რაზე ემართებოდა ისტერიკა ჟანრი ლოლაშვილს და რატომ დაეუფლა მის ფსიქიკას ამაოების განცდა
ბატონ ჟანრი ლოლაშვილს მის კაბინეტში ვუცდიდი და გაოგნებული დავრჩი არაჩვეულებრივი ნახატებით. იგი მხატვრობით არის გატაცებული და ამაში თავისი დროის დიდი ნაწილი აქვს დახარჯული. ბატონმა ჟანრიმ მითხრა, ამაოების გრძნობა იმდენად მოქმედებს ჩემს ფსიქიკაზე, რომ არანაირი ინტერვიუ აღარ მინდა, მაგრამ, ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც პატივს ვდებთ ერთმანეთს და საკუთარი ცხოვრებიდან ისედაც მწირ დროს, რაც ღმერთმა გვიბოძა, ვჩუქნით ერთმანეთსო.
– ბატონო ჟანრი, როგორ ხართ, შემოქმედებითად აქტიური პერიოდი გაქვთ?
– შემოქმედებითად პასიური პერიოდი მაქვს, რადგან, ხანში შესული კაცი ვარ, თუმცა, კინოში ბევრ რამეს ვაკეთებ. ამ ბოლო დროს ცოტა თეატრს მოვეშვი, იმიტომ, რომ კულინარია დამემატა, მაგრამ, მაინც მირჩევნია, ხელოვნების ენაზე ვილაპარაკო. პოლიტიკას თითქოს გავურბივარ, თუმცა, ვითარებები გითრევს ადამიანს და ასეა ცხოვრება, არაფერში რომ არ მიიღო მონაწილეობა, სხვასაც უყურადღებოდ ტოვებ. ჩემს ფსიქიკაში ამაოების გრძნობა იმდენად მოქმედებს, არანაირი ინტერვიუ აღარ მინდა, გაცემულია ყველაფერზე პასუხი და ჩემი შემოქმედებაც ამოწურულია, ამდენი ხნის განმავლობაში ვილაპარაკე – რამდენი გაზეთი და ჟურნალია, არც ერთი არ ამცდა. ვიტყვი ასე, რომ, არის აღმავალი წლები და არის დაღმავალი. არის უამრავი საინტერესო თუ ჩვეულებრივი მოვლენები, თუმცა, ამისთანა ქვეყანაში რომ არ ვცხოვრობდე, შეიძლება, უფრო საინტერესო ყოფილიყო კიდევ სხვა შემოქმედებითი მხარეები. დიდი ხანია, ტელევიზიით ჩვენს არხებს თითქმის აღარ ვუყურებ, ხელოვნების არხებისა და „საინტერესო ამბების სამყაროში“ ყურება მირჩევნია; რაღაცეებს ვკითხულობ, რასაკვირველია, ძველ ხალხს გვიყვარს კითხვა, ახლა აღარავინ კითხულობს არაფერს, ინტერნეტიდან გადმოიწერენ მოკლე ანოტაციას; ვინ წაიკითხავს ახლა „ანა კარენინას“?! წიგნს კი არა, მოყვასსა და ნათესავს აღარ კითხულობენ. ადამიანი უფრო ეგოცენტრული გახდა, ვიდრე ადრე იყო; უფრო წამგლეჯი და უხეში. არის ჭიდაობა ამა თუ იმ საკითხზე, უამრავი რაღაც ხდება ადამიანის ფსიქიკაში და, მე არაფერი აღარ მიკვირს ადამიანებისგან, სიყვარულის დოზის გარდა. როდესაც ხელოვნებაზე ან სხვა მოვლენაზე ვლაპარაკობ, პირველ ყოვლისა, ჩემთვის ყველაზე დასაფასებელია სიყვარული, რომელიც გაგიტანს და რომელიღაც გზაზე გაგიყვანს. როცა გიყვარს ადამიანი, ხდები წრფელი, ფიქრობ სხვაზე, ლამაზდები... წლებს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, ამაოების