კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიაღწია დუდანა მაზმანიშვილმა მსოფლიო მნიშვნელობის წარმატებებს და რატომ ვერ ახერხებს ის ქართველი მსმენელის წინაშე ხშირად გამოსვლას

დღეს უამრავ ქართველს აქვს წარმატებული კარიერა უცხოეთში... თუმცა, მათ შორისაც არიან რჩეულები, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება ახალგაზრდა პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი... იგი ჯერ კიდევ 2008 წელს დაასახელა  „მიუზიკალ ამერიკამ“ ამომავალ ვარსკვლავად და ამის შემდეგ არაერთი წარმატება მოიპოვა. როგორც ყველა ჭეშმარიტი ხელოვანი, დუდანაც  არ სჯერდება მიღწეულს და ამბობს, მინდა, შევინარჩუნო სიმსუბუქე, მოვახერხო და გრაციოზული სვლით მივიდე არა მხოლოდ წარმატებასთან, არამედ ჭეშმარიტ, ნატიფ ხელოვნებასთანო. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად დუდანამ ვრცელ და გულახდილ ინტერვიუზე უარი არ გვითხრა... 

 

დუდანა მაზმანიშვილი: ხელოვანებისა და მეცნიერების ოჯახში გავიზარდე. დედა, თამრიკო აფაქიძე, მუსიკოსი იყო და სწორედ მისი დამსახურებით ვეზიარე ასე ადრე (3 წლის ასაკში) საფორტეპიანო ხელოვნების ანბანს. საოცარი პედაგოგიური ნიჭი ჰქონდა და, უცხო ენებიდან დაწყებული, ხელოვნების ისტორიით დამთავრებული, ყველაფერში თვითონ მამეცადინებდა. ასეთი იყო არა მარტო ჩემს, არამედ ყველას მიმართ მის კლასში. თვითონ ქართულისა და რუსულის გარდა, შესანიშნავად ფლობდა ინგლისურს, ჩეხურს, ცოტ-ცოტა ფრანგულსა და იტალიურსაც. ეგრეთ წოდებული „íåìêჭ” ჰყავდა ბავშვობაში ძიძა და გერმანულად, ფაქტობრივად, უაქცენტოდ ლაპარაკობდა. მამა დედას ხუმრობით ჩვენი ოჯახის განათლების მინისტრს ეძახდა... მამა არქიტექტორი იყო და ხატავდა, მეც მისი გავლენით დავიწყე ხატვა და ბავშვობაში ორი გამოფენაც მქონდა. დღეს მუსიკამ ისე დაიკავა ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, რომ, სამწუხაროდ, დრო აღარ მრჩება და, დასასვენებლად როცა ვარ, მაშინ თუ მოვახერხებ ხოლმე რამის დახატვას. ბოლოს სამი წლის წინ დავხატე ფუერტევენტურას სანაპირო. მამა მელომანი იყო. მეც ამ გადატვირთული გრაფიკის პირობებში, ფუფუნებად მივიჩნევ ოპერაში წასვლას  – ეს ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი და დასვენებაა. ჩემს ძმას და მე რუსი ძიძა გვყავდა, რომელიც დღესაც ოჯახის წევრად მიგვაჩნია. ყოველ ზაფხულს წყნეთში ვისვენებდით მრავალრიცხოვან ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან ერთად და მერე ჩეხეთში მივდიოდით – ჩემი ძმა დაბადებიდან ეტლში ზის და იქ მკურნალობდა. გიორგის იქაური მეგობრები ჩემთან ერთად ხან სპექტაკლებს დგამდნენ, ხან გამოფენებს აწყობდნენ. ჩემი ძმაც ხატავს. მიმაჩნია, რომ ძალიან ბედნიერი და პრივილეგირებული ბავშვობა მქონდა თუნდაც იმიტომ, რომ ამ ბავშვებთან ერთად ვიზრდებოდი, ვთამაშობდი და რამდენიმესთან დღესაც ვმეგობრობ. ბავშვობის ამ საინტერესო გამოცდილებებმა და მოგზაურობებმა ჩამომაყალიბეს დღევანდელ კოსმოპოლიტად. 

– თქვენ ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის შვილიშვილი ხართ. რას გაიხსენებთ ამ დიდი პიროვნების შესახებ?

– ბაბუ არქეოლოგი იყო. მე დღემდე ძალიან მაინტერესებს და საკმაოდ კარგად ვერკვევი არქეოლოგიაში. განვიცდი, რომ არ გამოვიყენე მიუნჰენში ჩემი სწავლის პერიოდი და პარალელურად არ ჩავაბარე არქეოლოგიაზე, მით უფრო, რომ კონსერვატორიისა და მიუნჰენის უნივერსიტეტის ანტიკური არქეოლოგიის კათედრის შენობები ერთმანეთის გვერდით დგას. არქეოლოგია ძალიან ახლოსაა ხელოვნებასთან, ჩვენც ხშირად გვიწევს ხოლმე მუსიკაში ჭეშმარიტების ძიება და ეს მაგონებს არქეოლოგიური გათხრების პროცესს. საერთოდაც, ისტორიასაც ჰყავდა ოდესღაც თავისი მუზა – კლიო და ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის. ბაბუს ხშირად დავყავდი ექსპედიციაში და, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მკაცრი იყო ყველას მიმართ, ჩემთან, საოცრად თბილი, საყვარელი და „ჩემი ჭკუის” ხდებოდა, მასეირნებდა და მეთამაშებოდა. დედა ხშირად საყვედურობდა – არაპედაგოგიური ხარ და ანებივრებო. გავიხსენებ ტიმ სევერინის დახვედრას ფოთში, როდესაც მან იასონის სავარაუდო მარშრუტი გაიმეორა სპეციალურად აგებული „არგოთი”. ასევე, ტროას ექსპედიციის ხელმძღვანელის, მანფრედ კორფმანის სტუმრობას ჩვენთან და სიმბოლურ სუვენირს – პატარა ტროას ცხენს.

– მიუნჰენი ახსენეთ... გვიამბეთ იმ სასწავლებლებზე, რომლებიც დაამთავრეთ...  

– დავამთავრე თბილისის კლასიკური გიმნაზია (მაშინ პირველი სკოლა ერქვა), ნიჭიერთა ათწლედი დედას კლასში, შემდეგ – მიუნჰენისა და ნიუ-იორკის კონსერვატორიები ყველასათვის ცნობილ პიანისტთან, ელისო ვირსალაძესთან და ამერიკელ პიანისტ ჯეროუმ როუზთან. ადვილი ნამდვილად არ იყო მარტო ცხოვრება, ყოფითი პრობლემების მოგვარება და თან მუსიკაზე ფიქრი, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ამ პრობლემის წინაშე დადგომა ყველა მუსიკოსს უწევს. ძალიან გამამდიდრა ქალბატონ ელისოსთან ურთიერთობამ. არასდროს ყოფილა მკაცრი ან უგულო. ძალიან დიდ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს და ამით არის ყველასგან გამორჩეული. ბუნებრივია, როცა მასთან სწავლობ, ეს თვისება ძალიან გადამდებია და უფრო მომთხოვნი ხდები საკუთარი თავის მიმართ.

– პირველად დიდ სცენაზე როდის გახვედით?

– სცენაზე პირველად 6 წლის ავედი, 8 წლისა კი ორკესტრის თანხლებით ვუკრავდი მოცარტის კონცერტს. ჩემში სცენა მხოლოდ დადებით, ამაღლებულ ემოციას იწვევს და ეს განწყობა ბავშვობაში ჩამომიყალიბდა. განსაკუთრებული სითბოთი ვიხსენებ ბატონ ჯანო კახიძეს, რომელთან ერთადაც 14 წლის ასაკში პირველად შევასრულე რახმანინოვის მეორე კონცერტი. პატარა გოგოსა და უკვე ასაკოვანი მაესტროს ტანდემი ძალიან ეფექტური იყო და მე ამ რეპეტიციებმა იმდენი მომცა, რასაც, ალბათ, წლებს მოვანდომებდი. პარალელურად, მქონდა „კავეენის“ რეპეტიციები (პირველი კლასიკური გიმნაზიის გუნდში ვიყავი) და იქიდან მივრბოდი ხოლმე ორკესტრთან. ბატონი ჯანო სულ მაფრთხილებდა – აბა, ახლა სერიოზულადო – და ბევრს იცინოდა. 

– ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსები გაიარეთ...

–  ძალიან უარყოფითი განწყობა მაქვს ნებისმიერი სახის კონკურსისადმი, ეს არაჯანსაღ კონკურენციას ჰბადებს და იშვიათადაა ხანგრძლივი წარმატების საწინდარი. საერთოდაც, სამწუხაროა, როდესაც ხელოვნება სპორტს ემსგავსება, კომერციული და საშინლად „მაინსთრიმული“ ხდება. კონკურსებში არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა – ხშირად წარმატებულად, ხან წარუმატებლადაც, თუმცა, თვითონ მომზადების პროცესი ძალიან მზრდიდა. რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის მართლა არაფერს ნიშნავს. სამწუხაროდ, დღევანდელი კლასიკური მუსიკის ბიზნესი თითქმის არ ითვალისწინებს ახალგაზრდა მუსიკოსისათვის ყურადღების მიქცევის სხვა საშუალებას. 

– უცხოეთში მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნაზე რას გვეტყვით?

– ყველა ადამიანი უნდა გასცდეს საკუთარი კომფორტის ზონას, ორბიტას, ისევე, როგორც ბარტყმა უნდა ისწავლოს ფრენა. ძნელია, მაგრამ, საჭიროა და შედეგიც მოაქვს – დამოუკიდებელ ადამიანებად გვაყალიბებს. ამას გარდა, მომეცა საშუალება, გამეცნო კოლეგები მთელი მსოფლიოდან, მომესმინა საოცარი კონცერტები, მენახა გამოფენები, მუზეუმები. მე დავუმეგობრდი რამდენიმე აფხაზ ხელოვანს, არაჩვეულებრივ ხალხს. 

– იქნებ გაიხსენოთ ყველაზე დიდი სცენები და წარმატებები, რომლებიც თქვენს კარიერაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

– გამოვყოფდი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლს“, ბერლინის „კონცერტჰაუზს“, ვენის „მუზიკფერაინს“, მიუნჰენის ფილარმონიას, მოსკოვს, დუბაის, პარიზს. „მიუზიკალ ამერიკამ“ 2008 წლის ამომავალ ვარსკვლავად დამასახელა, ასევე, ლონდონის „ინტერნეიშნალ პიანომ“; ჩემი სადებიუტო ალბომი გერმანიის კლასიკური რადიოს ჩარტებში ერთი თვის განმავლობაში ლიდერობდა. გავიხსენებდი წინა სეზონის ორ მნიშვნელოვან ტურნეს  ნიუ-ჯერსისა და ბონის სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად. წარმატებად ითვლება, ალბათ, ჩემი სატელევიზიო გამოსვლებიც გერმანიის, ამერიკის არხებზე, რუსეთის ტელეარხ „კულტურაზე”. 

– რა სიხშირით აქვს ქართველ მსმენელს საშუალება, მოგისმინოთ და როგორია თქვენთვის ქართველი პუბლიკის წინაშე გამოსვლა?

– თბილისში ვუკრავ ორ-სამ წელიწადში ერთხელ. მინდა უფრო ხშირად გავმართო კონცერტები, მაგრამ, დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ. თბილისში დაკვრა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და, სასიამოვნოა. ქართველი მსმენელი ძალიან კომპეტენტურია და აქაური წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვისურვებდი უკეთეს და უფრო აქტიურ კრიტიკოსებს, დაინტერესებას, რუბრიკებს. მინდა გამოვიდე ბათუმშიც, ქუთაისშიც, სხვა ქალაქებშიც. უკვე ვფიქრობ და აუცილებლად განვახორციელებ ამ პროექტს. 

– როგორი გარემოა დღეს პიანისტისთვის საქართველოსა და უცხოეთში?

– შემოქმედი, აქტიური, მშრომელი მუსიკოსისთვის ყველგან მუსიკაა სამშობლო და დედაენა. მხოლოდ გამოცდილებისთვისაა აუცილებელი ცვლილება და სიახლე. შორიდან უფრო აფასებ, აიდეალებ შენს ფესვებს. ბერლინი, სადაც მე ვცხოვრობ, ძალიან კოსმოპოლიტური, ტოლერანტული, თავისუფალი ქალაქია. აქ უმდიდრესი პალიტრაა ყველა მიმართულების ხელოვანისთვის.

– როგორია თქვენი ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრება, მუსიკის გარდა კიდევ რით ხართ დაკავებული?

– ჩემი ყოველდღიურობა ძალიან მრავალფეროვანია. ძალიან მაინტერესებს პოლიტიკა, კინო, ლიტერატურა. გამუდმებით ვსწავლობ რაღაც ახალს, ძირითადად – ენებს, ვლაპარაკობ თავისუფლად, ვსაუბრობ ექვს ენაზე და ორზე ჯერ გაჭირვებით. დროის მუდმივი დეფიციტი მაქვს, მაინტერესებს ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ეს ნორმალურ პირობებშია შესაძლებელი. მუსიკალური მოღვაწეობის პარალელურად ვარ გერმანიაში საქართველოს საელჩოს კონსულტანტი საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობისა და, კულტურის საკითხებში. ძალიან მნიშვნელოვანია დროის სწორი განაწილება – ეს ჩემი ცხოვრების მუდმივი დილემაა. მინდა, შევინარჩუნო სიმსუბუქე, მოვახერხო და გრაციოზული სვლით მივიდე არა მხოლოდ წარმატებასთან, არამედ ჭეშმარიტად ნატიფ ხელოვნებასთანაც. 

 

 

скачать dle 11.3