როგორ მოკლა ქმარმა ცოლის შანტაჟისტი საყვარელი
ცოლის საყვარლის მკვლელობისთვის ზაურ მოსულიშვილი ციხეში 12 წელს გაატარებს. 38 წლის ახალგაზრდა კაცისთვის ციხის სამყარო უცხო არ ყოფილა – წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის იყო ნასამართლევი, მაგრამ ამჯერად გისოსებს მიღმა ხანგრძლივად მოუწევს ყოფნა. არადა, მიუხედავად მძიმე დანაშაულისა, შეიძლება ითქვას, რომ მოსულიშვილი მკვლელობაში ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე.
ზაურ მოსულიშვილმა თანასოფლელ თინათინზე სიყვარულით იქორწინა. წვრილმანი დანაშაულებისთვის ახალგაზრდა კაცი უკვე ორჯერ იყო ნასამართლევი, მაგრამ სიყვარულმა გადაწონა, თინათინი მას ცოლად მაინც გაჰყვა, მალე შვილიც შეეძინათ და სოფელში მშვიდად ცხოვრობდნენ. თუმცა, ქალი მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, როდესაც მისი ქმარი მორიგი ქურდობისთვის დააკავეს. ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა და თინათინი იძულებული გახდა, ბავშვები დედასთან დაეტოვებინა, თვითონ კი თბილისში წასულიყო სამუშაოდ. მეზობლის დახმარებით ქალმა თბილისში ბინა იქირავა, ბაზარში ვაჭრობა დაიწყო და ამ გზით ნაშოვნი ფულით არა მხოლოდ ოჯახს, ციხეში პატიმარ ქმარსაც არჩენდა. ასე გავიდა სამ წელზე მეტი, მაგრამ მოულოდნელად სიტუაცია შეიცვალა – ქალი ბაზარში მოვაჭრე ცოლშვილიან კობა გ-ს გადაეყარა და მასთან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ დაქორწინებას აპირებდნენ. ოჯახის ყოლის მიუხედავად, კობა გ. ქალს დაჟინებით სთხოვდა, ცოლად გაჰყოლოდა, მაგრამ ქალი თავს იკავებდა, რადგან ქმრის ციხიდან გამოსვლას ელოდებოდა.
ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ ზაურ მოსულიშვილი ციხიდან გათავისუფლდა. თინათინი აპირებდა ეთქვა, რომ მასთან გაყრას აპირებდა, მაგრამ ვერ გაბედა, თანაც, ქმარმა პირობა მისცა, რომ დანაშაულს აღარასოდეს ჩაიდენდა, მხოლოდ პატიოსანი შრომით იცხოვრებდა.
თინათინმაც გადაწყვიტა, ოჯახი არ დაენგრია, ქმარი გვერდში ამოიყენა, თბილისში, ნაქირავებ ბინაში ჩამოიყვანა და ბაზარში ვაჭრობა ერთად განაგრძეს. ცხადია, ქალი ცდილობდა, საყვარელთან ურთიერთობა გაეწყვიტა, კობა კი მოსვენებას არ აძლევდა, შეყვარებული კაცი თინათინის ბინაში სისტემატურად რეკავდა, სიყვარულს ეფიცებოდა, კვლავ სთხოვდა, ქმარი მიეტოვებინა და ცოლად მას გაჰყოლოდა, მაგრამ ქალი წინააღმდეგი იყო. ამიტომ საყვარელი დაემუქრა, რომ მის ქმარს ყველაფერს თვითონ ეტყოდა.
მოკლედ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ამ გზით კობამ ქალი დააშანტაჟა და იძულებული გახადა, კობა გ-ს მის ნაქირავებ ბინაში შეხვედროდა... ამის შემდეგ ქალმა კიდევ სცადა საყვარლისგან თავის დაღწევა და მან გადაწყვიტა, ცოტა ხნით მაინც წასულიყო სოფელში და იმ მიზეზით, რომ ბავშვებს მიხედვა სჭირდებოდათ, სოფელში დაბრუნდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ კობამ მისი ყველა ნაბიჯი იცოდა და ქალს სოფელშიც ჩააკითხა. ის კი არა, მისი ჩასვლა სოფელშიც კი გახმაურდა, რადგან კაცი სხვების გასაგონად, ხმამაღლა ყვიროდა, რომ თინიკო ძალიან უყვარდა. ვინაიდან ცოლი თბილისში აღარ დაბრუნდა, ზაურ მოსულიშვილიც სოფელში ჩავიდა...
საქმის მასალების მიხედვით, იმ პერიოდში, როდესაც მოსულიშვილი სოფელში იყო, მოულოდნელად ორი დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვიათ – სრულიად უცნობი მთვრალი მამაკაცი მის ცოლს ეძახდა. ამაზე კაცები წაკამათდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ზაურ მოსულიშვილმა უცნობი დანით დაჭრა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მოსულიშვილის ჩვენებიდან: „რამდენჯერმე ნასამართლევი ვარ და ძალიან ვნანობ. თუმცა, ბოლოს უდანაშაულოდ დამაკავეს, ადამიანს სახელი რომ გაგიტყდება, მერე ძნელია აღდგენა, რადგან ბოლო ქურდობა მართლა არ ჩამიდენია, უკვე ცოლ-შვილი მყავდა და დანაშაულს როგორ ჩავიდენდი? ამის მიუხედავად ხუთი წელი გავატარე ციხეში. რომ გამოვედი, ვცდილობდი, პატიოსანი ცხოვრებით მეცხოვრა, მეუღლისა და შვილებისთვის დაკარგული წლები ამენაზღაურებინა. სოფელში სამუშაო არაფერი იყო და თბილისში ცოლთან ერთად ვაჭრობა დავიწყე. ბავშვები დედაჩემთან იყვნენ, თინიკოს მშობლებიც ახლოს ცხოვრობენ და ისინიც გვეხმარებოდნენ მათ მოვლაში. ბოლო დროს თინიკო აფორიაქებული იყო, მიზეზი ბევრჯერ ვკითხე, მაგრამ არაფერი მითხრა. ერთ დღეს კი სოფელში წასვლა გადაწყვიტა ბავშვებს ჩავაკითხავო. ორ კვირაზე მეტი გავიდა და, რომ არ დაბრუნდა, ვიფიქრე, ალბათ ბავშვები ავად არიან-მეთქი და მეც ჩავედი. იმ ღამეს მეზობლებთან ცოტა დავლიე. წამოწოლილი ვიყავი, მაგრამ ხმაურმა გამაღვიძა ვიღაცა ჩემი ცოლის სახელს იძახდა. კარი რომ გავაღე, ორი უცხო მამაკაცი იდგა. ერთ-ერთმა მაშინვე მითხრა – თინიკო ცოლად უნდა გამომყვესო. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მალე თინაც მოვიდა, რომელიც შეშინებული იდგა. ვკითხე, ვინ არიან-მეთქი, მაგრამ არაფერი მიპასუხა და ტირილი დაიწყო. ის კაცი კი ეუბნებოდა, აქედან უნდა წაგიყვანოო. ხელი დავარტყი და მოვითხოვე სახლიდან წასულიყვნენ, შემდეგ რა მოხდა, არაფერი მახსოვს. მე ოთახში დანა არ მქონია, შესაძლოა, ის კაცი იყო შეიარაღებული და დანა მას წავართვი. გონზე რომ მოვედი, ხელში სისხლიანი დანა მეჭირა და იქ აღარავინ იყო. შემდეგ დედაჩემისგან გავიგე, რომ ის კაცი რამდენიმე დღით ადრეც იყო მოსული და ყვიროდა, თინიკო მიყვარს და ცოლად უნდა გამომყვესო. არ ვიცი, ჩემს ცოლს მასთან რა ურთიერთობა ჰქონდა, ამის გარკვევა ვეღარ შევძელი, რადგან პოლიციამ ისე დამაკავა, ცოლს ვერ ველაპარაკე. არც იმ კაცის ვინაობა ვიცი, ადრე არასდროს მინახავს. მისი განზრახ მკვლელობა არ ჩამიდენია. მთვრალი უცხო მამაკაცები, სახლში თავს დამესხნენ, მე მხოლოდ თავს ვიცავდი“.
