კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რას ნიშნავს ახალი კოსმეტიკური ტერმინი – შიმერი?
პასუხი: „შიმერი” ინგლისური სიტყვაა (shimmer) და „ბრწყინვას” ნიშნავს. ესაა კოსმეტიკური საშუალება, რომლის გამოყენების შემდეგ კანი მსუბუქ ბრწყინვალებას იძენს – თითქოს ნათდება, რაც კანის „ჩამქრალი” ფერის გამოცოცხლების ხარჯზე ხდება.
კითხვა: მაინტერესებს, რა სიგრძის თმა არის ამ ზამთარს მოდაში?
პასუხი: სტილისტები გვარწმუნებენ, რომ კვლავ აქტუალურია მოკლედ შეჭრილი თმა, რომლის მოდაც ას წელზე მეტი ხნის წინ დაამკვიდრა მოდაში კოკო შანელმა.
კითხვა: ჩემს ქმარს ჭარბი წონა აქვს და ამიტომ ადვილად ოფლიანდება. რომელ დეზოდორანტს მირჩევთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
პასუხი: დეზოდორანტის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ წარწერას. თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად სასურველია ის დეზოდორანტი, რომელიც 72 საათის განმავლობაში იძლევა სიმშრალის შეგრძნების გარანტიას. ასეთი კოსმეტიკური საშუალება მისხურების ან წასმისთანავე იწოვს კანიდან ტენს და არ კეტავს ფორებს. მასში შემავალი ვულკანური წარმოშობის ინოვაციური მინერალი, მენთოლი და სპეციალური აქტიური ნივთიერებები, ისე აცოცხლებს და აგრილებს კანს, რომ კანის ტემპერატურა 2 გრადუსით მცირდება. ასეთი დეზოდორანტის პარფიუმერული კომპოზიცია შედგება: კიტრის, პიტნის, ევკალიპტის, სალბის, როზმარინის, სოჭისა და სხვა მცენარეების ექსტრაქტებისგან.
კითხვა: ჩემს გოგონას, რომელიც გარდატეხის ასაკშია, აქვს პრობლემური კანი. მითხრეს, რომ უნდა ვუმკურნალო იმ საშუალებებით, რომელშიც შედის სალიცილის მჟავა. თუ შეიძლება, უფრო ზუსტად ამიხსნათ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: სალიცილის მჟავა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო კომპონენტია პრობლემური კანის მოსავლელად, რადგან ის მსუბუქად, გაღიზიანების გარეშე აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და ღრმად წმენდს ფორებს. ამიტომ, შეიძინეთ გამწმენდი საშუალებები, რომლებშიც შედის სალიცილის მჟავა და გამოიყენეთ მითითებული წესების დაცვით ან მიმართეთ კოსმეტოლოგს და მას ჩაატარებინეთ პროცედურები.