კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „გამდიდრდა“ თაღლითი ცოლ-ქმარი გაზეთში ამოკითხული განცხადებით

 

„უჭკვიანესი” ცოლ-ქმარი სადღესასწაულო ფასდაკლებებით თითქმის 16 ათასი ლარით გამდიდრდა. შესაშური გონებახვილობით მათ ოცამდე ოჯახი გააცურეს. თანაბარი წვლილის მიუხედავად, მათგან პატიმარი მხოლოდ ცოლი გახდა – ქმარმა უცხოეთში წასვლა მოასწრო, პარტნიორად კი, ცოლის ნაცვლად საყვარელი ამჯობინა.

ნანა და თამაზ დ-ძეები ნათესავებს, მეგობრებსა თუ მეზობლებს ერთი ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი ეგონათ, მაგრამ „არაჩვეულებრივები” აღმოჩნდნენ. მათ გამჭრიახობაში ახლობელები მაშინ დარწმუნდნენ, როცა უღარიბესი წყვილი ქალაქში საცხოვრებლად ქირით გადავიდა. რამდენიმე თვეში კი სოფელში „ბეემვეთი“ დაბრუნდნენ. მართალია, ქალაქში ცხოვრებას ვერც ერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ ამის მიზეზი დანაშაული გახდა. თამაზ დ-ძე ქურდობის მცდელობისთვის ჩავარდა (მეზობელს მობილურ ტელეფონს პარავდა). ვინაიდან მისთვის მიყენებული მუხლი, მსუბუქი დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ის პირობით გაათავისუფლეს და 1 500 ლარის ჯარიმა დააკისრეს. თამაზ დ-ძის ოჯახი იძულებული გახდა სესხი აეღო. მათ ბანკიდან 3 000 ლარი გამოიტანეს, საიდანაც 1 500 მის გათავისუფლებას მოახმარეს, ნაწილი კი, ბიზნესის წამოსაწყებად დაახვედრეს. სესხად აღებულ ვალს გასტუმრება უნდოდა. ამიტომ, თამაზ და ნანა დ-ძეებმა მცირეწლოვანი ბავშვი ბებია-ბაბუას დაუტოვეს, თავად კი საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ.

სოფლიდან ჩამოსულმა ცოლ-ქმარმა ბინა სანზონაში იქირავა და მუშაობის დაწყება დააპირა. ცოლს გადაწყვეტილი ჰქონდა, მეორადი ტანსაცმლით ევაჭრა, რაშიც ნათესავი დაეხმარა, მაგრამ მისი მოგება მხოლოდ ტანსაცმელი იყო. თუმცა, „ძონძებმა” ისე დაუხვეწა გემოვნება, თვითონ – ინტელიგენტი, ხოლო მისი მეუღლე ჯენტლმენი გახდა. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ინტელიგენტმა და ჯენტლმენმა შესაფერისი ცხოვრება გადაწყვიტეს, რაც მართლაც რომ ბრწყინვალედ გამოუვიდათ. თუმცა, მათი იდილია ხანმოკლე აღმოჩნდა. ორს შორის კი ყველაზე მეტად ნანა „დაზარალდა” – არა მხოლოდ საპატიმროში მოხვდა, ქმარიც დაკარგა. 

რამდენ ხანს ადგენდა ცოლ-ქმარი ათობით ადამიანისთვის ფულის გამოძალვის ორიგინალურ გეგმას, ძნელი სათქმელია, მაგრამ კურიოზი ისაა, რომ ათობით ადამიანის „გადაგდება” მათ ერთსა და იმავე უბანში, მეზობლებს შორის შეძლეს. უფრო დიდი კურიოზი კი ისაა, რომ მათ მოქალაქეებს არარსებული ტექნიკა მიჰყიდეს! ამისათვის კი მხოლოდ ჟურნალ-გაზეთები და ინტერნეტი გამოიყენეს, ანუ იმ ხალხის მოტყუება შეძლეს, რომლებისთვისაც ოცდამეერთე საუკუნის ცივილიზაციის მიღწევები სრულიად „უცხო ხილია”... ზოგიერთმა დაზარალებულმა ბანკიდან სესხიც კი აიღო. არადა, ცოლ-ქმრის გულწრფელობა ბევრ მოტყუებულს დღესაც კი ურყევად  სჯერა. 

მოკლედ, ცოლ-ქმარმა სხვადასხვა უცხოურ ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ტექნიკის – ტელევიზორის, ნოუთბუქის, ფოტოაპარატის, სარეცხი მანქანის, მზის სათვალეებისა და სხვა, ლამაზი ფოტოებით სარფიანად ივაჭრა. ამის მიუხედავად, ვირტუალური სივრცე მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ისინი რეალურზე გადავიდნენ – ცოლ-ქმარმა მიწის ნაკვეთი გაყიდა. შედეგად, კი, 2 000 დოლარით გამდიდრდნენ. თუმცა, სწორედ ეს ფაქტორი აღმოჩნდა მათთვის გაუთვალისწინებელი რისკი – მათი დანაშაულებრივი სქემა სწორედ ნაკვეთმა გაამჟღავნა.

