „მარლბორო“ და ოქროს „ზიპო“ მაჩუქა, ეს კარგი ბიძიაა, – შემდეგ ფრანცისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა: – აი, ამ ბიძიამ კი კეფაში წამომარტყა და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე მათ პურის ფული ვთხოვე.

ათლეტმა ფრანცს შეხედა და მკაცრად ჰკითხა:

– რატომ ჩაგრავ ობოლს?

ფრანცმა კოპები შეკრა:

– მშვიდობიანად წადით აქედან, ბიჭებო, ჩვენ უცხოელები ვართ და პოლიციას გამოვუძახებთ!

პოლიციის ხსენებაზე ყველამ გადაიხარხარა, ათლეტმა კი თქვა:

– თქვე საზიზღარო კაპიტალისტებო, რატომ ჩაგრავთ ობოლს და პურის ფულს ამადლით?

პეტიკო ათლეტს მიუბრუნდა:

– პირიქით, ძამიკო, ჩვენ ობოლს კი არ ვჩაგრავთ, მისი დახმარება გვინდოდა და გაუგებრობა მოხდა.

– დახმარება? – გაიმეორა ათლეტმა.

– დიახ, – თავი დაუქნია პეტიკომ.

– რომ ვერ ვხედავ თქვენ დახმარებას?

პეტიკომ საფულე ამოაცურა, გახსნა, სამი ცალი ასევროიანი ამოიღო და ათლეტს მისცა:

– მეტი ნამდვილად არ მაქვს, თორემ არ დაგამადლიდით. ახლა კი წავალთ, უკვე გვიანაა.

ათლეტმა ისეთი ჟესტი გააკეთა, რომ ნათელი იყო, საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. მაგრამ ასფალტზე დამჯდარი გრძელთმიანი წამოხტა, გრეტჰენს შეხედა და თქვა:

– თუ პატივისცემაა, პატივისცემა იყოს. აი, ეს ძროხა დაგვიტოვეთ და ოთხივ მხრივ გზა ხსნილი გაქვთ.

გრძელთმიანის სიტყვებზე ფრანცი აენთო და ხელი მოიქნია, რომ თავხედისთვის ეთხლიშა, მაგრამ პეტიკომ მას ხელი დაუჭირა, ყმაწვილს კი უთხრა:

– არ გამოვა, ყმაწვილო. ეს ძროხა ჩვენთან წამოვა, შენ კი სხვა ნახე.

ბიჭი კვლავ ყასიდად ატირდა და იმეორებდა:

– კეთილო, ხალხო, კეთილო ხალხო, ხედავთ, ობოლს ჩაგრავენ!

პეტიკო და კამპანია მოთმინებით ელოდნენ ამ შოუს დასრულებას. არც ერთი ხმას არ იღებდა. ეს ყველაფერი ათლეტსაც ყელში ამოუვიდა, შეტრიალდა და გრძელთმიანს უთხრა:

– გეყოფა, ვოვა. ადექი, წავედით. შევირგოთ, რაც ვიშოვეთ!

მაგრამ ვოვა უცებ გრეტჰენთან მიიჭრა, მკერდზე მიადო ხელები და ჩაისისინა:

– ოჰ, ოჰ, რა ძუძუებია!..

გოგონამ მთელი ძალით მოიქნია ხელი და ისეთი სთხლიშა, რომ გრძელთმიანი ასფალტზე გაგორდა, მაგრამ უბიდან ბრილიანტებით გატენილი ტომსიკა ამოუვარდა, ძირს დავარდა და ბრილიანტები ღამის ფარნების შუქზე აკიაფდა...

ვოვა, ათლეტი და დანარჩენი ხულიგნები პირდაღებულები უყურებდნენ მოციმციმე ბრილიანტებს და ხმას ვეღარ იღებდნენ. პეტიკო კი ტომსიკას დასწვდა, გაფანტული ბრილიანტები სწრაფად წამოკრიფა, შარვლის ჯიბეში შეინახა და თქვა:

– ნახვამდის, ბიჭებო, კარგად იყავით!

