კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-52(573) 

 

შემკვეთი ზემოვერელი იყო, საძმოების თარეშის პერიოდში ერთ-ერთი საძმოს რიგითზე ოდნავ მაღალი რანგის მქონე წევრი. როგორც მივხვდი, ის მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილი შემკვეთის კურიერი იყო, რეალურად დამკვეთი კი, ვინც მის უკან იდგა, გამოჩენას ერიდებოდა. ალბათ, მან ჩემთვის მოსაცემი ფულის სამი მეოთხედი ჯიბეში ჩაიდო და ეგონა, რომ შეიტყაპუნებდა, თუმცა, შეცდა, რადგან, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელს უპირებდა მოტყუებას. ჩემი გადაგდების მსურველს პირობითად შამილათი მოვიხსენიებ, რადგან ის ახლა რესპექტაბელური პიროვნებაა და, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთ სამინისტროში ბობოლა თანამდებობა უკავია.

შამილა იტალიურ ეზოში, მესამე სართულის სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა. სახლში მას უზარმაზარი, პიტბულის ჯიშის ძაღლი, მეტსახელად „ედუ“ ჰყავდა. შამილას მშობლები იმ პერიოდში სოფელში იყვნენ წასულები. როდესაც ყველაფერი დავადგინე, ღამის 3 საათზე მივადექი სახლში. ჯერ ედუ გავანეიტრალე სპეციალური პულვერიზატორით. ძაღლს იქვე მოვკვეთე თავი ბასრი ხანჯლით და წინასწარ მომზადებულ პარკში ჩავდე. შემდეგ საკეტი ოსტატურად გავაღე, მაყუჩიანი პისტოლეტი მოვიმარჯვე, ბინაში შევედი და აგზნებული წყვილის ხმას მივყევი, რამაც საძინებელში მიმიყვანა. შიშველი შამილა, რომელიც ჩემკენ ზურგით იმყოფებოდა, ვიღაც გოგონას ჟიმავდა... აღგზნებულმა გოგონამ პისტოლეტმომარჯვებული თან პარკით ხელში რომ დამინახა, რა თქმა უნდა, აკივლდა. 

შამილა მკვეთრად შემოტრიალდა და, რომ დამინახა, უმალვე მამაკაცური სიამაყე დაკარგა და სახე დაეღრიჯა. მას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ, არ ვაცადე, ჯერ პისტოლეტის ტარი ვთხლიშე კბილებში და იქვე გავშოტე. გოგონას კი იარაღი მივუშვირე და კბილებში გამოვცერი:

– ხმა ჩაიკმინდე, შე ძუკნა, თორემ, შუბლს გაგიხვრეტ! – შემდეგ იატაკზე გაწოლილ შამილას ედუს მოკვეთილი თავი დავუგდე გვერდით და ვუთხარი:

– ასეთივე ბედი გელის, თუ ჩემს კუთვნილს არ მომცემ!

– მოგცემ, მოგცემ, ბატონო, ოღონდ არ მომკლათ და მთელ ფულს მოგიტანთ! – კანკალებდა შიშველი შამილა და ხან ედუს მოკვეთილ თავს დაჰყურებდა, ხან შიშველ გოგონას, ხან კი – მე.

– აბა, ჩქარა, ცოცხლად, თორემ, აგიგე წესი! – შევუძახე შამილას, – შენ მე ვინ გეგონე, შე ნაბიჭვარო?! ფიქრობდი, ამ ბებერს გადავაგდებ და ფულს შევიტყაპუნებო?

– მაპატიეთ, არ მომკლათ... ფულს ახლავე მოგიტანთ, – იმეორებდა შამილა, თუმცა, არ დგებოდა და კანკალებდა.

– ადექი და ფული მომიტანე, თორემ, გაგათავე! – შევუღრინე შამილას და ფეხი მხარზე მივარტყი, – იცოდე, სისულელის ჩადენა არ გაბედო, თორემ, გაუფრთხილებლად გესვრი!

შამილა ადგა და კომოდთან მივიდა. შემდეგ საიდუმლო უჯრიდან ცელოფანში გახვეული ფული ამოიღო, მომცა და მითხრა:

– აი, თქვენი ფული.

– აქ ეგდე! – ვუთხარი შამილას, ხელი ვკარი და საწოლთან დავაგდე. შემდეგ ფული გადავითვალე, 75 ათასი ევრო ჯიბეში ჩავიდე, დანარჩენი კი შამილას მივაყარე და ვუთხარი:

– აქ 95 ათასია. მე ჩემი წილი ავიღე და შენი ზედმეტი კაპიკიც არ მინდა. ახლა კი წავედი და, სანამ სამუდამოდ დაგემშვიდობებოდე, ერთ რჩევას მოგცემ: გახსოვდეს, რომ არასდროს გატეხო პირობა და, მით უმეტეს, ჩემნაირი ადამიანის გადაგდება არასდროს სცადო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს წააგებ. ახლა კი წავედი და ღმერთს მადლობა შესწირე, რომ ჩემი წყენინების შემდეგ ცოცხალი დარჩი!..

შამილას ხმა არ ამოუღია და მე ისევე მოულოდნელად დავტოვე იქაურობა, როგორც გამოვჩნდი. მას შემდეგ შამილას აღარ შევხვედრივარ და რომც შემხვედროდა, ვერ მიცნობდა, რადგან მაშინ საიმედოდ ვიყავი გრიმ-პარიკით შენიღბული. შამილას ხშირად ვხედავ ხოლმე ტელევიზორში. ეტყობა, ჩემი რჩევა გაითვალისწინა, რადგან ძალიან დინჯი და გაწონასწორებული ჩანს. სხვათა შორის, შამილამ ცოლად ის გოგო მოიყვანა, ვინც იმ დღეს საძინებელში ჰყავდა...

