კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ არჩენდნენ გეგე სულხანიშვილის ოჯახს აქლემი და სპილო

 

კოლორიტი

თელაველი კოლორიტი გეგე სულხანიშვილი ათეულ წელზე მეტია, რაც თბილისში ცხოვრობს, მაგრამ „კახეთის კოლორიტის“ სტატუსი ჯერაც არ დაუკარგავს. ეს ენამოსწრებული კაცი ყველას ან მსახიობი ჰგონია, ან მომღერალი. სინამდვილეში არც ერთი არ არის. თუმცა მსახიობებისა და მომღერლების „იდეური“ ძმაა. 

სანამ გეგეს მამა, ისიც გეგე, ცოცხალი იყო, ის უვლიდა სახლის წინა ტალავერს. ულამაზესი ტალავერი ჰქონდათ, მამა გარდაეცვალა და ტალავერიც მიტოვებულივით გაიფოთლა. გეგე პურმარილებით არის მოქანცული და ტალავერის მოსავლელი დრო არ აქვს. იქვე მეზობლად ერთი პროფესორი ცხოვრობდა, გვარად გვენცაძე, ყოველ ავლა-ჩავლაში თავს სინანულით გადააქნევდა. ერთხელაც უსაყვედურა გეგეს, რას დაამსგავსე მამაშენის ნალოლიავები ტალავერიო. გეგე პასუხობს, ისე რომ არც გაჰღიმებია: მამაჩემს ყურძენი უყვარდა და იმიტომ უვლიდა. მე კიდევ მიყვარს ტოლმა, ამიტომაც მინდა ფოთოლი და მაქვს კიდეცო.

გეგეს ჰყავდა აქლემი – თელავში ჩამოიყვანა ყარაბაღიდან. მაია ერქვა იმ აქლემს. დაჰყავდა ეს აქლემი დღეობებზე, საკურორტო ქალაქებში, ფოტოგრაფთან ერთად. ერთი სიტყვით აიწყო ამით ბიზნესი. ერთხელ ბორჯომში ვიღაც აუტყდა, აქლემს კისერზე შეასვი ჩემი ცოლ-შვილი და სურათი ისე გადაუღეო. მაგ აქლემს სამი ოჯახი ვაზივართ კისერზე და თქვენ ვეღარ გაგიძლებთო. ერთხელ ვიღაც მთვრალი აუხირდა: მაია ჩემს ცოლს ჰქვია და ჩემი ქალის სახელს რატომ ეძახი მაგ კუზიანსო. გეგემ დაამშვიდა: მაიად დაქალიშვილდა და დაქალდა, დაბერდა კიდეც, ახლა რიტა ან ნანუკა რომ დავუძახო, ხომ ვერაფერს გავაგებინებო. – ეგ სხვა საკითხიაო, – დათმო პოზიცია მთვრალმა და უკომენტაროდ გაბანცალდა.

რომა რცხილაძემ დაურეკა გეგეს და უთხრა, თელავში ჩამოვალ კონცერტის ჩასატარებლად და პროცენტს შენც დაგიტოვებო. რომას სტუმრობის დღეებში გეგემ კარგი პურმარილი იკისრა, ერთი ძველი ნაცნობიც დაპატიჟა, რომელიც ემიგრაციაში იყო და ცოტა ხნით დაბრუნდა სამშობლოში. გულაჩუყებულმა ჰკითხა გეგეს, – რა გარჩენსო. გეგემ უპასუხა: ღვთის მადლით, არაფერი მაკლია, აქლემიც ზრუნავს ჩემზე და სპილოცო. გაუკვირდა გეგესგან „უკბილო“ ხუმრობა. არ გაჰღიმებია. ამიტომაც შვილი და შვილიშვილები დაუფიცა გეგემ სტუმარს, აქლემისა და სპილოს მონაგარ პურმარილზე ქეიფობო.

გეგე პურმარილებზე ყოველთვის უცვლელი თამადა იყო. ახლა კი ჯერ არ მისულა სუფრასთან. ცოტა უცხო ოჯახშია და ზუსტად არ იცის, მასპინძელთაგან ვის რა ჰქვია. იცნობს მხოლოდ დამპატიჟებელს, ახალგაზრდა კაცს. მანდილოსნები დაცქრიალებენ. მოაქვთ სუფრაზე ნაირ-ნაირი კერძები. გეგე ნარდს აგორებს. სანამ სტუმრები სუფრას მიუსხდებიან. კედელზე უსიმპათიო კაცის სურათი ჰკიდია. რაც მთავარია, შუბლშეკრული, პირქუშად იყურება, სტუმართმოყვარეობის არაფერი ეტყობა... შემოდის ოთახში სავარაუდოდ უფროსი ქალიშვილი. გეგე ეკითხება სურათზე. 

– ის კაცი რა არის თქვენიო.

– მამაო, უპასუხა და ახალი კერძი შეჰმატა სუფრას. 

– კარგი კაცი იყოო? – იკითხა გეგემ. – არ მახსოვს, ორი წლისაც არ ვყოფილვარ, როცა გარდაიცვალაო.

