რომელი სამკაულის გაკეთება ეკრძალება ფეთქებადი ბუნების ადამიანს ახალი წლის დღეებში და რისი მომტანია ფირუზის ქვა გასათხოვარი გოგონებისთვის 2012 წელს
მინერალებს, თავისი სტრუქტურული წყობიდან გამომდინარე, გარკვეული ენერგია აქვს, რომელიც სხვადასხვაგვარად შეიძლება შეერწყას ადამიანის ენერგეტიკულ ველს. სწორედ ამიტომ, ადამიანები მინერალებს იყენებენ არა მხოლოდ სილამაზის, არამედ მაგიური ზემოქმედებისა და სამკურნალო თვალსაზრისით.
საუკუნეების განმავლობაში, ადამიანს სჯეროდა, რომ ძვირფას მინერალებს, თავისი მაგიური ძალის წყალობით, ბედ-იღბლის უკეთესობისკენ შეცვლა, ბედნიერების მოტანა, შავი ძალებისგან დაცვა და განკურნება შეუძლია, რომ არაფერი ვთქვათ ესთეტიკურ სიამოვნებაზე.
ბუნებრივ მინერალს შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, სამკურნალო, ასევე, ბედ-იღბლის შემცვლელი თვისებები. ამიტომ, მათი გამოყენებისას ზუსტად უნდა იცოდეთ, რა ცვლილების შეტანა გსურთ თქვენს ცხოვრებაში.
მომავალი, 2012 წელი, შავი დრაკონის წელიწადია. მას უყვარს ყველაფერი ძვირფასი და ბრჭყვიალა. ამიტომ, ახალი წლის დღეებში რაც შეიძლება ბევრი ძვირფასი ქვისგან დამზადებული სამკაულები უნდა გეკეთოთ და რაც შეიძლება მეტად უნდა გამოკვეთოთ მათი სიბრჭყვიალე. ეს ხელს შეგიწყობთ, მთელი წლის განმავლობაში გახშირდეს დადებითი მოვლენები, შეასუსტოს უარყოფითი და სასიკეთო ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში.
თუმცა, სანამ ძვირფას ქვას შეარჩევთ კარგად დაფიქრდით, თუ რა მიზნით გჭირდებათ ის. გირჩევთ, ქვა ტემპერამენტის მიხედვით შეარჩიოთ. მაგალითად:
თუ ფეთქებადი ხასიათი გაქვთ, ახალი წლის დღეებში წითელი ფერის ძვირფასი ქვების გაკეთებას არ გირჩევთ, რადგან, შესაძლოა, მან მომავალში გაუაზრებელი ქმედებებისკენ გიბიძგოთ. მაგრამ, მისი ტარება ახალი წლის დღეებში კარგია, მშიშარა და გაუბედავი ადამიანებისთვის, როცა ერთგვარი მაგიური ენერგეტიკა მოდის კოსმოსიდან და ჩვენს ენერგიას ერწყმის. ის მეტ გამბედაობასა და წარმატებას მოგიტანთ მთელი წლის განმავლობაში.
ზურმუხტისა და ფირუზის ასტროლოგიური ქვები, ნებისმიერი ტემპერამენტის მქონე ადამიანებისთვისაა მისაღები. ის ჩვენს საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს და გვიბიძგებს, ვიყოთ მეტად აქტიურები.
თუ გსურთ, ახალი წლის დღეებში საყვარელ ადამიანს ძვირფასი ქვებისგან დამზადებული სამკაული აჩუქოთ, არჩევანი წელს ამეთვისტოსა და ბრილიანტზე შეაჩერეთ – ის მეტად გააღვივებს თქვენდამი გრძნობას და დაგიცავთ ბოროტი ჭორებისგან თქვენც და თქვენს რჩეულსაც.
მთის ბროლი ნებისმიერი ჩვენგანისთვის დადებითი ემოციისა და სიკეთის მომტანია. კარგია, თუ მას ახალი წლის დღეებში შემოქმედი ადამიანები გაიკეთებენ.
ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, აქცენტი ტურმალინის ქვაზე გააკეთეთ.
გასათხოვარი გოგონებისთვის წელს კარგია ფირუზისთვლიანი სამკაულის ტარება, რადგან ის თაყვანისმცემლებს მოიზიდავს. ეს ქვა ადამიანებს შორის ლტოლვას აღძრავს; ასევე, ფინანსების მომტანია და ანეიტრალებს გარშემო არსებულ ნეგატიურ ენერგიებს. ის დაგეხმარებათ, აგრეთვე, სასურველ ადამიანთან ურთიერთობის მოწესრიგებაში.
სიყვარულში ბედნიერების მომტანია, ასევე, ოპალის ქვა.
სარდიონის ქვის სამკაულები აძლიერებს ვნებებს. ეს ქვა არ უნდა გაიკეთოს იმპულსურმა და ფეთქებადი ბუნების ადამიანმა, რომ ვნება გაღიზიანებაში არ გადაუვიდეს. თუ მშვიდი ბუნების ხართ, თამამად გაიკეთოთ სარდიონის სამკაული.
ქრიზოლითის თვლიანი სამკაული კი უნდა ეკეთოს სექსუალურად არააქტიურ ადამიანს, რომ მთელი წლის განმავლობაში გაუძლიერდეს ვნება სასიყვარულო ურთიერთობისას.
ბრილიანტის თვალი უნდა ეკეთოთ აქტიურ და საქმიან ადამიანებს – ის მომავალშიც დაეხმარება, მათ ყოველი მოლაპარაკებისა და გადაადგილების წარმატებით დასრულებაში.
მარგალიტი კი სასურველია მათთვის, ვისაც ქორწინების შენარჩუნება სურს ან მეორე ნახევართან უთანხმოება აქვს – ის ცოლ-ქმარს შორის წარმოქმნილ პრობლემებს მოაგვარებს.
ასე რომ, ასტროლოგიური, ბუნებრივი მინერალები, ნებისმიერი ჩვენგანისთვის ბედნიერების მომტანია, თუ მას სწორად შევარჩევთ, ახალი წლის დღეები.