ოქროს საათის საქმე
ერთ დღეს, ბეიკერ-სტრიტზე, სომერსეტის ერთ-ერთი სოფლიდან ღვთისმსახური გვესტუმრა. მას ჯეიმს ეპლი ერქვა. მან ასეთი ამბავი გვიამბო:
– მისტერ ჯონ ტრელონი მთელ მხარეში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მიწათმფლობელი იყო. ოთხი დღის წინ, სამი თვით ადრე, ვიდრე სამოცდაათი წელი შეუსრულდებოდა, საკუთარ საწოლში გარდაიცვალა. არადა, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ ჯანმრთელი და ენერგიული კაცი იყო. ჩვენმა ადგილობრივმა ექიმმა, პოლ გრიფინმა, რომელიც ჩემი ნათესავია, გარდაცვალების მოწმობის გაცემაზე სასტიკი უარი განაცხადა. მაშინ გვამის გაკვეთა გადაწყდა. სერ ლეოპოლდ ჰარპერმა გაკვეთა. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასამართლო ექსპერტია. ერთადერთი, რისი თქმაც ამ დროისთვის შეიძლება ისაა, რომ საცოდავი ტრელონი ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა. თუმცა, გარდაცვალების მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილს ოცდაერთი წლის ნათესავი გოგო დარჩა. მას დოლორეს დეილი ჰქვია. ბოლო რამდენიმე წელია, სწორედ ეს გოგო უძღვებოდა ტრელონის დიდ სახლში მეურნეობას. ყველას ეგონა, რომ დოლორესს, რომელიც ერთ კარგ ყმაწვილზე – ჯეფრი უინსუოტზეა დანიშნული, ბიძის ქონება დარჩებოდა. თუმცა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ტრელონმა ანდერძი შეცვალა. მკაცრ მოხუცს თავისი ნათესავი ქარაფშუტად მიაჩნდა და მემკვიდრეობის გარეშე დატოვა. ყველაფერი ექიმ პოლ გრიფინს, ჩემს ნათესავს დაუტოვა. ერთხელ იგი სიკვდილს პოლმა გადაარჩინა. ახლა ჩემი საცოდავი ნათესავი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი... მინდა, ყველა დეტალი დაწვრილებით მოგიყვეთ, თუმცა ძალიან დაბნეული ადამიანი ვარ. ახალგაზრდობაში, ვიდრე მღვდელმსახური გავხდებოდი, ექიმობა მინდოდა, მაგრამ მამამ ამიკრძალა. მეუბნებოდა, ისეთი დაბნეული ხარ, პაციენტს დაუფიქრებლად დააძინებ ქლოროფორმით და ნაღვლის ბუშტიდან კენჭებს ამოუღებ, მაშინ, როცა შეიძლება, მხოლოდ ხველა აწუხებდესო... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოხუცი მკაცრი წესებით ცხოვრობდა. ჩვეულებად ჰქონდა საძინებელში, ძილის წინ, ბიბლიის კითხვა. შემდეგ თავის საათს მომართავდა და ზუსტად ათ საათზე დასაძინებლად წვებოდა. ძალიან იშვიათად ხდებოდა, ისე გართულიყო ბიბლიის კითხვაში, რომ გვიანობამდე არ დაწოლილიყო.
ღვთისმსახურს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ოთახში სკოტლანდ-იარდის დეტექტივი, ლესტრეიდი შემოვიდა. ძალიან გაკვირვებული დარჩა ჩვენი სტუმარი რომ დაინახა. როგორც გაირკვა, ისიც იმავე საქმეზე იყო მოსული. ლესტრეიდს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მკვლელი სწორედ ღვთისმსახურის ნათესავი იყო. უბრალოდ, მას ჰოლმსის დახმარება იმაში სჭირდებოდა, უნდოდა, გაერკვია მან ეს როგორ გააკეთა.
ჩვენ სომერსეტში გავემგზავრეთ. როდესაც ტრელონის სახლში მივედით, იქ დოლორესი და მისი საქმრო დაგვხვდნენ. ჰოლმსმა ამბის მოყოლა ჯერ ქალიშვილს სთხოვა.
– სამშაბათ საღამოს, – დაიწყო დოლორესმა, – ბიძაჩემმა ჯეფრის და ექიმ გრიფინს ჩვენთან სადილად მოსვლა სთხოვა. თავიდანვე იგრძნობოდა, რომ ბიძია რაღაცით შეშფოთებული იყო. ეს მაშინ ჭექა-ქუხილს მივაწერე. მას არ უყვარდა და ეშინოდა კიდეც ჭექა-ქუხილის. ატმოსფერო სულ უფრო ნერვიული ხდებოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სადღაც ახლოს ხეს მეხი დაეცა. გრიფინმა წასვლა დააპირა, ხოლო ჯეფრიმ თქვა: „კარგია, რომ მე აქ ვრჩები, დარწმუნებული ვარ, ამ სახლს მეხამრიდი ექნება“. ბიძაჩემი სავარძელში შეხტა: „თქვენ ახალგაზრდა ვირი ხართ! – იყვირა მან, – განა, არ იცით, რომ ჩვენ მეხამრიდი არ გვაქვს?” და აკანკალდა, როგორც შეშლილი. შემდეგ დაიწყო წუწუნი, რომ კოშმარები აწუხებს და რომ მოხუცი ასეთ დროს სახლში მარტო არ უნდა რჩებოდეს. იგი ცოტათი დაწყნარდა, როდესაც ჯეფრი დაპირდა, ღამით ოთახში შემოგხედავთ ხოლმეო.
– რომელ საათზე შეხვედით მასთან ჯეფრი? – ჰკითხა ახალგაზრდა კაცს ჰოლმსმა.
– პირველად თერთმეტის ნახევარზე, შემდეგ შუაღამით და ბოლოს პირველ საათზე.
– ელაპარაკეთ მას?
– არა, უკვე ეძინა. ხვრინვა გავიგონე.
– ის იყო თენდებოდა, – განაგრძო ახლა ღვთისმსახურმა, – როდესაც კარზე დამიკაკუნეს. ბიჭმა მაცნობა, რომ დილის ხუთ საათზე მოახლემ თავისი პატრონი ლოგინში გარდაცვლილი იპოვა. მაშინვე ტრელონის სახლისკენ გავქანდი. როდესაც საძინებელში შევედი, იქ უკვე იყვნენ დოლორესი, ჯეფრი და ექიმი გრიფინი. ის ჩემამდე გამოიძახეს და უკვე გვამის დათვალიერებაც მოესწრო. „უკვე ორი საათის მკვდარია. – თქვა ექიმმა. – მომკალით და მისი სიკვდილის მიზეზს ვერ ვადგენ”, თქვა ექიმმა. მე განზე გავდექი და ლოცვა დავიწყე. ამ დროს მაგიდაზე ტრელონის ოქროს საათი შევნიშნე. ის წამლებსა და მალამოს შორის იდო. მალამოსგან ოთახში მძაფრი სუნი იდგა. მე რატომღაც მომეჩვენა, რომ საათი გაჩერებული იყო. ყურთან მივიტანე და ასე არ აღმოჩნდა, საათი წიკწიკებდა. მე სრულიად მექანიკურად მოვატრიალე მოსამართი მოწყობილობა. მხოლოდ ორ წრეზე დატრიალდა და მეტზე აღარ წავიდა, რადგან ბოლომდე მოიმართა. ამ დროს რაღაცნაირი ხმა გამოსცა. მახსოვს, დოლორესმა ნერვიულად იყვირა: „გეყოფათ, ეს ხმა სასიკვდილო ხროტინს ჰგავს...”
ჰოლმსმა ითხოვა, ექიმი გრიფინიც მოსულიყო. მანამდე კი გამადიდებელი შუშა ამოიღო და თავახდილ კუბოზე დაიხარა. იგი ლუპის მეშვეობით გარდაცვლილის სახეს სწავლობდა. როდესაც გრიფინი მოვიდა, ყველანი გარდაცვლილის საძინებელში ავედით. ჰოლმსი ფანჯრებთან მუხლებზე დაეშვა და ლუპით თითოეული დუიმის შესწავლა დაიწყო.
– არა, უოტსონ! ეს ფანჯრები იმ დღეს არავის გაუღია. ისინი ძლიერი ჭექა ქუხილის დროს, გაღებული რომ ყოფილიყო, კვალს აუცილებლად ვიპოვიდი. თუმცა, მათი გაღების აუცილებლობა არც იყო...
– მოიცა, ჰოლმს! – ვთქვი მე, – ეს რა ხმაა?
– ეს გარდაცვლილის საათია, ის მაგიდაზე დევს და ისევ წიკწიკებს.
– სამი დღის განმავლობაში ხომ უნდა გაჩერებულიყო?
– გაჩერდა კიდეც, მაგრამ მე ისევ მოვმართე. ვიდრე გვამის თვალიერებას დავიწყებდი აქ ამოვედი. სიმართლე გითხრათ, ამ სახლში იმიტომ მოვედი, რომ ეს საათი ზუსტად საღამოს ათზე მომემართა. სხვათა შორის, როგორ მოახერხეთ იმ ცნობილი სასამართლო ექსპერტის მოწვევა. სადმე აქ ცხოვრობს?
– არა, უბრალოდ, სტუმრად იყო ჩამოსული. როდესაც ბიჭი გავაგზავნეთ, იგი ლოგინში იწვა და ცხელ პუნშს სვამდა. გაციებული იყო.
ჰოლმსმა სიხარულით შესძახა:
– როგორც იქნა, ეს საქმე გახსნილია. მოვითხოვ დილის ხუთ საათამდე ეს სახლი არავინ დატოვოს. იმ დროისთვის ყველანი ისევ ამ ოთახში შევიკრიბებით.
დილის ხუთ საათსა და ათ წუთზე გარდაცვლილის საძინებელი ისევ ხალხით გაივსო.
– მკვლელმა მკვლელობა მარტივად ჩაიდინა, – დაიწყო ჰოლმსმა, – მისტერ ეპლიმ, ჯერ კიდევ აქ გამომგზავრებამდე მიმაქცევინა მკვლელობის იარაღზე ყურადღება და სწორ კვალზე დამაყენა. მან თქვა, რომ მამა დასცინოდა, ავადმყოფს ყოველ მიზეზ გარეშე ქლოროფორმით დააძინებ და ოპერციას გაუკეთებო. სიტყვა, რომელმაც ამოცანის გასაღები მომცა სწორედ „ქლოროფორმი” იყო. გახსოვთ, შარშანდელი, ადელაიდა ბარტლეტის გახმაურებული საქმე, რომელსაც ბრალი იმაში დასდეს, რომ მძინარე ქმარს პირში ქლოროფორმის ხსნარი ჩაასხა და ასე მოკლა. როგორც ჩანს, მკვლელი ამ საქმემ შთააგონა, რომ ეს მეთოდი გამოეყენებინა.
– ჰო, მაგრამ ტრელონს ქლოროფორმი არ უყლაპია, იყვირა ექიმმა გრიფინმა.
– რა თქმა უნდა, მაგრამ დავუშვათ, გავჟღინთე ბამბა ამ ხსნარით და ოცი წუთის განმავლობაში ვასუნთქე მძინარეს, რა მოხდება, მაშინ?
– რა თქმა უნდა, მოკვდება, მაგრამ კვალი დარჩებოდა, ქლოროფორმი კანს წვავს.
– მაშინ წარმოიდგინეთ, ექიმო, რომ მე წინასწარ მძინარეს სახეზე ვაზელინი წავუსვი, მაშინ გაჩნდებოდა დამწვრობა?
– არა, რა თქმა უნდა.
– ქლოროფორმი იოლად აქროლადი ნივთიერებაა. საკმარისი იყო, გვამის გაკვეთა ორი დღით დაგვიანებულიყო, რომ სისხლში მისი კვალი ვერ ეპოვათ. ამ შემთხვევაში ასეც მოხდა.
– ნუ იჩქარებთ, ჰოლმს! სუნი ოთახში?
– ოთახში სუნი არ იგრძნობოდა. იმიტომ, რომ მას სხვა წამლებისა და მალამოს მკვეთრი სუნი ფარავდა. გაკვეთის დროს ექსპერტმა ის იმიტომ ვერ იგრძნო, რომ სურდო ჰქონდა. ჰოლმსმა ხელში ოქროს საათი აიღო. – მინდა, ამ საათს მიაქციოთ ყურადღება. წუხელ საღამოს, ათ საათზე მე ის ბოლომდე მოვმართე. ახლა დილის ხუთი საათი და ოცი წუთია. თუ გახსოვთ, ზუსტად ამ დროს, როდესაც ტრელონი მკვდარი იპოვეს ღვთისმსახურმა სააათი მომართა. ახლა დამაკვირდით.
ჰოლმსმა საათის მომართვა დაიწყო. საათის მოსამართი მოწყობილობა ბრუნავდა და არ ჩერდებოდა...
– მოიცადეთ, – წამოიძახა, გრიფინმა, – იმ დილით, როდესაც ღვთისმსახური ამ საათს მართავდა, მხოლოდ ორი წრე გააკეთა და გაჩერდა, რადგან ბოლომდე მოიმართა. თქვენ კი უკვე შვიდ-რვაჯერ შემოატრიალეთ და ისევ არ არის მომართული.
– ზუსტად, – უპასუხა ჰოლმსმა, – ეს ასეა. ვერც ერთ საათს, რომელიც საღამოს ათზე მომართეს, დილის ხუთზე ორი ბრუნით ვერ მომართავ. ანუ, მისტერ ტრელონი ათ საათზე არ დაწოლილა დასაძინებლად. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჭექა-ქუხილის ეშინოდა, ალბათ, გვიანობამდე ვერ დაიძინა. მან საათი როგორც ყოველთვის, დაწოლის წინ მომართა. სავარაუდოდ, დილის სამი საათისთვის. რადგან მხოლოდ ერთი ადამიანია, ვინც თქვა, რომ სკვაერი ათ საათსა და ოცდაათ წუთზე მძინარე ნახა, ამ ადამიანმა იცრუა.
ჯეფრი უინსუორტი კარისკენ გაიქცა. ლესტრეიდი უცებ გადახტა და პირდაპირ მასთან გაჩნდა. მალე ხელბორკილების დადების ხმაც გაისმა. მის დოლორეს დეილი ტირილით გაიქცა, მაგრამ არა უინსუორტისკენ, არამედ ექიმ გრიფინს ჩაუვარდა მკლავებში.
– საქმე ისაა, უოტსონ, – უკვე ბეიკერ-სტრიტზე დაბრუნებულს მიხსნიდა ჰოლმსი, – რომ უინსუორტი ერთადერთი კაცი იყო, ვინც იცოდა, რომ ტრელონმა ანდერძი ექიმის სასარგებლოდ კი შეცვალა, მაგრამ ჯერ ხელმოწერილი არ ჰქონდა. იცოდა, რადგან თავისი პროფესიიდან გამომდინარე, სწორედ მან შეადგინა ეს ანდერძი. მისი გეგმაც ის იყო, რომ ექიმი გრიფინი მთავარი ეჭვმიტანილი გახდებოდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც ტრელონის სიკვდილით მოგებას ნახავდა, თავად იყო. დოლორესს მოიყვანდა ცოლად და ქონება დარჩებოდა. მე ჩემს ვერსიაში ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი, ლუპით გარდაცვლილის სახე რომ არ გამომეკვლია და მასზე მცირედი დამწვრობებისა და ვაზელინის კვალი არ აღმომეჩინა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