კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14-52(574)

 

თემო პაპავა ზარმა გააღვიძა. ჯერ ეგონა, მაღვიძარა რეკავდა, მაგრამ, ოდნავ გამოფხიზლებულმა მობილურის განათებული ეკრანი რომ დაინახა, მიხვდა, ვიღაც ურეკავდა. ზანტად დასწვდა ტელეფონს და ყურთან მიიტანა:

– რომელი საათია? დევი, არ მითხრა, რომ სამმართველოში ხანძარია, თორემ, გავაფრენ. მინდოდა, ერთი საათით მეტი დამეძინა. რა? შეუძლებელია. მოიცა, საათს ვნახავ. მჯერა, მაგრამ, წარმოუდგენელია, ასე დამძინებოდა. წამოვალ, მაქსიმუმ ორმოც წუთში. ჰო, კარგი, კარგი. მერე ვილაპარაკოთ, ახლა არაფერი მესმის, არც ერთი სიტყვა, – პაპავამ მობილური საწოლზე მიაგდო და ნახევრად თვალდახუჭული სააბაზანოსკენ გაემართა.

კაბინეტში შესვლა ძლივს მოასწრო, რომ ტელეფონის ზარი ფეხდაფეხ მოჰყვა. „რა დათარსული დღეა, ეს ახვლედიანი იქნება. კიდევ დიდი ხანია არ შევუწუხებივარ...” – გაიფიქრა თემომ და ყურმილი აიღო.

– რა გინდა, დევი... აქ ვარ, ჰო. ახვლედიანი მეგონე და... საოცარი კაცი ხარ და საოცრად მიშლი ზოგჯერ ნერვებს. მაშინ, რაღას მირეკავ, ამოდი პირდაპირ და დამელაპარაკე. ეგ შენი მნიშვნელოვანი ამბავიც დროზე მომიყევი, თორემ, გატყობ, არ გასვენებს. სანამ კაბინეტში შემოხვალ, გზად ბუფეტში შეიარე და რამე წამომიღე, შიმშილით ვკვდები. ყავაც არ მაწყენდა.

დევიმ ლანგარი მაგიდაზე დადგა და ხელები მოისრისა:

– ძნელი ყოფილა ოფიციანტობა, ხომ იცი! ძალიან ვეცადე, რომ ყავა არ დამქცეოდა. ახვლედიანი უკვე ნახე?

– არა, რა იყო? ხომ არ მიბარებდა, ბიჭო? რამ დამაძინა თერთმეტ საათამდე, ვერაფრით ვხვდები. რა უნდოდა? აუ, გადარეული იქნება!

– მე მარტო ის გკითხე, ახვლედიანი ნახე თუ არა-მეთქი.

– მერე? მეც ხომ გიპასუხე არა-მეთქი.

– პრინციპში, როგორ ნახავდი, როცა აქ არ არის?

– სად არ არის? მითხარი, სული ნუ ამომხადე. თავის კაბინეტში არ არის?

– საერთოდ არ არის. მდივანმა მითხრა, საქმიანი მივლინებით რამდენიმე დღით ლონდონში წავიდაო. თუკი, რა თქმა უნდა, მართლა წავიდა და ეს კვალის ასარევად და სამსახურში არმოსვლის რეალური მიზეზის დასაფარავად არ სჭირდება ერთი ჩვენი საერთო ნაცნობივით.

– დევი, შენ რაღაც ძალიან ურევ. საერთოდ, გეძინა?

– პრინციპში, თითქმის არ მეძინა, მაგრამ, ამას არა აქვს მნიშვნელობა. სერიოზული სიახლეები მაქვს.

– ჰოო?! პათანატომიაში?

– არა, გვამებთან ყველაფერი გაცილებით მარტივია, არ იტყუებიან მაინც. აი, ცოცხლები კი... თითქმის ყველა ცრუობს – ზოგი ნებით, ზოგი უნებლიეთ. ზოგი კი, საერთოდ გაუგებარია, რისთვის.

– დაჯექი ერთი მანდ... – თემომ ყავა ბოლომდე დალია და ცარიელი ჭიქა სანაგვე ურნაში მოისროლა. – აბა, მოყევი...

–  ვფიქრობ, საიდან დავიწყო, გუშინ მარიკა სახლიდან წამოვიდა და ჩემთან მოვიდა.

– მოიცა, ჩვენს მარიკას გულისხმობ, ჩემს თანაშემწეს და სერიოზულად ამბობ ამას?

