ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-45(463)
არავის უნდა ბედთან ბრძოლა. მიზეზი მარტივია: დასაწყისშივე იცი, რომ ამ ბრძოლას ნებისმიერ შემთხვევაში წააგებ. ავანტიურისტობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სულ ცოტა, ექსტრიმის მოყვარული მაინც უნდა იყო, რომ ასეთ უთანასწორო ბრძოლაში ჩაება, მაგრამ გამონაკლისები ყოველთვის არსებობდნენ და, მადლობა ღმერთს, კიდევ დიდხანს იარსებებენ; მადლობა ღმერთს, რომ მათ გარეშე ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება. სწორედ ეს გამონაკლისები აფერადებენ ყოველდღიურ ერთფეროვნებას, ამსხვრევენ რუტინას... ეს ისეთი რომანტიკული, მომხიბვლელია... მით უმეტეს, როცა იცი, რომ ბრძოლაში თავად არ ხარ ჩაბმული...
***
ლევანმა პიჯაკი გაიხადა და სავარძელზე დაუდევრად მიაგდო. შიოდა, მაგრამ სამზარეულოში გასვლა არც უფიქრია. იცოდა, თინიკო სახლში არ იყო, დაურეკა, მამაჩემთან ვაპირებ ასვლას წყნეთში და, თუ გინდა, იქ მომაკითხეო. ეს „თუ გინდა“ ისე სასაცილოდ ჟღერდა, რომ ლევანი კარგად გაერთო. მაგრამ თიკასთვის არ უკითხავს, შენი აზრით, მამაშენის დემაგოგიური „გამოხტომების“ მოსმენა რატომ უნდა მინდოდესო. მიხვდა, რომ თიკა არ იყო დამნაშავე მშობლებს ხომ არ ირჩევენ! ყავამ და სიგარეტმა შიმშილის გრძნობა უფრო გაუმძაფრა. მაცივარში ლორი, ყველი და ბოსტნეულის სალათის ნარჩენები იპოვა და ყველაფერი ერთ დიდ თეფშზე დააწყო. ნელა ჭამდა. ზანტად ღეჭავდა და ფიქრობდა. ფიქრი ერთი პრობლემიდან მეორეზე გადადიოდა, აზრის კონცენტრაცია უჭირდა, რაღაც უშლიდა ხელს. საკუთარ თავს არ უტყდებოდა, რომ ეს „რაღაც“ მის სამგზავრო ჩანთაში, უფრო სწორად, ჩანთის ფსკერზე მიმალული კოლოფი იყო; უფრო სწორად, ის პიროვნება, ვისთვისაც ეს კოლოფი იყო განკუთვნილი. სწორედ ახლა იყო ყველაზე შესაფერისი მომენტი. ლევანი გრძნობდა, რომ ქალი ელოდა მის ზარს. ლევანი მისთვის ის ხავსი იქნებოდა, რომელსაც, ალბათ, სიხარულით მოეჭიდებოდა...
სიჩუმე კარის მიჯახუნების ხმამ დაარღვია.
– ვინ არის? – ლევანმა თეფში მისწია და, როცა წამოდგა, მხოლოდ მაშინ მიხვდა შეკითხვის უაზრობას თიკას მეტს არავის შეეძლო კარის გაღება, თუ, რა თქმა უნდა, მოსამსახურეს არ მოუნდა უეცრად, ღამის თორმეტის ნახევარზე გამოცხადება.
– ლევან, სამზარეულოში ხარ? – გაიგონა ცოლის ხმა.
– ჰო, – გასძახა უხალისოდ.
თმაგაწეწილი და გაწითლებული თიკა სამზარეულოში შემოვიდა და სკამზე მოწყვეტით დაუშვა.
– რა იყო, რა სახე გაქვს? – კაცს შეუმჩნეველი არ დარჩენია ცოლის უცნაური გამომეტყველება.
– ვერ ვიტან, ვეღარ ვიტან!.. – თიკამ სახე ხელისგულებში ჩარგო.
– ვის, ვის ვეღარ იტან?
– ვერც ერთს, ვერც ერთს ვერ ვიტან! მზად ვარ, ყველაფერი პირდაპირ მივახალო და გავთავისუფლდე ამ ბოღმისგან!
– გასაგებია, – ამოიოხრა ლევანმა, – მამაშენზე ხარ აღრენილი. კარგი, რა თიკა, პატარა ხომ არ ხარ!
– პატარა რომ აღარ ვარ, იმიტომაც ვეღარ ვიტან ვერც ერთს. დედაჩემიც ნერვებს მიშლის თავისი იდიოტური სიმშვიდით და მონური მორჩილებით. მგონი, ეგ იმაზე უარესია.
– ვისზე, ვისზეა უარესი?
– თავის ქმარზე. როგორ შეეძლო ამდენი წელი მის გვერდით ეცხოვრა?
– ჩვეულებრივად, – მშვიდად ჩაილაპარაკა ლევანმა, – ჰო, რას მიყურებ, ჩვეულებრივად და მარტივად. დედაშენი ჭკვიანი ქალია. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ყველაფერი იცოდა, მაგრამ ჩუმად იყო. შეეძლო, სკანდალი აეტეხა, მაგრამ ამით მხოლოდ წააგებდა. მისი გულგრილობა მოჩვენებითია, სიმშვიდე – ხელოვნური. თამაშობს, თანაც, ძალიან ოსტატურად.
– სისულელეა. დედაჩემი ისე დამიხატე, თითქოს გაქნილი დიპლომატი იყოს, ინტრიგების დიდოსტატი და ყოვლისშემძლე, ორსახიანი ურჩხული!..
ლევანმა წარბი შეიკრა:
– აუუ, რა მაგრად აფრენ! რაებს ლაპარაკობ, გოგო, სულ აურიე?
– შენი სიტყვებიდან ეგ დასკვნა გავაკეთე.
– მოეშვი მაგ დასკვნების კეთებას, თორემ რაღაც სერიოზულ ხიფათს გადაეყრები და მეც შარში გამხვევ.
– რა?!
– რა და, ჯერ ისიც მეყოფა მოსანელებლად, რომ აიხირე, შეიძლება, ნიკუშა ჩემი ძმააო და შუაღამისას სახლში მიადექი. მთელი დღეა, ვფიქრობ და ვერაფერი მოვიფიქრე, რა უნდა ვუთხრა, რომ მკითხოს, ხომ არ იცი, შენს ცოლს ჩემგან რა უნდოდაო?
თინიკო გაბრაზდა:
– იცი, რას გეტყვი? შეიძლება, დედაჩემს კიდევაც მოსწონს, სირაქლემასავით ქვიშაში თავწაყოფილი რომ ცხოვრობს, მაგრამ მე გაურკვევლობას წონასწორობიდან გამოვყავარ, მაგიჟებს. ვერ მოვისვენებ, სანამ ყველაფერს არ გავარკვევ.
– მე კიდევ, ვერ მოვისვენებ, სანამ შენ ჭკუას არ მოუხმობ და ისე არ მოიქცევი, როგორც ჩემს ცოლს ეკადრება.
თიკამ თვალები მოჭუტა:
– ბოლო სიტყვები რაღაც კარგად ვერ გავიგე, კიდევ ერთხელ გამიმეორე...
– რა გაგიმეორო? – მოიღუშა ლევანი.
– როგორც ჩემს ცოლს ეკადრებაო, ანუ, როგორც მინისტრის ცოლს ეკადრება თუ როგორც ლევან ძნელაძისას?
– თიკა, გეყოფა, მშვენივრად მიხვდი, რაც ვიგულისხმე.
– არა, ვერ მივხვდი და გთხოვ, რომ დამიკონკრეტო. მე ხომ სულელი ვარ, კიდევ არაფერი ავურიო.
– ზოგჯერ ისეთი აუტანელი ხარ, მინდა, რომ... – ლევანმა აღარ დაასრულა სათქმელი.
– გინდა, რომ მცემო, არა?! თქვი, რისი გერიდება! არ მითხრა, რომ შეგრცხვა, სულ ერთია, მაინც არ დაგიჯერებ, – დასცინა თიკამ და გამომწვევად გააწკლაპუნა ენა. ლევანმა ერთხანს უყურა ცოლს, მერე დანანებით გადააქნია თავი:
– ხანდახან მგონია, რომ შენ მაგათი შვილი არ ხარ.
– რაა? – ცოტათი დაიბნა თიკა.
– ჰო, მეეჭვება, რომ მათი, შვილი ხარ. აყვანილს უფრო ჰგავხარ.
– ვითომ რატომ?
– იმიტომ, რომ შეუძლებელია, ზურასნაირ კაცს შენნაირი შვილი ჰყავდეს.
– რას მეუბნები? მაინც, როგორი? – ყასიდად დაინტერესდა თიკა.
– ბენტერა, – მიახალა ლევანმა, – სამწუხაროდ, უკეთესი არაფერი მახსენდება შენს შესამკობად. ბენტერა ხარ და მარტო საკუთარ თავს კი არა, მეც მიქმნი პრობლემებს, იმის ნაცვლად, რომ მომეხმარო.
– რაში უნდა მოგეხმარო – სამინისტროში გამოგყვე და თათბირი შენ მაგივრად მე ჩავატარო თუ ნიკუშას დედისთვის სურათის „დაწერაში“ გაგიწიო ღირსეული პარტნიორობა?
– მაგიტომაც ხარ ბენტერა, ამას რომ ამბობ. რომელი „დამწერი“ მე ვარ. საიდან მოიტანე, რომ მაგის გაკეთებას ვაპირებ?
– ჯერ ერთი, შენ თვითონ მითხარი; მეორეც, შეიძლება, ბენტერა ვარ, მაგრამ რაღაც-რაღაცეებს მაინც ვხვდები. თან იმაზე კარგად გიცნობ, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
ლევანმა თეფში მისწია და წამოდგა.
– არა, ამას ბოლო უნდა მოეღოს. ხვალვე მივალ მამაშენთან და ვეტყვი, რომ თამაშიდან გავდივარ. რაც უნდა, ის ქნას. ეს მე უკვე აღარ მაინტერესებს.
თიკამ თვალები მოჭუტა.
