რატომ ცხოვრობდა ლალი ნიკოლაძე თურქეთში საროსკიპოში და რა ფული იშოვა მან ბენზინის ბიზნესში
რეჟისორი ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე 16 წელია, თურქეთის მოქალაქეა. საქართველოდან არეული სიტუაციის გამო წავიდა, თუმცა, მაშინ არ ეგონა, თუ იქ დარჩენა სამუდამოდ მოუწევდა. თავის დასამკვიდრებლად დიდი და ძნელი გზის გავლა მოუწია. ახლა საკუთარი თეატრი „ჰყავს“. ალბათ, ბევრმა, არ იცის, რომ ლალი „ნიკოლშოუს“ წევრების მამაა. მას საზოგადოება უფრო გიჟი ზურაბას როლით იცნობს ფილმიდან – „ზოგი ჭირი მარგებელია“.
– ბატონო ლალი, როდის და რატომ წახვედით საქართველოდან?
– ალბათ, თბილისის მსგავსი ქალაქი არსად არ არსებობს. ნათქვამია, ადამიანები ქმნიან ქალაქსო. მოხდა უბედურება – ის სითბო, რაც თბილისს ჰქონდა, სადღაც დაიკარგა და, როდესაც ეს აღარ არის, იქ გაჩერება ძნელია. 50 წლის რომ გავხდი, გადაწყვეტილება მივიღე, საქართველო დამეტოვებინა, რაც არაერთმა ფაქტორმა განაპირობა. სოციალური მდგომარეობა ცუდი არასდროს მქონია, იმ პერიოდში ყველა ერთად რაღაცას „ვჩალიჩობდით“. არც თეატრალურ სამყაროში შემხვედრია წინააღმდეგობები. ჯერ ბათუმის, შემდეგ ქუთაისის ოპერის, მერე კი მუსკომედიისა და გრიბოედოვის თეატრების მთავარი რეჟისორი ვიყავი. მერე საკუთარი თეატრი – „ექო“ შევქმენი, რაც ცუდ დროს დაემთხვა: თუკი ვინმე ჩამოდიოდა უცხოეთიდან და ჩვენი სპექტაკლის სანახავად მოდიოდა, ვერ ნახულობდა, რადგან ქუჩებში ომი, ბარიკადები და მთელი უბედურება იყო. მეჩვენებოდა, თითქოს საქართველო განუკურნებელი სენით დაავადდა. მისი საწინააღმდეგო საშუალება ვერაფერი დავინახე. შეიძლება, ოდესღაც რომ გადავხედავ წარსულს, ვთქვა, რომ ჩემი შეხედულება და გადაწყვეტილება სწორი არ იყო, მაგრამ, მაშინ ვფიქრობდი, რომ ასე იყო საჭირო.
– პავლე ჩარკვიანის ფილმში „ზოგი ჭირი მარგებელია“, გიჟ ზურაბას თამაშობთ. როგორი იყო ამ როლზე მუშაობა?
– ეს ფრაზა – „მოვიდა ზურაბა“, სცენარში არ იყო და, გახმოვანებაზე რომ მივედი, რეჟისორს ვუთხარი: აი, იმ ადგილას, სადღაც რომ გავრბივარ, რაღაცას დავიძახებ-მეთქი და ეს ისე ვთქვი. მერე რამაზ გიორგობიანის ორ ფილმში ვითამაშე: „ლოლიტა“ – თათარი მილიციონერი და „მოდი, ვილაპარაკოთ“ – სომეხი კარენა. რატომღაც, სულ სხვა ეროვნებისა და გიჟის როლებს მაძლევდნენ.
– სხვათა შორის, სულ მინდოდა მეკითხა, ლალის რატომ გეძახიან?
– ბევრმა მკითხა, ლალის რატომ გეძახიანო. მე ვუთხარი, ეგ რა არის, სახლში ციალას მეძახიან-მეთქი. მშობლებმა შემარქვეს. ახალგაზრდობაში ამის გამო ბიჭებთან ჩხუბიც კი მომდიოდა. რომ მეუბნებოდნენ, გოგოს სახელი რატომ გქვიაო, ძალიან ვბრაზდებოდი. პირადობის მოწმობაში ვარლამი მიწერია. 16 წელია, რაც თურქეთში ვცხოვრობ. აქ ვარლამს მეძახიან და მეც მივეჩვიე.
– რთული აღმოჩნდა უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება და რას ვერ შეეგუეთ დღემდე?