შამილასთან დაკავშირებული შემთხვევა ჩემს კარიერაში ერთადერთი იყო – არც მანამდე და არც შემდგომში შემკვეთს ჩემი „გადაგდება“ არ უცდია. თუმცა, რამდენიმე კონფლიქტს მაინც ვერ ავცდი და, რაც უნდა უცნაური იყოს, ყველა ასეთი შემთხვევა ქართველებთან მქონდა.

თბილისის ომი ახალი დასრულებული იყო და რუსთაველის გამზირი ჯერ კიდევ არ გაეწმინდათ ომის კვალისგან. ქალაქში ათასნაირი გაურკვეველი წარმომავლობის შეიარაღებული ჯგუფები თარეშობდნენ და საქართველოს დედაქალაქი თოვლსა და დეპრესიაში იყო ჩაფლული, როდესაც „ძია“ სახლში მესტუმრა და მითხრა:

– რა უბედურებაა, კოკი, არც ტელეფონი მუშაობს, არც ტრანსპორტი. თოვლსა და სიცივეს რომ თავი დავანებოთ, ისეთი ქაოსი და ბესპრეძელია გარეთ, რომ მშობლიურ ქალაქში გასვლა არ მოგინდება. მარტო ხარ?

– კი. შემოდი.

– აქა მშვიდობა, – რომანი ბინაში შემოვიდა და მკითხა, – ცოლ-შვილი სად გყავს?

– მეორე თვეა, მთაში არიან. როდესაც დენთის სუნი ვიყნოსე და მივხვდი, რომ ომი გარდაუვალი იყო, სამი თვის სამყოფი სანოვაგე წავიღე და მთაში, ჩვენს აგარაკზე ავიყვანე.

რომანს ჩაეცინა, თითი დამიქნია და მითხრა:

– რა ხარ შენ, რა. ახლა, ალბათ, გზებია ჩაკეტილი და, რომც მოინდომონ, თბილისში მაინც ვერ ჩამოვლენ. საჭმელ-სასმელი ჰქონიათ, შეწუხებითაც, ალბათ, არავინ შეაწუხებთ და შენ აქ ხარ მშვიდად, ისინი კი – იქ  უსაფრთხოდ და მაძღრად. ასეა ხომ?

– აბა, სხვა რა გზა მქონდა, – მხრები ავიჩეჩე მე, – მერისთვის რომ მეთქვა, საშინელი ომია-მეთქი მოსალოდნელი, მაგას აქედან წაიყვანდი?

– მართალი ხარ, მართალი, – მითხრა რომანმა და მკითხა: – მარტომ ხომ არ მოიწყინე?

– არც ისე, თუმცა, უმოქმედობა მოსაბეზრებელია.

– ჰოდა, მე აგამოქმედებ. შეკვეთაა და მომისმინე.

– გისმენ.

რომანმა ჩვეულებისამებრ აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა და მითხრა:

– აი, ამ კაცის ზუგდიდში ჩაყვანას თუ შეძლებ? – და ერთი ოდიოზური პიროვნების სურათი მაჩვენა.

– მხოლოდ უნდა ჩავიყვანო, ცოცხალი?

– კი, ცოცხალი.

– რამდენს იხდიან?

– ორმოცდაათ ათას მარკას.

– ორმოცდაათ ათას მარკას? – გავიმეორე მე.

– ჰო, მაგდენს. ცოტაა, ხომ?

– რატომ მაინცდამაინც მარკას და არა, ვთქვათ, ფუნტს? – გამეცინა მე.

– ალბათ, მხოლოდ მარკები და მანეთები აქვთ მაგ საცოდავებს, – მომიგო რომანმა. მანეთებს ხომ არ შემოგთავაზებდნენ, ამიტომ, მარკებით იხდიან.

– თანახმა ვარ, მაგრამ, ფული წინასწარ გადაიხადონ. ხომ იცი, რა დროა და პოსლეზე სად ვდიო მე მაგათ.

– ესე იგი, ამ საქმეს იღებ?

– თუ ფულს წინასწარ მოიტანენ, კი.

– აი, ფული, – რომანმა ჯიბიდან ცელოფნის პარკი ამოაცურა და მაგიდაზე დადო, რომელშიც 50 ათასი გერმანული მარკა იყო გახვეული.

– მოკლედ, ასე, – ვუთხარი რომანს, – იმ კაცს მე ზუგდიდში ჩავიყვან და აი, ამ სახლში დავტოვებ.

– ამ სახლში რატომ? – მკითხა „ძიამ“.

– იმიტომ, ძია-ჯან, რომ არ გავიშიფრო. ოღონდ, შენ მათ წინასწარ არ უთხრა, რომ იმ კაცის ამ სახლში დატოვებას ვაპირებ. რა იცი, რა ხდება და ხაფანგი არ დამიგონ. მე ჩემს სამუშაოს შევასრულებ და კაცს მივუყვან. იქიდან კი ის ვერსად წავა, რადგან არა მარტო ზუგდიდი, არამედ მთელი სამეგრელო და მთელი დასავლეთ საქართველო მაგათია, – ავუხსენი რომანს. შემდეგ სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი. კიდევ ნახევარი საათი ვილაპარაკეთ და „ძია“ სახლიდან გავისტუმრე.

– აბა, შენ იცი, კოკი, წარმატებას გისურვებ, – მითხრა წასვლის წინ „ძიამ“.

იმ დროს ერთი შელახული ფურგონიანი „მოსკვიჩი“ მყავდა და იმით დავდიოდი. ჩემი მანქანა შელახული მხოლოდ გარეგნულად იყო, ისე კი ფორსირებული ძრავა, გამძლე საბურავები და ყველაფერი გამართული ჰქონდა და ბევრ უცხოურ ავტომობილს ჩამოიტოვებდა უკან. სანამ საქმეზე წავიდოდი, „მოსკვიჩის“ ავზი ბენზინით გავავსე. გავავსე, ასევე, ორი ცალი ოცლიტრიანი კანისტრა, რომლებიც ფურგონში შევინახე და ისინი შეშით შევნიღბე, ხოლო, ობიექტი რომ მოვიტაცე, დავაძინე და საძილე ტომარაში მოვათავსე, შეშის ქვეშ. ჩემი მოსკვიჩი დავქოქე და ნელი სვლით დასავლეთ საქართველოსკენ ავიღე გეზი. ამხელა გზაზე მივდიოდი და თან ორი ავტომატური პისტოლეტი წავიღე და ერთი ცალი „აკაეს-უ“. გარდა ამისა, ოთხი ცალი „ლიმონკა“ და ასე დატვირთულ-შეიარაღებული გავუდექი გზას.

თბილისში სხვადასხვა ჯურის პატრულმა დაახლოებით ოცჯერ გამაჩერა და ზოგმა რა მთხოვა და ზოგმა – რა. ძირითადად ბენზინი უნდოდათ, მაგრამ ყველას უარით ვისტუმრებდი და ვეუბნებოდი, რომ სულ რაღაც ორი ლიტრი საწვავი მქონდა და სახლში, შვილებთან შეშა მიმქონდა. თითქმის არავინ შემომდავებია, არც საბუთები მოუთხოვიათ ჩემთვის და არც საბარგული შეუმოწმებიათ, ისე მიშვებდნენ. თბილისის გასასვლელთან კი მხოლოდ საბარგულში შეიხედეს და შეშა რომ დაინახეს, ერთმა წვერიანმა  ახალგაზრდამ მკითხა:

– ბიძაჯან, უცნაურია, ჩემმა მზემ, წესით, შეშა რაიონიდან მოაქვთ თბილისში, შენ კი თბილისიდან მიგაქვს რაიონში. თქვენთან რა, ხეები დაილია? აბა, ერთი მითხარი, სად ცხოვრობ?

– მცხეთაში, შვილო, – დავეჯღანე ბიჭს. ჩვენთან ყველაფერი დაჭრეს და დაჩეხეს. ეს შეშა კი თბილისში, ჩემს სახლში მქონდა ჩამოტანილი ბუხრისთვის, მაგრამ ახლა უკან მიმაქვს. მცხეთაში აგარაკი მაქვს და ოჯახი იქ გავხიზნე, ისე კი, თბილისში, ვარკეთილში, კორპუსში ვცხოვრობ.

ბიჭმა ერთი კი შემათვალიერა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს და გამიშვა. მე შვებით ამოვისუნთქე და გზა განვაგრძე. მაგრამ, ხუთი წუთიც არ იყო გასული „ნივა“ წამომეწია, წინ დამიდგა და მაიძულეს გავჩერებულიყავი. „ნივიდან“ სწორედ ის ბიჭი გადმოვიდა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ველაპარაკე. მას კიდევ ორი შეიარაღებული ახალგაზრდა ახლა.

„ღმერთო, ამ ბავშვების სისხლს ნუ დამაღვრევინებ“! – შევევედრე უფალს, მანქანიდან გადავედი და ნაცნობ ბიჭს ვკითხე:

– რაშია, შვილო, საქმე, რატომ გამაჩერეთ?

– შენი „მოსკვიჩი“ გვჭირდება, ბიძა და უნდა მოგვცე.

– მერე მე? მერე შეშა, რომელიც ჩემს ცოლ-შვილს უნდა წავუღო?

– შეშას ვინმე წაგაღებინებს, გამოივლის გრუზავიკი, გავაჩერებთ, ვეტყვით და მიგატანინებენ. მანქანას კი კონფისკაციას ვუკეთებთ. ომია, ბიძაჯან, ომი და ომის კანონებით ვმოქმედებთ, – მითხრა ახალგაზრდამ, შემდეგ დანარჩენი ორი იხმო და უთხრა:

– აბა, ერთი შეშისგან დავუცალოთ ბიძაჩემს ფურგონი და, თუ „გრუზავიკი“ გამოჩნდება, წავაღებინოთ.

ბიჭებმა ფურგონი გააღეს და შეშის გადმოტვირთვა უნდა დაეწყოთ. მე ორი პისტოლეტი ვიშიშვლე და სამივე მსუბუქად, ფეხებში დავჭერი. შემდეგ მათ იარაღები ავართვი, მჭიდები ამოვაცალე და ცალ-ცალკე მოვისროლე. შემდეგ მათი „ნივა“ გავაფუჭე. ბოლოს „მოსკვიჩში“ ჩავჯექი და გზა განვაგრძე. სანამ რიკოთს გადავიდოდი, ცოტა არ იყოს, მეშინოდა, მაგრამ დასავლეთში უკვე თავისუფლად ვმოძრაობდი და არც ისე ხშირად მაჩერებდნენ და მიშარდებოდნენ. ზუგდიდამდე მშვიდობიანად ვიარე, მის შესასვლელთან კი შეიარაღებულმა ხალხმა გამაჩერა და, რომ გაიგეს, თბილისიდან მოვდიოდი, თან საბარგულში შეშა მელაგა, ეჭვის თვალით შემომხედეს და ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა:

– შენ, ბიძი, მოგზავნილი ხომ არ ხარ, მოგზავნილი? – არა, რა მოგზავნილი, მე აქ სტუმრად ვარ, თან შეშა მომაქვს, რომელიც სენაკიდან გამომატანეს-მეთქი.

– შეშა ფქვილი ხომ არაა, შე კაცო. აქ ჩვენ სენაკზე კარგი შეშა გვაქვს. აბა, ერთი ბაგაჟნიკი გვაჩვენე და საერთოდ არ გაინძრე, უნდა გაგჩხრიკოთ.

ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან ზუგდიდის შესასვლელთან კბილებამდე შეიარაღებული ადამიანების ალყაში ვიყავი მოქცეული და ძალიანაც რომ მდომოდა, ერთ გასროლასაც ვერ მოვასწრებდი, ისე მომიღებდნენ ბოლოს. გარდა ამისა, იარაღსაც მიპოვიდნენ და იმასაც აღმოაჩენდნენ, რომ გრიმირებული ვიყავი. ამიტომ, სხვა გზა ვარჩიე, ყველაზე უფროსი კაცი გვერდზე  გავიყვანე, შემკვეთის ვინაობა დავუსახელე და ვუთხარი:

– მასთან ვარ საგანგებო საქმეზე  ჩამოსული და სასწრაფოდ აქ მომიყვანეთ, ან მასთან წამიყვანეთ.

– კი მაგრამ, ვინ ხარ, რომ ასე კატეგორიულად ითხოვ მასთან შეხვედრას? – მკითხა შეიარაღებულმა ზუგდიდელმა.

– გვერდზე იმიტომ გაგიყვანე, რომ არავინ გაიგოს, შენ კი ხმას უწევ და თუკი არ დამიჯერებ, იცოდე, ინანებ, – ვთქვი მე, მაგრამ, რომ შევატყვე, ჩემი ოპონენტი აყვირებას აპირებდა, დავასწარი და, გატაცებულის სახელი ვუხსენე – „ბაგაჟნიკში“ მყავს და თბილისიდან ჩამოვიყვანე. გაიგე ახლა, რაშია საქმე?

მეგრელებმა კინაღამ დამშოკეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოპონენტს შევთავაზე, გატაცებული კონსპირაციულად მიგვეყვანა დანიშნულების ადგილზე, მან ჯერ საბარგული შეამოწმა, ხოლო, როდესაც ჩემი სიტყვების სისწორეში დარწმუნდა, ძალიან გაუხარდა და გადამეხვია. შემდეგ, თავის თანამებრძოლებთან ერთად, გატაცებული საბარგულიდან გადმოიყვანა.  სულ რაღაც ხუთ წუთში იქ უამრავი ადამიანი შეგროვდა. ცნობისმოყვარე მნახველთა ნაკადი კატასტროფულად იზრდებოდა. ვიფიქრე, დაესევიან და ლუკმა-ლუკმა გაგლეჯენ-მეთქი, მაგრამ მისთვის თითიც არავის დაუკარებია, არც კი შეუგინებიათ მისთვის. ბოლოს, ჩემმა გახარებულმა ოპონენტმა მე და ჩემს „ნადავლს“ ხელი ჩაგვავლო და „ნივაში“ ჩაგვსვა, შემდეგ თვითონაც გვერდით მოგვიჯდა და წავედით. უკან მოგვყვებოდა ჩემი „მოსკვიჩიც“, რომელსაც ერთ-ერთი შეიარაღებული მებრძოლი მართავდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზუგდიდელ მებრძოლებს სუფრიდან გამოვეპარე, რომელთანაც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩემ მიერ გატაცებული კაციც იჯდა... მე მასპინძლებს ტუალეტში გასვლის ნებართვა ვთხოვე და იქიდან მოვუსვი. ჩემი „დრანდულეტი“ „მოსკვიჩი“ კი ზუგდიდში დავტოვე და თბილისში გადაჯდომებით ჩამოვედი. „მოსკვიჩი“ სხვის სახელზე იყო გაფორმებული და, რამე რომ ყოფილიყო, ვერ მომაგნებდნენ. ასე დასრულდა ჩემი ტრაგიკომიკური ზუგდიდური ვოიაჟი. მათთან ჩაყვანილი ადამიანი კი ზუგდიდელებმა ერთი თვის მერე ოც თავიანთ დატყვევებულ თანამებრძოლზე გადაცვალეს. თუმცა, ორი კვირის შემდეგ ახალმა მთავრობამ ზუგდიდს დიდი ძალებით შეუტია და, ქალაქი მიწასთან გაასწორა. და იქ შეჭრილი დამსჯელი რაზმები ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და ძარცვავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ერთ-ერთი უდანაშაულო ახალგაზრდა კი ჯერ სასტიკი წამებით მოკლეს, შემდეგ ქუჩაში დააგდეს და შეიარაღებული დაცვა დაუყენეს, რომ არავის დაემარხა და სამი დღის განმავლობაში მას ღორები ჭამდნენ... ყველაზე სასტიკად კი სწორედ ჩემ მიერ მოტაცებული კაცი და მისი ხელქვეითები იქცეოდნენ. იმ ნაძირალამ ერთ-ერთ ცნობილ ზუგდიდურ ოჯახში ბებია, დედა და 12 წლის გოგონა გააუპატიურა და ორი მამაკაცი მოკლა. შემდეგ სახლი პირწმინდად გაძარცვეს, ორი მანქანა გაიტაცეს და უზარმაზარი სახლ-კარი გადაბუგეს. ოჯახის უფროსი იმ პერიოდში თავის შვილთან ერთად ტყეში პარტიზანობდა. 61 წლის მამამ ასაფეთქებლები შეიბა, ხელში ტყვიამფრქვევმომარჯვებული, ერთ-ერთი შეიარაღებული რაზმის შტაბში შევარდა სროლა-სროლით და თავი აიფეთქა, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა... შურისმაძიებლის შვილი კი დროებით ჩრდილოკავკასიაში გაიხიზნა, ხოლო მოგვიანებით – ევროპაში. მისი ოჯახის განადგურებიდან ხუთი წელი იყო გასული, როდესაც ,,ძიამ” მისი შეკვეთა გადმომცა – კაცის სურათი მაჩვენა და მითხრა:

– ორასი ათას დოლარს იხდის, თუკი პირადად მიუყვან საღ-სალამათს.

– სად? – ვკითხე რომანს.

– საქართველოში. თუმცა კონკრეტული ადგილი არ ვიცი, მაგრამ, თუკი ამ საქმეს აიღებ, ალბათ, ადგილსაც გვეტყვიან.

– ჰმ, ჩემს კარიერაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ ადამიანზე უკვე მეორე შეკვეთას ვიღებ, – ჩამეცინა მე, – თანახმა ვარ, იმ ნაძირალას საღ-სალამათს ჩავაბარებ ადრესატს.

იმ პერიოდში სამოქალაქო ომი უკვე დასრულებული იყო, ქვეყანა ნელ-ნელა იშუშებდა ჭრილობებს, კონსტიტუციაც მიღებული იყო და ქვეყნის ამაოხრებელი შეიარაღებული ფორმირებების წევრთა უმეტესობა ციხეში იჯდა. ის ნაძირალა კი, მთავრობას მიემხრო, ციხეს გადაურჩა და, მართალია, არც ერთ სამხედრო სტრუქტურაში არ მუშაობდა, მაგრამ კერძო დაცვის სამსახური შექმნა, სხვადასხვა კომერციულ, კერძო სტრუქტურებს ემსახურებოდა და საკმაოდ ბევრ ფულსაც შოულობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შედარებით წესრიგი სუფევდა, ის ნაძირალა უკიდურესად შეშინებული იყო ძველი ცოდვების გამო და ცოლ-შვილი უცხოეთში ჰყავდა გახიზნული, თვითონ კი მუდმივად ოთხი-ხუთი კუნთმაგარი, შეიარაღებული ადამიანი ახლდა თან და, არათუ მისი მოტაცება, მასთან მიახლოებაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ამიტომ, ისეთი რამის მოფიქრება იყო საჭირო, რომ ის ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე მომეტაცებინა და უვნებლად ჩამებარებინა შემკვეთისთვის.

იმ ნაძირლის ოფისი რუსთაველის გამზირზე მდებარეობდა, ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე, შენობის მესამე სართულზე. იმ სახლში სხვა საოფისე ფართებიც ქირავდებოდა. მე საიმედოდ შევინიღბე – ხანში შესული აღმოსავლელი მდიდარი მამაკაცის იმიჯი მოვირგე, გამქირავებელს დამტვრეული რუსულით  ველაპარაკე და სამი თვით ქალთან საიდუმლო შეხვედრებისთვის 600 დოლარად ვიქირავე 100 კვადრატული ფართი.

– სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ, ბატონო, – მითხრა ფართის მეპატრონემ, გასაღები გადმომცა და წავიდა.

როგორც კი მარტო დავრჩი, შეკვეთის შესრულებას შევუდექი. ჩემ მიერ ნაქირავები ფართი იმ ნაძირლის ოფისის ქვეშ მდებარეობდა. მე ჭერის საკმაოდ თხელი ფიცრის ფენა სქელი ბურღით გავხვრიტე და შიგნით მილი დავამაგრე, რომელიც, დასაძინებელი გაზით სავსე ბალონთან იყო შეერთებული. მეორე დღეს, როდესაც თავად ნაძირალა და მისი თანამშრომლები ოფისში მივიდნენ, მილში დასაძინებელი გაზი გავუშვი. ხუთიოდე წუთის შემდეგ მესამე სართულზე ავედი, აირწინაღი გავიკეთე და ოფისში შევედი. ნაძირალას და მის რვა თანამშრომელს საიმედოდ ეძინათ. მე ნაძირალას ხელი დავავლე, მხარში შევუდექი, პირველ სართულზე ჩავიყვანე, უკანა ეზოში მდგომ უზარმაზარ „მერსედესში“ ჩავაწვინე და შემკვეთის მიერ მითითებული ადგილისკენ გავემართე, რომელიც თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე მიკრორაიონის საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობდა.

ჩემდა გასაკვირად, „ტვირთის მიმღები“ სწორედ ის ზუგდიდელი მებრძოლი აღმოჩნდა, რომელმაც ხუთი წლის წინ მთელ ქალაქს გააგებინა ჩემი საიდუმლო მისიის შესახებ და მაიძულა, რომ იქაურობა მალულად დამეტოვებინა.

„ესღა მაკლდა“, – გავიფიქრე გუნებაში, როდესაც ნაცნობი ზუგდიდელი დავინახე და ვინატრე, რომ არ ვეცანი. თუმცა, იმავე გრიმით ვიყავი შენიღბული და რომ დამინახა, ეგრევე მიცნო, გამიღიმა და მითხრა:

– ოჰ, ეს ისევ შენ ხარ, მოხუცო?

– მაგის დრო არ არის, – მივუგე ზუგდიდელს, – ჩქარა, „ტავარი“ ჩაიბარე!

ნაძირალა ჯერ სახლში შევიყვანეთ, შემდეგ კი – სარდაფში. უკან გამობრუნებას ვაპირებდი, როდესაც ნაცნობმა ზუგდიდელმა მხარზე ხელი დამკრა და მითხრა:

– მაინც, სად გაქრი ასე უცებ, შე კაცო, მთელი ზუგდიდი შემოვირბინეთ და ვერსად გიპოვეთ!

– მეჩქარებოდა, – მკვახედ მივუგე ზუგდიდელს და წასვლა დავაპირე, მან კი მითხრა: 

– სად მიდიხარ, დარჩი, ვილაპარაკოთ... ძველი დრო გავიხსენოთ.

– მეჩქარება, – გავუმეორე ზუგდიდელს და ბინიდან გამოვედი.

ერთი კვირის შემდეგ ის ნაძირალა სასტიკი წამებით მოკლული, ტრასაზე დაგდებული იპოვეს და პრესამ და ტელევიზიამ ფართოდ გააშუქა ეს ამბავი...

სხვათა შორის, ჩემ მიერ შესრულებული საქმეების უმეტესობა ფართოდ აქვს გაშუქებული მსოფლიოს მოწინავე პრესასა და ტელევიზიას.  მეტწილად, ჩემი საქმეები სწორად შუქდებოდა. ზოგჯერ გაზვიადებასაც ჰქონდა ადგილი, როგორც ეს ჟურნალისტებს სჩვევიათ ხოლმე. მაგრამ, ყოფილა შემთხვევები, რომ აბსოლუტური შეუსაბამობებიც მომხდარა. მე, რა თქმა უნდა, მშვიდად და აუღელვებლად ვხვდებოდი მსგავს ჟურნალისტულ „წიაღსვლებს“, მაგრამ, ერთხელ აქტიური ჩარევა მომიხდა, რომ ჩემ გამო და ცრუ ჟურნალისტური განგაშის შედეგად ყოვლად უდანაშაულო ადამიანი არ დაეღუპათ.

რუსეთში ჯერ კიდევ სიკვდილით დასჯის კანონი მოქმედებდა და მასზე მორატორიუმი არ იყო გამოცხადებული, როდესაც მოსკოვში ერთი შეკვეთა შევასრულე და მაყუჩიანი პისტოლეტიდან შუბლში ერთი გასროლით ერთი ცნობილი მსახიობი გამოვასალმე სიცოცხლეს. ის ბრილიანტებით იატაკქვეშა მოვაჭრე პიროვნება იყო და თანამზრახველებს დიდი რაოდენობით ქვები მოჰპარა. სწორედ მისმა პარტნიორებმა შემიკვეთეს ეს საქმე... „ობიექტი“ ჰომოსექსუალი იყო და რუსულმა პრესამ ერთადერთი ვერსია აიტაცა – მოკლული საყვარლის მსხვერპლად შერაცხა და მილიციამ მისი 23 წლის პარტნიორი ბიჭი დააპატიმრა, რომელიც, რა თქმა უნდა, არაფერ შუაში იყო. თუმცა, საბჭოთა მენტალიტეტზე აღზრდილმა რუსულმა საგამოძიებო ორგანოებმა ეს საქმე ძალიან მალე „გახსნეს“, ბიჭმა კი დანაშაული „აღიარა“ და სამი თვის შემდეგ ჩატარებულმა სასამართლომ მას სიკვდილი მიუსაჯა. ეს საქმე იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ სამი თვის განმავლობაში დეტალურად შუქდებოდა და ყოველივე ამას ისეთი პირი უჩანდა, რომ უდანაშაულო ყმაწვილს ძალიან მალე შეუსრულებდნენ გამოტანილ განაჩენს.

მე თბილისში, ჩემს ბინაში ვიმყოფებოდი და მეორე დღეს შესასრულებელ საქმეზე ვფიქრობდი, თან ტელევიზორი მქონდა ჩართული, როდესაც ერთ-ერთმა რუსულმა არხმა გამოაცხადა, რომ ყმაწვილს დასჯის დღე დაუდგინეს – მას ზუსტად სამ დღეში ლეფორტოვის ციხეში დახვრეტდნენ...

მიუხედავად იმისა, რომ ყმაწვილი ჰომოსექსუალი იყო,  23 წლის უდანაშაულო ბიჭი მაინც ძალიან შემეცოდა. მე საქმე გადავდე და მოსკოვში გადავფრინდი, რომ მას დავხმარებოდი. განგების ნებით, მკვლელობის იარაღი – მაყუჩიანი პისტოლეტი – სწორედ იმ ბინძურ ლუკში ვიპოვე, სადაც ის სამი თვის წინათ ჩავაგდე. შემდეგ ძალიან ცნობილ ჟურნალისტს შეხვედრაზე შევუთანხმდი, შევინიღბე და ერთ პატარა შესახვევში შევხვდი, რომელიც წინასწარ შევამოწმე. ჟურნალისტს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ცელოფანში ჩადებული მაყუჩიანი პისტოლეტი გადავეცი და გამომშვიდობებისას ვუთხარი:

– თუ თქვენ ამ ყმაწვილის გადარჩენას შეძლებთ, გპირდებით, რომ 20 ათას დოლარს გადაგიხდით.

ჟურნალისტს ჩემს სიტყვებზე ჩაეცინა და მომიგო:

– მართლაც რომ უცნაური ადამიანი ჩანხართ. პირველად ვხედავ, რომ პროფესიონალი მკვლელი ასე იქცევა – უდანაშაულო ადამიანის გადასარჩენად ფულსაც იხდის და, თან, საკუთარი თავის გამჟღავნების რისკის ფასად აკეთებს ამას.

– რას იზამ, ჩემო კარგო, ზოგჯერ ჩვენი ყინულის გულიც ლღვება ხოლმე, გულის სითბო კი სიკეთის კეთებისკენ გვიბიძგებს. აბა, თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს. ჩემი სიტყვა ძალაშია.

– დარწმუნებული იყავით, რომ ბიჭს უეჭველად გაათავისუფლებენ. ამ საღამოს კი ჩემს გადაცემას უყურეთ, რომელიც საუკეთესო იქნება ჩემს კარიერაში, – მომიგო ჟურნალისტმა და ჩვენ ერთმანეთს დავშორდით.

ჟურნალისტს არ გავუწბილებივარ და ისეთი პირდაპირი ეთერი ჩაატარა, მსგავსი რამ არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მინახავს.  მას ბობოლა მილიციელი მაღალჩინოსნები, პროკურორი, საქმის გამომძიებელი და მოსამართლე ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ბიჭს სიკვდილი მიუსაჯა. ყველამ, მათ შორის უბრალო დამსწრეებმაც, ის ბიჭი ერთხმად გაამტყუნეს და აღნიშნეს, რომ მოუთმენლად ველოდებით ზეგინდელ დღეს, როდესაც სამართალი იზეიმებს და ხალხის საყვარელი არტისტის მკვლელს სამართლიანად დახვრეტენო. მაგრამ ჟურნალისტმა ყველას ცივი წყალი გადაასხა – შავი ყუთიდან ჩემ მიერ მიცემული, ცელოფანში გახვეული მაყუჩიანი „ბრაუნინგი“ ამოიღო და იკითხა:

– აბა, ახლა შეპირებული ვიქტორინა ჩავატაროთ: ვინ გამოიცნობს, რა არის გახვეული ამ ცელოფანში?

რატომღაც, მიახლოებითი პასუხიც კი ვერავინ გასცა და, როდესაც გამომძიებელმა ჟურნალისტს, რატომღაც, უპასუხა, ცელოფანში იურისტებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოაო, ჟურნალისტმა მიუგო:

– რომელიც თქვენ, აქ დამსწრე კანონის მსახურებს, ცუდად გაქვთ ათვისებული, – მერე სტუმრებს გადახედა, რეზინის ხელთათმანები გაიკეთა და თქვა: – არა! საბედნიეროდ, თქვენ ყველანი შეცდით, აქ იურისტებისთვის განკუთვნილი არანაირი სახელმძღვანელო არ არის.

აუდიტორია, ალბათ, ისევე, როგორც ტელეეკრანებთან შეკრებილი მილიონობით მაყურებელი, სულგანაბული უყურებდა ჟურნალისტის მოძრაობას. მან ნელ-ნელა გახსნა ცელოფანი, ორი თითი პისტოლეტის ტარს მოჰკიდა, იარაღი ზანტად ამოაცურა, ჰაერში ასწია და თქვა:

– ესაა „ბრაუნინგის“ სისტემის პისტოლეტი და, როგორც ხედავთ, მას მაყუჩიც აქვს!

– დიახ, ეს მართლაც ნამდვილი პისტოლეტია, მაგრამ, ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რა პისტოლეტია და თქვენთან როგორ მოხვდა? – ჰკითხა ჟურნალისტს პროკურორმა, რომელმაც ბიჭის „მამხილებელი“, „უტყუარი“ სამხილები წარუდგინა სასამართლოს, რის საფუძველზეც საწყალ ბიჭს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

– სიამოვნებით გაგცემთ პასუხს თქვენს შეკითხვაზე, მით უმეტეს, რომ, დიდი იმედი მაქვს, ამჯერად მიზანში მოარტყამს და სამართალი იზეიმებს, – მიუგო პროკურორს ჟურნალისტმა, პისტოლეტი კიდევ უფრო მაღლა ასწია და თქვა: – ეს იარაღი მე დაქირავებულმა მკვლელმა გადმომცა, რომელმაც მსახიობი შეკვეთით მოკლა. იმედია, ზეგინდელი სასიკვდილო განაჩენი ჯერ შეჩერდება, ხოლო, როდესაც ბალისტიკური ექსპერტიზა დაამტკიცებს ჩემს სიტყვებს, განაჩენი გაუქმდება და ბიჭს გაათავისუფლებენ. ხოლო, დაიჭერთ თუ არა მკვლელს, ვინც ეს შეკვეთა შეასრულა და რომელიც ახლა დიდი ინტერესით გვიყურებს, უკვე სხვა საკითხია. მე ახლა დაქირავებულ მკვლელს მივმართავ და ვეუბნები: დიდი მად-ლო-ბა!

– არაფრის, – მივუგე ჟურნალისტს, კმაყოფილმა მერე თბილისში დავრეკე და მერის ვუთხარი, რომ მეორე დღეს ჩავფრინდებოდი.

სიკვდილმისჯილი ზუსტად ორი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს, ხოლო, ისედაც რეიტინგული და ცნობილი ჟურნალისტის პოპულარობა გაასმაგდა და ეს თემა კიდევ დიდხანს არ ჩამოსულა პრესის პირველი გვერდებიდან... დღესდღეობით ეს ჟურნალისტი საკმაოდ ცნობილი და პოპულარული პოლიტიკოსია და თავის სამშობლოში მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს. ამგვარად, საქმეც გაკეთდა და, უდანაშაულო ადამიანის ცოდვა არ დავიდე, რითაც ძალზე კმაყოფილი დავრჩი. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არც მწვადი დავწვი, არც შამფური და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

მე მიყვარს წესრიგი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უწესრიგო და არათანამიმდევრული ადამიანი არასრულფასოვანი პიროვნებაა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მას განსაკუთრებული, გამორჩეული ნიჭი ჰქონდეს და გენიოსადაც კი აღიარონ. თუმცა, ცალმხრივად განვითარებულ გენიოსს სრულფასოვანი არაგენიოსი მირჩევნია, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და სხვებს, ალბათ, სხვა აზრი გააჩნიათ ამ საკითხზე. არა, ისე ნურავინ გაიგებს, რომ მე თითქოს გენიოსების საწინააღმდეგო მაქვს რამე. რა თქმა უნდა, არა! თუმცა, მსგავსი წყობის, ცალმხრივად განვითარებულ ადამიანებს არაერთი დიდი მავნებლობა ჩაუდენიათ და რამდენჯერმე ჩემი პროფესიული კუთხითაც კი მქონია მათთან შეხება.

ერთხელ სასწრაფოდ ლუბიანკაზე გამომიძახეს. შჩუკინის კაბინეტში რომ შევდგი ფეხი, ის საკმაოდ აღელვებული დამხვდა. ვიქტორ იაკოვლევიჩი იშვიათად გამოდიოდა წყობიდან და მისი შემხედვარე მივხვდი, რომ რაღაც ძალზე განსაკუთრებული მოხდა.

– გამარჯობა, ამხანაგო გენერალო! – მივესალმე შჩუკინს. ის კი პირდაპირ საქმეზე გადავიდა, ოცდახუთიოდე წლის ახალგაზრდა კაცის სურათი მომაწოდა და მითხრა:

– აი, ეს და ბიძამისი სასწრაფოდ არიან მოსაშორებლები. მაგრამ, ეს საქმე ისე უნდა შეიფუთოს, რომ ყველაზე გამოცდილ ექსპერტსაც კი არ შეეპაროს ეჭვი, რომ უბედური შემთხვევა მოხდა.

– გასაგებია, – მოკლედ მივუგე გენერალს. 

– გასაგები კი არის, მაგრამ, ეს ამოცანა არც ისე იოლადაა გადასაჭრელი და მთელი შენი ცოდნისა და გამოცდილების მობილიზებაა საჭირო.

– ნუ ღელავთ, ამხანაგო გენერალო. ყველაფერს შესაბამისად შევასრულებ, – გავუღიმე შჩუკინს.

– ამ ბიჭის ბიძა ვინ არის, თუ იცი? – ირონიულად ჩაეცინა შჩუკინს და საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრის ვინაობა დამისახელა.

– რა ბრძანეთ, ამხანაგო გენერალო?! – ლამის თვალები გადმომცვივდა, რადგან დასახელებული პიროვნება უმაღლესი ხელისუფალი და კრემლის ნომენკლატურის წევრი იყო, რაც მას განსაკუთრებულ იმუნიტეტს ანიჭებდა. ასეთი ადამიანების ლიკვიდაცია კი ქვეყნის პირველი პირის სანქციის გარეშე არ ხორციელდებოდა, ანუ, მასზე სანქცია თავად ლეონიდ ბრეჟნევს უნდა გაეცა. ის კაცი კი ბრეჟნევის უახლოესი მეგობარი იყო... ამ ამბავს ერთი მინუსიც ჰქონდა, – როდესაც ასეთი რანგის ადამიანს კლავდნენ, შემდგომ არც მის ლიკვიდატორს ტოვებდნენ ცოცხალს და გუნებაში გავიფიქრე: „აი, დადგა შენი აღსასრულის დროც, კოკი, ისეთ დავალებას გაძლევენ, რომ თავს წააგებ. სიურპრიზიც ასეთი უნდა. ნეტავ, როგორ უნდა მოვიქცე?“

ჩემი ფიქრები შჩუკინმა გაწყვიტა, რომელმაც მითხრა:

– შენ, ალბათ, ფიქრობ, რომ ეს შენი უკანასკნელი დავალებაა და მის შესრულებას შეეწირები. ხომ ასეა?

– არ დაგიმალავთ და მართლა მასე ვფიქრობ, – გულწრფელად მივუგე შჩუკინს. 

– ცალსახად ცდები. შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ და, ამ დავალების გამო შემსრულებლის ლიკვიდაცია რომ იყოს საჭირო, მერწმუნე, სხვას დავავალებდი. ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ჩვენი უწყების ვიწრო წრეშია მიღებული და პირველი საქმის კურსში არ არის. ლეონიდ ილიჩი დღესდღეობით ისეთ მდგომარეობაშია, ამ თემაზე მასთან საუბარი შეუძლებელია. დრო კი არ ითმენს და საქმე ძალიან სწრაფადაა შესასრულებელი, – მითხრა შჩუკინმა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3