– შენ იტყვი ორ მილიონზე უარს? შენ? კარგი ერთი, ნუ მაცინებ! ისეთი ტყუილი თქვი, რომ დაგიჯერო.
– აჰა, შენ ფიქრობ, რომ მე ვიტყუები? კარგი, ძალიან მალე ნახავ, რომ სრული სიმართლე მოგახსენე. არაფერში მჭირდება სხვისი მილიონები. მით უმეტეს, რომ ეს სხვა ჩემი ბავშვობის მეგობარია.
– კარგ დროს გაგახსენდა ეს პატარა დეტალი. მეგონა, ამაზე საერთოდ აღარ ფიქრობდი.
– ვინ მოგახსენა! მე ჩემს მეგობრებზე სულ ვფიქრობ და მათი ცხოვრებაც ძალიან მაინტერესებს, – ლევანს ნატუკა გაახსენდა და გაიფიქრა: „ისე მაინტერესებს, რომ ზოგიერთის ინტიმურ კომფორტზეც ვზრუნავ“.
– არ მჯერა შენი არც ერთი სიტყვის, არ მჯერა!..
– ცოლს ქმრის უნდა სჯეროდეს. თუ ეს ასე არ არის, ძალიან ცუდია.
– ჰო, დღეს იმდენ სიბრძნეს აფრქვევ, რომ, პირდაპირ გამაოგნე. აღარ ვიცი, რომელი ერთი დავიხსომო. იმასაც ვფიქრობ, საერთოდ, ხომ არ ჩავიწერო.
– ვხედავ, ცდილობ, ნერვები მომიშალო, მაგრამ არ აგყვები, არ მიღირს, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი მაქვს.
– ვიცი, მთელი სახელმწიფო შენზე დგას, – დასცინა თიკამ.
ლევანმა შუბლზე მოისვა ხელი. ერთბაშად იგრძნო, რომ ცოლთან კინკლაობამ დაღალა. შეიძლება, პირველად ახლა გააცნობიერა ასეთი ცხოვრების უაზრობა. იმასაც მიხვდა, რომ ენერგიის უდიდეს ნაწილს ამ უაზრობას ახმარდა და ახლა საკუთარ თავზე გაბრაზდა.
– ბავშვი წამოიყვანე? – ჰკითხა უცებ ცოლს. თიკა ამ კითხვას არ ელოდა და დაიბნა.
– ბავშვი?!
– დიახ, ზუკა მოიყვანე?
– არა...
– რატომ? ხომ გითხარი, ბავშვი შენ გვერდით უნდა იზრდებოდეს-მეთქი?
– როცა მოვდიოდი, უკვე ეძინა, – თავის გამართლება სცადა ქალმა. ლევანის ირონიით სავსე გამოხედვამ მიახვედრა, რომ არგუმენტი საკმაოდ სუსტი იყო, – ჰო, ეძინა და დედაჩემმა აღარ გამომატანა, – მაინც აღარ დაიხია უკან.
– თიკა, რამდენი წლის ხარ? – ლევანმა ცოლს მხარზე დაადო ხელი. ამ ჟესტით იმის თქმა უნდოდა, რომ ომი მორჩა, დროა, დავზავდეთო.
ქალმა ამოიოხრა და ქმარს მოეხვია:
– აუ, ლევან, იცი, როგორ დავიღალე? მეტი სითბო მჭირდება, მეტი ყურადღება. შენ სულ იშვიათად მეფერები. მენატრები... იცი? ძალიან მენატრები...
ლევანმა ამოიოხრა, ცოლი მკერდზე მიიკრა და სახე მის თმაში ჩამალა...
***
რამდენიმე დღემ მშვიდად ჩაიარა. ეს მოჩვენებითი სიმშვიდე იყო, ისევე, როგორც ბუნება გაყუჩდება ხოლმე მოსალოდნელი ქარიშხლის წინ. ყველა რაღაცას ელოდა, მაგრამ კონკრეტულად რა იყო ეს „რაღაც“, არც ერთმა არ იცოდა. ნიკუშა სახლში იყო და საღამოობით ვახოსთან ერთად სვამდა ლუდს. ლევანი მთლიანად სამინისტროს საქმეებში ჩაეფლო ან თავს აჩვენებდა, რომ სულის მოთქმის დრო არ ჰქონდა. თინიკომ უღალატა ჩვეულებას და ზურას დასდევდა სკოლაში თუ საცურაო აუზზე. ერთი სიტყვით, ცხოვრება თითქოს ჩადგა ჩვეულ რიტმში, მაგრამ ქვეცნობიერად ყველა გრძნობდა ჩართული მექანიზმის წიკწიკს. ყველა ხვდებოდა, რომ „ნაღმი“ აუცილებლად აფეთქდებოდა...
ლოგინზე მიწოლილ ნიკუშას ფიქრი ზარის გაბმულმა ხმამ შეაწყვეტინა. ზანტად წამოჯდა და კარს უკმაყოფილოდ გახედა. ზარი განმეორდა ვიღაცას ჯიუტად არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ, შეიძლებოდა, ნიკუშა სახლში არ ყოფილიყო. ნიკუშამ გულის სიღრმეში ინატრა, რა იქნებოდა, ყრუ მაინც ვყოფილიყავიო და ფეხათრეული გაემართა კარის გასაღებად.