ხულიგნებს შორის პირველი ვოვა გამოერკვა და ათლეტს უღრიალა:

– რა პირი დაგიღია, ლიონკა, ვერ ხედავ, რომ ბრილიანტები აქვთ და ტყდებიან?

პეტიკო და კამპანია სკვერის მიმართულებით მიდიოდნენ, მაგრამ ხულიგნები მათ დაედევნენ და აიძულეს, რომ სკვერში შესულიყვნენ, შემდეგ წრე შემოარტყეს და ლიონიამ პეტიკოს უთხრა:

– ჩქარა, ბრილიანტები მოჯვი!

– ახლა კი კმარა, ბავშვებო, ან მშვიდობიანად წახვალთ აქედან, ან თქვენს ძვლებს ვერ აკრეფენ! – უთხრა პეტიკომ ხულიგნებს.

ლიონია პეტიკოს წაეპოტინა, მაგრამ ყბაში ისეთი ძლიერი დარტყმა მიიღო, რომ ჰაერში აიწია, გასწორდა და მთელი ტანით დაენარცხა მიწაზე. ხულიგნებმა მუშტები აამოქმედეს, მაგრამ ხელის განძრევაც ვერ მოასწრეს, ისე დაენარცხნენ ერთმანეთის მიყოლებით მიწაზე. ჩხუბი სულ რაღაც ხუთიოდე წუთს გაგრძელდა. ხულიგნები რომ გაანეიტრალეს და წასასვლელად გაემზადნენ, ჩაბნელებულ სკვერში მილიციის მანქანების შუქმა შემოანათა, მანქანიდან პატრული გადმოხტა და იღრიალა:

– არ გაინძრეთ, ხელები მაღლა!

– ესღა გვაკლდა, – ჩაილაპარაკა პეტიკომ და იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ გამომძვრალიყო ამ სიტუაციიდან, რადგან, აშკარა იყო, რომ მათაც გაჩხრეკდნენ და ბრილიანტებს უპოვნიდნენ.

თხუთმეტიოდე შეიარაღებულმა მილიციელმა ხულიგნები ერთად დააყენა და ჩხრეკა დაუწყო. პეტიკოს და კამპანიას კი ერთ-ერთმა შეიარაღებულმა მილიციელმა შეუღრინა:

– თქვენ რა, განსაკუთრებული მოწვევა გინდათ? ჩქარა, ერთ მწკრივში დადექით, ხელები მაღლა და გასაჩხრეკად მოემზადეთ, თქვენი დედაც!

– შენი დედაც, შე ბოზო! – არ დაუთმო მილიციელს ჰამომ. შემდეგ მოშორებით მდგომ კაპიტანს გასძახა:

– კაპიტანო კალინინ, განა თქვენ არ ტრაბახობდით ამ სამი კვირის წინ, მიმსახურეთო?

კალინინი სასწრაფოდ მიუახლოვდა ჰამოს, თავი დაუკრა და მოწიწებით უთხრა:

– გამარჯობა, ბატონებო, რა მოხდა, რაშია საქმე?

– დიდი არაფერი, კაპიტანო, – საუბარში პეტიკო ჩაერთო, – უბრალოდ, ხულიგნები დაგვესხნენ თავს და მოვიგერიეთ. ახლა კი ყველაფერი რიგზეა და სასტუმროში დავბრუნდებით.

– კეთილი, თქვა კალინინმა, – შენ კი, ლეონიდ, განსაკუთრებულად მოგელაპარაკები კამერაში შეგაგდებ და იქ გაყურყუტებ!

– ჩემგან რა გინდათ, კაპიტანო? – უთხრა ათლეტმა კალინინს და პეტიკოსკენ გაიშვირა ხელი, – აი, ამ კაცს ბრილიანტებით სავსე ტომარა უდევს ჯიბეში და, უმჯობესი იქნება, ჰკითხოთ, საიდან აქვს მას ამდენი ძვირფასეულობა.

