რატომ არის აუცილებელი ეკონომია ახალ ავტომობილებში
ჩვენს საუკუნეში ავტომობილების წარმოება მის, ასე ვთქვათ, რობოტიზაციაზე გადავიდა. სხვადასხვა მწარმოებელი ცდილობს, შექმნას ავტომობილი, რომელსაც ბენზინი, დიზელი ან ელექტროენერგია კი არა, წყალიც აღარ დასჭირდება. თუმცა, ჩვეულებრივ მოდელებზეც ბევრს ფიქრობენ და აუმჯობესებენ. რის მიხედვით იქმნება თანამედროვე ავტომობილები, ამაზე პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე ისაუბრებს::
– როგორ და რა იდეით მუშაობენ ავტომწარმოებლები, როდესაც ამა თუ იმ ავტომობილს ქმნიან. იშვიათი შემთხვევის გარდა, ერთადერთი იდეაა – როგორ გაიყიდება ის მოდელი. ყველაფერი მაინც იქით მიდის, რომ ახალგამოგონილი იქნება ეს ავტომობილი თუ ძველი მოდელის ახალი ვერსია, როგორმე უნდა გაიყიდოს. თუმცა, რიგ შემთხვევაში, ისიც ხდება, რომ უბრალოდ ფირმის პრესტიჟი არ უნდა შეილახოს. ანუ, კონკრეტულ ფირმას, ბრენდს კონკრეტული მიმართულება, განხრა აქვს, რაშიც მუშაობს და აქედან გადახვევა მისი პრესტიჟისა თუ ავტორიტეტის სერიოზული შელახვა იქნებოდა. ის ცდილობს, რაღაცაში ეს „მაგრობა” ბოლომდე შეინარჩუნოს, თუნდაც გარკვეული კომპრომისის ხარჯზე. ანუ, ნაკლები მოგება ნახოს, მაგრამ დონე შეინარჩუნოს. ყოველ შემთხვევაში, როგორც ვთქვით, ძირითადი მიზანი მაინც გაყიდვაა. ზოგი ბრენდი, ფასს იმით აგდებს, რომ თავისი ნაწილებით სხვა მოდელებს აწყობს. მაგალითად, ჩვენთან რომ კორეული ტაქსები დადის, „პეჟოს” ძრავიანია. ამით „პეჟომ” ასე ვთქვათ, იაფიანი ხაზი შექმნა. იგივე იყო „მერსედესისა” და „სანგიონგის” შემთხვევაში, რომელმაც ჩვენთან ვერ გაამართლა.
– რა მოთხოვნილებები აქვს თანამედროვე ადამიანს, რაზეც ავტომობილების გათვლა ხდება? რა უნდა მას მანქანისგან?
– მოთხოვნის მიხედვით, ავტომობილში იცვლება დიზაინი, სიმძლავრე. დღესდღეობით გათვლა მაინც დიზაინზეა. ეს სწორედ ის მხარეა, რომელსაც თანამედროვე ადამიანი ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა, არის სპეციალური ავტომობილები, აუცილებლად რომ სჭირდება კარგი გამავლობა. მაგრამ, ძირითად შემთხვევაში, ადამიანს სწორედ დიზაინი და კომფორტი იზიდავს. ვთქვათ, ავიღოთ, სუპერთანამედროვედ შესრულებული ავტომობილი, მაგრამ შიგნით ვჯდებით და კომფორტი არ არის, სავარძლები, სარკეები და მსგავსი დეტალები არასწორად, არაკომფორტულადაა განლაგებული. ისეთი შეგრძნება გრჩება, თითქოს სამუშაოები დასრულებული ჯერ არ არის. ასეთ რაღაცას თანამედროვე ადამიანი არ გაპატიებს. ამიტომ, ავტომწარმოებლები ცდილობენ, არც ერთი ელემენტარული დეტალი არ გამოეპაროთ, რაც არამიმზიდველად შეიძლება, გამოიყურებოდეს. ამასთანავე, თუ ვთქვათ, ადრე მომხმარებელი ერთი კონკრეტული მიზნით ყიდულობდა ავტომობილს, იყო ეს ლამაზი დიზაინი, სიმძლავრე, გამავლობა, სისწრაფე. ახლა, მისთვის ყველა ეს სეგმენტი მნიშვნელოვანია, ყველაფერს კომპლექსურად ითხოვს. თუმცა, არა მაინცდამაინც უმაღლეს დონეზე. ანუ, უმეტეს შემთხვევებში, ავტომობილს ყველაფერი უნდა ჰქონდეს. ამასთანავე, მწარმოებლების მხრიდან მაინც რჩება ძველი მიდგომები. ხშირად იქმნება მოდელები, რომლებზეც იტყვი, რა საყვარელიაო, ანუ ის ქალ მომხმარებელზეა გათვლილი. არის ძალიან აგრესიული მოდელები, რომელიც ახალგაზრდა ბიჭებზეა გათვლილი და სხვა. ამ ყოველივეს, რა თქმა უნდა, კომფორტი ერთვის. სუპერთანამედროვე მოდელებს ძალიან ბევრი ელექტრომოწყობილობა აქვს, ისევ და ისევ, მომხმარებლისგან გამომდინარე. ჩვენ გვინდა, რომ ავტომობილი ყველაფერს „თვითონ” აკეთებდეს. უამრავი ღილაკი და გადამრთველია თანამედროვე ავტომობილებში, რომელთა დანიშნულებაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრმა არც იცის. მაგრამ, სამაგიეროდ ამით კარგია „მარიაჟობა”. ჩემი მანქანა თითის ანაბეჭდზე იღება და სხვა (იცინის). კიდევ ერთი, თანამედროვე ავტომობილებში პლასტმასის ძალიან ბევრი დეტალია. დღესდღეობით სრულიად საავტომობილო სამყარო გადართულია იმაზე, რომ რაც შეიძლება, ეკონომიური მანქანები შექმნან. იქმნება მანქანები, რომლებიც მუშაობს წყალზე, ელექტროსისტემებით და სხვა. მომავალი სწორედ ასეთი ავტომობილებისაა. მაგრამ, მთელი მსოფლიო მას, ასე ერთი ხელის მოსმით ვერ აიტაცებს. ეკოლოგიაზე მეტად ჯერჯერობით ხალხი მაინც იმაზე ფიქრობს, გამოცდილი მოდელი შეიძინოს, რომელზეც იცის, რომ მივა, საწვავს ჩაასხამს, შემდეგ „პროფილაქტიკას” მიაკითხავს და უცებ შეუკეთებენ.
– თბილისში უკვე დადის ისეთი ავტომობილები, როგორიცაა: „ლამბორჯინი” „გალადრო”, „მაზერატი” ან „ბეემვე ემ 6-ია”.
– კი, მაგრამ მსგავსი ავტომობილები ჩვენთან ყოველთვის თითზე ჩამოსათვლელი იქნება, რადგან საქართველოში მათი სერვისი შეუძლებელია. პატრონს ასეთი მანქანა შესაკეთებლად თურქეთში მიჰყავს, ან ნაწილებს უკვეთავენ. მათი სადიაგნოსტიკო აპარატურა იმდენად ძვირად ღირებულია, რომ არ უღირთ სამი-ოთხი ავტომობილისთვის მისი ჩამოტანა. თუ რა ტექნოლოგიებით არის შექმნილი და რა სუპერთანამედროვე დეტალებისგან შედგება უახლესი ავტომობილები, ამაზე შემდეგ ნომერში ვისაუბროთ.