– თავიდან ძალიან რთული იყო. ვიყავი მარტო, როგორც რობინზონ კრუზო. თან, თურქული ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი, მაგრამ, ეტყობა, ბედი მწყალობს. სხვათა შორის, აქ ჩემი ნებით არ ჩამოვსულვარ. 9 აპრილს ამერიკაში ვიყავი. ეს რომ გავიგე, სასწრაფოდ თბილისში გადმოვფრინდი. რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, მანდ გაჩერება აღარ შეიძლებოდა და ისევ წასვლას ვაპირებდი, სადაც, ვიცოდი, რომ ჩემი პირადი ცხოვრება გაცილებით იოლად აეწყობოდა, მაგრამ... ვიღაცეებმა მითხრეს, თურქეთში რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ და შენნაირი კაცი გვჭირდებაო. აქ რომ ჩამოვედი, მივხვდი, რომ მომატყუეს, უკან დასაბრუნებელი ფული არ მქონდა. დავიწყე ფულის შეგროვება. ტყავის ქურთუკების დუქანში დავიწყე დამლაგებლად მუშაობა. ერთ დღესაც, შევამჩნიე, ვიღაც კარგად ლაპარაკობს ინგლისურად. გამომელაპარაკა, ვინ ხარო. ვუთხარი, ვინ და საიდან ვიყავი. ხომ არ გაგიჟდი, აქ რა გინდა, მე წამომყევიო. მიმიყვანა ტრაპზონის ღამის ბარში, რომლის მეპატრონეც მისი მეგობარი იყო. ცალკე რაღაც ილაპარაკეს. მერე ცოტა ხანში ხელში გიტარა მომცეს. საერთოდ, გიტარას რომ ვიღებ, მერე მთელი ამბები იწყება. გადაირია ბარის პატრონი – გიჟია, ვინ არისო. მითხრა, ხვალ მოდიო. მივედი. ორი საათი ვიყავი სცენაზე. სიმღერას რომ მოვრჩი, ამ კაცმა ჯიბეში კონვერტი ჩამიდო. მომერიდა იქვე გახსნა და ტუალეტში შევედი. გავხსენი – 30 დოლარია. გამიხარდა – ალბათ, სამსახურში ამიყვანა, ეს ავანსია და თვეში 60 დოლარს გადამიხდის-მეთქი. მეორე დღესაც იგივე განმეორდა, ისევ ტუალეტში შევედი, გავხსენი და – ისევ 30 დოლარია. ვიფიქრე, ალბათ, დაავიწყდა, გუშინ რომ მომცა-მეთქი. დუქანში რომ ვმუშაობდი, დუქნის პატრონი კვირაში ერთ დოლარს მაძლევდა, საჭმელს მაჭმევდა და იაფფასიან საროსკიპოში მაცხოვრებდა. თავის მოკვლა მინდოდა, ზიზღის მეტს არაფერს ვგრძნობდი. ამას რომ ვიყავი მიჩვეული, უკვე ეს მიკვირდა. კონვერტი შევინახე, რომ დამებრუნებინა. მესამე დღეს მივედი და, ჩვეულებრივ, დავიწყე სიმღერა. ამ დროს ტრაპზონში ხმა გავარდა, ვიღაც უცხოელია ჩამოსული, კარგ სიმღერებს მღერისო და ხალხი მოაწყდა. დაახლოებით სამასი კაცი მოვიდა. პროგრამა რომ დავამთავრე, ბარის პატრონი ისევ მოვიდა და კონვერტს მიდებს. ხელზე წავავლე. კაცი გაოცდა. იქვე ვიღაც მოვიშველიე გადათარგმნაში. ფერი წაუვიდა, გაწითლდა, ნიკაპი აუკანკალდა და მითხრა – ბოდიში, ჯერ ახალი გახსნილია ბარი და ამიტომ გიხდით ცოტასო, – ეგონა, მეცოტავა. დღეს ეს კაცი და კიდევ ბევრი სხვა, ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. თბილისური ურთიერთობებია.
– როგორც ვიცი, მერე ბენზინის ბიზნესი გქონდათ.
– თურქულ კომპანია „ბაინდირ ჰოლდინგს“ რაღაც ბიზნესკავშირები ჰქონდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან. მაშინ თურქული უკვე ათვისებული მქონდა. დამიძახეს და თარჯიმნობა შემომთავაზეს. სტაბილური ხელფასი იყო და დავთანხმდი. გარდა ამისა, რამდენ ბენზინსაც გავყიდდი, იმდენი ფული მემატებოდა, მაგრამ, ამ ვაჭრობაში რომ შევყავი თავი, უამრავი მაფიოზი გამოჩნდა საქართველოდან თუ რუსეთიდან. სახიფათო გარემოცვაში აღმოვჩნდი, სადაც დიდი ფული ტრიალებდა. ვფიქრობდი, როგორ დამეხსნა თავი ამ მაფიოზური დაჯგუფებისგან. ამაზე კონკრეტულად არაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ საკმაოდ ცნობილი ქართველი ადამიანები ფიგურირებდნენ. როცა არალეგალურ ფულთან გაქვს საქმე, იქ ტყვია, შეიძლება ყველა მოსახვევში დაგეწიოს. გავრცელდა ხმა, რომ ამ ბიზნესში ვარ. ტრაპზონის სახელმწიფო თეატრის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ჩემთან შეხვედრა მოინდომა. შევხვდით. მეორე დღეს დამიბარა. გამიხარდა, ვიფიქრე, როგორც იქნა, საჩემო საქმე ვიპოვე-მეთქი. ის პერიოდი ისე გავიდა, ტრაპზონში სახელმწიფო თეატრი თუ არსებობდა, არ ვიცოდი. სულელი ვარ, ალბათ. გამოვაკარით განცხადება, რომ ვქმნით კერძო თეატრს. ასი კაცი მოვიდა. ვერ გავიგე, ვინ ნიჭიერი იყო, ვინ – არა და ასივე ავიყვანე. თითქმის წელიწადი ვატარე გაკვეთილები აბსოლუტურად უანგაროდ. ამ ასი კაციდან დაგვრჩა საკმაოდ გამოწვრთნილი თხუთმეტი მსახიობი. დავიწყეთ რეპეტიციები. ერთი გოგონა იყო, რუსული ფილოლოგიური ჰქონდა დამთავრებული. მასთან ერთად დავჯექი, კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირს“ ქართულიდან რუსულად ვუთარგმნიდი და ის რუსულიდან თურქულად თარგმნიდა. პირველი პიესა, რომელიც თურქეთის დრამატულ თეატრში დავდგი, „დარისპანის გასაჭირი“ იყო. ერთი ბათუმელი დრამატურგი მეგობარი მყავდა, შოშია ჩხაიძე და ის ჩამოვიდა სპექტაკლზე.
