კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ააღებინა პაატა ციქურიშვილს 21 თეატრალური „ოსკარი“ დინების წინააღმდეგ ცურვამ და რატომ ჰქონდა მას კულტურული შოკი ამერიკაში

ქართველი რეჟისორის „სინეტიკის თეატრი“ ამერიკაში, განსაკუთრებით კი ვაშინგტონში, ძალიან პოპულარულია. სპექტაკლები სრული ანშლაგით მიმდინარეობს და შტატების ყველაზე გავლენიანი გამოცემებიც საქებარ სიტყვებს არ იშურებენ მსახიობების მისამართით. პლასტიკით, მიმიკით გადმოცემული შექსპირის ტრაგედიები თუ ქართული „შერეკილები” უკვე აიტაცა მაყურებელმა, რომელიც სხვა შტატებიდანაც არ იზარებს ჩამოსვლას. ბატონი პაატა ციქურიშვილი 1995 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში, ჰყავს მეუღლე, მსახიობი ირინა ციქურიშვილი და ორი შვილი – ვატო და ანა. 

 

– ბატონო პაატა, მოდით ჯერ ბოლო სპექტაკლის, „რომეო და ჯულიეტას” პრემიერაზე ვისაუბროთ. როდის გადაწყვიტეთ მისი დადგმა?

– რამდენიმე წლის წინ ჰქონდა თეატრს ქასტინგი გამოცხადებული, შემოვიდა ულამაზესი ახალგაზრდა მსახიობი გოგო და ისე გაანათა თეატრი, იმ წუთებში, პირველი ის გავიფიქრე, რომ ჯულიეტა მოვიდა თეატრში. საბედნიეროდ, ნატალი ბერკს აღმოაჩნდა ყველა ის თვისება, რაც ჯულიეტას როლის შემსრულებელ მსახიობს სჭირდება. მაშინ ჩავიფიქრე, რომ სპექტაკლი „რომეო ენდ ჯულიეტა” დამედგა. 

ხშირად ჩამოდის მაყურებელი  სხვადასხვა შტატიდან, კალიფორნიიდანაც კი. ამერიკელებს უყვართ მოძრაობა, შეუძლიათ, დაადონ თავი და 300-500 კილომეტრი გაიარონ რაღაცის სანახავად,  აქ სულ მოძრაობაში არიან და ეს სამსახურიდან გამომდინარეც ხდება, ხან, უბრალოდ, ცხოვრების შეცვლის სურვილით, ხანაც, ამერიკული მენტალიტეტიდან გამომდინარე. 

– როდის და რატომ გადაწყვიტეთ ამერიკაში წასვლა?

  – (ეღიმება) ამერიკაში ჩემი სიმამრი მუშაობდა ტანვარჯიშის ერთ-ერთ მთავარ მწვრთნელად.

ამერიკა ყოველთვის იყო ჩემი ოცნება. ყოველთვის ვუსმენდი „ამერიკის ხმას“. მართალია, ახშობდნენ, მაგრამ, მაინც სულ ვუსმენდი…  როგორც კი ჩამოვფრინდი, ეიფორია, რომ მე ამერიკაში ვარ, დაცხრა. რეალობის წინაშე დავდექი, რომ თავი უნდა მერჩინა.… ეს ყველაფერი ნელ-ნელა გადაიზარდა შოკში. თავიდან ძალიან გამიჭირდა, აქ ამას „ქალჩერალ შოკს” ეძახიან, კულტურული შოკი მქონდა, რა! და მაინც, შორიდან დანახული, კინოში ნანახი ამერიკა არ არის რეალობა, ამერიკა სულ სხვა რამეა. 1995 წლის ოქტომბერში ჩამოვედი ამერიკაში. მე კიდევ უფრო ადრე წავედი თბილისიდან – 1991 წლიდან ვცხოვრობდი გერმანიაში, ზაარბრიუკენში. 

საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ყველას გვეშველა და ერთ-ერთი თეატრალური ფესტივალის შემდეგ  გადავწყვიტეთ გერმანიაში დარჩენა, ვნახე ძალიან ბევრი მიმდინარეობის თეატრი. ჩემი არტისტული შემეცნების ჩამოყალიბება, ფაქტობრივად, მოხდა ევროპაში, რამაც მე, როგორც ხელოვანი, კარგად მომამზადა ამერიკისთვის. 

– გერმანიაში ენობრივი ბარიერი არ გქონდათ?

  – მქონდა. გერმანული არ ვიცოდი და ხელებით, ფეხებით, დამტვრეული ენით მაინც რაღაცას ვაგებინებდი. ჩვენი კარგი თვისება ის იყო, რომ  დამტვრეული ენით ლაპარაკის არ გვრცხვენოდა, რამაც საშუალება მოგვცა, გერმანული სწრაფად აგვეთვისებინა.    

– გეტყობათ, კარგი იუმორი გაქვთ.

  – რა ვიცი, ამბობენ (იცინის). თუმცა, იუმორი ძალიან დელიკატური რამაა. მაგალითად, მახსოვს, გასტროლების დროს რაც ფრანგებს მოსწონდათ და იცინოდნენ, გერმანელები დაზეთილები უყურებდნენ, ან – პირიქით. ორი დღის წინ მსახიობებს ანეკდოტი მოვუყევი – როგორ ამაგრებენ ქუთაისელები  ნათურას და როგორ სვამენ ჩაის. ირაკლი, ირინა და კოკი, ჩემი თამადობით, გულიანად ვიცინოდით; არტისტები და ჩემი შვილი კი ერთმანეთს, იცი, როგორი თვალებით უყურებდნენ? აი, სახეზე რომ ეტყობათ – ვაიმე, რაღაცაშია საქმეო (იცინის).

– ქართული კარგად იციან თქვენმა შვილებმა?

– იციან, მაგრამ, მათი მთავარი ენა მაინც ინგლისურია. სახლში ყველანი ქართულად ვლაპარაკობთ, მაგრამ, გამოგიტყდები, ჩემი შვილები ხანდახან სასაცილოდ ლაპარაკობენ, პირდაპირ თარგმნიან ინგლისურიდან. მაგალითად, ანა მეუბნება: „წავედი, შხაპი უნდა ავიღო” (იცინის). რას იზამ, ხდება ხოლმე. 

– როგორ შეიქმნა თქვენი თეატრი?

  – მე ირინას ჯერ კიდევ თბილისში დავპირდი, რომ ამერიკაში ჩვენს თეატრს შევქმნიდით და ეს ოცნება პირველივე დღიდან რეალობად ვიქციეთ. ძალიან დიდ სირთულეებთან მოგვიწია ჭიდაობა. ჯერ რესტორნებსა და კლუბებში გამოვდიოდით, მერე, ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც პროდიუსერმა გვიპოვა და მიგვიპატიჟა, საბავშვო თეატრის გახსნაზე რომ გამოვსულიყავით. ეს იყო პირველი სერიოზული მიწვევა. მერე იმ თეატრში გავიცანით ანდრეი მალავ-ბაბელი, რეჟისორი მოსკოვიდან. სულ მალე, 1997 წელს, მე, ირინამ და ანდრეიმ დავაარსეთ სტანისლავსკის თეატრ-სტუდია და ასე დაიწყო თეატრალურ არენაზე ჩვენი გამოჩენა. თეატრმცოდნეებმა და კრიტიკოსებმა დაიწყეს ჩემი და ირინას გამორჩევა, მერე მე გავხდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ანდრეი კი – პროდიუსერი. ჩვენი ხედვა თეატრისა რადიკალურად განსხვავდებოდა: ის უფრო ტრადიციულ, სტანისლავსკის სისტემას მიჰყვებოდა, მე და ირინა კი – პირიქით, დინების საწინააღმდეგო მხარეს მივცურავდით, რამაც გამოიწვია ჩემი და ანდრეის შორის შემოქმედებითი კონფლიქტი და, 2001 წელს, იმავე ორგანიზაციის ფარგლებში, გამოვაცხადე „სინეტიკის თეატრი“. დავიწყე დამოუკიდებლად სპექტაკლების დადგმა, ანდრეიმაც თვითონ დაიწყო თავისი სპექტაკლების კეთება. სეზონის ბოლოს ჩვენდაუნებურად მოხდა „სინეტიკის თეატრის“ არნახული აღიარება – პირველად ვიყავით  ნომინირებული ვაშინგტონის თეატრალური „ოსკარით“ – „ჰელენ ჰეიზ ევორდ”, ერთდროულად 7 კატეგორიაში. ეს იყო თავბრუდამხვევი წარმატება… ზუსტად სამ კვირაში მე და ირინამ მივიღეთ წერილი სტანისლავსკის თეატრ-სტუდიიდან, რომ ჩვენ გათავისუფლებულები ვიყავით თეატრიდან ფინანსების უქონლობის გამო… 

– რომელი იყო თქვენი პირველი სპექტაკლი?

– პირველი სპექტაკლი იყო „ჰამლეტი” უსიტყვოდ; მას მოვაყოლე „სტუმარ-მასპინძელი”, სადაც ბატონი კახი კავსაძე ასრულებდა მუსას როლს და, უნდა გენახათ, რა მაგარი მუსა იყო – აზანზარებდა ყველაფერს! ზვიადაურს ირაკლი თამაშობდა და აღაზას – ირინა. მე ვარ ერთადერთი რეჟისორი, რომელმაც კავსაძეების დინასტია ერთად დააყენა სცენაზე (იცინის). ეს სპექტაკლი დავდგი მაშინ, როცა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი ახალმომხდარი იყო. სპექტაკლის კოსტიუმები გოგი მესხიშვილმა შექმნა, ამიტომ, არ იყო ძალიან ქართული და მაყურებლისთვის უცხო. 

– რამე უცნაური და სახალისო თუ მომხდარა თქვენს სპექტაკლებზე?

  – როცა საკუთარი შენობა მივიღეთ, დავდგი სპექტაკლი  „მეფე არტური”, რომელიც არის ლეგენდაზე აწყობილი თემა. მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზე იყო წყალი და სამი-ოთხი რიგი „ფლაშინგ ზოუნ”, ანუ საწუწაო ზონა იყო მოწყობილი. სპეციალურ ლაბადებს ვარიგებდით, „პანჩოები“ ჰქვია, ძალიან საინტერესო და რისკიანი სპექტაკლი გამომივიდა, დამემტვრა ხალხი: ზოგმა ფეხი მოიტეხა.. ზოგმა მუხლი ამოიგდო, ზოგი გაცივდა... ძალიან რთული ყოფილა წყლის შენს ჭკუაზე მოყვანა, ფაქტობრივად, შეუძლებელი... ერთ მშვენიერ დღეს, სპექტაკლის ბოლოს, თინეიჯერები ამოხტნენ და წყალში იკოტრიალეს, რასაც, რა თქმა უნდა, დიდი სიცილი და გაკვირვება მოჰყვა… 

„მეფე ლირში” სცენაზე ქვიშა დავყარე და სპექტაკლის დროს სულ ბუღი იდგა და მთელი თეატრი, თავისი მაყურებლიანად, დამტვერილი იყო. ბოლოს ქვიშა კორპით შევცვალეთ, რომელიც შორიდან უფრო ჰგავდა ქვიშას ვიდრე ქვიშა ქვიშას (იცინის). 

 – ცნობილი ამერიკელები თუ დადიან თქვენს სპექტაკლებზე?

 – ეს ვაშინგტონია, დედაქალაქი, ამიტომ ძირითადად  პოლიტიკური ელიტაა თავმოყრილი და, ცხადია, თეატრში ისინიც დადიან, მაგალითად, ქალბატონი მიშელ ობამა იყო მოსული. რიჩარდ გირის აგენტის მიწვევით ჩვენ ნიუ-იორკში ჩავიტანეთ და ვითამაშეთ „სტუმარ-მასპინძელი“. თეატრი სხვა მასშტაბია, კინო – სხვა. 

– ჰელენ ჰეიზის პრემიაზეც მითხარით ორი სიტყვა.  

   – როგორც ზემოთ განვმარტე, ჰელენ ჰეიზის პრემია არის ვაშინგტონის თეატრალური „ოსკარი”. ეს ქალბატონი ამერიკული თეატრის სათავეებთან იდგა, როგორც, ვთქვათ ჩვენთან, სესილია ან ვერიკო. სულ 80 ნომინაცია და 21 ჯილდო გვაქვს მიღებული.

– ერთგან რეცენზიაში წავიკითხე, რომ სპექტაკლ „ოსტატი და მარგარიტაში” ქართულად გულიანად იგინებოდით. 

  – (იცინის). კარგი რამე გამახსენეთ. „ოსტატი და მარგარიტა” იყო ამერიკელი მაყურებლისთვის ადაპტირებული, რომ გასაგები ყოფილიყო მათთვის. რელიგიის ფაქტორი გამოვრიცხეთ და წინა პლანზე წამოვწიეთ პოლიტიკური თემა. ვოლანდი ითამაშა მსახიობმა, რომელიც, რომ შეხედო, ლენინის ასლია! ჩავაცვით ლენინივით და გავაკეთეთ მავზოლეუმის დეკორაცია (რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირობით ფორმაში). სპექტაკლი იწყებოდა ისე, რომ, ეშმაკი ანუ ვოლანდი (იგივე ლენინი) მავზოლეუმიდან აღდგებოდა. მოკლედ, ეს იყო თეატრის 10 წლის იუბილე და გადავწყვიტე, მე მეთამაშა ოსტატი და მარგარიტა ყოფილიყო ირინა. სცენა იყო ფსიქოლოგიურად დატვირთული და მეც, დიდი სიამოვნებით, ქართულად ვლანძღავდი იმ უჯიშოებს. მსოფლიოს ორი ყველაზე გავლენიანი გაზეთის – „ვაშინგტონ პოსტისა” და „ნიუ-იორკ თაიმსის” ჟურნალისტები წელიწადში, სულ ცოტა, 6-8-ჯერ წერენ სტატიებს ჩვენზე და ეს ჩვენთვის დიდი პატივია.

 

 

скачать dle 11.3