– ხმა ჩაიწყვიტე, შე ნაძირალა! – უღრიალა კალინინმა ათლეტს და ისეთი სილა გააწნა, რომ აატირა, თან უთხრა: – შენ შენს ბოზ დედას და დას მიხედე და სხვის ბრილიანტებს ნუ კითხულობ!

ათლეტს ხმა აღარ ამოუღია, ჰამომ კი გრძელთმიანი გამოათრია, „მარლბორო“ და ოქროს „ზიპო“ წაართვა, შემდეგ სამასი ევრო აართვა ათლეტს, ყველაფერი ეს კალინინს გაუწოდა და უთხრა:

– აი, კაპიტანო, ეს ნივთმტკიცებები თქვენ გქონდეთ!

კალინინი არ დაბნეულა, ქრთამი ჯიბეში ჩაიდო და დაკავებულების გასაგონად თქვა:

– მე ამათ ვუჩვენებ, როგორ უნდა პატიოსანი ხალხის შეწუხება!

პეტიკო კაპიტანს მიუახლოვდა და ჩუმად უთხრა:

– ნამეტანი მკაცრად ნუ დასჯით, ერთი ღამე გაატარებინეთ მილიციაში და გაუშვით, ცოდოები არიან. მით უმეტეს, თუ და და დედა ბოზები ჰყავთ.

– არის, დილას გავუშვა! – მხედრული სალმით გამოეჯგიმა კალინინი პეტიკოს, შემდეგ სასტუმროში მიყვანა შესთავაზა, მაგრამ უარი რომ მიიღო, უთხრა, – ხვალ დილიდანვე თქვენთან გავჩნდები და მიმსახურეთ!

მილიციელები წავიდნენ. პეტიკო და მისი მეგობრები სასტუმროში რომ დაბრუნდნენ, პეტიკოს ნომერში შეიკრიბნენ, ფრანცმა მეუღლეს უთხრა:

– რამ გაგაწუწკა, გრეტა, ხომ გითხრეს, რომ ბრილიანტები არ წამოიღოო?! შენ კი არ დაიჯერე და კინაღამ ყველაფერი ჩაგვიშალე. კიდევ კარგი, რომ ნაცნობი მილიციელი შეგვხვდა, თორემ ვინ იცის, რით დამთავრდებოდა ყველაფერი!

თავჩაღუნულმა გრეტჰენმა ყველას ბოდიში მოუხადა:

– მაპატიეთ, შევცდი!

პეტიკომ მკაცრად შეხედა გრეტჰენს და უთხრა:

– მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ამიერიდან ყველამ დავიმახსოვროთ, რომ ერთმანეთისგან დაფარულად ნუ ვიმოქმედებთ. ახლა კი დავიშალოთ და დავისვენოთ.

ცოლ-ქმარი წამოდგა და თავისი ნომრისკენ გაემართა. პეტიკომ გრეტჰენი გააჩერა, ბრილიანტებით სავსე ტომარა მისცა და უთხრა:

– ეს შენთან იყოს, კარგად შეინახე. მშვიდობიანად რომ დავბრუნდებით ამსტერდამში, მერე ერთად ვიკაიფოთ ამ საოცრებაზე...

***

„შივა“ დანიშნულ დროს შევიდა კალინინგრადის პორტში და, როგორც განსაზღვრული იყო, პეტიკომ და კამპანიამ ორი დღის განმავლობაში მთელი განძი დაქირავებული გემის საიდუმლო ტრიუმში გადამალეს. შემდეგ, „შივაზე“ ციმბირული ხე-ტყე დატვირთეს და ბალტიის ზღვაში შეცურდნენ. ოთხი დღის განმავლობაში ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, მაგრამ როცა „შივა“ დანიის ტერიტორიულ წყლებში შეცურდა, ის საპატრულო კატერმა შეაჩერა და სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა დანიელმა პოლიციელმა, რომელიც „შივას“ ბორტზე ავიდა, გემის კაპიტანს უთხრა:

– ნაბრძანები გვაქვს, გემი დავაპატიმროთ და კოპენჰაგენის საჯარიმო სადგომზე გადავიყვანოთ, ბორტზე მყოფები კი საქმის გარკვევამდე პოლიციის განყოფილებაში გადავიყვანოთ!