– აი, ვიცოდი, რა! ვიცოდი, რომ შენ იქნებოდი! – დაიღრიჯა გოგიჩას დანახვაზე და მეზობელს შეუტია, – იცი, რომელი საათია?
გოგიჩამ გაოცებით შეხედა:
– შენ რა გჭირს, ტო, ვაგზლის მეისრესავით, რა სულ საათს კითხულობ: „იცი, რომელი საათია?! იცი, რომელი საათია?!“ – არ ვიცი! აჰა, მოისვენე?! საერთოდ არ ვიცი საათის ცნობა, არაფერში მჭირდება და იმიტომ. ვაა, როგორი მყრალი ვინმე გახდი, არადა, რა კარგი ტიპი იყავი! დედას გეფიცები, სხვა მგონიხარ. ვახო მართალია, რაც იმ „ნაშამ“ აქ სიარული დაიწყო, გადიდების მანია დაგემართა.
– გადიდების კი არა, განდიდების. შენი სიბრძნე გამაოგნებელია.
– რა არის? – ვერ მიხვდა გოგიჩა.
– არაფერი. ჰო, მყრალი ვინმე გავხდი და, სანამ უარესად ავყროლებულვარ, მითხარი, რა გინდა.
– მე რა მინდა?! – გაფშეკილი ცერა თითი მკერდზე იტაკა გოგიჩამ, – მე – არაფერი, მაგრამ ერთი ტიპია და იმას კი ნამდვილად უნდა რაღაც.
– რას ბოდიალობ? ვინ ტიპიო... არ შეგიძლია, ადამიანური ენით ილაპარაკო?
– ადამიანური ენით გეუბნები, ტო, აბა, ვყეფავ?
– ვყეფავ კი არა, ვყეფ! სკოლაში რა გასწავლეს?
– რა მასწავლეს და, რა ვიცი, ტო... ისიც არ მახსოვს, როდის დავამთავრე სწავლა-განათლება. გამაგიჟებ, ტო, შენ ჩემი ბაზარი გაინტერესებს და ის არა, ვინ გეძებს?
– მე მეძებს ვინმე?
გოგიჩამ საფეთქელთან მიიდო საჩვენებელი თითი და ნელა დაატრიალა:
– ვაა, აბა, რაზე ვლაპარაკობ ამდენს! გეძებს და მეც ჯერ ამოვედი, რომ გკითხო, მოვიყვანო თუ...
– გოგიჩ, ნუ ამომართვი სული! – იყვირა ნიკუშამ, – ბოლო დროს ჩემს კოშმარად იქეცი. რომ გხედავ, ჟრუანტელი მივლის. ან მითხარი, რა ხდება, ან წადი აქედან და თვალით აღარ დამენახვო!
– ნუ გადაირიე, აი... დამშვიდდი და მომისმინე, შემომხედე... ხომ აღარ ბრაზობ?..
ნიკუშამ ძლივს მოთოკა ნერვები და კბილების ღრჭიალით უპასუხა:
– არა!
– კარგია. ახლა გეუბნები, რომ ეზოში ვიღაც ტიპი შენ გკითხულობს, იქ არის, რა! მანქანით მოვიდა. ბიჭებმა მითხრეს, მიდი, შენ ადი ნიკუშასთან და გააფრთხილეო. იქნებ, საერთოდ არ უნდა გამოჩენაო, – ხომ ხვდები. პრინციპში, მართალია, რა!..
ნიკუშამ პირით ჩაისუნთქა ჰაერი:
– ღმერთო, რა დავაშავე! წამოეთრიე, ეზოში ჩამოვალ და მანახვე ერთი, ვინ ტიპია.
– შენ რატომ უნდა ჩამოხვიდე, მე ჩავალ და ამოვიყვან. შენ მანამდე მიალაგე. „ფირმა“ ტიპია მაინც და უხერხულია.
– რაო? – ნიკუშა გაშეშდა, – „ფირმა“ ტიპიაო? ესე იგი, უცხოელია?
– ჰო, უცხოელია. ისე იღიმება, მაგათ რომ იციან ყველა კბილი ერთად უჩანს. ეჰ, აქვს მაგარი კბილები და რა ენაღვლება! აბა, ჩემსავით იყოს! – გოგიჩამ შემოსასვლელში ჩამოკიდებულ სარკეში ჩაიხედა და გაიკრიჭა.
ნიკუშა აღარ უსმენდა. გაშტერებული ათვალიერებდა საკუთარ თითებს. ბოლოს, როგორც იქნა, ჩაილაპარაკა:
– ჩადი და უთხარი, რომ სახლში არ დაგხვდი. შეგიძლია, ისიც უთხრა, რომ სადმე გავემგზავრე, ბინა კი გავაქირავე.
– ეე, მაგდენი ინგლისური არ ვიცი. „კაროჩე“, ამოვიყვან და შენ მიხედე!
– არა-მეთქი! არა! არა! წადი და, რასაც გეუბნები, ის გააკეთე! – ნიკუშამ გოგიჩას კარისკენ უბიძგა, მაგრამ ზღურბლზე უკვე იდგა ვიღაც, ვინც მათ გზა გადაუღობა მაღალი, ძალიან სიმპათიური, უზადოდ ჩაცმული მამაკაცი დაჟინებით მიაშტერდა ნიკუშას და გაუღიმა.
– ნიკოლოზი, – თქვა მკვეთრი უცხოური აქცენტით, – შენ ხარ ნიკოლოზი. შეიძლება, შემოვიდე?
– უკვე შემოხვედით. ასე რომ, ნებართვის თხოვნა ცოტა დაგვიანებულია. უნდა გაგაფრთხილოთ, მე არ ვიცი უცხო ენა, არც ერთი, – იცრუა ნიკუშამ.
– არა უშავს, მე ვიცი ქართული, ცოტა გავუგებთ ერთმანეთს.
გოგიჩამ ნიკუშას მამაკაცის ზურგსუკან რაღაც ანიშნა გაფშეკილი ცერა თითით და უსიტყვოდ გაიძურწა.
მოსულმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
ნიკუშამ კარი დაკეტა და შემობრუნდა. სტუმარი ისევ უყურებდა და უღიმოდა.
– ქუჩაშიც გიცნობდით, ძალიან ჰგავხართ.
– ჰოო? – ნიკუშამ არ იცოდა, უხერხულობისგან რა ექნა. ხელები ხან შარვლის ჯიბეებში ჩაიტენა, ხან დოინჯით დადგა, ბოლოს ისევ სიგარეტი მოიძია.
– აი, ერთმანეთიც გავიცანით, – ჟანი სკამთან მივიდა და დაჯდა. დღეს დილით ჩამოვფრინდი. სასტუმროშიც დავბინავდი და მაშინვე თქვენკენ გამოვწიე.
– მშვენივრად მეტყველებთ ქართულად, – ნიკუშამ სიგარეტს მოუკიდა.
– რა ბრძანეთ?
– კარგად გისწავლიათ-მეთქი ქართული.
– ჰო, ვცდილობ, – გაიღიმა ჟანმა. მართლა ძალიან ლამაზი კბილები ჰქონდა. ნიკუშას შეაჟრჟოლა.
– თქვენც ხომ არ მოსწევთ?
– მერსი. მე მარტო სიგარას ვეწევი.
– რა თქმა უნდა, თქვენ ხომ გრაფი ხართ. რით დავიმსახურე თქვენი მაღალი ყურადღება მე, უბრალო მოკვდავმა?
– გეტყვი. აქ ელენეს გამო ვარ. დასამალი რა არის, იმას უნდოდა და მეც ჩამოვედი.
– ოო, ესე იგი, კურიერი ხართ, ბატონო გრაფო, ძალიან გამიცრუეთ იმედი! არ მეგონა, არისტოკრატებიც თუ მუშაობდნენ ხელის ბიჭებად.
ჟანს ღიმილი არ მოსცილებია, ისევ ისე იჯდა და მშვიდი, ნათელი სახით შესცქეროდა ნიკუშას, რომელსაც სულ უფრო ეტყობოდა მღელვარება.
– მე ვიცოდი, რომ ჩვენი შეხვედრა მარტივი არ იქნებოდა, ამიტომ შესაბამისად მოვემზადე. ასე ადვილად არ დავთმობ.
– მართლა? ესე იგი, „მან“ გითხრა, რომ მე აუტანელი ვარ?
ჟანი არ გაბრაზებულა, როგორც ამას ნიკუშა ელოდა. მისმა აგდებული ტონით ნათქვამმა სიტყვებმა ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც ჰქონდა. გაღიზიანებულმა ნიკუშამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა:
– კიდევ რა იცით ჩემ შესახებ?
– ოო, რაღაც-რაღაცეები ნამდვილად ვიცი.
– მაგალითად?
– მაგალითად ის, რომ ინგლისურს და ფრანგულს ხუთი წლიდან გასწავლიდნენ, ცოტა ესპანურიც უნდა იცოდე.
– ვიცოდი, მაგრამ დამავიწყდა. რას იზამ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, – ხელები გაშალა ნიკუშამ, – „სე ლა ვი“, ბატონო გრაფო, „სე ლა ვი“...
– ტყუილად გგონია, რომ მოთმინებიდან გამომიყვან. ნუ გექნება იმის იმედი, რომ წამოვხტები და გავიქცევი. საკმაოდ დიდი გზა გამოვიარე იმისთვის, რომ აქედან ხელცარიელი არ წავიდე.
– ჰმ, მაინც რა გგონიათ, რომ თქვენ კანფეტს დამანახვებთ და მეც ტკბილეულზე გაგიჟებული ბავშვივით უკან გამოგეკიდებით? სულ ტყუილად. მე ტკბილი არ მიყვარს.
– გავიგე, – თავი დაუქნია ჟანმა, – მაგრამ მე არსად მეჩქარება. ნერვებიც წესრიგში მაქვს. ასე რომ, რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს დავრჩები.
