რატომ უნდა მოვრთოთ ბინები შობას ბაძგის ფოთლებით და როგორ ვაყვავილოთ უხვად ამ დღესასწაულზე ეუფორბია
შობა მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, ამ დროს ყველა ქვეყანა განსაკუთრებულად ემზადება. როგორც ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკისგან, ბატონ ამირან ბიწაძისგან გავარკვიეთ, ამ დღესასწაულზე სხვადასხვა ქვეყანაში არანაკლებ მნიშვნელოვანი ყოფილა მცენარეებით ბინის მორთვა შობის დღესასწაულზე. თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ ამ მცენარეებს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო ამირან, რატომ მოიხსენიება ბაძგი საშობაო მცენარედ და რა მნიშვნელობა აქვს შობის დღეებში ბინაში მისი ყვავილის არსებობას?
– ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ბაძგი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის საახალწლო დეკორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ევროპაში ამ მცენარეს დიდი საახალწლო დატვირთვა აქვს და შობის დღესასწაულზე თითქმის ყველა ბინას ალამაზებს ბაძგის გვირგვინი.
– რატომ მაინცდამაინც ბაძგი და არა სხვა მცენარე?
– ამ მცენარის შესახებ საკმაოდ საინტერესო ისტორიები და ლეგენდებია. უძველესი დროიდან ის მისტიკურ მცენარედ მიაჩნდათ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
რომაელებში ეს მცენარე მოიაზრებოდა როგორც ბედნიერებისა და ჯანმრთელობის სიმბოლო. ამიტომ, შობის დღესასწაულზე ისინი სტუმარს სწორედ ამ მცენარეს უძღვნიდნენ.
არანაკლებ პოპულარულია ის ირლანდიელებში, რომლებიც, ეკლიანი ფოთლებისა და წითელი ნაყოფის გამო მას რელიგიას უკავშირებენ და შობის დღესასწაულზე ამ მცენარის არსებობას აუცილებელ პირობად მიიჩნევენ.
ქრისტიანობაში ბაძგის ფოთოლი ტანჯვას განასახიერებს, ხოლო ნაყოფი – სისხლს. ამიტომაც, ზოგიერთი ბაძგს „ქრისტესსისხლას” სახელწოდებით იცნობს. არის ვარაუდი, რომ იესო ქრისტე სწორედ ბაძგისგან დამზადებულ ჯვარზე გააკრეს და ამიტომაა ის რელიგიაში ჯვარცმისა და შობის სიმბოლო.
ინგლისელები ეკლიან ბაძგს მამრად აღიქვამენ, ხოლო უეკლოს – მდედრად. შობის დღესასწაულზე მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომელი მათგანი იქნება ბინაში. სწორედ ბაძგის ჯიში (მამრი ან მდედრი) განაპირობებს შემდგომ მათ ოჯახში, რომელი იქნება დომინანტი – ქალი თუ კაცი.
– საქართველოში თუა გავრცელებული ეს მცენარე და კიდევ რას გვეტყვით მის შესახებ?
– მცენარეს, რომელსაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ევროპაში და საშობაო დღესასწაულის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ მოიხსენიებენ, საქართველოში ძალიან მრავლადაა, თუმცა, ჩვენთან შობის დღეებში ბინის ამ მცენარით მორთვის ტრადიცია ნაკლებადაა. მას სხვადასხვა სახელწოდებით იცნობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: ბაძგარა, ბარცხელი, წყორი.
ბაძგი მარადმწვანე მცენარეა და ის მარადიული სიცოცხლისა და აღორძინების სიმბოლოდაც მოიხსენიება. ბაძგის ეგზოტიკური სახეობის უმრავლესობა სწორედ ჩვენთანაა მოშენებული. ცნობილია პარაგვაული ბაძგი, რომლის ფოთლებისგანაც მზადდება ჩაი.
ბაძგის მარადმწვანე სახეობები დეკორატიულია. მის მაგარ მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში, მას რგავენ ცოცხალ ღობეებად. ამ მცენარის ფოთოლი, ნაყოფი და ქერქი გამოიყენება მედიცინასა და კულინარიაში. მისი სახეობების უმრავლესობა მდიდარია სხვადასხვა ვიტამინით.