– ქმრისგან წამოვიდა. – განაგრძო დევიმ. ისე მშვიდად, თითქოს მისი შეკითხვები არ გაუგონია, – მარიკას ნერვებმა უმტყუნა და ამაში გასაოცარი არაფერია. როცა შენ თვალწინ ვიღაც თავს იკლავს, ფანჯრიდან ხტება და დაყვირებასაც კი ვერ ასწრებ, მით უმეტეს, რომ ეს „ვიღაც” შენი მეგობარიც არის, შეუძლებელია, ღამე მშვიდად დაიძინო.

– რა სისულელეს მიხსნი! მე არ ვიცი, როგორი ემოცია შეიძლებოდა ჰქონოდა მარიკას? მაგრამ ქმრისგან წამოსვლა ამასთან რა შუაშია?

– მარიკამ იფიქრა და, ვინ იცის, იქნებ, სრულიად ლოგიკურადაც კი, რომ ნიკას ფეხდაფეხ დაჰყვება უბედურება.

– დევი, არ მითხრა, რომ შენ ამ აბსურდის გჯერა: მართლა გგონია, რომ ბნელი ძალები არსებობენ? კარგი რა, სისულელეა! მიზეზი აშკარად სხვაა და მარიკა არ გეუბნება.

– მიზეზი აქვს და სრულიად ბუნებრივიც. გაიხსენე, სამ საკმაოდ უცნაურ ამბავში ფიგურირებს მისი სახელი. წყნეთში მკვლელობა მოხდა თუ თვითმკვლელობა, ფაქტია, იმ დროს, იმ მონაკვეთში, ნიკა თუ არა, მისი ავტომობილი ნამდვილად წყნეთში იყო.

– ავტომობილსაც ხომ არ ადანაშაულებ? – გაეღიმა თემოს.

– გატყობ, კარგ გუნებაზე უნდა იყო. იქნებ, ფიქრობ, რომ მარიკას ემოციებმა გული ამიჩვილა? გეთანხმები, მშვიდად ნამდვილად ვერ მოვუსმინე; მეტსაც გეტყვი: კარი რომ გავაღე და ჩანთააკიდებული დავინახე, ძალიან ვინერვიულე. თანაც, ისეთი შეშინებული და შეშფოთებული იყო...

– კარგია, რომ შენთან მოვიდა, – დაუფიქრებლად ჩაილაპარაკა თემომ. 

– ჰო, მაგაში ნამდვილად გაგვიმართლა – ხელები მოიფშვნიტა დევიმ, – ვერ ხვდები, რატომ?! მარიკა ქმრის სახლიდან მშობლებთან რომ მისულიყო, თითქმის დარწმუნებული ვარ, უკან მიბრუნებაში ხელს არ შეუწყობდნენ. როგორც ეს მე გავაკეთე. ისე ვურჩიე მარიკას, აღარც შემკამათებია და, ნიკამ რომ დარეკა, უკვე მზად იყო მასთან დასაბრუნებლად.

– კი მაგრამ, ვერ დააცადე, გადაწყვეტილება თვითონვე მიეღო? რატომ ჩაერიე მის საქმეში? ჭკუის დარიგებასავით გამომდის, მაგრამ, ეგეთი რამეები შარია, დამიჯერე. ამაზე ამბობდი, მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს სათქმელიო?

– რა გინდა, ახვლედიანი ხომ  წასულია, შეგიძლია, მშვიდად დამეხმარო.

– რაში უნდა დაგეხმარო?

– მაგ ბიჭის ამბავი უნდა გავარკვიოთ.

– მოიცა, მოიცა, მარიკასა და მისი ქმრის ურთიერთობაში გინდა ჩამრიო? ბავშვები თუ სახლობანას თამაშობენ, ეს ჩვენი საქმე არ არის.

– თემო, მართლა ვერ მიხვდი, რა პრობლემაა? საქმე მარტო მარიკას ეჭვებში არ არის. მე კიდევ ვიცი რაღაც, რაც ჩემს ეჭვს აძლიერებს.

– მერე?

– მერე, არ გაინტერესებს, რა ვიცი?

– ველოდები, როდის მეტყვი.

– რასაც ვფიქრობდი, სიმართლე აღმოჩნდა. ნიკას დედა, ქალბატონი ია ლომიძე, რომელიც, მისი ვაჟიშვილის თქმით, ხშირი მივლინებების მოყვარულია, თავისი ბოლო მივლინების დროს, არსადაც არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, დაჯავშნილი ბილეთი ნამდვილად არ აუღია.

– რა თქვი? შენ ეგ საიდან იცი?

– ავიაკომპანიაში დავრეკე და ვიკითხე. მისმა მდივანმა წინდაუხედაობა რომ გამოიჩინა და გითხრა, ბილეთი სად და როდის დაჯავშნა, მე ეს ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენე... ჩვენს სასარგებლოდ.

– კარგი, დავუშვათ, არსად არ გაფრენილა. მერე რა? ეს დანაშაულია? მით უმეტეს, ჩვენი საქმე არ არის.

– სწორედაც რომ ჩვენი საქმეა. ის იტყუება, შვილსაც ატყუებს და, საერთოდაც, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს.

– შეიძლება, – დაეთანხმა დევი.

– და, არ უნდა, რომ ნიკამ გაიგოს – ესეც ბუნებრივია.

– შეიძლება... – ისევ დაეთანხმა დევი და ირონიულად ჩაიცინა. თემო დაეჭვდა.

– აბა, მოყევი, რა ხდება?

– მოკლედ გეტყვი: მაგ ქალში რაღაც არ მომწონს, რაღაც მაძლევს ეჭვის საფუძველს. ქმარი დიდი ხნის წინ დაკარგა, ერთადერთი ვაჟიშვილი მარტომ გაზარდა და საკუთარი თავი მას მიუძღვნა, კიდევ – საყვარელ საქმეს. ერთი სიტყვით, მე არ მჯერა.

– შეიძლება, არც მე მჯერა, მაგრამ, ეს ჩვენი საქმე არ არის. შვილი ჰყავს და მათი პრობლემაა, მოატყუებენ ერთმანეთს თუ არა.

– ნუ დაგავიწყდება წყნეთის გზაზე ნიკას მანქანის შემჩნევის ამბავი. სხვათა შორის, ნიკა ამტკიცებდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ აღმოჩნდა ავტომობილი წყნეთის გზაზე.

– ჰო, მერე?

– თემო, დღეს ძალიან არ მომწონხარ, – შეჭმუხნა შუბლი ექსპერტმა, – მომისმინე, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება; როგორმე უნდა დავადგინოთ, წყნეთში ჩილაჩავამ თავი რომ მოიკლა, ეს ქალი, მაშინაც მივლინებაში ხომ არ ბრძანდებოდა.

– თუ ამით იმის დამტკიცება გინდა, რომ, შესაძლებელია, ჩილაჩავა მისი საყვარელი ყოფილიყო, ახლავე ჩაგიყრი წყალში მთელ შენ დედუქციურ აბდაუბდას: იმ ამბის მერე ბრძანდებოდა ქალბატონი ია იმ მივლინებაში, როცა ბილეთები დაჯავშნა და არ აიღო. ასე რომ...

– მაშინ, რატომ მიხვედი მასთან კლინიკაში, რისი გაგება გინდოდა?

თემო შეყოყმანდა.

– ჰა, მიდი, რას ორჭოფობ? – შეაგულიანა დევიმ.

– მართლა გინდა, რომ გითხრა? – თემო აშკარად ვერ იღებდა გადაწყვეტილებას.

დევიმ ეს იგრძნო და ხელები გაშალა:

– როგორც გინდა, ისე მოიქცე მაგრამ, რატომღაც, მჯეროდა, რომ ერთი გუნდი ვიყავით და ერთ საქმეს ვაკეთებდით.

– ასეც არის. უბრალოდ, ჩემი ვარაუდის გარდა ჯერ არაფერი მაქვს, მაგრამ, მაინც გეტყვი... მოკლედ, ვიფიქრე, ხომ შეიძლება, ეს ია აქეზებდეს ძალადობის მსხვერპლს დანაშაულის ჩადენისკენ-მეთქი... აბა, დაფიქრდი. ნათია დეისაძეც მკურნალობდა მასთან; ახლა კიდევ – ეს... ბარში მომხდარ მკვლელობას ვგულისხმობ.

– ჰო, მაგრამ ჯერ ერთი, რომ შენ არ გჯეროდა დეისაძის ბრალეულობა; მეორეც – დროის ფაქტორს არ ითვალისწინებ.

– რომელ დროის ფაქტორს?

– დეისაძემ მკვლელობა მკურნალობიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ჩაიდინა, წლების შემდეგ, როცა თითქმის აღარც ახსოვდა თავად ძალადობის ფაქტი.

– ასეთი რაღაც ქალს არასდროს ავიწყდება, – ჩაილაპარაკა თემომ.

– არ გამოვრიცხავ, მაგრამ, მეეჭვება. თუ ლომიძე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს თავის პაციენტებზე და მათში შურისძიების სურვილს აღვიძებს, დეისაძემ ქმედება აშკარად ძალიან დააგვიანა.

– მეორე შემთხვევა? თან, გაიხსენე, ზუსტად ამ დროს ის ეგრეთ წოდებულ მივლინებაში იყო.