ნიკუშამ იგრძნო, რომ სტუმრის ოლიმპიური სიმშვიდე აცოფებდა და მალე, ალბათ, აყვირდებოდა, მაგრამ ძალიან არ უნდოდა, ჟანს მისი სისუსტე დაენახა. ამიტომ ისევ ირონიას მიმართა:
– მაშინ, იქნებ, სასტუმროდან აქ გადმობარგდეთ? ერთ ჭერქვეშ რომ ვიქნებით და ერთი და იმავე ჰაერით ვისუნთქებთ, იქნებ, უფრო მალე გავამართლო თქვენი იმედები.
– არაჩვეულებრივი აზრია, – ჟანმა მოწიწებით დაუქნია თავი, – მე მინდოდა, მეთხოვა, მასპინძლობა გაგეწია, თუმცა, არ ვიცოდი, როგორ. გმადლობ, რომ საჭირო სიტყვების მოძებნას ამარიდე, ახლავე დავრეკავ სასტუმროში და ვთხოვ, ჩემი ბარგი აქ მოიტანონ, მერე კი სადმე წავიდეთ, ვივახშმოთ.
ნიკუშა ჭარხალივით გაწითლდა. მიხვდა, ბრძოლას აგებდა. მაგრამ კაპიტულაციამდე კიდევ სცადა გადამწყვეტი დარტყმის მიყენება და აკრძალულ ხერხს მიმართა:
– გასაგებია, რომ გიყვართ, მაგრამ დამიჯერეთ, „ის“ ასეთ მსხვერპლს არ იმსახურებს. არ ღირს იმად, რომ თქვენისთანა ღირსეულმა მამაკაცმა თავი დაიმციროს. სულერთია, მაინც არ დაგინახავთ და, თუ მოუნდება, პირველივე შემხვედრზე გაგცვლით.
ჟანმა წარბშეუხრელად მოისმინა ბოღმითა და გესლით სავსე სიტყვები, მერე ადგა, ნიკუშასთან მივიდა და მოულოდნელად სილა გააწნა. ნიკუშა გაშრა.
– ეს ჩემი მეუღლის შეურაცხყოფისთვის, – თქვა მშვიდად მან, – ახლა კი ჭკუას დაგარიგებ.
– თქვენ... შენ... მე... – ნიკუშა იმ დაბნეულ ბიჭს ჰგავდა, რომელიც მამამ ცუდი საქციელის გამო გაასილაქა.
– ჰო, გაგარტყი. ოღონდ, არ მითხრა, რომ ამის უფლება არ მქონდა. შენ მამაკაცი ხარ და უნდა გესმოდეს, რომ სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავი. ის სიტყვები, რაც თქვი, მაფიქრებინებს, რომ დედაშენს საერთოდ არ იცნობ. ცუდია, რომ რაღაც გაუგებარმა მიზეზმა ამდენი ბოღმა დაგიგროვა. საშინელებაა ბოღმით ცხოვრება. პატიებით, უპირველესად, საკუთარ თავს ანიჭებ ბედნიერებას. ეს შენთვის არის აუცილებელი და არა იმისთვის, ვისაც პატიობ.
ნიკუშას ჯერ ისევ ლოყაზე ედო ხელისგული და ისე უსმენდა. ეს კაცი ნელ-ნელა სულ უფრო მოსწონდა. გულის სიღრმეში ისიც აღიარა, რომ სილა დამსახურებულად მიიღო, მაგრამ სიჯიუტემ ამისი ხმამაღლა თქმის საშუალება არ მისცა.
ჟანმა გაუღიმა. საფულიდან სასტუმროს სავიზიტო ბარათი ამოიღო და ოთახი მოათვალიერა.
– ტელეფონი სად არის? უნდა დავრეკო.
ნიკუშას წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გაუქრა და ხელით ტელეფონის აპარატზე ანიშნა.
– სანამ დავრეკავ, შენ ჩაიცვი. ძალიან მშია. ტაქსიც გამოვიძახოთ და რესტორანში წავიდეთ. ფრანგებს ბევრის ატანა შეუძლიათ, მაგრამ შიმშილის – არა და სიყვარულის გარეშეც ვერც ერთი ჭეშმარიტი ფრანგი დიდხანს ვერ გაძლებს.
ნიკუშა აღარ შეკამათებია. უსიტყვოდ შებრუნდა და საძინებელში შევიდა. ჟანმა მობილურზე ნომერი აკრიფა.
– როგორ ხარ, საყვარელო? არა, სასტუმროში არ ვარ, შენს სახლში მოვედი. აქ არის. დიახ, ყველაფერი კარგად არის! აქ არის, რა თქმა უნდა! ხომ იცი, რომ არასდროს ვიტყუები. ძვირფასო, ვიცი, რასაც ვაკეთებ და გპირდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან კარგად. მალე ისევ დაგირეკავ. ახლა მე და ნიკოლოზი სავახშმოდ მივდივართ... – ჟანმა ხმამაღლა გაიცინა, – მინდა გითხრა, რომ შენი შვილი ძალიან მომწონს...
