კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაათავისუფლეს ბარბარე ჯორჯაძის შვილიშვილი საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან და რა აკავშირებდა ივანე ჯავახიშვილსა და კოტე მარჯანიშვილს გიორგი გეხტმანთან

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არაერთი ცნობილი ადამიანის პირადი კოლექციაა დაცული. მათ შორის ერთ-ერთია ამ ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი გეხტმანის პირადი კოლექცია. ამ პიროვნებისა და მისი კოლექციის შესახებ დღევანდელ ინტერვიუში გვესაუბრება ჩვენი რესპონდენტი, იშვიათ გამოცემათა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ანა ჯაჯანიძე.

 

– გიორგი გეხტმანი მრავალმხრივი და საინტერესო პიროვნება გახლდათ. იგი ცნობილი ბიბლიოფილი ასევე, არა მარტო გეოგრაფიული, არამედ ისტორიულ-ფილოსოფიური, ლინგვისტური და სხვა სახის ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნე გახლდათ, რაზეც ნათლად მეტყველებს მისი კოლექცია. მას თანამედროვენი ასე ახასიათებდნენ: უსაზღვროდ მოსიყვარულე, ფაქიზი, სათნო ადამიანი, დიდებული აღმზრდელი და მეგობარი, ფართო ერუდიციის გამოჩენილი მეცნიერი. გეხტმანის პიროვნებას განსაკუთრებულად წარმოაჩენს მისი პედაგოგიური მოღვაწეობა. გიორგის ჰყავდა უამრავი მადლიერი მოწაფე. მისი წიგნების კოლექციის დათვალიერებისას, ნათელი ხდება, რომ ნაწილი იმ მოწაფეთა ნაჩუქარი წიგნებია, რომელთაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს საქართველოში გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში.

– გეხტმანი არ არის ქართული გვარი, როგორ მოხვდა ეს პიროვნება საქართველოში?

– გიორგი გეხტმანის დედა – მანანა ჯორჯაძე, ცნობილი ქართველი მწერლის, რაფიელ ერისთავის დის, პოეტ ბარბარე ჯორჯაძის ქალიშვილი იყო. მამა – ნიკოლოზი, წარმოშობით გერმანელი, უაღრესად განათლებული პიროვნება, საქართველოში სასამართლო კოლეგიის მდივნად მუშაობდა. გეხტმანების მრავალრიცხოვანი ოჯახი არცთუ ისე შეძლებულად ცხოვრობდა ნიკოლოზის ხელფასზე. ჯერ კიდევ ბავშვი იყო გიორგი, როდესაც მამამისი ბაქოში გადაიყვანეს სამუშაოდ. საკითხი, თუ სად უნდა ესწავლა მას დიდი განსჯის საგანი გამხდარა, რადგან ოჯახში არ უნდოდათ, რომ მას ბაქოში, ან თუნდაც პეტერბურგში მიეღო განათლება. გიორგი თვითონ იხსენებდა:  ჩემი სვე-ბედი ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა. დედა იყო აქ წარმმართველი. მას სურდა, რომ მე საქართველოში მესწავლაო.

– საბოლოოდ, სად დაიწყო სწავლა გიორგიმ?

– იგი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა. თვითონ იგონებს: მამამ ბაქოდან ჩამომიყვანა და პანსიონში მიმაბარა. თავიდან ძალიან განვიცადე, ფარულად უამრავი ცრემლიც დავღვარე, ძალიან გამიჭირდა დამოუკიდებელი ცხოვრებაო. თუმცა, მასში უდიდესი სიამაყისა და პასუხისმგებლობის გრძნობას იწვევდა ის, რომ წლების წინ, ამ გიმნაზიაში სწავლობდნენ: ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, რაფიელ ერისთავი. თავად გეხტმანი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული – უკრავდა კლარნეტზე, კარგად ხატავდა, იყო მშვენიერი აღნაგობის ათლეტი. 

– ვინ იყვნენ გიორგი გეხტმანის თაობის გიმნაზიელები?