გემის კაპიტანს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ საუბარში პეტიკო ჩაერთო:

– კი მაგრამ, რატომ, ოფიცერო, რაშია საქმე? ჩვენ ხე-ტყე გადაგვაქვს. ყველა საბუთი მე მაქვს და შეგიძლიათ, შეამოწმოთ.

– საქმე ისაა, რომ თქვენი გემი ნარკოტიკების ტრანსპორტირებაშია ეჭვმიტანილი. სამი დღის წინ კონტრაბანდისტების ჯგუფი დავაკავეთ და მათი ჩვენებიდან შევიტყვეთ „შივას“ ამბავი. ამიტომ, კოპენჰაგენში უნდა გადაგიყვანოთ.

– ბატონო ოფიცერო. მე ბიზნესმენი ვარ და ეს გემი ნაქირავები მაქვს. თქვენ გამო კი დიდ ზარალს ვნახავ. ვინ ამინაზღაურებს დანაკლისს?

– ნუ ღელავთ, ბატონო, – მშვიდად უთხრა პეტიკოს დანიელმა პოლიციელმა, – თუ არაფერში ხართ გარეული და გემში აკრძალული საქონელი არ გაქვთ, ზარალს დანიის მთავრობა აგინაზღაურებთ სრულად.

პეტიკოს მეტი არაფერი უთქვამს პოლიციელისთვის, კაიუტაში დაბრუნდა და დანარჩენებთან ერთად იმაზე მსჯელობას შეუდგა, თუ როგორ მოქცეულიყვნენ.

– მდგომარეობა თითქმის უიმედოა, – თავი გააქნია ფრანცმა, – ვიცნობ მე ამ სკანდინავიელებს. ყველაფერს გულდასმით გაჩხრეკენ, ოქროს იპოვიან და ხაზინაში შეინახავენ. უკეთეს შემთხვევაში, უვნებლებს გაგვიშვებენ და პეტიკოს ზარალს აუნაზღაურებენ. ეეჰ, ჩვენი განძი დაიკარგა.

– იქნებ ვერ აღმოაჩინონ? – თქვა გრეტჰენმა.

– კარგი, რა, გრეტა, – ხელი ჩაიქნია ფრანცმა, – ამათ მასწავლი? სულ დიუმ-დიუმ გაჩხრეკენ ყველაფერს.

პეტიკო, ჰამო და რამაზი უსიტყვოდ უსმენდნენ ცოლ-ქმრის დიალოგს. ამასობაში „შივა“ კოპენჰაგენის პორტში შევიდა, სადაც უზარმაზარი ამერიკული კრეისერი დაინახეს, რომელზეც შეერთებული შტატების დროშა ფრიალებდა. ჰამომ თვალი გააყოლა გემს, შემდეგ სახე გაუცისკროვნდა და წამოიძახა:

– მე ვიცი, რაც უნდა ვქნათ! ამ საქმეში საიმონ სმიტი უნდა ჩავრიოთ და ყველაფერი კარგად იქნება!

– ვინ სმიტი? – ვერ გაიგო რამაზმა.

– ჩემი მეგობარი და მომავალი ნათელ-მირონი. ამერიკელი კონგრესმენია, თავდაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ის თუ გვიშველის. სკანდინავიელები ამერიკელებს პატივს სცემენ და კონგრესმენი რომ დაურეკავს, უარს ვერ ეტყვიან.

– კი მაგრამ, რა საბაბით მოსთხოვს სმიტი დანიელებს „შივას“ გაშვებას? – იკითხა რამაზმა.

– ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, დანიურმა პოლიციამ „შივა“ არ გაჩხრიკოს და გაგვიშვან, დანარჩენს კი მნიშვნელობა არ აქვს.

– როგორ დაუკავშირდები?

– ჩვეულებრივი მობილურით, – თქვა ჰამომ. შემდეგ გრეტჰენს მობილური გამოართვა, სმიტის ნომერი აკრიფა და უთხრა:

– სალამი, მისტერ სმიტ!

– ჰამო, ჰამო, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, როგორ ხარ? საიდან გაგახსენდა მოხუცი სემი?

– მისტერ სმიტ, მე თქვენ ყოველთვის მახსოვხართ, მაგრამ საკუთარ თავს მოხუცს ნუ უწოდებთ!

– მართალი ხარ, ჰამო, მართალი. მოხუცი კი არა, ახალგაზრდა ვარ, მით უმეტეს, ჩემი ცოლი ფეხმძიმედაა, თანაც ბიჭზე და სულ რაღაც შვიდ თვეში ნათლობისთვის მოემზადე!

– გილოცავთ, გილოცავთ, მისტერ სმიტ!

– მადლობა, ჩემო ჰამო. შენ როგორ ხარ, სად ხარ და რას აკეთებ?

– ამჟამად კოპენჰაგენში ვარ.

– რა ახლოს ყოფილხარ. მე სტოკჰოლმში ვიმყოფები პოლიტიკურ სამიტზე.

– ალბათ, ძალიან დაკავებული ხართ?

– მე ყოველთვის დაკავებული ვარ. მოიცა, მოიცა, მოხდა რამე? რაღაც შენი ხმა არ მომწონს.

– ისეთი არაფერი.

– მითხარი, ჰამო, რა ხდება. ხომ იცი, მეგობრები ვართ და, თუ რამე შემიძლია, აუცილებლად დაგეხმარები. მე კი, კარგად იცი, ბევრი რამ შემიძლია.

– ამისთვის როგორ შეგაწუხოთ, მისტერ სმიტ. უბრალოდ, დაგირეკეთ, რომ მომეკითხეთ, მაგრამ თქვენი გენიალური ინტუიციით მიხვდით, რომ გასაჭირში ვარ.

– გასაჭირში ხარ? – ხმას აუწია სმიტმა.

– არა, მინდოდა მეთქვა, რომ პატარა პრობლემა მაქვს.

– ჰამო, – ღრიალებდა სმიტი, – მე შენთან ვალში ვარ და მითხარი, რა ხდება, მით უმეტეს, რომ ამ პედერასტ სკანდინავიელებზე ჯერ კიდევ შემიძლია გავლენის მოხდენა. თქვი, რაშია საქმე!

ჰამო დარწმუნდა, რომ სმიტი საკმაოდ „დაქოქა“ და უთხრა:

– მე და ჩემს მეგობრებს პატარა ბიზნესი გვაქვს და ხე-ტყეს ვეზიდებით რუსეთიდან ჰოლანდიაში. დანიის პოლიციამ კი ჩვენი დაქირავებული გემი იმიტომ დააპატიმრა, რომ ვიღაც ნარკობარონები დაუჭერიათ, რომლებსაც უთქვამთ, ამ გემით ადრე ნარკოტიკები გადავიტანეთო. ახლა კოპენჰაგენის პორტში შეგვიყვანეს და ჩხრეკა-საქმის გარკვევას რამდენიმე დღე დასჭირდება. მართალია, გვითხრეს, ზარალს აგინაზღაურებთო, მაგრამ პარტნიორების ნდობას დავკარგავთ და თავიანთი ფული უკანალში გაირჭონ...

– მართალი ხარ, მართალი. კოპენჰაგენის პორტში ჩვენი სამხედრო გემი დგას. ახლა მე მის კაპიტანს დავურეკავ და დანიის პოლიციას ის დაელაპარაკება. ნურაფრის გეშინია. რა ეწოდება თქვენ გემს?

– „შივა“.

– გამაგრდით, მალე დაგეხმარებიან!..



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3