***
შვილთან უსიამოვნო საუბრის შემდეგ ზურაბს სულ მოეშხამა გუნება. შუბლშეკრული, ბურტყუნ-ბურტყუნით დადიოდა ოთახებში და ცოლს ზედ არ უყურებდა. დიანას ერთხელაც არ გამოუჩენია ინიციატივა, გამოლაპარაკებოდა ქმარს. თავისთვის, ჩუმად აკეთებდა საქმეს. ზურაბმა შვილთან რამდენჯერმე სცადა დარეკვა, მაგრამ თინიკო არ პასუხობდა. გაცოფებულმა ჯავრი ისევ ცოლზე იყარა:
– არ შეგიძლია, ყურადღება მომაქციო? ხომ ხედავ, ვნერვიულობ! თუ, ფეხებზე გკიდია, მე რას განვიცდი?
ქალმა მშვიდი სახით გადადო თეფში და ქმარს შეხედა:
– შენ ნერვიულობ? რაზე?
– ფეხსაცმელი მიჭერს!.. შენ ან გიჟი ხარ, ან სულელი, ან რაღაც სერიოზული უბედურება გჭირს. შემომხედე, ქალო! ბრმა ხარ? არ იცი, რაზე ვნერვიულობ?
– არა, – დიანას სახეზე ერთი ნაკვთი არ შერხევია.
– შენმა შვილმა შეურაცხყოფა რომ მომაყენა და გამლანძღა, ახლა რომ ტელეფონს არ ეკარება, იმიტომ რომ, იცის, მე ვურეკავ, ვერც ამას ხვდები?
– თინიკოს შენთვის არაფერი დაუშავებია. თვითონ გადარიე ბავშვი, თუ სიმართლე გინდა.
ზურაბი წამოჭარხლდა. სახე ლაქებით აუჭრელდა და მუშტი გამეტებით დაჰკრა მაგიდის გაპრიალებულ ზედაპირს.
– არ მეშინია შენი, ასე რომ, დამშვიდდი. მუშტებით რომ ვერაფერს მიაღწევ, ესეც მშვენივრად მოგეხსენება. ვერც თვალების ბრიალით გახდები რამეს. ამ ოთახში არ არის ადამიანი, რომელსაც შენ წინაშე რამე ბრალი შეიძლება მიუძღოდეს. გესმის?! ვერც თინიკო, ვერც მე და, შენ წარმოიდგინე, ვერც ლევანი, ვერაფერს დავაშავებთ ისეთს, რომ ათჯერ უარესი თავად არ გქონდეს გაკეთებული. ჩუმად რომ ვარ, არ ნიშნავს იმას, რომ ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის და, საერთოდაც, დებილი ვარ. ბოროტად ნუ ისარგებლებ ჩემი მოთმინებითა და სიმშვიდით. გინდ გაფრთხილებად მიიღე, გინდ – მუქარად, მაგრამ, თუ ერთხელ კიდევ გაბედავ, ჩვენთან ხმა ამოიღო, საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ. ემოციების გადმოფრქვევას კი ბაღში გირჩევ. გაბრძანდი და, თუ გინდა, ფილტვების დახეთქვამდე იღრიალე, – ამ სიტყვებით დიანა შებრუნდა და მშვიდად განაგრძო გარეცხილი ხილის თეფშზე დალაგება. ზურაბი გაოგნებული შესცქეროდა ცოლს. ოცდათხუთმეტწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში პირველად ხედავდა ასეთს. ქალის სიტყვებში იმდენი სუსხი იყო, რომ შეეშინდა. შებრუნდა და ბაღში გავიდა.
***
ვახომ რამდენჯერმე დააპირა ნიკუშასთვის დაერეკა, მაგრამ ხან ბუღალტერმა ჰკითხა რაღაც, ხან ოფიციანტებს გამოელაპარაკა და გადაავიწყდა. მაშინღა გაახსენდა, როცა კაფეში შებოდიალებულ გოგიჩას მოჰკრა თვალი.
– ამას რაღა უნდა აქ! ნანიკო, მიდი, რა, მიხედე იმ კაცს. თუ შია, აჭამე. ფულს თუ გთხოვს, ოცი ლარის მეტი არ მისცე და გაისტუმრე! – დაავალა ოფიციანტ გოგონას და დააპირა, თავის კაბინეტში ისე შეპარულიყო, რომ გოგიჩას არ დაენახა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. გოგიჩა შემობრუნდა, ვიტრინის მიღმა მისი მასიური ფიგურა დაინახა და ხმამაღლა დაუძახა:
– ვახო, ძმა! ეიი, საქმეზე მოვედი!
ვახომ ამოიოხრა და დარბაზში გავიდა.
– გოგიჩ, აქ რას აკეთებ, ფული გჭირდება? – ჰკითხა ნაძალადევი ღიმილით და ჯიბეზე გაიკრა ხელი, საფულის ამოსაღებად.
– ფული ვის არ სჭირდება, ტო... – გაიკრიჭა გოგიჩა, – მაგრამ მაგისთვის არ მოვსულვარ. ნიკუშას გამო მოგაკითხე.
– ნიკუშამ გამოგგზავნა? თვითონ რატომ არ მობრძანდა? სად გდია, მთელი დღე. გამოთვრა და სძინავს თუ ისევ პახმელიის რეციდივმა შემოუტია?