ფაქტორი ყოველთვის მუშაობს ჩემი ასაკის ადამიანისთვის. ინტერესი ქრება არა მარტო ქალისადმი, არამედ, ქვეყნისადმიც, არავის მოეჩვენოს, რომ მე რაღაც გაბოროტებული ვარ; არა, მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ადამიანმა უნდა იცხოვროს ქრისტიანულად, მხოლოდ ფიქრით განსხვავდება ის ცხოველისგან. ჩვენი ფიქრი უნდა გვქონდეს, ნურავინ მასწავლის, რა უნდა ვიმღერო, რა უნდა ვთქვა და როგორ უნდა მოვიქცე. თუმცა, მე არ გადავდივარ ეთიკის ნორმებს, არ ვარ ღორმუცელა, შმაგი. ეს არის ის, რაზეც ვფიქრობ და რაც მხდის ადამიანად. „ევრაზიული სახლის“ შენება კარგია. ადამიანი უნდა გახდეს უფრო საინტერესო, მოიშალოს ტერორიზმის კერები და რაღაც ჰუმანისტური იდეებით უნდა იყოს შეპყრობილი. მე მიმაჩნია, რომ, საერთოდ, „მსოფლიო სახლი“ უნდა დაწესდეს, სადაც ადამიანები ფეხშეწყობილად ივლიან. რომელიღაც წელს დედამიწას უახლოვდება ასტეროიდი და ყველამ ერთად უნდა გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ერთად ავიცილოთ ასტეროიდის შემოჭრა ჩვენს გრავიტაციაში; რადგან მესამე ათასწლეულში ვცხოვრობთ, ისტორიას პატივი უნდა ვცეთ. ახლანდელ თაობას ძალიან ვიწრო განვითარება აქვს და არ ფიქრობენ საერთო განათლებაზე, იციან მხოლოდ თავისი საქმე, ისიც, თუ იციან, არ ვიცი. მე მიყვარს ახალგაზრდები და თეატრში ოთხი თაობა გამოვიცვალე, მაგრამ, მათ სჭირდებათ შეძახილი, იმიტომ რომ, არასწორად ცხოვრობენ. თანამედროვე ხელოვნების ყველა დარგს ხვდებოდა წინააღმდეგობები და თავიდანვე არ იყო მიღებული. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ ახალ სკულპტურებს, რაც იდგმევა; მთავარია, თუ მოქმედებს. საზოგადოებრივი ძეგლები უფრო მიშლის ნერვებს – ცხენზე ამხედრებული ქანდაკებები, ცხადია არ ვგულისხმობ ვაჟას, აკაკისა და გალაკტიონს. მაინც, მე მგონი, გავიდა დრო ეგეთი რაღაცეების. ერთხელ ავსტრალიაში შევხვდი ბერნცის ქანდაკებას და დიდხანს ვუყურე. გლობალიზაციამ მოიცვა უკვე ყველაფერი, ნიჰილიზმი მუშაობს ჩემს ფსიქიკაში, მაგრამ, პესიმიზმისკენ არ მიბიძგებს. ამ დროს შემოქმედებაზე ლაპარაკი ცოტა ზედმეტია. ერთი პერიოდი უფოლოგიით ვიყავი გართული და ახლა სხვა რაღაცეებზე ვფიქრობ. მხატვრულ ნაწარმოებებს პატივს ვცემ. პრობლემები სულ ერთი და იგივეა – ეტყობა, კაცობრიობამ ვერ ისწავლა ჭკუა და ვერანაირად ვერ სძლია კეთილმა ბოროტს. ჯობია, ყველამ დაუსვას თავის თავს ბევრი კითხვის ნიშანი, გაერკვას, რა სურს, ვინ არის, რა არის ცხოვრებისთვის აუცილებელი და თვითონაც ისე მოიქცეს სხვის მიმართ, როგორც მოითხოვს მსოფლიო სახლი, ადამიანების ერთად ყოფნის გენიალურობა.
– მხატვრობით ხართ გატაცებული...
– დიახ, მხატვრობით ვარ გატაცებული და დიდი დრო მაქვს ამაში გახარჯული პირადი ცხოვრებიდან. ბევრი რამ საინტერესო გახდა ჩემთვის და ეს ეხმარება ჩემს პროფესიასაც, ადამიანთან ურთიერთობებსაც და საკუთარ თავთან სჯა-ბაასსაც. არავის ეგონოს, ჟანრი ლოლაშვილი გაგიჟებულაო. ყველანაირი აქტი, თუნდაც სექსუალური, საკუთარ თავთან ლაპარაკია, იმიტომ, რომ ეს შენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილებია. ზოგჯერ მელანქოლია აქვს ადამიანს და ხშირ შემთხვევაში ვაბრალებთ ბუნებას, რადიაციულ დღეებს, ვარსკვლავებს... ახლა კი ხელში აიტაცეს დათბობის პერიოდი, რაც კატასტროფას უქადის ადამიანებს და არის საშინელ დღეში. ადამიანი გიჟი რომ არ არის, ნორმალურად დადის და არ ეცემა, ტაშს უნდა უკრავდეთ. პირადად, ჩემთვის, ჭეშმარიტებაა სუფთა ფურცელი, როცა არ ანიჭებ მნიშვნელობას საკუთარ თავს და საკუთარ ნააზრევს. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი მოსვლით იწყებენ წელთაღრიცხვას და თავისი ნააზრევი ჰგონიათ გენიალური. მე პირადად, ეჭვები მაქვს, სულ ვფიქრობ, სწორად ვითამაშე როლი თუ არა. რომ დავწვები და ამ ქეციან თავს დავდებ ბალიშზე, კედლის მხარეს გადავბრუნდები და სულ ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში მშობლებზე, წასულ მეგობრებზე, საქართველოს მომავალზე, ვაჟკაცობაზე, რა არის სილამაზე, რომელია წრფელი, რა არის კაცობრიობა... ეს კითხვები თუ არ გაწუხებს, მაშინ, დაჯექი და ჭამე.
– დღეს როგორი მაყურებელია თეატრში?
– მაყურებელი ყველა ჩვეულებრივია, აჟიოტაჟი რაღაცეების გამო ხდება, თუნდაც, რეჟისორის წასვლის გამო. მე მაყურებელზე დამოკიდებული კაცი ვარ და ძალიან მიყვარს ის. მაყურებელს ჩვენ სცენიდან ვხედავთ, ხშირად დამინახავს, რომ ჩემს მიმიკებს იმეორებს დარბაზში კაცი და ვგრძნობ, რა უნდა მას. მაყურებელს ყოველთვის ვატყობ, რა უჭირს, ვის რაზე აქვს რეაქცია.
– თქვენი სასურველი ან საყვარელი როლი რომელია?
– არც ერთ როლზე არ ვგიჟდებოდი, პირიქით, ძალიან კარგი როლები, რომლებიც აღიარებული იყო, მერე ისე მომაბეზრებელი გახდა ჩემთვის, რომ ისტერიკა მემართებოდა, ერთი სული მქონდა როდის მთავრდებოდა.
– თავისუფალ დროს რითი ხართ დაკავებული?
– თავისუფალ დროს მიყვარს მეგობრებთან ერთად ბუნებაში ყოფნა, მაგრამ, არ მაქვს ამდენი დრო. ნათესავებთან ხშირად ვერ მივდივარ, განსაკუთრებით – რაიონებში. და ვწუხვარ ხოლმე ამის გამო. დრო განაპირობებს ადამიანის ცხოვრებას, გინდა, ბევრი იმუშაო, რადგან რესურსი გვჭირდება და გადასახადებიც გვემატება. ხანდახან, შეიძლება, ნიჰილიზმში გადავარდე ადამიანი, მაგრამ, ცოტა აზრიანი თუ ხარ კაცი და სხვანაირად უყურებ ცხოვრებას, შეიძლება გადარჩე, ფხიზელი თვალი სჭირდება ყველაფერს, საკუთარ თავსაც. ერთ ნაბიჯს რომ გადადგამ და მეორეც უნდა მიახმარო, რომ არ წაიქცე, ეს ქვეცნობიერად ხდება. ორმოცფეხას რომ ჰკითხეს, რომელი ფეხით იწყებ სიარულსო, საერთოდ ვეღარ გაიარა.
– კულინარიის შესახებაც მითხარით, რეცეპტები გაქვთ თუ თქვენი იმპროვიზაციაა?
– კულინარია ძალიან ახლოსაა ხელოვნების ყველა დარგთან – როგორც მუსიკასთან, ასევე, მხატვრობასთან, ლიტერატურასთან. კულინარიის განსაკუთრებული რამ გახსნა რაბლემ თავის ნაწარმოებში „გარგანტუა და პანტაგრუელი“. იქ არის ჭამა-სმასა და ცხოვრების ყოფაზე ლაპარაკი, ჩვენც ვიცით მაგალითები – „სმა-ჭამა დიდად შესარგი“, რომელიც მე ლოზუნგად გამოვიყენე. ხშირ შემთხვევაში კარგია, როცა მეგობარს უმზადებ საჭმელს, ზრუნავ. ისედაც წრიალებს ადამიანი და, შეიძლება, ეს წრიალი აქციო სხვაზე ფიქრად: გაუკეთო, დაპატიჟო. მარტო სულიერი საჭმელი არ შველის ადამიანს.
არანაირი რეცეპტები არ გვაქვს, მე და თათული ვიგონებთ საჭმელებს და ვცდილობთ, არავის დავემსგავსოთ. ამით, მგონი, გამოვირჩევით. საცივი კლასიკაა და ვერ გადავაკეთებთ; საჭმელები და პროდუქტი ინგრედიენტები, ყველგან ერთნაირია, უბრალოდ, მათი მონაცვლეობა ხდება: კორტესმა ჩამოიტანა პერუდან სიმინდი, კარტოფილი, ლობიო... მანამდე, ალბათ, ნანადირევით ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ მეცნიერთან წავიკითხე: ადრე ადამიანს, შეიძლება, არ ეძინა, მაგრამ, ნადირობის დროს, ღამით, გარკვეული შიშები, ემოციები დაუგროვდა, ეს გულყრებში გამოიხატა, სწორედ ამ გულყრების შედეგი გადავიდა ადამიანში გენეტიკურად და ამან გამოიწვია ძილიო.
– საახალწლო განწყობისთვის რა არის აუცილებელი?
– ახალ წელს ახალი წლები მოაქვს, ახალ წლებს – სიბერე, სიბერეს – სიმახინჯე, უსუსურობა და დავრდომილობა. ახალი წელი ახალგაზრდობაში იყო ჩემთვის მისასალმებელი. ბევრჯერ სხვა ქვეყანაშიც ვყოფილვარ ახალ წელს, მაგრამ, შეკრება და ურთიერთობა ყველაფერს ჯობია და ახლაც მიხარია ადამიანებთან შეხვედრა. ეგზიუპერზე ადრე ქართველმა იცოდა, რა არის ურთიერთობა. შვილიშვილებისთვის, შვილისთვის, ხუთმეტრიანი ნაძვის ხე გვაქვს. გავაწყობთ და ჭერზე მაღლა ადის, სივრცეში. სიურპრიზებს აუცილებლად ვუკეთებთ ერთმანეთს, განსაკუთრებით – შვილიშვილებს. სუფრაზე აუცილებელია ღორის თავი, საცივი, გოზინაყი, სახლში – ნაძვის ხე, ღუმლის დანთება, თუკი გაქვს; შინაურების შეკრება და კიდევ ერთხელ ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვა.