რას უწოდებს გვანცა ზაქარეიშვილი თანამედროვე ბიჭებს და რატომ ნატრობს èის ორმოცდარვასაათიან დღე-ღამეს
მომხიბვლელმა გვანცა ზაქარეიშვილმა, ქართველ მსმენელს თავი ოთხი წლის ასაკიდან გააცნო, ხოლო ტელევიზიაში ტელეწამყვანად ჩვიდმეტი წლისა მოგვევლინა. როგორც ჩემთან საუბარში აღნიშნა, ბედნიერია ასეთი დატვირთული გრაფიკით რომ ცხოვრობს. თავის დაზოგვას არც მომავალში აპირებს და ბევრი პროექტის განხორციელება აქვს გეგმაში. თუ როგორ შეძლებს, გაართვას თავი ამ ყველაფერს ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– გვანცა, სულ ახლახან შენი დაბადების დღე იყო. კიდევ რითაა აღსანიშნავი ეს დღე გარდა იმისა, რომ ქვეყანას მოევლინე?
– ალბათ, იმით, რომ გასული წელიწადი საკმაოდ ნაყოფიერი იყო შემოქმედებითი კუთხით. ის ძირითადად, ჩემი პროფესიის სრულყოფისთვის, პროფესიული დონის ასამაღლებლად გამოვიყენე. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ის, რომ ამ დღეს ჩემ გვერდით იყო ყველა ჩემი ახლობელი და დაუვიწყარი დღე გავატარეთ.
– ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ კულინარიულ საკითხებს დედაშენი აწესრიგებდა, რადგან მის შესაძლებლობებზე ლეგენდები დადის.
– კი. მართლაც შესანიშნავი კულინარია. ყველაფერი გემრიელი გამოსდის. მე მხოლოდ სალათებს ვამზადებ. ამ ბოლო დროს „იდეალის“ გამოცხობაც ვისწავლე. წაგებულმა ნიძლავმა მაიძულა, მესწავლა (იცინის). რაც შეეხება ორგანიზაციულ მხარეს, ამ ყველაფერმა ჩემზე გადაიარა. ასევე, მეხმარებოდა ჩემი ორი მეგობარი. ერთი სიტყვით, დიდი მზადება გვქონდა. ყველაფერი ისე მოვაწყვეთ, რომ თავი კომფორტულად გვეგრძნო. ყველა კმაყოფილი დარჩენილიყო და მგონი, ასეც მოხდა. მეუბნებიან, ნეტავ, ყოველ კვირას დაბადების დღე გქონდესო.
– ნიძლავი ახსენე, ესე იგი, წაგება ცუდი მასწავლებელი არ ყოფილა.
– გააჩნია, რა შემთხვევაში. აი, მაგალითად, ჩემთვის კარგი მასწავლებელი გამოდგა. ისეთი ნამცხვარი გამოვაცხვე, რომ ჩემმა მეგობრებმა უცბად გადასანსლეს.
– არა მგონია, მარტო შენი დაბადების დღე ყოფილიყო ძირითადი თემა. შენ ხომ ოთხი წლისამ დაიწყე სიმღერა და თითქმის ცხრამეტწლიანი სტაჟი გაქვს მუსიკალურ ხელოვნებაში.
– გარკვეულწილად, ასე გამოვიდა. მართლაც ოთხი წლის ვიყავი, პირველად რომ ვიმღერე. ექვსი წლისა „მზიურში“ ვმღეროდი. ჩვიდმეტი წლის ტელევიზიაში ვმუშაობდი. დამიგროვდა სტაჟიც და გამოცდილებაც და მთელ ჩემს ცხოვრებას გასდევს სიმღერა. რა თქმა უნდა, ამაზეც იყო საუბარი და სადღეგრძელოც ითქვა. რომ იტყვიან, ერთად „დავიბადეთ“ მე და ჩემი სიმღერები და იუბილესაც ერთად ვიხდით ხოლმე.
– შენ კი ამბობ, რომ დაუვიწყარი დღე გაატარეთ, მაგრამ მე ვერ დაგეთანხმები, რადგან იქ არ იყო ის, ვინც აუცილებლად უნდა ყოფილიყო.
– (იცინის) მიგიხვდი, რაზე მიმანიშნებ, რა ვქნა, თუკი დღემდე არავინ შემიყვარდა?! არადა, მართლაც დაამშვენებდა იქაურობას, მომავალში, ალბათ, მეყოლება.
– გვანცა, წუნია ხარ?
– არა. წუნია ნამდვილად არ ვარ. თაყვანისმცემლებიც მყავს, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა ჯერჯერობით არავისთან მქონია. იმდენად დატვირთული გრაფიკით მიწევს ცხოვრება, ამ ეტაპზე ნამდვილად არც ვფიქრობ არავიზე. თანაც, არ ვარ ისეთი, მარტო ვიზუალურ მხარეს რომ ვუყურებდე. ისე არ გამიგო, თითქოს კრიტერიუმების სია მქონდეს ჩამოწერილი, მაგრამ არის ნიუანსები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შემიყვარდეს.
– მაინც, რა თვისებები უნდა ჰქონდეს? ვიცი, ბევრს აინტერესებს და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გაითვალისწინებენ.
– (იცინის) არ ვიცი, ვის აინტერესებს, მაგრამ, თუ არ ექნება მდიდარი შინაგანი სამყარო, პასუხისმგებლობის გრძნობა, იუმორი, ასეთ ადამიანს არათუ ვერ შევიყვარებ, არამედ მეგობრობასაც ვერ შევძლებ მასთან. ისე არ გამიგო, თითქოს უარყოფითი არაფერი უნდა ჰქონდეს. ასეთი ადამიანი არც არსებობს. მე ვლაპარაკობ იმ აუცილებელ ღირებულებებზე, ყველა ადამიანს რომ უნდა ჰქონდეს.
– არ არიან ასეთი ბიჭები, თუ შენ ჯერ არ შეგხვედრია?
– როგორ არ არიან. მარტო ჩემს მეგობრებში თითქმის ყველა ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ისეთიც საკმაოდ ბევრია, ნამდვილი სიყვარული რომ არ შეუძლია. ზოგი მარტო „ნადირობაზეა“ გადასული.
– გეთანხმები, ზოგი მიზნის მისაღწევად ძვირად ღირებულ სიურპრიზებსაც აწყობს.
– კი, ასეც არის ხოლმე. ვგიჟდები ისე მიყვარს სიურპრიზები, მაგრამ გააჩნია, ვისგან. მნიშვნელობა არ აქვს, რა თანხის იქნება, მთავარია, ორიგინალური იყოს და მთელი გულით მოძღვნილი. შეიძლება, ზოგმა ძვირად ღირებული მანქანა გაჩუქოს, მაგრამ ისეთნაირად გააკეთოს ეს ან ისეთმა გაჩუქოს, რომ მისი ფასი ნული იყოს.
– ხომ არ ფიქრობ, რომ ორი პროფესია, დატვირთული გრაფიკი ხელს გიშლის, იპოვო ის, რის გარეშეც „თვით უკვდავებაც არ არსებობს“?
– მთლად ასეც ვერ ვიტყვი. ბავშვობიდან ისე მივეჩვიე ამ ტემპს, რომ არ მიჭირს, სხვა მნიშვნელოვანი რამისთვისაც გამოვნახო დრო. ორივე ჩემი პროფესიაა და არც ერთში დილეტანტი არ ვარ. როგორც მომღერალი და ჟურნალისტი, შევდექი და რაც მთავარია, ეს ჩემი სიტყვები არაა. ბევრი სხვა გატაცებაც მაქვს და დღე-ღამეში რომ ორმოცდარვა საათი იყოს, კიდევ ბევრ რამეს მოვასწრებდი.
– ესე იგი, მრავალი პრიზი, რომლებიც უკვე მოპოვებული გაქვს, გეცოტავება?
– რა თქმა უნდა. რაც მეტი იქნება, უკეთესია. ჩემთვის ყველა მნიშვნელოვანია, რადგან დაუღალავი შრომითა და ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა. ამიტომ, ყველა მოპოვებული და მოსაპოვებელი პრიზი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს მაშინ, როცა შენი სამშობლოს სახელით გიწევს გამოსვლა. როგორ შეიძლება, არ იყო ბედნიერი მაშინ, როცა ისეთი კორიფეების გვერდით წარდგები ფესტივალზე, როგორებიც არიან: რეზო ჩხეიძე და მერაბ კოკოჩაშვილი. მე იქ მუსიკალურ მხარეს წარმოვადგენდი და „ოქროს ხმის“ მფლობელი გავხდი. მომავალში თუ იქნება, ასეთი შესაძლებლობა, აუცილებლად გამოვიყენებ. ყველა ხელოვანი დამეთანხმება, რომ პროფესიული თვალსაზრისით, ასეთ ბედნიერებას არაფერი შეედრება.
– ახალ წელს როგორ ხვდები ხოლმე?
– ჩვენ, საერთოდ, ძალიან ტრადიციული ოჯახი გვაქვს, ყოველთვის ერთად ვხვდებით ახალ წელს, მაგრამ, არის გამონაკლისიც. ჩემდა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ მივაღწიე კონსენსუსს მშობლებთან, რომ მეგობრებთან ერთად გამიშვან. გვაქვს დაუწერელი კანონი, ყველა ვიკრიბებით ერთი მეგობრის ოჯახში და ძალიან მაგრად ვერთობით. ვიკრიბებით ისინი, ვისაც ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და პატივს ვცემთ, ამას ახალი წლის განწყობაც ემატება. დრაკონის წელი რომ მოვიდა, ძალიან მიხარია, რადგან მეც დრაკონი ვარ.
– რა ოცნების ასრულებას ისურვებდი?
– მინდა, რომ უფრო მეტი რეალიზების საშუალება მქონდეს ჩემს ორ პროფესიაში და არც ლამაზ სიყვარულზე ვიტყოდი უარს (იცინის).
– რა გეგმები გაქვს უპირველესად, რის რეალიზება გინდა?
– უახლოეს მომავალში ტელევიზიაში ვიწყებ ახალი პროგრამით გადაცემის გაკეთებას. პილოტი უკვე მომზადებულია. მაგრამ, სანამ კონტრაქტს მოვაწერ ხელს, არ მინდა გავახმაურო, ცუდად მაქვს დაცდილი. ასევე, ვაპირებ, რამდენიმე ახალი სიმღერა ჩავწერო, ინტენსიურად ვმუშაობ. ერთ-ერთი სიმღერა იქნება ჩემი საყვარელი ანიმაციური ფილმიდან. მუსიკა ჩემი განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, თავის დაზოგვას არ ვაპირებ.
– მკაცრად რომ გითხრან, აირჩიე ან მომღერლობა, ან ჟურნალისტიკაო, რომელს აირჩევდი?
– მომღერლობას.