რა პროფესიაზე ოცნებობდა ბავშვობაში ჩაკ ნორისი და ჰოლივუდის რომელი კინოვარსკვლავი იყო მისი მოსწავლე კარატეს სკოლაში
ის არის მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ლეგენდარული ვარსკვლავი, რომელზეც ყველაზე ბევრს ლაპარაკობენ, წერენ და ხუმრობენ ინტერნეტში. ამერიკელ კინოკარატისტსა და „უკვდავი ადამიანის” იმიჯის მქონე ჩაკ ნორისზე მართლაც იმდენს წერენ ინტერნეტ-ბლოგერები და იუზერები, მათ შორის საქართველოშიც, რომ საჭიროდ ჩავთვალეთ, „თბილისელების” ამ ნომერში ჩაკ ნორისზე მოგვეთხრო.
ჩაკ ნორისი, სინამდვილეში კი კარლოს რეი ნორისი ოკლაჰომის შტატში, ქალაქ რაიანში დაიბადა 1940 წლის 10 მარტს. ჩაკის მამა ავტომექანიკოსი გახლდათ და ალკოჰოლურ სასმელს ეტანებოდა. ცნობისთვის, ჩაკის წინაპრები დედის მხრიდან იყვნენ: ირლანდიელები და ინდიელების ტომ ჩეროკიდან. ბავშვობის წლების გახსენება ჩაკს ნაკლებად უყვარს – სიღარიბე და მუდმივი კონფლიქტი მშობლებს შორის და საბოლოოდ, მათი დაშორება, რის შემდეგაც საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდნენ. რამდენიმე ინტერვიუში ნორისი იხსენებდა, რომ სპორტის მიმართ სიყვარული მას მამინაცვალმა, ჯორჯ ნაითმა გაუღვივა. სპორტით გატაცებული ჩაკი პოლიციელობაზე ოცნებობდა და მტვირთავად მუშაობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი, სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში ჩაეწერა და 1959 წელს სამხედრო სამსახურის გამო სამხრეთ კორეაში გაემგზავრა. სწორედ სამხედრო ბაზაზე ცხოვრების პერიოდში გახდა კარლოსი ჩაკი და სამხრეთ კორეაში დაინტერესდა ის ძიუდოთი და კარატეთი. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, სახლში დაბრუნებულ ჩაკს უკვე ჰქონდა შავი ქამარი კარატეში. 1963 წელს ჩაკ ნორისმა გახსნა კარატეს პირველი სკოლა, ამას მოჰყვა სკოლების მთელი ქსელი (სულ 32). 1968 წელს მან წარმატებით იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარატეში და ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი მოიგო. ამ ტიტულს ჩაკ ნორისი შვიდი წელი ინარჩუნებდა. გარდა ამისა, 1965 წელს იგი ლოს-ანჯელესში გამართული ყველა ვარსკვლავის ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.
კინოკარიერა ჩაკ ნორისმა ლეგენდარული სტივ მაკქუინის – „ფარვანას” და „შესანიშნავი შვიდეულის” ვარსკვლავის დახმარებით დაიწყო. სტივი ჩაკის მოსწავლე იყო კარატეს სკოლაში და 1969 წელს იგი პირველად მოხვდა გადასაღებ მოედანზე ფილმში „ავარიული გუნდი”. იქ ჩაკმა ეპიზოდური როლი ითამაშა, პირველი აღიარება კი ბრიუს ლის ლეგენდარულ ფილმ „დრაკონის გზაში” შესრულებულმა უარყოფითმა როლმა მოუტანა. ლის და ნორისის ორთაბრძოლა რომის კოლიზეუმში იყო გადაღებული და ეს სცენა მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კინოსცენად ითვლება. სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში ჩაკმა გაიხსენა, თუ სად და რა ვითარებაში გაიცნო ბრიუს ლი: „ბრიუსს პირველად 1968 წელს შევხვდი, მაშინ, როცა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე. ის დარბაზში იმყოფებოდა სპეციალური სტუმრის სტატუსით. ჩვენ დავმეგობრდით და ერთად ვივარჯიშეთ. შემდეგ ის ჰონკონგში გაფრინდა. ერთ დღეს კი დამირეკა და მითხრა: „ჩაკ, ისეთი ფილმი მინდა გადავიღო, რომელზეც ყველა ილაპარაკებს. მინდა, ფილმში შენ ითამაშო და ჩვენი ორთაბრძოლის სცენაც დავდგათ”. მე ვკითხე, ვინ იქნება გამარჯვებული-მეთქი და მან სიცილით მიპასუხა: მე, რადგან შენზე ცნობილი ვარსკვლავი ვარ. შენთვის კი ეს ფილმი კარგი სტარტი იქნება კინოკარიერის დასაწყებადო. ბრიუსს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა და იგი კინოს ჭეშმარიტი ვარსკვლავი იყო. მე ვამაყობ, რომ მომეცა საშუალება მასთან მეთამაშა და ის ჩემი მეგობარი იყო”. „დრაკონის გზას” მოჰყვა კიდევ ერთი კინოროლი, ფილმში „ჟლეტა სან-ფრანცისკოში”, „ბ“ კატეგორიის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომელიც ნამდვილად არ ჩაიწერება ნორისის აქტივში. 1977 წლამდე ჩაკი კინოში არ გამოჩენილა და ეს პერიოდი მან სამსახიობო კურსის გავლას დაუთმო. მისი პირველი მასწავლებელი ესტელა ჰარმონი იყო და 34 წლის ჩაკი ყველაზე ასაკოვანი მოსწავლე გახლდათ მის კლასში. 80-იან წლებში, ვიდეოსალონების ეპოქაში, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში სწორედ ჩაკ ნორისის ფილმებით ჩაწერილი კასეტები სარგებლობდა პოპულარობით, განსაკუთრებით კი, კინომოყვარულებს ჩაკ ნორისის შემდეგი ფილმები მოსწონდათ: „მარტოხელა მგელი მაკკუეიდი”, „დაჯგუფება დელტა” და სამსერიანი „უგზო-უკვლოდ დაკარგულნი”, რომელშიც ნორისმა ლეგენდარული კინოგმირის, ამერიკელი ჯარისკაცის, ჯეიმს ბრედოკის პერსონაჟი შექმნა. ამ ფილმების უმეტესობა დღემდე საკულტო სტატუსს ატარებს და „რემბოს” და „ტერმინატორის” შემდეგ, დამსახურებული მესამე პოზიცია უკავია ვიდეოსალონების რეიტინგებში. გარდა კინემატოგრაფისა, ჩაკ ნორისმა არანაკლებ დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა სატელევიზიო სივრცეში, საუბარია სერიალზე „უოკერი: ტეხასური მართლმსაჯულება”. სერიალს 1993-2001 წლებში უჩვენებდნენ ამერიკის ტელეარხები და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მაყურებელში.
ჩაკ ნორისის პირველი ქორწინება 1958 წლით თარიღდება. მისი რჩეული მისივე თანაკლასელი – დიანა ჰოლეჩეკი იყო, რომელთან ერთადაც ჩაკმა 30 წელი იცხოვრა და 1988 წელს დაცილდა. დიანასთან ჩაკს ორი ვაჟი ჰყავს – მაიკ და ერიკ ნორისები. მეორედ „დიდი ჩაკი” 1998 წელს დაქორწინდა და ამჯერად მისი რჩეული, 23 წლით უმცროსი, ყოფილი მოდელი – ჯენა ოკელი გახდა, რომელმაც ასევე ორი შვილი გაუჩინა ნორისს. სხვათა შორის, ჩაკს კიდევ ერთი შვილი ჰყავს – 1964 წელს მავანმა ქალბატონმა ქალიშვილი გაუჩინა, რომლის არსებობის შესახებ ჩაკმა დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იცოდა და მხოლოდ 26 წლის შემდეგ ნახა ის პირველად.
ჩაკ ნორისი კარგა ხანია, დიდ ეკრანზე არ გამოჩენილა. მისი ბოლო ფილმი 2005 წლით თარიღდება, თუმცა 2012 წლის აგვისტოში მსოფლიო 72 წლის ჩაკ ნორისის კინოეკრანზე ტრიუმფალური დაბრუნების მოწმე გახდება. საქმე ისაა, რომ სილვესტერ სტალონემ ბლოკბასტერ „შეუჩერებელნის” მეორე ნაწილში 80-იანი წლების მძაფრსიუჟეტიანი ფილმების სუპერვარსკვლავებისგან შეკრიბა სუპერგუნდი. მასში არიან: არნოლდ შვარცენეგერი, ჟან-კლოდ ვან დამი, ადოლფ ლუნდგრენი, ბრიუს უილსი და შედარებით ახალი თაობის ვარსკვლავები; ჯეტ ლისა და ჯეისონ სტეტჰემთან ერთად სტალონემ, ჩაკ ნორისიც მიიწვია. სულ მალე კინომოყვარულები საუკუნის „ბოევიკად” წოდებულ ფილმში აბსოლუტურად ყველა კინოგმირს იხილავენ.