– ესენი იყვნენ: ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი, იურისტი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, მათემატიკოსი მიხეილ თაქთაქიშვილი, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი და სხვანი. გიორგის განსაკუთრებით ახლო მეგობრობა აკავშირებდა ივანე ჯავახიშვილთან. რაც იმით დაიწყო, რომ გიორგი, თავდაპირველად, თავისუფლად ვერ ლაპარაკობდა ქართულად და ივანეს შეუთავაზებია, მოდი, ჩემთან და ერთად ვიმეცადინოთო. ასე დაწყებული მეგობრობა სიკვდილამდე გაგრძელებულა. ამბობენ, რომ გეხტმანს მის სამუშაო კაბინეტში ივანე ჯავახიშვილის სურათი ეკიდა. სხვათა შორის, მის პირად კოლექციაში დაცულია წიგნი, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა აჩუქა მეგობარს ავტოგრაფით. გიორგი გეხტმანის კოლექციაში სხვა ცნობილი პიროვნებების ავტოგრაფებიცაა.

– როგორ გაგრძელდა გეხტმანის ცხოვრება მომავალში?

– გეხტმანი 12 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დედის ამარა დარჩა 5 ბავშვი. მათ შორის უფროსი გიორგი გახლდათ. ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა და იგი იძულებული შეიქნა, მუშაობა დაეწყო. გეხტმანი თავს ირჩენდა კერძო გაკვეთილებით. აქ ეყრება საფუძველი მის პედაგოგიურ მოღვაწეობას. გამორჩეული ფაქტია ისიც, რომ 1906 წელს თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის მოსწავლეთა მოთხოვნით, ამ სასწავლებლის დირექტორად ის აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევა იყო თბილისში, როცა სასწავლებლის დირექტორი მოსწავლეთა სურვილით დანიშნეს. ამ გარემოებამ აღშფოთება გამოიწვია მაშინდელ მმართველ წრეებში, რაც იმით გამოიხატა, რომ სასწავლებელს არ დაუმტკიცეს ხარჯთაღრიცხვა.

– როგორც ჩანს, ძალიან ჰყვარებიათ გეხტმანი მოსწავლეებს.

– დიახ, ამ სასწავლებლის ერთ-ერთი მოსწავლე ასე იგონებს: იგი იყო ნამდვილი აღმზრდელი, გულისხმიერი, თანამგრძნობი, თავმდაბალი, უბრალო, საქმიანი, მომთხოვნი. ამბობდნენ, რომ გეხტმანს საკმაოდ მკაცრი სახის ნაკვთები ჰქონდა, თუმცა შინაგანად ძალიან თბილი ადამიანი იყო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ, გეხტმანის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული ქართული მეცნიერებისა და კულტურის ამ დიდებულ ტაძართან. გეხტმანი არის საქართველოში ეკონომიკურ-გეოგრაფიული მეცნიერების ფუძემდებელი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოს ეკონომიკური და რაიონების ბადის ერთ-ერთი ავტორი. ის გახლდათ საყმაწვილო ჟურნალ „ნაკადულის” ერთ-ერთი დამაარსებელიც. რაკი იმხანად საქართველოში უკვე არსებობდა ერთი საყმაწვილო ჟურნალი „ჯეჯილი”, მეორეს გამოცემა მეფის რუსეთის მთავრობას დიდ ფუფუნებად მიუჩნევია. თუმცა, გეხტმანისა და მისი კოლეგების დაჟინებით „ნაკადული” მაინც დაარსდა. ამასთან დაკავშირებით აკაკი წერეთელს მოსწრებულად უთქვამს: კარგია, „ნაკადული” „ჯეჯილს” მორწყავს და საუცხოო მოსავალი გვექნებაო.

– როგორც შევიტყვე, საჯარო ბიბლიოთეკასთან, არა მხოლოდ მისი კოლექცია აკავშირებს გიორგი გეხტმანს, იგი ამ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელიც გახლდათ. ასეა?

– დიახ, იგი 9 წლის განმავლობაში (1921-1930 წლები) საჯარო ბიბლიოთეკის პირველი დირექტორი იყო. მისი მოღვაწეობის დროს, 1929 წლის დამლევს, სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით, ბიბლიოთეკას ყოფილი სათავადაზნაურო ბანკის შენობა გადაეცა.

– მანამდე სად იყო ის განთავსებული?

– საჯარო ბიბლიოთეკა მანამდე დღევანდელი  ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ადგილას მდებარეობდა. როდესაც ბიბლიოთეკას სათავადაზნაურო ბანკისთვის აგებული შენობა გადაეცა, იქ არაერთი სხვა ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, რომელთაც შენობის დატოვება არ სურდათ. ამიტომ, შენობის მთლიანად ათვისება ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი იყო.

1930 წლის ბოლოს დირექტორ გეხტმანს „ზემდგომმა ორგანოებმა” მოსთხოვეს, რომ გასაბჭოების 10 წლისთავთან დაკავშირებით, 1931 წლის 25 თებერვალს, ბიბლიოთეკა მკითხველთათვის გაეხსნა. გეხტმანი კი ამის წინააღმდეგი იყო.

– რატომ?

– გეხტმანი მიიჩნევდა, რომ ეს მხოლოდ მთელი შენობის გადმოცემიდან ექვსი თვის თავზე უნდა მომხდარიყო. ამის მიზეზად კი, წიგნების სათანადოდ განთავსების პრობლემას აყენებდა, რადგან წიგნსაცავი იმ ერთადერთ დარბაზში იყო, რომელიც მკითხველთათვის უნდა გაეხსნათ. გეხტმანს უბრძანეს, რომ წიგნები ჩაეტანათ სარდაფში, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ამას მოჰყვა ის, რომ იგი დირექტორის მოვალეობიდან გაათავისუფლეს. ხოლო 1931 წლის 25 თებერვალს, საჯარო ბიბლიოთეკამ, რომელიც 20 წელი დაკეტილი გახლდათ, მკითხველი მაინც მიიღო. გეხტმანის პოზიცია იყო ჭეშმარიტი პროფესიონალისა და ნამდვილი მამულიშვილის. აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია კიდევ აღნიშვნის ღირსი.

– რას გულისხმობთ?

– საქმე ისაა, რომ გიორგი გეხტმანი ძალიან ტრაგიკული პიროვნება გახლდათ, მას 5 ვაჟი ჰყავდა და ხუთივეს სიკვდილს მოესწრო. 1931 წელს 10 წლისთავი სრულდებოდა მისი ნაბოლარა ვაჟის, გაბრიელ გეხტმანის დაღუპვიდანაც. გაბრიელი იუნკერი გახლდათ და 1921 წელს, როდესაც საბჭოთა ჯარები შემოიჭრა საქართველოში, მათ წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაეცა. იგი სხვა იუნკერებთან ერთად, დაკრძალული იყო ალექსანდრე ნეველის ტაძარში. წარმოიდგინეთ, გასაბჭოების აღნიშვნას ასე ზარ-ზეიმით სთხოვდნენ მამას, რომლის შვილიც სწორედ ამ ფაქტს შეეწირა. თანაც, 1930 წელს კომუნისტებმა დაანგრიეს ალექსანდრე ნეველის ტაძარიც, რომელიც დღევანდელი პარლამენტის შენობის ადგილას მდებარეობდა და გიორგი გეხტმანმა შვილის საფლავიც დაკარგა. ამ ყველაფრის ფონზე, ვფიქრობ, მან პროფესიონალის შეუპოვრობაც გამოიჩინა თავისი კატეგორიულობით, მამულიშვილისაც და... მართალია, სამსახური დაკარგა, მაგრამ ეს, ალბათ, არც არაფერი იყო იმასთან შედარებით რა ტრაგედიაც დაატყდა თავს გეხტმანსა და ჩვენს ქვეყანას იმხანად. 

მიუხედავად პირადი ტრაგედიისა, გიორგი გეხტმანი უაღრესად გულისხმიერი, თბილი, კარგისა და კეთილის უსაზღვროდ მოტრფიალე ადამიანი გახლდათ. ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. თუნდაც ის წერილი, რომელსაც მას სწერს სამამულო ომში დაჭრილი, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ვლადიმერ კაკაბაძე: „არასოდეს დამავიწყდება ის დარიგება, რაც მომეცით გამომშვიდობებისას, ფრონტზე წასვლის წინ. მაშინ მითხარით, რომ მუდამ ოპტიმისტური რწმენა გქონდეს, არასოდეს იფიქრო დამარცხებაზე და გამარჯვება ყველაფერში ყოველთვის შენთან იქნებაო”. 

ერთ-ერთი მისი მოსწავლე, რომელმაც მამის გარდაცვალებისა და უსახსრობის გამო, სწავლა მიატოვა და სოფელში დაბრუნდა, იხსენებს, რომ მან მიიღო გეხტმანის წერილი თხოვნით, აუცილებლად დაბრუნებულიყო და გაეგრძელებინა სწავლა, ჩანს, რომ იგი არა მხოლოდ სიტყვებით ამხნევებდა ადამიანებს. აი, ასეთი მადლიანი პიროვნება იყო იგი. გიორგიმ, უშვილოდ დარჩენილმა მამამ, პედაგოგიურ მადლთან ერთად, მშობლიური სიყვარულიც უწილადა მოსწავლეებს. 

– როგორ მოხვდა გეხტმანის კოლექცია საჯარო ბიბლიოთეკაში?

– როგორც ცნობილია, გიორგი გეხტმანმა სიცოცხლეშივე უსასყიდლოდ გადასცა თავისი წიგნების გარკვეული ნაწილი ეროვნულ წიგნსაცავს, ხოლო მოგვიანებით, მისი პირადი არქივი და წიგნების კოლექცია ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შეიძინა ბატონი გიორგის ცოლის დისშვილისგან. ჩვენთან, იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, დაცულია გეხტმანის პირადი არქივი და მისი წიგნების კოლექციის გამორჩეული ეგზემპლარები – გეხტმანისთვის მეგობრების, კოლეგების, მოწაფეების მიერ ნაჩუქარი ავტოგრაფიანი გამოცდები. სულ 192 წიგნი, რომელთაგან ქართული წიგნები ჭარბობს. ჩვენს კოლექციაში დაცულია „მსოფლიო ეკონომიური გეოგრაფია” – გეხტმანის მიერ 1925 წელს გამოცემული ნაშრომი, პირველი წიგნი ეკონომიურ გეოგრაფიაში ქართული ენაზე. 

როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნის ეკონომიური დარაიონების პირველი ცდაც გიორგი გეხტმანს ეკუთვნის. იმ დროისთვის ეს იყო მეტად საინტერესო და ორიგინალური სქემები, წინამორბედი ქვეყნის შემდგომი ეკონომიური დარაიონებისა.

– ნათლად ჩანს, იგი მუდამ ქართულ საქმეს აკეთებდა.

– ეს მართლაც ასეა. ერთგან წერს: „აი, მე უცხო ერის წარმოგზავნილი, ისე შევეზარდე ჩემს სამშობლო საქართველოს, რომ ვერავითარი ძალა ვერ გათიშავს იმ ღრმა სულიერ მისწრაფებასა და სიყვარულს ქართული კულტურისადმი, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარ შინაარსს შეადგენს”. აღნიშნავდა იმასაც, რომ ქართველ ერს აქვს განსაკუთრებული უნარი, თბილად მიიღოს უცხო ერის წარმომადგენელი და ის ქართულ კულტურას, დაუკავშიროს, მას ასპარეზი დაუთმოს, რომ თავისი თავიც წარმოაჩინოს და ქვეყანასაც ემსახუროს. 

მეცნიერს, კოლექციონერს, ხელმძღვანელსა და საყვარელ პედაგოგს, გიორგი გეხტმანს იუმორის გრძნობაც არ ღალატობდა. ამ მხრივ ცნობილია ერთი საინტერესო ისტორია ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებთ.

– გვიამბობთ?

– ნოდარ დუმბაძე მაშინ, ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტი, გეხტმანთან აბარებდა გამოცდას. გეხტმანი საკმაოდ მომთხოვნი გამომცდელი ყოფილა და უყვარდა დამატებითი კითხვების დასმა. დუმბაძისთვისაც უკითხავს: ჩამომითვალე ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიო. სტუდენტს სხაპასხუპით ჩამოუთვლია: ლიტვა, ლატვია და ლუტვიაო. ამაზე გეხტმანს გულიანად უცინია. ნოდარ დუმბაძე იხსენებდა, ეს შემთხვევა ჩემს ბიოგრაფიაში დიდად ღირსსახსოვარია. ეს რომ არა, ალბათ, მწერლობას ხელს არ მოვკიდებდი. მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრე, თუ ასე გულიანად შემიძლია გავაცინო კაცი, მოდი, მოვსინჯავ კალამს იუმორის ჟანრშიო. 

– ესე იგი, გიორგი გეხტმანის სიცილი იყო სტიმული მისი სტუდენტის მომავალი ასპარეზისთვის, რასაც ძალიან კარგი შედეგი მოჰყვა.

– ასე გამოდის, რომ ნოდარ დუმბაძის მწერლობასაც გიორგი გეხტმანს უნდა ვუმადლოდეთ.

– როდის გარდაიცვალა გიორგი გეხტმანი?

– გიორგი გეხტმანი გარდაიცვალა თბილისში 1956 წელს, 86 წლის ასაკში. 

 

 

скачать dle 11.3