დევიმ თავი გააქნია:

– არასწორი გზით მიდიხარ, ამით ვერაფერს დაამტკიცებ. ისე, თუ ეს რამეში გამოგადგება, გეტყვი: გახსოვს, სუნამოებზე რომ გელაპარაკებოდი? ბარში მოკლულ მამაკაცს სუნამოს სუნი ჰქონდა და, კიდევ, მის ერთ ორგანოზე პომადის კვალიც  აღმოვაჩინე. ძალიან პატარა და თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ, დაბეჯითებით შემიძლია გითხრა, რომ მკვლელი ქალი იყო – ამაში ეჭვი აღარ მეპარება.

თემომ დაუსტვინა და ამოიოხრა:

– და, ისევ ვერაფერს დავამტკიცებთ... მოჯადოებული წრესავით არის.

– გააჩნია, რისი დამტკიცება გვინდა. უნდა ვიმუშავოთ.

– რომელი მიმართულებით?

– ყველა მიმართულებით, თემოს ვენაცვალე, ყველა მიმართულებით. ახლა მიხვდი, რატომ ვურჩიე მარიკას ქმართან დაბრუნება?

– მარიკას გამოყენებას აპირებ ამ საქმეში?

– ჯერ ერთი, ბრძოლაში ყველა საშუალება კარგია; მეორეც – მარიკა თავად არის დაინტერესებული სიმართლის გარკვევით.

თემო დაფიქრდა და რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა, სივრცეს მიშტერებული, რაღაცას აანალიზებდა და წონიდა.

– ჩვენ კიდევ გვყავს მეორე ქალი, – თქვა ბოლოს მძიმედ, სიტყვების შერჩევით, – რა მოხდა იმ ორ მეგობარსა და ელჩის ქალიშვილს შორის? რამ უბიძგა იმ უბედურს ჯერ მკვლელობისკენ, მერე კი სუიციდისკენ? ეს ყველაფერი გასარკვევია. ფაქტია, რომ ამასაც რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს ბარში მომხდარ მკვლელობასთან.

– ანუ, შურისძიების მოტივი გამორიცხე?

– არა, რატომ გამოვრიცხე? შენ ხომ მითხარი, ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთო,  ჰოდა, ჩამოგითვალე მიმართულებები. სამი შესაძლო ვერსიიდან ერთი, ყველაზე არგუმენტირებული უნდა ამოვირჩიოთ და ლოგიკურ დასასრულამდეც მივალთ.

– რომელი? – თვალები მოჭუტა დევიმ, – შენ უკვე გექნება ამორჩეული.

– არა, ჯერჯერობით სამივეს თანაბრად აქვს არსებობის უფლება. ახლა სად არის მარიკა?

– ხომ გითხარი, ნიკასთან შევარიგე-მეთქი. დილით ჩემთან მოაკითხა და წაიყვანა. ეტყობა, არკვევენ ურთიერთობას და სამსახურშიც ამიტომ დააგვიანა. არ დაურეკეო, ვაცადოთ... ისე, ნიკას კი არა, მგონი, დედამისს უნდა მივუჩინოთ მეთვალყურე. კარგი იქნებოდა, იმავეს გაკეთება ელჩის ქალიშვილზეც შეგვეძლოს, მაგრამ, ხელები მაქვს შეკრული.

– ახვლედიანის აქ არყოფნით ხომ არ ისარგებლებდი?

დევის ოდნავ გაეღიმა:

– შენ რა, მართლა ხომ არ გგონია, ეს აკრძალვა ახვლედიანის ახირებაა? არა, ჩემო კარგო, ზუსტად ვიცი, წყალი სათავიდან რომ იმღვრევა, მაგრამ, რა გინდა, რომ?! საავადმყოფოში დავრეკავ, გავაფრთხილებ. პაციენტი როგორც კი გონზე მოვა, გამაგებინე, უნდა დავკითხო...

მარიკა მთელი გზა ცდილობდა, არ შეეხედა ნიკასთვის, მაგრამ, ეს ადვილი არ აღმოჩნდა – ბიჭი, ყველაფერს აკეთებდა მისი ყურადღების მისაპყრობად, თუმცა, აშკარა გამოლაპარაკებას ან მოფერებას ვერ ბედავდა. მარიკასთვისაც არ იყო ადვილი ურთიერთობის ძველ რეჟიმში განახლება, მაგრამ, რადგან გადაწყვეტილება შერიგების სასარგებლოდ მიიღო, ახლა თავისთვის ძალაც უნდა დაეტანებინა და ისე მოქცეულიყო, რომ ნიკას მის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვოდა.

– მოდი, ამ ამბავს ნუღარასოდეს გავიხსენებთ, კარგი? – თქვა უცებ ნიკამ, ისე, რომ მარიკასკენ არ გამოუხედავს, – ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ უფრო მომთმენი უნდა ვყოფილიყავი შენ მიმართ. მე კი ეგოისტი და ჭირვეული ბავშვივით ვიქცეოდი, მარტო საკუთარ თავზე ვფიქრობდი.

– მე არ გეჩხუბები, ნიკა. რადგან მოგყვები, ესე იგი, ვხვდები, რომ ჩვენი ერთად ყოფნა გაცილებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, მოდი, ამაზე საერთოდ ნუღარ ვილაპარაკებთ.

ნიკამ ამოიოხრა:

– ჰო, მაგრამ, როცა გიყურებ... მარიკა, ძალიან გთხოვ, მითხარი, მართლა ურჩხული გგონივარ?

– არ გინდა-მეთქი, ხომ გთხოვე? რას ნიშნავს, ურჩხული მგონიხარ? რა თქმა უნდა, არა. ძალიან ვიყავი გაღიზიანებული და ნერვებმა მიმტყუნა, შენ რა შუაში ხარ.

– მეც ვინერვიულე. შემეცოდა. როგორ ვერ მოვასწარი, ხელი მეტაცა მისთვის.

– ნუღარ ვილაპარაკებთ-მეთქი ამაზე, – მარიკამ ძალა მოიკრიბა და ქმარს თვალებში შეხედა. ბიჭის მზერაში სინანული დაინახა და მოეჩვენა, რომ ეს სინანული გულწრფელი იყო. „იქნებ, სულ ტყუილუბრალოდ ვადანაშაულებ იმაში, რაშიც თავადაც არ ვარ დარწმუნებული? იქნებ, ყველაფერი მართლა მხოლოდ დამთხვევაა და ჩემმა დაღლილმა, გაღიზიანებულმა წარმოსახვამ გაამუქა სიტუაცია? ბოლოს და ბოლოს, ამ ბოლო შემთხვევისას, ნიკა მე მახლდა. თან, საერთოდ არ იცნობდა ზვიადს, ენცოს – მით უმეტეს. უნდა დავმშვიდდე. დევი მართალია. თუ არ დავმშვიდდები, თუ ემოციების გარეშე არ ვიფიქრებ და ვიმსჯელებ, შეცდომას შეცდომაზე დავუშვებ. რა დამემართა, სად არის ჩემი გაწონასწორებული და მშვიდი ხასიათი? თუ ეს სიყვარულის ბრალია, მაშინ, კიდევ უფრო მეტი წინდახედულება მმართებს – სიყვარულიც უნდა გადავარჩინო, ნიკაც და საკუთარი თავიც“... – მარიკამ თვალები მაგრად დახუჭა, შეიჭმუხნა და გაახილა. საჭეზე ხელებჩაფრენილი ნიკა მას უყურებდა.

– გზას უყურე, არაფერს დავეჯახოთ.

– მოვედით უკვე, – თქვა ნიკამ – შენ, ალბათ, ახლა ტანსაცმელს გამოიცვლი და სამსახურში გაიქცევი.

– არსად არ ვაპირებ წასვლას. დევი ეტყვის თემოს, რომ დღეს სამსახურში არ მივალ.

ნიკამ ტუჩები ისე ააცმაცუნა, აშკარად აპირებდა რაღაცის თქმას და ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა, თუ არა.

– მითხარი, რა გაწუხებს, – წყნარად თქვა მარიკამ. – არ მინდა, ისევ დაიბოღმო.

– მე არ ვიბოღმები. ამას ნუ ამბობ, ძალიან გთხოვ. შენ არ იცი, როგორ ვინერვიულე, სანამ მობილურზე მიპასუხებდი. ეს რამდენიმე საათი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი... მარიკა, მარი... შენ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

მარიკამ არ უპასუხა. ნიკა აწრიალდა:

– რატომ არაფერს მეუბნები? აღარ გიყვარვარ, ხომ?

– მე ეგ არ მითქვამს.

– არ გითქვამს, მაგრამ...

– ხომ გთხოვე, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ-მეთქი. ვითომ არაფერი ყოფილა.

ნიკამ თავი გააქნია:

– ასე არ გამოვა. „არც არაფერი ყოფილა” – ჩვენს შემთხვევაში არ გამოვა. სათქმელი უნდა ითქვას, თორემ, ვერც შენ მოისვენებ და ვერც მე. მართლა ძალიან ვინერვიულე. დევისთან რატომ წახვედი?

მარიკას ჩაეცინა:

– ესე იგი, შენი მთავარი პრობლემა ის არის, მე დევისთან რატომ წავედი? გერჩივნა, პირდაპირ დედაჩემთან გავქცეულიყავი? შენთვის უფრო კომფორტული ჩემი მშობლებისთვის ახსნა-განმარტების მიცემა იქნებოდა? იქნებ, გგონია, ასე მარტივად იქნებოდა ყველაფერი?

– შენ ეს წინასწარ გაითვალისწინე? – ნიკა გაფითრდა და თვალები ჩაუწითლდა, – მარიკა, როცა მიდიოდი, ამაზე იფიქრე?

– დავუშვათ, ვიფიქრე, მერე რა?! – კითხვა შეუბრუნა გოგომ, – შენთვის ამას რამე მნიშვნელობა აქვს?

– თუ მართლა იფიქრე, ესე იგი, ჩემგან წასვლა არ გქონდა გადაწყვეტილი? 

მარიკამ თავი დახარა:

– ნიკა, ჩემი თხოვნა შენთვის არაფერს ნიშნავს? ძალიან დავიღალე და მოვრჩეთ, კარგი?

– ჰო, რა თქმა უნდა. შენ ჩემგან წასვლა არ გინდოდა... წახვედი, მაგრამ, მხოლოდ ჩემს გასაბრაზებლად, რომ დაგესაჯე და ჭკუა გესწავლებინა ჩემთვის... – დაუსრულებლად იმეორებდა ნიკა. მერე გახარებულმა მარიკას ხელები მოხვია და მკერდზე მიიხუტა, – შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ... სიგიჟემდე მიყვარხარ, მართლა ვერ ვიცოცხლებ უშენოდ. გინდა, დღეს გავისეირნოთ, კინოში წავიდეთ. კაფეში დავსხდეთ? რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ:

– დათოს დაურეკე, – სთხოვა მარიკამ.

ნიკას აღფრთოვანება სადღაც გაქრა!

– დათო რად გინდა, დათო რა შუაშია?

– რაღაც საქმე მაქვს. შენ ვარჯიშზე არ მიდიხარ?

– არა, დღეს მეც არსად წავალ. დათოს კი დავურეკავ. – უხალისოდ ჩაილაპარაკა ბიჭმა.

– დედაშენმა, ალბათ, გაიგო.

– ჰო, ადრე მოვედი, რომ საღამო თქვენთან ერთად გამეტარებინაო.

– აჰა, კიდევ ერთი პრობლემა – დედამთილიც გამინაწყენებია, – ჩაილაპარაკა დაუფარავი ირონიით მარიკამ.

– სხვათა შორის, ის შენს მხარეზე იყო. სუნამოც ჩამოგიტანა მივლინებიდან, – პატარა ბავშვივით მოაწონა ნიკამ დედა.

– მადლობის მეტი რა მეთქმის. ახლაც, ალბათ, გველოდება, რომ შერიგება მოგვილოცოს.

– სამსახურში იქნება უკვე. შენთან რომ მოვდიოდი, წასასვლელად ემზადებოდა. დედაჩემს ერთი სიტყვაც არ უთქვამს შენ წინააღმდეგ.

– მაგაზე არც ვლაპარაკობ.

– მარიკა, – ნიკამ თვალებში შეხედა გოგოს, – მარიკა, მითხარი, გიყვარვარ?

***

თემო ბოლთას სცემდა პატარა ოთახში და ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს. პატიმართან შეხვედრა რომ მოინდომა, ზუსტად იცოდა, რაზე მოდიოდა. დევის ვერსიებმა მოსვენება დაუკარგა, ახვლედიანის არყოფნითაც ისარგებლა და იჩქარა. ქალი არ ჰგავდა დათრგუნულსა და დეპრესიაში მყოფს.

– როგორ გაგახსენდით, ბატონო გამომძიებელო? არ დავმალავ, ძალიან გამიკვირდა.

– სიგარეტი და ყავა მოგიტანეთ, – თქვა თემომ და დაჯდა. ქალმა გაიცინა: 

– ვერ დავიჯერებ, რომ ჩემთვის სიგარეტისა და ყავის მოსატანად შეიწუხეთ თავი, აქ მოსვლით.  თქვენი მოთმინებით ბოროტად არ ვისარგებლებ.

– ჰო, საქმეზე მოვედი.

– რაო, ისევ გჯერათ, რომ უდანაშაულო ვარ? – ქალმა სიგარეტის კოლოფებს დახედა, – ძალიან დახარჯულხართ, ბატონო გამომძიებელო, ეტყობა, რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაქვთ ჩემგან მისაღები. ახლავე გაგაფრთხილებთ, რომ ახალს ვერაფერს გეტყვით. მით უმეტეს, იმ საქმის შესახებ, რისთვისაც ახლა აქ ვზივარ. სერგი ბერაძე ჩემთვის ბედისწერად იქცა, მაგრამ, ხომ ხედავთ, როგორ მშვიდად ვარ – შევეგუე ჩემს მდგომარეობას და იმიტომ.