– არა, ტო... არ დაულევია.
– აბა, მოწია?
– ეე, რა მოწია... როდის იყო, ეწეოდა... მოიცადე, რა... მათქმევინე... მგონი, რაღაც უჭირს.
– ნიკუშას?
– აბა, ჩემს გასაჭირს შენ ვერ უშველი, – ხელი ჩაიქნია გოგიჩამ, – შენ რა მიუხვედრელი ყოფილხარ, ტო... ნიკუშასთან უნდა წამოხვიდე. მგონი, შენი დახმარება სჭირდება.
– რა ეტაკა?
– ვიღაც ტიპი ჰყავს სახლში.
– რაა? ვინ ტიპი? – ვახო აშკარად უყურადღებოდ უსმენდა გოგიჩას ლაპარაკს.
– ვერ გაიგე? ტიპი მოვიდა, სად ცხოვრობსო, გვკითხა ბიჭებს და მერე, პირდაპირ თავზე არ დაგვადგა?! მაგარი ნასტირნი ვინმე ჩანს, თანაც ინაზემნია.
– ინაზემნი რაღა უბედურებაა? – ვახო მიხვდა, რომ ნიკუშას თავს მართლა რაღაცა ხდებოდა.
– ნუ, ზაგრანიჩნი, რა!.. ნიკუშას სახეზე რომ შევხედე, ეგრევე მივხვდი, რო არ ესიამოვნა. წამოდი, რა, არ იჩხუბოს! ისედაც რამდენიმე დღეა, იზმენებშია. პატრული და ვიდეოიანი პოლიციელები უნდა კიდევ? ეგრევე ტელევიზორში გამოაჭენებენ. ეგენი, ხო იცი, სუნით იგებენ ასეთ რაღაცეებს.
– მოიცა, ეეე... რას გაუტიე! გაჩუმდი და საშუალება მომეცი, ვიფიქრო. რაღაც კარგად ვერ გავიგე. ნიკუშას უცხოელი სტუმარი ჰყავს? კაცია თუ ქალი?
– ჰო. ქალს ხომ არ სცემს, ტო... კაცია. წამო, რა, თუ მოდიხარ!
– მოვდივარ... ღმერთო, ჩემი გაჩენილი მაინც იყოს ეგ ოხერი, რომ ვთქვა, ვალდებული ვარ და უნდა მოვუარო-მეთქი, – ვახომ ქურთუკს მოჰკიდა ხელი, – დათოსაც დავურეკავ. თუ ეგ ის ტიპია, ვისაც მე ვფიქრობ, მისი დახმარება დამჭირდება.
– ალო, დათო ხარ? არაფერი მკითხო. ახლავე ადექი და ნიკუშასთან წამოდი, ოღონდ მალე! არა, ბიჭო, რა დალევის პონტი, სერიოზული საქმეა! მალე! – ვახომ მობილური ჯიბეში ჩატენა, – ოხ, ნიკუშ, ნიკუშ... თუ ახლაც გაჯიუტდები, საკუთარი ხელით მიგახრჩობ...
***
აუზის წყალი ჩვეულებრივზე ცივი მოეჩვენა, მაგრამ ესიამოვნა. მთელი სხეული უხურდა. რამდენჯერმე მაგრად მოუსვა მკლავი და ჩაყვინთა. წყლის ქვეშ გამეფებული სიჩუმე ესიამოვნა. თვალები გაახილა. საკუთარი სხეული სხვანაირი მოეჩვენა, თითქოს გამჭვირვალე და უცებ გული დასწყდა დაკარგული, მოლოდინში გატარებული წლების გამო... მოგვიანებით, როცა აუზის კაფეში იჯდა და ყავას სვამდა, იხსენებდა ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ცხოვრებაში გადადგა და ცდილობდა, მიმხვდარიყო, სად დაუშვა შეცდომა... მექანიკურად აიღო ხელში მობილური და დარეკა...
***
... ლევანი სამთავრობო სხდომაზე შესასვლელად ემზადებოდა, როცა მისი მობილური აწკრიალდა. ისე, რომ ეკრანისთვის არ დაუხედავს, მდივან ქალს გაუწოდა და უთხრა:
– თუ ჩემი ცოლია, უთხარი, რომ არ მცალია და დღეს დამაგვიანდება.
ქალმა მობილური გამოართვა. ლევანმა ფეხი აითრია.
– დიახ. არა, ბატონი ლევანი არ გახლავთ. შეგიძლიათ, მე მითხრათ და გადავცემ. არა, ქალბატონო... მალე ვერ გათავისუფლდება...
ლევანი მიხვდა, თინიკო რომ არ ურეკავდა და მდივანს მობილური თითქმის წაგლიჯა ხელიდან.
– ჰო, მე ვარ, ლევანი ვარ. რა?! მერე აგიხსნი. ჩემი ნახვა გინდა? რა კარგია, მეც მინდოდა შენი ნახვა, მაგრამ ჯერ არ მცალია. ჰო, სახლში გამოგივლი... აუცილებლად...
ლევანი სტვენით გავიდა კაბინეტიდან. მდივანმა გაოცებული მზერა გააყოლა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში