კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ახალმოსულიშვილი

ახალმოსულიშვილი თავისი მნიშვნელობით, იგივეა, რაც ახალკაცი. 

ანალოგიური მნიშვნელობისაა გვარი ახალბედაშვილიც. ამ გვარის წარმომადგენლების წინაპართა გადმოცემით, მესხეთიდან გადმოსახლებულია ვინმე მაისურაძე. როგორც ახალმოსახლისთვის, მისთვის ახალბედაშვილი უწოდებიათ.

საქართველოში 470 ახალმოსულიშვილი ცხოვრობს: თელავში – 236, გურჯაანში – 116, თბილისში – 50. არიან სხვაგანაც.

ჟორდანიძე

გვარი წარმოშობილია თურქული სიტყვისგან ჟორდანი, რაც ფულის შესანახ ჭიქას ნიშნავს. სავარაუდოდ, გვარს საფუძველი, სწორედ ამ ჭიქის ხელოსნიდან ჩაეყარა.

არსებობს მოსაზრება, რომ გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჟორდანი, რომელიც ევროპაში იყო გავრცელებული. საქართველოში კი უცხოეთიდან შემოდიოდა საკუთარი სახელები, ვრცელდებოდა და მერე მათგან გვარებიც წარმოიქმნა.

ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ზემო ჯოჯოში გვხვდება გვარი ჟორდანიძე, ხოლო ქობულეთის რაიონში, ჩაქვში და გვარაში დასახლებულმა ჟორდანიძეებმა გვარი შეიცვალეს და ჟორდანიად ჩაეწერნენ.

აჭარაში, ჟორდანიებს ჰქონდათ მეორე გვარი გოჩაძე. როგორც ირკვევა, გვარის შეცვლა ნოე ჟორდანიას ევროპაში გადახვეწის შემდეგ, შიშის ფაქტორმა განაპირობა.

ასე რომ, ჟორდანიძე, ჟორდანია და გოჩაძე ერთი და იგივე გვარია.

საქართველოში 86 ჟორდანიძე ცხოვრობს: ბათუმში – 26, ზუგდიდში – 21, ქობულეთში – 19. არიან სხვაგანაც.

ქავთარაშვილი – ქავთარიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქავთარა. ქავთარ სპარსული სიტყვაა და მტრედს ნიშნავს.

ამავე ძირისაა გვარები ქავთარაშვილი და ქავთარაძე.

ქავთარაშვილების ერთი შტო ბარათაშვილებიდან მომდინარეობს.

„ქავთარაშვილის მანუჩარის ქალი მარიამი, 1721 წელს, აღწერით, ნაქურდევში ყიდის ერთ საკომლოს.”

საქართველოში 600 ქავთარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 478, ყაზბეგში – 50, თბილისში – 32. არიან სხვაგანაც.

ქოქოსაძე

გვარის ფუძეა მეტსახელი ქოქია.

ამავე ძირისაა გვარი ქოქიაშვილი.

გვართან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა არსებობს: ვიღაც მისიონერმა ინდოეთიდან ჩამოიტანა ქოქოსის პალმა და აქედან გაჩნდა მეტსახელი ქოქოსა. შემდეგ კი ის საფუძვლად დაედო ქოქოსაშვილთა გვარს.

მეორე მოსაზრებით კი, ძველად მესხეთში არსებობდა პროფესია ქოქოსი, რაც არხების გამყვანს და ჭაობის ამომშრობს ნიშნავს. აქედან გაჩნდა გვარი ქოქოსაძე.

ამ გვარის წარმომადგენლების ვარაუდით, მეორე მოსაზრება მეტად მისაღებია და ამბობენ, რომ ქოქოსაძე და ქოქოსაშვილი ხელობა-საქმიანობისგან მიმდინარეობს.

საქართველოში 408 ქოქოსაძე ცხოვრობს: თბილისში – 159, ამბროლაურში – 50, ტყიბულში – 38. არიან სხვაგანაც.

ტაველაშვილი – ტაველიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტავა, რომლის კნინობითი ფორმაა ტაველა.

1882 წელს, სოფელ ფარცხისში მცხოვრებმა მიხეილ ტაველაშვილმა შვილი მოუნათლა ვინმე გრიგოლს.

ამავე ძირისაა გვარები: ტაველიშვილი, ტაველიძე, ტაველური.

საქართველოში 184 ტაველიშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 71, თბილისში – 59, გურჯაანში – 35. არიან სხვაგანაც.

21 – ტაველაშვილი,

50 – ტაველიძე,

28 – ტაველური.

შაქარაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შაქარა. ამ სახელის ქართული ვარიანტია შაქრო. არ არის გამორიცხული, გვარი შაქარაშვილი ამ სახელისგან დამოუკიდებლადაც იყოს გაჩენილი.

ისტორიულ საბუთებში ვკითხულობთ: „გოგია და სხვა შაქარაშვილების მიერ ზაზა და სხვა ჩივაძეებისადმი გაცემულია ვენახის ნასყიდობის წიგნი.”

საქართველოში 1 102 შაქარაშვილი ცხოვრობს: თბილისში 484, კასპში – 173, საგარეჯოში – 169. არიან სხვაგანაც.

ნამორაძე – ნამურაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნამორა.

„მარაბდელმა თამაზა ნამორაძემ იქორწინა პირველითა ქორწინებითა თბილისის მცხოვრებ დოდიაშვილის ქალთან, ბარბარესთან. გვირგვინი აკურთხა მღვდელმა სვიმონ გურგენიძემ. თავსმდებნი იყვნენ თავადი ივანე ბარათოვი, ივანე იშხნელი.”

ამავე ძირისაა გვარი ნამურაძე.

საქართველოში 292 ნამორაძე ცხოვრობს: თბილისში – 211, დუშეთში – 24, ახმეტაში – 13. არიან სხვაგანაც.

64 – ნამურაძე.

ანტონაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ანტონი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად მეომარს, მეთაურს, წინამძღოლს ნიშნავს.

1873 წელს, სოფელ ვაშლოვანში, მოიხსენიებიან ანტონ ანტონაშვილი და მისი შვილები.

საქართველოში 26 ანტონაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 14, საგარეჯოში – 8, მცხეთაში – 4.

აბუაშვილი

აბუ ერქვა შუმერთა ნაყოფიერების ღმერთს. უშნუნაში იდგა დიდი ტაძარი, რომლის იატაკის სიღრმეში ნაპოვნი 60 თიხის ფიგურა დღეს ბაღდადის მუზეუმის საგანძურია. მათ შორისაა ხელოვნების უნიკალური ძეგლი, 27 სანტიმეტრი სიმაღლის მარმარილოს ღმერთთან მლოცველი მამაკაცი. ქვის წვეროსანი აბუ ძველი წელთაღრიცხვის 2700-2500 წლებშია შექმნილი.

ქართულ ვარიანტში აბუ საკუთარი სახელია.

ქალაქ ვარციხეში მოიხსენიება აბუ ჯანიაშვილი.

აბუდან მომდინარეობს საკუთარი სახელი აბო. აბო ტფილელის გაქრისტიანებამდე აბო არაბული სახელი იყო. შემდგომში ის ქართულმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა და ქართულ კალენდარულ სახელებში შეიტანა. აბოს კნინობითი ფორმებია: ამბონ, აბრო, აბუა.

ყაზარა, შანაზარა და ზადიკა აბუაშვილები მოიხსენიებიან 1721 წლის ისტორიული აღწერების მასალებში.

საქართველოში 1 373 აბუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 693, მცხეთაში – 211, კასპში – 163. არიან სხვაგანაც.

სარიკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სარიკა.

სარეკი ურმის თვლების წინ ხელნებზე ქვემოდან გარდიგარდმო მიკრული ლატანია, რომელიც დაღმართში ხარებს უკნიდან ედება და ურემს აჩერებს.

1721 წელს, მუხათში მოიხსენიება ევანეზა სარიკაშვილი.

საქართველოში 1 279 სარიკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 336, ოზურგეთში – 251, ლანჩხუთში – 225. არიან სხვაგანაც.

ნარეკლიშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ნარეკალი.

ნაწილაკი ნარ, როგორც პირველი კომპონენტი გვხვდება ბევრ გვარში, მაგალითად, ნარაიძე, ნართიშვილი ნარიმანაშვილი, ნარიმანიძე, ნარიმანია, ნარიტიშვილი, ნაროზაული, ნარსაძე, ნარუსლიშვილი და ასე შემდეგ.

„მარაბდაში მცხოვრებმა აბრამა ნარეკლიშვილმა იქორწინა იქვე მცხოვრებ სეხნია იმერლიშვილის ქალზე, მაიაზე, გვირგვინი აკურთხა მღვდელმა აბრამ ხუროშვილმა.”

საქართველოში 378 ნარეკლიშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 88, საგარეჯოში – 77, თბილისში – 74. არიან სხვაგანაც.

ბერიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერია.

სოფელ ქისტაურის მკვიდრთაგან ძირად მთიელებად მიიჩნევენ თავს ბერიაშვილები.

მანგლელის ყმად მანგლისში, 1721 წელს, მოიხსენიება შერმაზანა ბერიაშვილი.

საქართველოში 2 929 ბერიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 052, კასპში – 453, სიღნაღში – 377. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3