რით გამოირჩევა კანადაში სხვა ადამიანებისგან გიო გოდეტი და რატომ ეპატიჟებიან მას ტორონტოში ახალი წლის ღამეს მეკვლედ
2011 წელი გიო გოდეტისა და მისი კომპანია „გოდესთვის” საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა, ნიჭიერი დიზაინერი 2012 წელს კიდევ მეტ წარმატებას ელოდება. რაც მთავარია, ის ახალ კოლექციაზე მუშაობს, რომელიც წინა კოლექციებისგან ძალიან განსხვავებული, კიდევ უფრო ლამაზი და საინტერესო იქნება. თბილისში ყოფნისას, მან სხვა საქმეების გარდა, ვერიკო ტურაშვილს ახალი კლიპისთვის ძალიან ლამაზი კაბა გაუკეთა. იანვრიდან კი, აქტიურად იწყებს მუშაობას. წარმატებული დიზაინერი ბავშვობაში კიგბოქსინგზე დადიოდა. ახლა კი ფოტოგრაფიით არის გატაცებული, ასევე, ხატავს და 14 დეკემბერს ტორონტოს ტექს-სტილის გალერეაში მისი ნამუშევრების გამოფენამაც წარმატებით ჩაიარა. რამდენიმე ნამუშევარი კიდეც გაიყიდა.
გიო გოდეტი: 2011 წელი ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. თუმცა, 2012 წელს უფრო მეტ წარმატებას ველოდები. რაც მთავარია, კომპანიას ვალი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რაღაც რომ დაიწყო კანადის ბაზარზე, სამი წელი უნდა იყო. ჩემს შემთხვევაში, პირველივე წლიდან სერიოზულ კომპანიებთან უშუალო გაყიდვები გვქონდა. ყოველ წელს ახალი ბაიერები მყავს, როგორც პატარ-პატარა, ასევე ერთი-ორი – მსხვილი. პირველივე წელს, სერიოზულმა კომპანია „Danier Leather-მა”, რომელიც მსოფლიოში ცნობილი „ჩენჯ სთორია” და დუბაიშიც აქვს მაღაზია, ჩემი პალტოები ჩემივე სახელით შეიტანა... ახლა თბილისში მომიწია დიდხანს დარჩენა, რადგან კოლექციის დამზადება ცოტა გაიწელა. პლუს ამას, თბილისში ბიზნესმოლაპარაკებას ვაწარმოებდი. ეს ეხებოდა საქართველოში ჩემი წარმომადგენლობის გაკეთებას – ჩემს ერთ-ერთ გეგმას განვახორციელებ, ძალიან მინდა, რუსეთის ბაზარზე შესვლა. არსებობს ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ამ ბიზნესის მოსკოვში შეტანით. მე მივხედავ კანადის ბაზარს, ის კი იქნება თბილისში და კომპანიის ფარგლებში, ჩვენთან შეთანხმებით, აწარმოებს ბიზნესს რუსეთისთვის. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჩვენი პალტოების შეტანა მოსკოვიდან გვინდა, დავიწყოთ. რუსეთში ჩვენი პალტოები გაგზავნილია ბაიერებთან და ითხოვენ, იქაურ ბაზარზე შეტანას, ეს კომპანიისთვის დიდი წარმატებაა.
– ამჟამად ახალ, ძალიან განსხვავებულ და საინტერესო კოლექციაზე მუშაობ...
– ახალ კოლექციაზე საუბარი ცოტა ადრეა. თუმცა, ვიტყვი, რომ ეს იქნება ზამთრის კოლექცია – „ლაქშერი”, „შიკი”, გათვლილი სხვა მასაზე. იქიდან გამომდინარე, რომ მე მაქვს ნაწარმი, რომელიც კომერციულია და იქნება კიდევ კარგა ხანს. ახლა შემოქმედებით მხარეს უფრო მეტად ვდებ, რასაც ყოველთვის თავს ვარიდებდი. როცა კომერციული კოლექცია კეთდება, შემოქმედება მინუსებში მიდის.
– მერე არ გაგირბის ხელი?
– ყოველთვის ვაკონტროლებ თავს, საბედნიეროდ, ჩემს კოლექციაში ორივე ბალანსირებულია: ხელნაკეთი და წარმოებადი. ახალ კოლექციაში ფრთებს ვშლი, თავს თავისუფლებას ვანიჭებ. მოწოდებით ხელოვანი ვარ და ძალიან რთულია, დიზაინერი ჩარჩოებში ჩასვა. სამწუხაროდ, დღევანდელი „ფეშენ-ბიზნესი“ ასე კეთდება – ნელ-ნელა იწყებ... მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი არ არის, უკვე გადავდგი ნაბიჯი იმისკენ, რის გაკეთებაც ყველაზე მეტად მინდა.