– რაც შეეხება მოვლის პირობებს?
– ეს მცენარე უპრეტენზიოა, ჩვეულებრივი მოვლის პირობებშიც საკმაოდ კარგად გრძნობს თავს. ზამთარ-ზაფხულ უნდა იყოს გარეთ და მზის ქვეშ. მას უყვარს ძალზე რბილი ნიადაგი და კარგი დრენაჟი.
– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე?
– ზაფხულში მორწყეთ რეგულარულად, ხოლო ზამთრის სეზონზე, ახლა, საერთოდ არ დაასხათ წყალი. როგორც უკვე გითხარით, ის საკმაოდ იოლად გასაზრდელი მცენარეა, ემორჩილება გასხვლასაც და, შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი ფორმაც შეურჩიოთ.
– კიდევ რომელი მცენარე მოიაზრება შობის სიმბოლოდ?
– მეოცე საუკუნიდან საკმაოდ პოპულარული გახდა ეუფორბია. მას ჯერ კიდევ აცტეკები იყენებდნენ როგორც სამკურნალო მცენარეს. ეს მცენარე მექსიკელებმა აღმოაჩინეს და ისინი იმდენად მოიხიბლნენ შობის დღესასწაულზე გაშლილი ლამაზი ყვავილებით, რომ მას შემდეგ შობის ყვავილად აღიარეს. მას „წმინდა ღამის ყვავილს“ უწოდებენ.
სახელწოდება „ეუფორბია“ იმ ექიმის სახელის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც პირველმა შეისწავლა მისი სამკურნალო თვისებები.
– როგორ მოვუაროთ ამ მცენარეს ახლა და იოლია თუ არა მისი გაზრდა ოთახის პირობებში?
– ახლა მცენარე სითბოსა და სიმშრალეში ამყოფეთ. ზრდის ყველა ეტაპზე სასურველია იდგეს კაშკაშა, გაბნეულ შუქზე. გაითვალისწინეთ, მწველი მზე მის ფოთლებს ვნებს.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ეუფორბია?
– მისთვის იდეალურია ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ორპირ ქარში ნუ ამყოფებთ, რადგან ეს ცუდად იმოქმედებს მის სიჯანსაღეზე.
– რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოვრწყათ მცენარე?
– თუ გსურთ, რომ მცენარემ გაზაფხულზე ზრდა განაახლოს, აუცილებლად უხვად მორწყეთ, მხოლოდ ზამთრის დასრულებისთანავე. დაელოდეთ, სანამ ფოთლები მოიწყენს, შემდეგ კი თამამად დაუსხით წყალი. გირჩევთ, მორწყათ ორ კვირაში ერთხელ, გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთრის დასრულებისთანავე მცენარეს მიწა გამოუცვალეთ და იმავე ქოთანში დატოვეთ. გახსოვდეთ, მისი წყალში ჩადგმა და დატოვება არ შეიძლება.
– სწრაფად მზარდი მცენარეა ეუფორბია?
– ეს მცენარე სწრაფად ნამდვილად არ იზრდება, პირიქით, ის საკმაოდ ნელა მზარდია, თუმცა, იმდენად ლამაზია, რომ ლოდინი ნამდვილად ღირს. მისი ყვავილები საკმაოდ გვიან ამოდის.
– როგორ დავაჩქაროთ მისი ყვავილობა და როგორ მოვუაროთ, რომ მცენარემ უხვად იყვავილოს?
– ოქტომბრიდან მცენარე სიბნელეში ამყოფეთ. თუ ის დიდი ხნით იქნება სრულ სიბნელეში, მას ყვავილები მალე ამოუვა.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ საშობაო მცენარეების გახარებისას?
– ორივე მცენარე შხამიანია, თუმცა, ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ ისინი საშობაო მცენარებად იწოდებოდნენ. გაითვალისწინეთ, თუ ბინაში გაქვთ ეს მცენარეები, გირჩევთ უბრალოდ მოარიდოთ ბავშვებს. და, მაინც, ბაძგიც და ეუფორბიაც, ბედნიერებისა და სიხარულის სიმბოლოებია.