– მაშინ ერთ-ერთ გაზეთში თქვენზე დაიწერა, რომ ბათუმში თავს დაგესხნენ. რატომ?
– ბათუმში ბენზინის საქმეზე ვიყავი ჩამოსული. შოშიას გავუარე, რომ პრემიერაზე დამეპატიჟა. სახლში არ დამხვდა, მითხრეს, რესტორანშიაო. რომ შევედი, იქ ამბავი ატყდა, დედა შვილს არ აიყვანდა. გამოვტრიალდი და წამოვედი. დიდი შეხლა-შემოხლა იყო – ამას აქ რა უნდაო. იმ პერიოდში ბევრი მტერი მყავდა, რადგან, ყველაფერთან ერთად, ზვიადისტის სახელიც მქონდა.
– არ გიჭირთ მარტო ცხოვრება?
– ჩემთვის განსაკუთრებულად ძნელია. ქალისა და კაცის საქმე მკვეთრად მაქვს გაყოფილი ერთმანეთისგან. ქალის საქმეს ვერ ვაკეთებ.
– ხუთი შვილი გყავთ, რომლებიც საქართველოში, სხვადასხვა ცოლთან შეგეძინათ. საინტერესოა თქვენი აზრი თქვენს შვილებზე.
– შვილის შეძენა შეუდარებელი შეგრძნებაა. მამა 21 წლის ასაკში გავხდი. თან ბედნიერებაა, თან – მღელვარება, შიში, პასუხისმგებლობა...
– ამდენჯერ რატომ დაქორწინდით, თქვენს გრძნობებში ვერ გაერკვიეთ თუ მათ აღარ მოინდომეს თქვენ გვერდით ცხოვრება?
– ძალიან კარგად ვერკვევი ჩემს გრძნობებში. რომ დავიბადე, უკვე ცოლიანი ვიყავი და ჩემი ცოლი იყო თეატრი. ქალებს, თვითონ თუ არ ხართ პირველი, ისე არ შეგიძლიათ. ჩემი ცხოვრება ისე არ აეწყო, როგორც მინდოდა. ჩემთვის პირველი ყოველთვის იყო თეატრი და მის ადგილს ვერც ერთი ქალი ვერ დაიკავებს. მე რომ თურქეთის მოქალაქეობა მივიღე, ანკეტა შემავსებინეს, სადაც სარწმუნოების გრაფაში „თეატრი“ ჩავწერე. ასეთი ანკეტა არსად მინახავს. იმ კაცს, ვისაც ქალთან დაშორების შემდეგ სინანულის გრძნობა არ აქვს, პირუტყვია. ეს არის ფსიქოლოგიური დრამა, თუმცა, უშეცდომო არავინაა. იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული, რომ ჩამოვთვალო, ამ ინტერვიუში არ ჩაეტევა. მთავარია, ადამიანმა იგივე აღარ გაიმეორო. მათთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ერთმანეთს ინტერნეტით ვეკონტაქტებით. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ ვცადე, მაგრამ ბედნიერება ვერ ვიპოვე. ბოლოს აქ ჩამოვედი და ვიპოვე.
– როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ქალების გარეშე, თუნდაც, მოხუცებულობის ასაკში?
– ვერაფრით ვერ წარმომიდგენია. ამას წინათ მეგონა, ფილტვების კიბო დამემართა და ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი, არადა, გახურებული რეპეტიციები მქონდა, სპექტაკლისთვის ვემზადებოდი. მივედი ექიმთან, გავესინჯე და ტყუილი განგაში აღმოჩნდა. ექიმი გადაირია – ორმოცი წლის კაცის ორგანიზმი გაქვსო. პიკასოსი მშურს – 80 წელს იყო გადაცილებული და 30 წლის ცოლი ჰყავდა. დილით ეზოში ჩავიდა, ტენისი ითამაშა, მერე შხაპი მიიღო. პირსახოცით იმშრალებდა და თან საძინებლისკენ მიდიოდა, რომ წაიქცა და გარდაიცვალა. ეს დიდებული სიკვდილია.