– ქალბატონო ნათია, მე მაქვს რაღაც შანსი, რომ ამ საქმეში ახალი გარემოებები გამოჩნდეს და მაშინ თქვენი სასჯელის ზომაც შეიცვლება – გაცილებით შემოკლდება ის ვადა, რომელიც აქ უნდა გაატაროთ.

ქალმა გულგრილად აიჩეჩა მხრები.

– ჩემი არ გჯერათ? – ჰკითხა თემომ.

– საქმე ეგ არ არის. უბრალოდ, აღარ მაინტერესებს.

– როგორ?

– როგორ და ისე, აღარ მაინტერესებს. მე შევეგუე ჩემს მდგომარეობას და აღარ მინდა, რამე შეიცვალოს. ოღონდ, მართლა დავიღალე, აქ კი ვისვენებ – საამისოდ კარგი პირობებია.

– ერთ კითხვაზე მინდოდა თქვენგან პასუხი მიმეღო, – ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა თემომ და ასადგომად წამოიწია, – კარგი, თუ ჩემთან სასაუბროდ განწყობილი არ ხართ, მე წავალ...

– არც კი ვიცი, რა ვქნა, – დაიწყო ქალმა – საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ვარ. თავს თითქოს დავალებულად ვგრძნობ თქვენთან. ამიტომ ვიცი, წახვალთ და სინდისი შემაწუხებს.

– არა უშავს, მე მესმის თქვენი, დაიმშვიდეთ სინდისი, – გაუღიმა თემომ.

– არა, აჯობებს მკითხოთ, რა გაინტერესებთ, – გადაჭრით თქვა ქალმა.

– მაშინ, პირობაც უნდა მომცეთ, რომ გულწრფელი იქნებით.

– ოჰო, ეს უკვე ულტიმატუმია! ჯერ ითხოვთ ერთს და მაშინვე მიყენებთ მეორე პირობასაც... კარგი, ვიქნები გულახდილი.

თემომ ქალს სიგარეტის კოლოფზე ანიშნა:

– შეიძლება, ხომ? 

თანხმობა რომ მიიღო, სწრაფად მოუკიდა და დაიწყო.

– იმ ექიმზე უნდა გკითხოთ, ია ლომიძეზე. თქვენ მასთან მკურნალობის კურსი გაიარეთ? თუ გახსოვთ, ძირითადად რაზე გელაპარაკებოდათ?

– ჩვეულებრივი საუბრები იყო ჩემს ცხოვრებაზე, ინტერესებზე. აინტერესებდა, რა გეგმები მქონდა მანამდე, სანამ ბერაძე გამოჩნდებოდა ჩემი ცხოვრების გზაზე.

– ხომ არ ჰქონია თქვენში აგრესიის გაღვიძების მცდელობა?

– რა?!

– აგრესიის გაღვივების მცდელობა ხომ არ ჰქონია-მეთქი. შეეცადეთ, გაიხსენოთ, როგორ გრძნობდით თავს ქალბატონ იასთან საუბრის შემდეგ?

– ძალიან კარგად, არაჩვეულებრივად. ყველა ტკივილი და პრობლემა მავიწყდებოდა და იმედით, საკუთარი თავის რწმენით ვივსებოდი.

იმედგაცრუებულმა თემომ ამოიოხრა:

– მართალი გითხრათ, არ მეგონა, რომ ამას მეტყოდით.

– რატომ? მე პირობა შევასრულე და გულწრფელი ვიყავი. ქალბატონი იას მადლობელი ვარ, მაშინ ძალიან დამეხმარა. ანუ, მაშინვე რომ არ ავიღე ხელში ნებისმიერი ბასრი ნივთი და ბერიძე სიცოცხლეს არ გამოვასალმე, მხოლოდ ქალბატონი იას დიდი მცდელობისა და მასთან საუბრების შედეგია.

– თუმცა, ეს მერე გააკეთეთ, – წამოსცდა პაპავას უნებლიეთ. ნათია დეისაძეს სახე გაუქვავდა.

– კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო გამომძიებელო. გაარკვიეთ, რაც გინდოდათ? მეტად ნუღად შეწუხდებით – სიგარეტის მოწევას თავი დავანებე, ყავა კი აქაც საკმარისი გვაქვს.