გამდიდრების ორიგინალური მეთოდები

როგორ შეცდა ამდენი ხალხი ერთდროულად, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ამ საქმიდან აშკარად ჩანს, რომ, ერთი შეხედვით, უსუსურ ცოლ-ქმარს ფულის გამოძალვის განუსაზღვრელი შესაძლებლობები აღმოაჩნდა. საინტერესოა, ის მომენტიც, რომ რეალურად, ვაჭრობას ცოლი აწარმოებდა, ქმარი „რუხი კარდინალი” იყო.

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, თამაზ დ-ძე ტექნიკაში ბავშვობიდანვე კარგად ერკვეოდა. თბილისში ჩამოსვლამდე თამაზ დ-ძე სოფელში მობილურებს აკეთებდა. დედაქალაქშიც, ნაცნობის დახმარებით, ერთ-ერთ ფირმაში ხელოსნად დაიწყო მუშაობა, სადაც საკმაო ფულს შოულობდა. თამაზ დ-ძეს ბავშვობაში კომპიუტერი არასოდეს ჰქონია, მაგრამ ფირმაში, სადაც ის მოხვდა, ტელეფონებთან ერთად, კომპიუტერებსაც აკეთებდნენ და ეს საქმეც იმდენად კარგად აითვისა, მალე კომპიუტერების შეკეთებაც დაიწყო. როგორც ჩანს, ხელოსანი განსაკუთრებით ინტერნეტის შესაძლებლობებით მოიხიბლა. რადგან მრავალსერვისიან ოფისში, სადაც ის მუშაობდა, კლიენტებისთვის ინტერნეტით ტექნიკასაც იწერდნენ, ამიტომ, როდესაც მათი ფირმა დაიხურა, გადაწყვიტა, შეძენილი „ცოდნა” ახალი ბიზნესისთვის გამოეყენებინა.  

საქმის მასალებით, მათი პირველი მსხვერპლი გუგული ტ-შვილი აღმოჩნდა. ქალბატონი, რომელმაც ცოლ-ქმარს ბინა მიაქირავა, ორგზის დაზარალებული აღმოჩნდა – გარდა იმისა, რომ მდგმურებმა ფული გამოსძალეს, მათ გამო მეზობლებმაც უჩივლეს. ვინაიდან თამაზ და ნანა დ-ძეებმა ფული სწორედ ნაქირავებ ბინაში  იქაურ მეზობლებს გამოსძალეს. მათ კი, მდგმურების სახლში შეშვებისთვის, ბრალი დიასახლისს დასდეს. ის კი არა, ერთ-ერთმა, 5 000 ლარით დაზარალებულმა მეზობელმა, სასამართლოში იჩივლა. ის გამქირავებლის ბინის გაყიდვას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. მეზობელი სასამართლოს არწმუნებდა, რომ გუგული ტ-შვილი მათი მოწილე იყო, ანუ თაღლითი ცოლ-ქმარი ფულს მას უყოფდა. როგორ გადაწყდებოდა მათი დავა, ძნელი სათქმელია, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში ნანა დ-ძე დააკავეს, რითაც დამტკიცდა, რომ რეალურად, გამქირავებელი არა მხოლოდ ალალმართალი, სხვების მსგავსად, დაზარალებულიც იყო. 

საქმის მასალებით, გუგული ტ-შვილის ბინას ცოლ-ქმარი გაზეთ „სიტყვა და საქმეში” ამოკითხული განცხადებით მიადგა. ისინი ბინაში 3 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ ბინა დატოვეს და გამქირავებლის 2 000 ლარიც თან გაიყოლეს, ორი თვის გადაუხდელი ბინის ქირა და კომუნალური გადასახადებიც მას დაუტოვეს. მარტო ტელეფონის დავალიანებამ 227 ლარი შეადგინა. არადა, დიასახლისს არწმუნებდნენ, ბინას გარემონტებულს ჩაგაბარებთო... 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ, დაახლოებით, ბინის დაქირავებიდან 10 დღის შემდეგ, ნანა დ-ძე დიასახლისთან 400 ლარის სასესხებლად მივიდა – ჩემი და ოპერაციას იკეთებს და თვის ბოლოს ქირასთან ერთად დაგიბრუნებო. ამის შემდეგ მას 500 დოლარი უკვე პროცენტით სთხოვა – თანხა ჩემს  ქმარს დასჭირდა, გერმანიიდან კლიენტებისთვის ტელევიზორებს აგზავნინებს, ფულს ჩამოტანისთანავე გადაუხდიან და დაგიბრუნებო. სოლიდურად ჩაცმულმა მდგმურმა დიასახლისი გააცურა და ფული მიიღო. თუმცა, ვალის გასტუმრების დრო რომ დადგა, ნანამ ხერხს მიმართა – ახალი წელი მოდის, ჩემს ქმარს ბევრი ტელევიზორი და ტექნიკა შეუკვეთეს, რადგან გერმანიაში დიდი საშობაო ფასდაკლებაა, ფულს ატრიალებს და თანხას პროცენტით დაგიბრუნებო.

