ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ხშირად მესმის დოკუმენტის სახელწოდება – „ამონაწერი საჯარო რეესტრიდან”. გთხოვთ, განმიმარტოთ ამ სახელწოდების დოკუმენტის შინაარსი.
პასუხი: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – ეს არის ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ან მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს და ვინ შეიძლება იყოს საჯარო რეესტრის სააგენტოს ავტორიზებული პირი?
პასუხი: ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, უფლებამოსილია საჯარო რეესტრის წარმოებაზე ან ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ის საქმიანობას ახორციელებს „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთარი პასუხისმგებლობით.
კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ პატიმართა საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით, კერძოდ რა საცხოვრებელი ფართობია დადგენილი ნორმად სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრებისთვის?
პასუხი: ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 2 კვადრატულ მეტრზე, დახურული ტიპის დაწესებულებაში კი – 2,5 კვადრატულ მეტრზე ნაკლები; ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში – 3 კვადრატულ მეტრზე, არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში – 3,5 კვადრატულ მეტრზე, ხოლო ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში – 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა პატიმრობის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 2,5 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებასა და ვენტილაციას, აგრეთვე, ისინი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ გათბობით. ამასთან, ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ხანდაზმულებს (ქალებს – 60 წლიდან, მამაკაცებს – 65 წლიდან) უნდა ჰქონდეთ სხვა პატიმრებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები.
კითხვა: მაინტერესებს, პირს, რომლის მიმართ გამოდის გამამტყუნებელი განაჩენი და შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა, აქვს თუ არა შესაძლებლობა, აუცილებელი საჭიროების გამო, დროებით დატოვოს საპატიმრო დაწესებულება?
პასუხი: ამგვარ შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს პატიმრობის კოდექსი, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულს ეძლევა შესაძლებლობა, ხანმოკლე ვადით დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება. ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულის სათანადო ქცევისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადების უზრუნველყოფის მიზნით, გამოიყენება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებების სახით – გირაო და პირადი თავდებობა.
კითხვა: რა შემთხვევაში ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავალიანება აღიარებულად?
პასუხი: აღიარებულად ითვლება საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია:
ა) პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე;
ბ) საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც პირი ეთანხმება ან რომლის გასაჩივრების ვადა გასულია;
გ) პირის მიერ წარდგენილი სასაქონლო დეკლარაციის საფუძველზე;
დ) სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
კითხვა: ვარ გადასახადის გადამხდელი სუბიექტი, მაგრამ, შეწყვეტილი მაქვს საქმიანობა. მაინტერესებს, მაინც, საჭიროა თუ არა თუნდაც ნულოვანი ფორმით საგადასახადო დეკლარაციის შევსება?
პასუხი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მეწარმე ფიზიკური პირი, საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას, საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ. ამასთანავე, შემდგომ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განახლებამდე, არ ევალება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა.
კითხვა: შემოდგომაზე ექსკურსიაზე წასულმა მეგობრებმა გზის პირას მდებარე ვენახში დავკრიფეთ ერთ კილოგრამამდე ყურძენი, რა დროსაც მოვიდა პატრონი და ქურდობისთვის დაჭერით დაგვემუქრა. ჩვენ ვაჩვენეთ რაც გვქონდა დაკრეფილი და პატიება ვთხოვეთ, მაგრამ, მან მუქარა განაგრძო. გთხოვთ, გვაცნობოთ, შეიძლება თუ არა, ჩვენი ქმედება დანაშაულად ჩაითვალოს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ, მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. შესაბამისად თქვენი ქმედება თუმცა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ, მცირე მნიშვნელობის გამო, არ შეიძლება ჩაითვალოდ დანაშაულად.
კითხვა: ჩემმა ბიძაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ, ყაჩაღობა, რის შემდეგაც ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში, აანაზღაურა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი და ყოველმხრივ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ეს გარემოებები და სასჯელის მაქსიმუმი შეუფარდა. გთხოვთ, გვაცნობოთ, კანონიერია თუ არა სასამართლოს განაჩენი და როგორ უნდა მოვიქცეთ?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებები, დანიშნული სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს. შესაბამისად, თუ თქვენს შემთხვევაში არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებები და დანიშნული სასჯელის ვადა აღემატება ამ დანაშაულის სანქციის მაქსიმალური ვადის სამ მეოთხედს, შეგიძლიათ, გაასაჩივროთ განაჩენი და მოითხოვოთ შესაბამის ფარგლებში სასჯელის შემცირება.
კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს საცხოვრებელ სახლს მრავალბინიანი სახლის სტატუსი?
პასუხი: მრავალბინიანი შეიძლება ეწოდოს საცხოვრებელ სახლს, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისგან, ანუ – ბინისგან.