ახლა მეორე ქალიშვილს ეკითხება: 

– თბილი და ალერსიანი მამა გყავდაო?

– დედაჩემი ჩემზე ორსულად იყო, როცა გარდაიცვალა. დედისგან მოყოლილი ამბებით ვიცნობ მამასო.

ახლა მათ დედას ეკითხება გეგე.

– როგორც სურათშია, ასეთივე მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა რეალურ ცხოვრებაშიცო?

– ეჰ, შვილო, რაღა მახსოვს, 2-3 წელი მყავდა ქმარი. უქმროდ დავბერდიო. ამოიოხრა ისეთი, თითქოს გულიც ამოატანა ამ ოხვრასო.

გეგე ეუბნება ოჯახის წევრებს.

– თქვე დალოცვილებო, თუ არავის არ გახსოვთ, ცოტა „ვიდიანი“ და მხიარული კაცის სურათი მაინც დაჰკიდეთ, ისე მიბღვერს, თითქოს მაგის მამა-პაპის ბევრი მემართოსო. 

ატყდა ერთი ხარხარი და მეორე დღეს მთელ თელავს უკვე პირზე ეკერა გეგეს მაწაკი ენის ამბავი.

ეს ამბები, რაც ზემოთ ვახსენე, მსახიობი ვანო იანტბელიძისგან მოვისმინეთ. ახლა კი თავად გეგე სულხანიშვილს დავუთმოთ კოლორიტის ტრიბუნა.

ბებერი მოხალისეები

აფხაზეთის ომის დროა, ჩემს ოჯახში ვქეიფობთ. ჩემი შვილი ორჯერ დაიჭრა, წევს და ფეხზე მკურნალობს. შევარდნაძე გადმოსცემს ტელევიზიით, მოდით, მოგვეშველეთ, თორემ სოხუმი დავკარგეთო. დავლიეთ ჩვენი სამშობლოს სადღეგრძელო, დავაგუგუნეთ „შავლეგო“, „ჩონგურო“ და „სამშობლოს არვის წავართმევთ“. ჩემმა ბიჭმა შეგვაქო, კარგად კი მღერით პატრიოტულ სიმღერებს, მაგრამ სიმღერით, ყანწების ტრიალით და ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი სიარულით ვერ გადავარჩენთ ქვეყანასო. 43-48 წლამდე ასაკის „სასტავი“ ვიყავით, შეგვრცხვა პირში მოხლილი სიმართლე და გადავწყვიტეთ საომრად წასვლა. ჩემმა შვილმა აღმჭურვა თავისი საომარი ტანსაცმლით, იარაღით და მსახიობ ვანო იანტბელიძესა და რეჟისორ გოგი ჩაკვეტაძესთან ერთად წამიყვანა ტყეში საბრძოლო გამოცდილების მიღების სარეპეტიციოდ. გვამეცადინებდა იარაღის დაშლა-აწყობასა და სროლაში.

დადგა გამგზავრების დღე. 6 კაცი მივდივართ თელავიდან საომრად. ჩავედით აეროპორტში, გვაცილებენ ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტები. მათ შორის ყველაზე ასაკიანი მე ვიყავი და მაინცდამაინც მე მკითხეს, რატომ მიდიხართ, თქვენ ხომ არავის გაუწვევიხართო? არძინბა უნდა მოვკლა-მეთქი, ვთქვი ომახიანად. გაშრა ჟურნალისტი, – როგორ უნდა მოკლაო. სიცილით უნდა მოვკლა-მეთქი. გაიგეს მოხალისეები მიდიან სოხუმშიო და უბილეთო ხალხით გაიძეძგა თვითმფრინავი. მივდივართ და მიგვაქვს ჰუმანიტარული დახმარება. კბილებამდე შეიარაღებული სამი ახალგაზრდა ბიჭი ამოვიდა თვითმფრინავში. ერთმა გამიყვანა გვერდზე და მითხრა, – ბიძაჩემო, ჩვენ ვართ საზოგადოება „თეთრი არწივის“ „მწვანე ხვლიკისა“ და „წითელი გველეშაპის“ წევრები. ჩვენი ჩაუსვლელობა სამშობლოს ღალატია და სისხლისღვრა, შარი და უბედურება რომ არ ატყდეს, ამ ხალხსა და ჩვენ შორის, უცერემონიოდ დაატოვებინეთ ყველას აქაურობა. თქვენ ხანდაზმული კაცი ხართ და წინააღმდეგობის გაწევას არ გაკადრებენო. ჩემი წყევლა-კრულვით ჩავიდა ხალხი თვითმფრინავიდან. სხვები ამოვიდნენ. ისე მოხდა, რომ არც ჩემი ადგილი დარჩა და აღარც ჩემი მომავალი თანამებრძოლი თელაველების. ჩვენც უპრეტენზიოდ ჩამოვედით. ის თვითმფრინავი გაფრენიდან 40 წუთში დაიწვა და მსოფლიომ გაიგო ეს საშინელი ამბავი. ეს იყო 1992 წლის 22 სექტემბერი. ჩვენ კი, ჩამოყრილები და გადარჩენილები, ჩავფრინდით ოჩამჩირეში, მივედით შტაბში და ვეუბნებით გენერალ დათუაშვილს, რომ ნაომრები ვართ სამაჩაბლოში. ჩემმა შვილმა გამაფრთხილა, თუ არ იტყვით, რომ ომგამოვლილები ხართ და მოხალისეებად  წახვედით, „კუხნაში“ გიკრავენ თავს სამუშაოდო. დათუაშვილმა ეჭვით შემომხედა. უნდა ახლა ჭარმაგი მოხალისეები. ახალგაზრდების არმიისთვის ვერ მოუვლია?! გვითხრა, ახლა „ბეტეერი“ მოვა, დაბრძანდით და ცხელ წერტილამდე გაგიშვებთ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს ქვეყანასო. მოვიდა „ბეტეერი“, ეკლესიასავით ვუვლი გარშემო კარს, ვეძებ, არადა, თურმე არ აქვს. ზემოთ უნდა ახვიდე და დაჯდე რაღაც რკინაზე. „ბეტეერს“ მართავს პატარა უწვერულვაშო ბიჭი. ისეა გაბრწყინებული, თითქოს „მერსედესს“ მიაგელვებსო. მივიდა რაღაც საწყობში პროდუქტების ასაღებად. მე, ჩემი აზრით, „წავიეშმაკე“ და ფეხსაცმლის „ტისონკებს“ დავუწყე ჩალიჩი. სხვებმა დაიჭირეს ხელში პროდუქტები. გადავრჩი, მაგრამ „სკლადის“ უფროსმა დაიძახა, დაიცადეთ, რაღაც გრჩებათო და შვიდი „ლატოკი“ კვერცხი პირადად მე „ჩამახუტეს“. მიდის მთელი სიჩქარით „ბეტეერი“, ვინჯღრევი, ხელსაც ვერაფერს ვკიდებ. კვერცხებს კრუხზე მეტად დავთათანებ. რაღაც გზა გავიარეთ ფეხით, ტყვიები კალიებივით მიწუწუნებენ ყურებთან. წარმოვიდგინე, მოვკვდი და ზედ მაყრია 210 გატეხილი კვერცხი. ვაი შენს გეგეს, მაგრამ გადავრჩი. ციმციმ მივიტანე დანიშნულ ადგილზე და გახარებულმა ვუთხარი შტაბის ადმინისტრატორს, 212-ით წამოვედი და 210 მოვიტანე. ის ორი კი გაქრა, აღარ არის არსად, მაგრამ, რაც მთავარია, საკვებით მოგეშველეთ-მეთქი.

გასტროლებზეა თელავის თეატრი ახლომახლო სოფლებში. ერთგან, კლუბის კედელზე აწერია – „შ... თელაველ არტისტებს“. ერთი ნინა დეიდა იყო, თეატრის თანამშრომელი და მთელი სერიოზულობით გამოთქვა საყვედური, – ტექპერსონალმა რაღა დავაშავეთო.

ასეთი ენამოსწრებული ხალხია კახელები.

ერთი ძმაკაცი მყავდა ბავშვობაში, კოლია სირიანოვი. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა (რა ვქნა, ისევ მშობლიური თელავის ამბები მახსენდება). მუსიკაზეც ერთად დავდიოდით. კოლია „ტრუბის“ სპეციალისტი გახდა. ჯერ სადღაც ორკესტრში უკრავდა, მერე კი მკვდრის გამცილებლობით არჩენდა ოჯახს. წავიდა ჯარში. „ატრეტკას“ „ატრეტკაზე“ მიგზავნის, არ ავიწყდება არც მეშახტის დღე, არც მშრომელთა საერთაშორისო დღესასწაული. მიხარია ბარათის მიღება, მგონია, ან ლუდაჩკაა, ან ლარისა, მაგრამ ამ დროს ისევ და ისევ მარად და ყველგან ჩემი სირიანოვი! გამიშრო სისხლი ამდენი ყურადღებით. ერთხელაც მივიღე მსგავსი მოლოცვა ფოტოთი. ვათვალიერებ „ტრუბით“ აღჭურვილ „სასტავს“. სურათზე ჩანს კრემლიც, ბოლოზე აწერია: ამათ შემდეგ ერთი კოლონა გამოივლის და ჩვენც უკან მოვყვებით, აქ ძალიან გრძელი პარადებიაო.

მოგეხსენებათ, რომ ექვს ქალბატონს მივანიჭე ცოლის სტატუსი. ამას წინათ ჩემი მეექვსე სიდედრი მსაყვედურობს: გეგე, ცოლი რატომ არ მოგყავსო. მთელი დრამატიზმი ამ ამბისა ის არის, რომ ჩემს სიდედრს სკლეროზი აქვს და ჰგონია, რომ მარტოობით ვიტანჯები. – მალე მოვიყვან-მეთქი, შევპირდი. ძალიან, ძალიან გაუხარდა. არცთუ იშვიათად, სიდედრებიც თავისუფლდებიან ეგოიზმისგან, ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მეექვსე სიდედრს ჩემი მეშვიდე ცოლის მოყვანა არ ეწყინება.

 

 

скачать dle 11.3