ცოტა ხანში, ნანა და თამაზ დ-ძეებმა სახლში უზარმაზარი ძვირად ღირებული ტელევიზორი მართლა მოიტანეს, რამაც დიასახლისს ეჭვი გაუქარვა. იმ ტელევიზორის სანახავად მდგმურებთან იმავე დღეს მივიდა. მდგმურებმა უთხრეს, რომ მისი ფასი გამოგზავნის საფასურთან ერთად, სულ რაღაც, 200 დოლარი ჯდებოდა და თუ უნდოდა, მასაც ჩამოუტანდნენ. ცოლ-ქმარმა დიასახლისს ისიც „გაუმხილეს”, რომ მათ ნებისმიერი საოჯახო ტექნიკის ჩამოტანა მინიმალურ ფასად შეეძლოთ. 

სწორედ აქ დაუშვა დიასახლისმა შეცდომა. მეზობლები დაიარა და სრულიად გაუცნობიერებლად, მდგმურებს „რეკლამა” გაუკეთა... შედეგიც შესაბამისი აღმოჩნდა – მეზობლებმა საახალწლოდ ევროპული ტექნიკის იაფად შეძენა მოინდომეს და გუგული ტ-შვილის მდგმურებს ზოგმა ტელევიზორი, ზოგმა ფოტოაპარატი და ზოგმა ძვირფასი მზის სათვალე შეუკვეთა... საბოლოო ჯამში, მდგმურებმა მეზობლებისგან დაახლოებით 8 ათასი ლარი აკრიფეს, რასაც ემატებოდა დიასახლისისგან აღებული პროცენტიანი ვალი. მთლიანობაში კი, 10 ათას ლარზე მეტი გამოუვიდათ...   

როგორც ჩანს, ეს თანხა მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ნაქირავებ ბინასთან ახლოს მდებარე სასურსათო მაღაზიის მეპატრონეს „შეღავათიან ფასად” ნაკვეთი მიჰყიდეს...

ნანა დ-ძემ მაღაზიის მეპატრონე მეზობლისგან გაიცნო, რის შემდეგაც მისგან ნისიად საქონელი მიჰქონდა. უფრო ზუსტად, მაღაზიის მეპატრონეს მეზობელმა სთხოვა ნანასთვის ყველაფერი გაეტანებინა, პასუხისმგებლობას თავად იღებდა. მართლაც, ამის შემდეგ, ნანა თითქმის ორი თვის განმავლობაში ყოველდღე მიდიოდა და პროდუქტები მიჰქონდა. ამ ხნის განმავლობაში მან ვალი მხოლოდ  ერთხელ დააბრუნა. ბოლოს, მან გამყიდველს შესთავაზა, თითქოს დიღომში 1 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელსაც 2 000 დოლარად, ანუ კვადრატულ მეტრს 2 დოლარად მიჰყიდდა. მაღაზიის მეპატრონეს მისი წინადადება ჭკუაში დაუჯდა და ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტა. ნანასაც რა უნდოდა, ერთი კვირა მისი მაღაზიიდან საქონელი რეგულარულად მიჰქონდა. გამყიდველს კი არწმუნებდა, რომ ვალი მიწის ნაკვეთიდან გაიქვითებოდა. მოკლედ, ცოლ-ქმარმა ის საჯარო რეესტრშიც კი მიიყვანა...

ერთი სიტყვით, მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმარი გამდიდრდა, ნაქირავებიდან ქურდულად გაიპარნენ, რის გამოც, ცხადია, მეზობლები დაზარალებულები აღმოჩნდნენ. მათ პოლიციასაც მიმართეს, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. დაახლოებით ერთ თვეში კი, დიასახლისი ნანა დ-ს ქუჩაში შემთხვევით შეხვდა და პოლიციის მისვლამდე ის თავად დააკავა...

ფულის გამოძალვისა და თაღლითობისთვის, საბოლოოდ, ნანა დ-ძეს 6 წელი მიესაჯა. მასვე დაეკისრა ზარალის ანაზღაურება, მაგრამ დაიბრუნებენ თუ არა დაზარალებულები თანხას, სათუოა – პატიმრის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება... რაც შეეხება მის „რუხ კარდინალ” ქმარს, როგორც გაირკვა, ის ცოლს გასცილდა. საყვარელთან ერთად ჯერ თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ კი ორივენი ბელორუსიაში წავიდნენ... ამის მიუხედავად, მას სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა და ცოლის მსგავსად, მასაც 6 წელი მიუსაჯა...

 

 

скачать dle 11.3