მთელი გზა, სამმართველომდე, თემო საკუთარ თავს უწყრებოდა. ნამდვილად არ უნდოდა დეისაძის გაღიზიანება. ნათქვამი ცუდად გამოუვიდა – იმას არ გულისხმობდა, რაც ქალმა გაიგონა და თავისებურად აღიქვა. მაგრამ, უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა. კაბინეტში გაბრაზებული შევიდა და მაშინვე დევის დაურეკა:

– ამოდი, ერთი ჩემთან. რას ნიშნავს, ერთ საათში გეცლება, სხვა რა საქმე გაქვს ამის გარდა? არ დამვიწყებია, მაგრამ, მანდ სხვებიც არიან. კარგი, კარგი... მაშინ, მე ახლა საავადმყოფოში წავალ. რაღაც, არ დაურეკავთ და ამდენ ხანს გონზე როგორ ვერ მოვიდა? ვიყავი, არაფერი. ყოველ შემთხვევაში, იმის სრულიად საპირისპირო რაღაც, რაც ჩვენ ვივარაუდეთ. ეგ უკვე აღარ ვიცი, სიცრუის დეტექტორზე არ გამისინჯავს. შენი აზრით, მშვიდად ვიქნები? ჰო, კარგი, ვეცდები, დავწყნარდე. მაშინვე წამოდი, როგორც კი გათავისუფლდები. 

– ბატონო თემო, მიბარებდით? – კაბინეტში გაღიმებული ვახო შემოვიდა.

პაპავამ მობილური გამეტებით დაახეთქა მაგიდაზე.

– ლელაძე, ერთი გამახსენე, შენ სად მუშაობ?

– ისა... – დაიბნა ვახო, – თქვენთან ვმუშაობ, ბატონო თემო. განსაკუთრებული და მძიმე დანაშაულის...

– სახელწოდებას არ გეკითხები. მაინც ვერ იტყვი სწორად და ენას ნუღარ იღრძობ. ყოველ წუთში უნდა გეძებდე და კაბინეტში უნდა გიბარებდე? პატაკის წერა არ გასწავლეს? ისიც არავის უთქვამს, რა სიტუაციაში უნდა დაწერო? განცხადების დაწერასაც ვერ მოახერხებ? არადა, აშკარად ვატყობ, რომ დაგჭირდება.

– ვაიმე, ბატონო თემო, ოღონდ ნუ მეჩხუბებით, რა. ძალიან გთხოვთ. რაც დამავალეთ, იმას ვაკეთებდი. შევწუხდი იმ ბარში ჯდომით. გგონიათ, სასიამოვნო იყო?! დამაწყდა ნერვები, თქვენ კი ერთხელაც არ დაგირეკავთ და არანაირი მითითება არ მოგიციათ...

 – ბიჭო, აბა, რას გეუბნები, უნდა მოსულიყავი და პატაკი უნდა დაგეწერა. მაგრამ, შენ ყოველ ნაბიჯზე უნდა გდიო უკან და გამოწმო პატარა ბავშვივით!

– ბატონო თემო...

– არ გინდა, ახლა წუწუნის მოსმენის გუნებაზე ნამდვილად არ ვარ, მით უმეტეს – შენი წუწუნის. უნდა წავიდეთ.

– პატაკი, ბატონო თემურ? ახლა ვაპირებდი, დამეწერა.

– შენ მე ჭკუიდან შემშლი! რა დროს პატაკია, მერე დაწერე! იყო რამე საინტერესო და უჩვეულო იმ ბარში?

ვახომ ყოყმანით გადააქნია თავი:

– პრინციპში, ისეთი არაფერი, სრული სიმშვიდე იყო, არაფერი განსაკუთრებული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ის ბარმენი და ოფიციანტი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

პაპავამ მაგიდას დასცხო ხელი:

– ლელაძე, მაგით უნდა დაგეწყო! მიზეზიც ხომ არ იცი?

– არა, ბატონო თემო... ვეღარ გავიკითხე, თან არავის არაფერი უთქვამს. რომ ვეღარ დავინახე, ვიკითხე და მითხრეს, აქ აღარ მუშაობენო.

– და მე ახლა ვივარაუდო თუ კარტზე ვიმკითხაო, რა და როგორ? ეჰ, ლელაძე, ლელაძე!.. კიდევ ორი კაცი მაინც უნდა გამომეყოლებინა უკან, ხომ? თურმე ისე შენი საქმეზე გაშვება არ შეიძლება!

– რატომ, ბატონო თემო, რაც დამავალეთ, ხომ გავაკეთე... თქვენ სულ ასე იცით, სულ მსაყვედურობთ.

– ნუ წუწუნებ-მეთქი, რა! წამოდი, წამოდი, გამომადგები რამეში. აი, ბარმენისა და ოფიციანტის სამსახურიდან გაშვების ამბავი კი აუცილებლად უნდა გავარკვიოთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3