როგორ აღნიშნავენ ქრისტეშობას ნიგერიაში ქრისტიანები და მუსლიმანები ერთად და ვისი მეკვლე იყო ბრაიანი სამტრედიაში
საზოგადოება ბრაიან იდოუს, პრესისა და ტელევიზიის წყალობით, უკვე ძალიან კარგად იცნობს. ბრაიანს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მუსიკალური და პლასტიკური ნიგერიელია. მან ქართულ იუმორს, სხვადასხვა კუთხის აქცენტს და აქაურობას უმალ აუღო ალღო – იცეკვა აჭარული, იმღერა გურულად და ქართველი ქალიც შეირთო. ბრაიანი ჩვენთან ნიგერიულ საახალწლო ტრადიციებსა და კიდევ სხვა საინტერესო თემაზე სასაუბროდ მოვიდა.
– ბრაიან, როგორ ემზადებიან ნიგერიაში ახალი წლისთვის?
– რა ვიცი, ჩვენთან ნიგერიაში, როგორც საქართველოში, ბევრი კუთხეა. ყველგან სხვადასხვანაირად აღნიშნავენ, მე ლაგოსიდან ვარ და იქ ვცხოვრობ. იქაც, როგორც თბილისში, მთელი სოფელია ჩამოსული სამუშაოს საძებნელად (იცინის). ბევრი ხალხია იქ – ლაგოსი ძველი დედაქალაქი იყო. ახალია – აბუჯა. ერთხელ ვიყავი ჩასული, ზოგიერთ ადგილას ვერც გაივლი, არ ვიცი, რატომ. ნიგერიული ახალი წელი ქართულისგან ძალიან განსხვავდება. ჩვენ, ძირითადად, ლაგოსში ვხვდებით ხოლმე, მაგრამ ადრე, ბავშვობაში, მახსოვს, რომ დედმამიშვილები, ნათესავები, ყველანი მამაჩემის სოფელში, ბაბუასთან ვიკრიბებოდით. მეზობლებიც მოდიოდნენ. ჩემი ძმა ლონდონში ცხოვრობს და საახალწლოდ ისიც ჩამოდის ხოლმე. ნათესავი ძალიან ბევრი მყავს, თითქმის მთელი სოფელი ჩემი გვარია (იცინის). დიდი ფურგონი გვყავს და იმით დავდივართ. ლაგოსში ტრადიციებს უკვე აღარ მისდევენ. რაც საქართველოში ჩამოვედი, ამას უფრო დიდი ყურადღება მივაქციე. თუმცა, მერე, თორემ მანამდე, ძირითადად ფეხბურთით ვიყავი გატაცებული...
ახალ წელს ლაგოსში სახალხო მასკარადი იმართება – რიტუალურ ცეკვებს ასრულებენ. ჯერ მუსლიმანებიც და ქრისტიანებიც ლოცვებს ასრულებენ თორმეტ საათამდე. თორმეტის მერე კი, ცეცხლს ანთებენ და ირგვლივ ცეკვავენ. თეთრი სანთლები უჭირავთ, მღერიან, მხიარულობენ. სხვათა შორის, ნიგერიაში იცი, როგორაა? შობას, „ქრისთმასს” მუსლიმანებიც და ქრისტიანებიც ერთად აღვნიშნავთ. ჩემი ოჯახი მუსლიმანურია, მე ბათუმში მოვინათლე მართლმადიდებლად. შობისთვის მზადება ჩვენთან ძალიან ადრე, ნოემბერში იწყება. ფულს წინასწარ ვაგროვებთ, მერე ბაზარში პროდუქტს ვყიდულობთ, 24-ში ღამე, ბავშვებსაც კი არ სძინავთ და მაგარი მხიარულებაა. იქაც აკეთებენ სადღესასწაულო კერძებს, მაგრამ არ ვიცი, ქართულად რა ჰქვია – ის ინგრედიენტები საქართველოში არ იშოვება, არადა ძალიან მენატრება. ხან მიგზავნიან, ხან მეგობრებს ჩამოაქვთ ხოლმე. ბრინჯი უყვართ იქ ძალიან. მეც მიყვარს ბრინჯი. ჩემი შვილიც გიჟდება – მამა, ბრინჯი მომიტანე, ბრინჯი (იცინის). მაგარი ოხერი ბავშვია. ახლა ჩემმა მეგობრებმა ჩამომიტანეს იქაური პროდუქტები და მე და ლოლა გავაკეთებთ სახლში.
– მერამდენე წელია, აქ შეხვდი ახალ წელს?
– მეხუთე წელია უკვე. პირველად, სამტრედიაში შევხვდი ქართულად. ძმაკაცი მყავს სამტრედიელი და იმან წამიყვანა (იცინის). ხოდა, მითხრა, სუფრა მექნება და თორმეტის მერე შენ მოდიო. მივედი, დავაკაკუნე, დამხვდა საცივი, ქათამი. მე კიდევ ქათამზე ვგიჟდები! იმის მერე საცივზე ვგიჟდები! გოგამ მასწავლა გაკეთება – ნიგოზი როგორ უნდა დავჭრა, როგორ მოვამზადო... სახლში ჩემი სიდედრი და მეუღლეც აკეთებენ. ნიგერიაშიც ამზადებენ ნიგვზიანებს, მაგრამ იქ უფრო სხვანაირი გემო აქვს. სხვანაირი კლიმატია და – პროდუქტიც.
– როგორი ფეხი გქონდა? არ არის ნიგერიაში მეკვლეობა?
– მშვენიერი ფეხი მქონდა. კარგი წელი გვქონდა ყველას, იმ წელს გავიცანი ბიჭები, დავახლოვდით. მას მერე ვმეგობრობთ. ნიგერიაში, როგორც ასეთი, მეკვლეობა არ არის. ისე კი ამბობენ, – კეთილი იყოს ჩემი ფეხიო, როცა ნათესავები მიდიან ერთმანეთთან. აქ, როგორც გოგამ ამიხსნა, მეკვლე ძალიან ახლობელია და შენ ჩემი ოჯახის წევრი ხარ უკვეო.
– ნიგერიაში საახალწლოდ რომელ ხეს დგამთ?
– ხან რას და ხან რას, მაგრამ ნაძვის ხე, როგორც აქ არის, ან ამერიკაში, დიდი რომ უდგათ ჭერამდე, ეგრე არა... პალმას რთავენ ხოლმე. საჩუქრებსაც ვჩუქნით ერთმანეთს. ჩვენ ორი სახლი გვაქვს და ერთი გაქირავებული გვაქვს. მამაჩემი და დედაჩემი რამეს რომ აკეთებენ (ყოველთვის ბევრ რამეს აკეთებენ) ყველას ჩამოურიგებენ ხოლმე. თუმცა, გეუბნები, ქალაქში ტრადიციები მაინცდამაინც არ აინტერესებს ხალხს. ძალიან დიდი ქალაქია ლაგოსი, თანამედროვე და არავის აინტერესებს, იქ ქრისტიანი ხარ, თუ მუსლიმანი. ახალგაზრდობა უფრო სხვანაირად ერთობა. საახალწლო კარნავალზე იმდენი ხალხია გარეთ, შეგიძლია, ისე შორს წახვიდე, როგორც ვთქვათ, აქედან გორში. 25 დეკემბრიდან დასვენებაა 3 იანვრამდე, მერე უკვე გადიან სამსახურში. გვაქვს ტრადიციული საახალწლო სიმღერები და ცეკვები.
– ცხელა, ჰო, ახალ წელს?
– კი, აბა? აქ გავიყინე, პირველად რომ ჩამოვედი (იცინის). აქ ძალიან ცივა. იქ ნორმალური ამინდია, 20-25 გრადუსი, შეგიძლია, მოკლემკლავიანით და მოკლე შარვლით იარო. თოვლი კი მომწონს და მიყვარს, მაგრამ ნამეტანი სიცივე არ მომწონს. რა ვქნა? აფრიკელი კაცი ვარ (იცინის). მე ჯერ კენიაში ვცხოვრობდი, მერე დუბაიში. თოვლი საერთოდ არ მქონდა ნანახი, პირველად აზერბაიჯანში ვნახე, 2006 წელს რომ ჩავფრინდი. ჩემი ძმაკაცი კი ცხოვრობდა იქ და იცოდა უკვე რაც იყო თოვლი, მე კი – არა. თხელი ქურთუკი მეცვა, აეროპორტიდან რომ გავედი, გავიყინე. ხომ იცი, თებერვალში როგორ ცივა?! ვხედავ, პატარა თოვლიც დევს. ღამე ვსხედვართ და ვხედავთ, თოვლი წამოვიდა. გავცვივდით გარეთ გაგიჟებულები, ვიგუნდავეთ, სურათებიც გვაქვს გადაღებული. ჩემებსაც გავუგზავნე მერე – აი, ნახეთ, თოვლი რა მაგარია-მეთქი.
– არ ჰქონდათ ნანახი?
– მამაჩემს კი. იმიტომ რომ, სამხრეთ აფრიკაში ნამყოფია და იქ მოდის ხოლმე თოვლი. სხვებს – არა. სამაგიეროდ, სეტყვა იცის იმხელა! პირველად რომ მოვიდა სეტყვა, გავგიჟდი, ვაიმე, გვიშველეთ, გვესვრიან-მეთქი (იცინის)!
ყოველ წელს დავდივარ აქ ბაკურიანსა და გუდაურში. თუმცა, თხილამურებზე ვერ ვდგავარ ჯერ, კარგად ვერ ვისწავლე. ბაკურიანში რომ პირველად ვიყავი, საშინლად გავიყინე, ვფიქრობდი, დღეს უეჭველი მოვკვდები, მორჩა-მეთქი (იცინის). მერე იქ ფეჩთან დამსვეს და ცოტა გავთბი. მაგრამ, მაინც გავცივდი, მერე ნელ-ნელა შევეჩვიე. თბილისი სხვაა, ბაკურიანში კი ყელამდე თოვლია! ჩემთვის ეს ეგზოტიკაა. საერთოდ, საქართველოში ბევრი რამ ვისწავლე ისეთი, რაზეც მანამდე აზრზე არ ვიყავი საერთოდ.
– სად ცივა აქ ისე, შენ რუსეთში უნდა ნახო სიცივე.
– ხო, ეგ ვიცი. მეგობრები ცხოვრობენ მოსკოვში და ვიცი, რომ მაგრად ცივა. ლოლაც იქაა გაზრდილი. 5 წლიდან იქ ცხოვრობდა, მერე დაბრუნდნენ საქართველოში.
– ქართულად კარგად „ღადაობ”, როგორც უკვე მივხვდი.
– კი ეგრეა, ნიგერიაშიც კარგი იუმორი აქვს ხალხს. ნიგერია – დაუკვირდი? მეგრული გვარია (იცინის)! ნიგერიელები და მეგრელები ჰგვანან ერთმანეთს – აფერისტი ხალხია. ცხოვრებაში ცოტა აფერისტი უნდა იყო კაცი – აფერისტი ანუ ჭკვიანი, თორემ მთლად ისეთი კი არა... სულ ვღადაობთ მე და ბიჭები ხოლმე. ერთხელ გოგა მეკითხება: ბრაიან, ბავშვი გოგო გინდა თუ ბიჭიო? რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია შავი იყოს-მეთქი (იცინის). მე დავიმსგავსე ბავშვი.
– ენა ადვილად ისწავლე?
– არა. ძალიან ძნელი ენაა. 6 თვეში დავიწყე სწავლა და ახლა კი ვიცი. ჟარგონებიც, გინებებიც ვისწავლე. თავიდან ვერის ბაღში მეგობრებთან ერთად ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, სულ ეს მესმოდა: „ვა, შენი დედა“... მე მეგონა, მე მაგინებდნენ და ვეჩხუბებოდი. მერე ამიხსნეს, რომ არასწორად გავიგე, ლამის ჩხუბი მომივიდა. რამდენჯერმე გაუგებრობის გამოც კი – ვინ არის ეს, საიდან არის ჩამოსული. და რაღაც ეგეთები. ერთხელ ბავშვმა ხელი ჩამომართვა და მერე ხელზე იყურებოდა, იწმინდავდა (იცინის). ბავშვები ძალიან მიყვარს და კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. ისედაც ვგრძნობ, რომ ხალხს ვუყვარვარ.
– ბევრგან ხარ საქართველოში ნამყოფი?
– კი, თითქმის ყველგან. სამტრედიელი ძმაკაცები მყავს. ერთი თვე გრიგოლეთში ვისვენებდი. სვანეთში, რაჭაში, კახეთში, ვარძიაში ვიყავი. თამარ მეფის ფრესკა ვნახე, საფარა ვნახე.
– აქცენტი კარგად აგითვისებია.
– რაია, სიმონ ვერ გევიგე (იმერული აქცენტით ამბობს – ავტორი). სამტრედიაში ცოტა ხანს რომ არ ჩავალ, მირეკავენ: რაია, ბრაიან, რატომ აღარ ჩამოდიხარო. მეგრულიც ვიცი ნორმალურად. სამეგრელოში ვიყავი ზუგდიდში, ძალიან კარგი დრო ვატარე, დადიანების სასახლე ვნახე...
– მეგრულიც იცი?
– მიჩქი, მიჩქი (იცინის). სი მარგალური გოიჩქუნო? – (მეგრული იციო-მეკითხება – ავტორი).
– ჭიჭე-ჭიჭე (ცოტ-ცოტა).
– ხო, მე ვიცი – „ჩქიმი ჯიმა”, „მა სი მიორქ”. (იცინის). ერთხელ მარშრუტკაში ავედი, ხალხით იყო გატენილი და მძღოლი მეკითხება: „მუჭო რექ, ჯიმა“? მეგრულად ვუპასუხე და დაიშოკა კაცი, ისე გაუხარდა... გურიაში ისე ჩქარა ლაპარაკობენ, არ მესმოდა. კოტე იყო ერთი გრიგოლეთში – მოი აგერ, ძამა, აია იი... ვაა, ვეუბნები, კაცო, ქართულად მელაპარაკე, ნელა, არ მესმის-მეთქი (იცინის).
კახეთშიც ვიყავი, ძალიან მომეწონა – თელავი, ზემო ქედი, ახაშენში... ერთი კახელი მეკითხება: „ბრაიან, როგო გგონია, მოვიგებთო?” მა რაა ჯო-მეთქი (იცინის).
– ვირზე არ იჯექ?
– არა, აქ არა, ჩვენთან აფრიკაში ძალიან ბევრი ვირია. ბავშვობაში ვიჯექი ხოლმე ვირზე.
– არ დაგათვრეს კარგად კახეთში?
– არა, მე არ ვსვამ. ერთხელ დამათვრეს ზესტაფონში, მწვრთნელის დაბადების დღე იყო – მახარაძის. ისეთი გემრიელი ღვინო იყო, წვენი მეგონა, ვსვი და ვსვი (იცინის). მაგრამ, კარგი სიმთვრალე მაქვს – ვიცინოდი, ვცეკვავდი, წავედი სახლში, ეგრევე დავიძინე. კიდევ კარგი, ჩემი სიმამრიც არ სვამს. გამიმართლა, თორემ, რომ დაეძალებინა, რა მეშველებოდა. აფრიკაში არყის მსგავსი სასმელი გვაქვს – შინაფი, და იმით ვამბობთ სადღეგრძელოებს. მაგრამ, ახალგაზრდები ნაკლებად.
– ყველაზე მეტად რომელი სკეტჩი გიყვარს?
– ბევრია. ერთი სკეტჩია, მიშა არის ზემდეგი, მე ჯარისკაცი ვარ. რაღაცაზე მეჩხუბება და მერე მეკითხება: მუ გვარ რექ წიე? (რა გვარი ხარო)? პაჭკორია-მეთქი, ვპასუხობ (იცინის). მეგრელი ვარ, ჩქიმ ჯიმა! შარშან ფილარმონიაში აჭარული ვიცეკვე. ასეთი ტექსტი მქონდა: „ჰეიდა ჰეე, აფრიკელი ვიყავ განა, ნიგერიელი ბრაიანაა. თბილისში ჩამოვბლაყუნდი, ცოლის საძიებლად განაა“. (იცინის).