– დიზაინერი ხარ და დიზაინის მხარე უნდა მოაგვარო, ამ კუთხით იმუშაო. თუმცა, იმავდროულად, ბაზრის გაკონტროლებაც გიწევს.
– კომპანიაში არიან ადამიანები, რომლებსაც ეს მხარე აბარიათ, რადგან ყველაფერი მე რომ გავაკეთო, ალბათ, საბოლოო ჯამში, ვერაფერს გავაკეთებ. მაგრამ, აუცილებლად უნდა აკონტროლო – ვინ რას აკეთებს, შენთან უნდა იყოს შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, გიწევს ისეთი რაღაცეების გაკეთება, რაც წესით, შენი მოვალება არ არის. მაგრამ, როცა ბიზნესი გაქვს, შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება და სხვამ გააკეთოს. ფინანსური განათლება, რომელიც კანადაში მივიღე, მეხმარება კომერციული გადაწყვეტილების მიღებასა და ფინანსურ დაგეგმარებაში. საბოლოო ჯამში, კომპანიას ექნება რამდენიმე ხაზი, ერთ-ერთში კი ჩემს ფრთებს ბოლომდე გავშლი. წლები რომ გავიდა, შეხედულებები შემეცვალა – ბიზნესის კუთხით ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ, ვაფასებ. მივხვდი, რომ მასშტაბები არ არის ისეთი დიდი, როგორიც მანამდე მეგონა. თუ რაღაცას გინდა, მიაღწიო, ამისთვის მიზანი უნდა დაისახო და ადვილად მიაღწევ. უცხოეთში ცხოვრებამ დისციპლინას შემაჩვია. თბილისში 10 წლის წინ, ალბათ, ისე ვიქცეოდი, როგორც ახლა აქ იქცევიან დიზაინერები – ვიყავი ცოტა მძინარა და ასე შემდეგ. თანდათანობით ადამიანი იზრდები, საკუთარ პროფესიასაც სხვანაირად უყურებ. არ ვიცი, ეს ყველაფერი ჩემში იდო, დროის გასვლასთან ერთად შევიცვალე, თუ კანადაში ცხოვრებამ შემცვალა, ახლა ყველაფერს პასუხისმგებლობით ვეკიდები. დრო წუთი-წუთზე მაქვს გათვლილი. სამაგიეროდ, თბილისში ჩამოსვლა ჩემთვის ფუფუნებაა, რაღაცეების უფლებას ვაძლევ თავს – 12 საათი რომ მეძინოს, ესეც მხოლოდ თბილისში ხდება. მაგრამ 2-3 კვირა რომ გადის, თითქოს თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ვფიქრობ, რაღაცას ჩამოვრჩი და კანადაში რომ ჩავდივარ, პირიქით, უფრო მონდომებით ვუდგები ყველაფერს. ბიზნესისთვის ყველაფერს გააკეთებ, რადგან შვილივით ზრდი, მთელ ამაგს ამაში დებ, იმედით უყურებ.
– როდესაც უცხო ქვეყანაში ჩახვედი, მოხვდი უცხო საზოგადოებაში, თუ მოგიწია რაღაცეების გათვალისწინება, რაღაცეების მორგება იმისთვის, რომ შენი ადგილი გეპოვა?
– არ დამჭირვებია არაფრის შეცვლა. მე როგორიც ვარ, ეს მათთვის ეგზოტიკაა, ორიგინალურობა. აქცენტის გამოსწორებაც კი აკრძალულია, რადგან ამით მიმახსოვრებენ და ჩემი ინდივიდუალიზმით ვარ ცნობილი. ჩემი აქცენტი, მანერები, კავკასური ხასიათი, ფიცხი საუბარი, ეს ყველაფერი გამომარჩევს. თან, როდესაც ამ სფეროში მუშაობ, შენი პიროვნება ხაზგასმული და დასამახსოვრებელი უნდა იყოს. თბილისშიც გამოვირჩევი ჩემი ინდივიდუალიზმით. ზოგადად, ყველაფერზე განსხვავებული, ჩემი ხედვა მაქვს. როცა მეგობრებთან ერთად ვარ, შეიძლება, ახალი რაღაც ვთქვა, რომელიც შოკისმომგვრელი იქნება, მაგრამ რეალობასთან ახლოს.
– არ შემიძლია დედაზე არ გკითხო, რომელიც ყოველთვის გვერდში გიდგას.
– დედაჩემმა ძალიან ბევრი რამ მომცა, ბევრი რამ გამიკეთა. მას ჩემზე მეტად სჯერა ჩემი, ზოგჯერ იმდენად, რომ მაღიზიანებს. ალბათ, იმიტომ, რომ კარგად მიცნობს, იცის, რა შესაძლებლობებიც მაქვს. ყველგან ბოლომდე გამომყვა. 10 წლის წინ იმ სფეროს, რომელიც მე ავირჩიე, პერსპექტივა არ ჰქონდა. მაგრამ, დედამ ყველანაირად შემიწყო ხელი – სწავლა-განათლება არ მომაკლო, 6 წლიდან ყველაფერი მასწავლა. სულ სჯეროდა ჩემი და მეც, ამან უფრო მეტად თავდაჯერებული გამხადა, სტიმულს მაძლევდა. ახლაც ჩემს საქმეში ჩემზე მეტად არის ჩართული. როცა აქ არ ვარ, ბევრ რამეს აქცევს ყურადღებას. ასევე, ჩემი დაც, რომელიც 16 წლისაა, მას ყოველთვის ვეკითხები აზრს – მაინტერესებს მოზარდის აზრი. ფოტოგრაფიის მერე აღმოაჩნდა ხატვის დიდი ნიჭი და მეხმარება ესკიზების ხატვაში. იმედი მაქვს, ჩემი ბიზნესი ისე აეწყობა, რომ მას ჩემთან მუშაობა შევთავაზო, თუ არადა, ჰობის დონეზე იმუშავებს. ძალიან ნიჭიერია, ზაფხულში ტორონტოში დამირეკა და მითხრა: მინდა, საცურაო კოსტიუმების კოლექცია გავაკეთო, საქართველოს ბაზარზე ამ სფეროში კონკურენტი არ არსებობსო. ანუ, ბიზნესაზროვნებაც აქვს, ფუმფულა კაბების გაკეთება არ მოინდომა და ამოარჩია ის სფერო, სადაც არ მუშაობენ. მინდა, მომავალ შემოდგომაზე დავეხმარო, გავაკეთებინო რომელიმე კვირეულისთვის კოლექცია.
– ახალი წლის დადგომა ვიზეიმეთ. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ეს დღესასწაული?
– რაც უფრო ვიზრდები, ეს დღესასწაული უფრო ჩვეულებრივ დღედ მიმაჩნია. ვიცი, რა მოვალეობები და წესებია ამ დღეს და ყოველთვის ვითვალისწინებ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როგორ ჩაიარა წელმა. მიყვარს წარმატებების აღნიშვნა – ეს მე დავიმსახურე, ანუ შეიძლება, სხვა დროს ახალ წელს უფრო კარგი განწყობა მქონდეს. ბავშვობაში ახალ წელს ყოველთვის სიით ვხვდებოდი – უძლიერესი მეკვლე ვარ, ბარაქიანი ფეხი მაქვს. სადაც მივდიოდი მიმქონდა: პური, მარილი, შაქარი და საეკლესიო სანთელი. როგორც კი შევიდოდი, ოჯახის წევრებს სანთელს ვანთებინებდი, ლოცვას ვათქმევინებდი და მერე იწყებოდა აღნიშვნა. ეს ყველაფერი მე მოვიფიქრე. შაქარი, მარილი ჩემთვის ბარაქიანობის სიმბოლო იყო. ახლა ჩამოვრჩი ამ ტრადიციებს, უნდა აღვადგინო. კანადაში მყავს რუმინელი მეგობარი. ახალ წელს მოვიდა ჩემთან და მომიტანა ფული და ცოცხი. მე ვუთხარი, ახლა შენთან მოვდივარ მარილითა და შაქრით-მეთქი. ანუ, მარტო ის ვნახე ჩემი ჭკუის. სხვებს არ სჯერათ – ასეთი რაღაცეები მხოლოდ აფრიკაში ხდებაო. ამიტომაც ჩემს ასეთ რაღაცეებს ულამაზეს ეგზოტიკად აღიქვამენ, ამახსოვრდებათ. მეორე წელს კი მეუბნებიან – შენ მოდიო. სახლი, რომელშიც ვცხოვორობ, 100 წლის წინანდელია – „ვიქტორიან თაიმს” ეძახიან. იქ არის პარკეტი. ვინც მოგვყიდა, ეტყობა, ვერ მოუარა. რკინის სახეხით მოვხეხე მთელი იტაკი, რომ ჩამკვდარი ჭუჭყი ამომეღო. მერე წავედი მაღაზიაში „მასტიკის” საყიდლად. გამყიდველი გაკვირვებული მიყურებდა. ბოლოს მითხრა, შეიძლება არ დაიჯერო, შენ მეორე ადამიანი ხარ, ვინც ეს გამოიწერა და პირველი ინგლისის დედოფალი იყო, რომელმაც შვილიშვილის ქორწილისთვის მოინდომა და, ჩვენგან ჩაუვიდა „მასტიკებიო”. ჩვენ რომ პარკეტზე, „ხრუსტალის“ ჭურჭელზე, ხიზილალაზე ვართ გაზრდილი, ეს იქ მათთვის ფუფუნებაა.