ვინაიდან პროცესს განსასჯელის მეუღლე არ დაესწრო, სასამართლოზე მისი წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება გამოქვეყნდა. ქალი მოკლულთან ურთიერთობას არ უარყოფდა: „კობა რომ გავიცანი, ზაური ციხეში იყო. მასთან სქესობრივი ურთიერთობა მქონდა. მინდოდა, კავშირი გამეწყვიტა, მაგრამ ნაქირავებ ბინაში მაკითხავდა და ხმაურს თავს ვარიდებდი. მიმტკიცებდა, რომ სიგიჟემდე ვუყვარდი და ცოლობას მთხოვდა. ვიცოდი, რომ მასაც ოჯახი ჰქონდა, ამიტომ, თავის დაღწევას ვცდილობდი. ზაურის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ულტიმატუმი წამომიყენა, კვლავ ცოლად გაყოლას მთხოვდა. მე არ მინდოდა, მაგრამ თავიდან ვერ ვიცილებდი. ამიტომ წავედი თბილისიდან, არ მინდოდა, ქმრისთვისაც პრობლემები შემექმნა. თუმცა, ზაურს ვერაფერი ვუთხარი... იმ ღამეს კარზე კაკუნი და კობას ხმა გავიგე. არ ვიცოდი, როგორ მემოქმედა, მინდოდა, ქმარს არაფერი გაეგო, მაგრამ ხმაურზე მთვრალი ზაური წამოდგა... მერე კობას კვნესის ხმა გავიგე, სისხლში იყო მოსვრილი. კიდევ ერთხელ გამიმეორა, რომ ვუყვარდი და სიკვდილს არ ნანობდა, თუმცა ეს სიტყვები არავის გაუგია. ამის შემდეგ ჩემი ქმარი არ მინახავს“.
სასამართლომ მოწმედ ის პიროვნებაც დაკითხა, რომელიც გარდაცვლილს ინციდენტის მომენტში ახლდა: „იმ დღეს მე და კობამ ერთად დავლიეთ. მითხრა, რომ თინიკოს ნახვა უნდოდა. ამ ქალს ვიცნობდი, ვიცოდი, რომ კობას საყვარელი იყო. სულ მისი სახელი ეკერა პირზე და ბევრჯერ უთქვამს, რომ მის გამო ოჯახს დაანგრევდა... იმ საღამოს სოფელში მანქანით ჩავედით, მე არ ვიცოდი, თინიკოს ქმარი ციხიდან გამოსული რომ იყო. ეს რომ მცოდნოდა, არ გავყვებოდი. კობა თინიკოს ეძახდა, მაგრამ არავინ გამოგვხედა, ამიტომ პირდაპირ სახლში შევედით. როგორც შემდეგ შევიტყვე თინიკოს ქმარმა გამოგვხედა, რომელსაც კობამ უთხრა – აქედან არ წავალ თუ თინიკო არ გამომყვებაო. შემდეგ ჩხუბი დაიწყეს. შევეცადე, გამეშველებინა, მაგრამ ამ დროს კობას ყვირილი გავიგე, მგონი, მომკლაო... რაც შეეხება დანას, ჩვენ იარაღი არ გვქონია.“
როგორც სასამართლოზე გაირკვა, საყვარლების ამბავი მოკლულის მეუღლემაც იცოდა: „მე და კობამ ოჯახი სიყვარულით შევქმენით და შვილებიც გვყავს. ბოლო წლები თბილისში ვაჭრობდა. როგორც ჩანს, იქ გაიცნო ის ქალი. ბაზარში ჩვენი მეზობლებიც მუშაობდნენ და თავიდან მათი ამბავი ჭორად გავიგე. შემდეგ კობასაც ვკითხე. მითხრა, თავიდან როგორც ჩვეულებრივი მეძავი, ისე გავიცანი ის ქალი, ფულს ვუხდიდი, მაგრამ შემდეგ შემიყვარდა და ბინაც გვაქვს ერთად ნაქირავებიო. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული რეალობა იყო. შემდეგ გავიგე, რომ ქმარი იმ ქალის ქმარმა მომიკლა და მოვითხოვ, საკადრისად დაისაჯოს“.
თავად განსასჯელი განზრახ მკვლელობას უარყოფდა. მისი ადვოკატი, კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვდა, რადგან განსასჯელის ქმედებას ამართლებდა – განსასჯელის სახლში მოკლული მთვრალი და შეიარაღებული თავად მივიდა, ფაქტობრივად, ოჯახს თავს დაესხა და, რაც მოხდა, ესაა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი დანაშაული. ამიტომ მოსულიშვილი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოთო.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოსულიშვილისთვის 29 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. პატიმარს სასჯელი იმან დაუმძიმა, რომ ციხიდან ახალი გამოსული იყო, თანაც, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი. თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და განსასჯელს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი საკასაციო წესითაც გასაჩივრდა. როგორც პირველ ინსტანციაში, ადვოკატი ამჯერადაც განსასჯელის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვდა, რაც საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა, თუმცა, მოსულიშვილს 17-დან 5 წელი შეუმცირა.