შენ – ჩემთვის, მე კი...
ბედნიერებას უყვარს პრინციპი: „შენ ჩემთვის – მე შენთვის.” პარტნიორისგან როგორი ემოციის, დამოკიდებულების მიღებაც გინდათ, ზუსტად ისეთი და იმ რაოდენობის უნდა გაიღოთ სანაცვლოდ. მარტო სურვილი, რომ მის გვერდით ბედნიერად იცხოვროთ, საკმარისი არ არის. თუ მშვიდი, ჰარმონიული, სტაბილური ურთიერთობის მოსურნე ბრძანდებით, მაშინ ცვლილებებისთვის მზადყოფნასა და მძაფრ ემოციებს ნუ გამოავლენთ. ჯერ ერთი, ეს ხელოვნური იქნება, მეორეც – პარტნიორს შოკში ჩააგდებთ. მოულოდნელობა მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ არის მომგებიანი და ეფექტური. თუ ამას სისტემატური სახე აქვს, ადამიანი იღლება.
გენდერული ფსიქოლოგიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სუსტი სქესი თავს წარმატებულად მაშინ გრძნობს, როცა ისინი მძაფრი შეგრძნებების გავლენის ქვეშ არიან. ამიტომაც არის, რომ განსაკუთრებულ დღეებში, ვთქვათ, დღესასწაულებზე, მათი გაღიზიანებულობა იმატებს – რაღაცის მოლოდინში არიან, სულერთია, რის.
ბედნიერებას კონკრეტული სახე არ აქვს, თუმცა, მას გარკვეული პირობები სჭირდება. მაგალითად, გულწრფელობა, ანუ, როცა რამე სასიკეთო მოხდება, უნდა გაგიხარდეთ. უბრალოდ, გაგიხარდეთ და მორჩა! ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ეს სიხარული ან გამართლება ხანმოკლე იქნება, ნუღარ დატვირთავთ მას ნეგატივით. ყველაზე ცუდია, გაიფიქრო (რასაც საკმაოდ ხშირად ვაკეთებთ): „დიახ, ახლა კი ყველაფერი კარგად არის, მაგრამ, რა იქნება ხვალ?!” ნუ ეძებთ მოვლენის, ფაქტის „უკუჩვენებას”. მიიღეთ ისინი სიხარულით. ნურასოდეს შეგაწუხებთ სინდისი იმის გამო, რომ თქვენ ასეთი ბედნიერი ხართ. თქვენს უახლოეს მეგობარს ან ოჯახის წევრს კი, კონკრეტულ მომენტში პრობლემები აქვს. ბედნიერება ინდივიდუალურია, ის ყველასთან ერთდროულად არ მიდის. ცოდნა იმისა, როგორ იცხოვრო აქ და ახლა, იმით დაკმაყოფილდე, რაც გაქვს – ბედნიერების საუკეთესო რეცეპტია. ახალი წლიდან შეეცადეთ, ეს „რეცეპტი“ თქვენთვისაც „გამოიწეროთ.”
ახალი წელივით ახალი...
პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ ამ „ახალს.” სიახლე ძველ ურთიერთობაში უნდა შეიტანოთ, თორემ, პარტნიორი კი არ უნდა გამოცვალოთ. მით უფრო, თუ ბედნიერად თავს მის გვერდით გრძნობთ. იმისათვის, რომ ურთიერთობა ბედნიერი იყოს, შრომა და ძალისხმევაა საჭირო. სიყვარული თვითონ უნდა ააშენო, აგურ-აგურ... კარგად გააანალიზო პრობლემები და მშვიდად დასახო მათი გადაჭრის გზები. თუმცა, შესაძლოა, ყველა მცდელობამ ფუჭად ჩაიაროს, თუ აღმოჩნდება, რომ, უბრალოდ, არ გაგიმართლათ.
მაგრამ, ახალი წელი ახალი პერსპექტივების, ახალი იმედებისა და ახალი მცდელობების შესანიშნავ შესაძლებლობებს იძლევა. სიყვარულისთვის დაბრკოლება და კონკრეტული ასაკი არ არსებობს, ის ყოველ წუთს შეიძლება, მოვიდეს და, რაც ყველაზე გასაოცარია, არ გამორიცხავს არაფერს, თანაც, სრულიად არაპროგნოზირებადია. ამიტომ, ნურც იმის იმედი გექნებათ, რომ ძველ წელს გაატანთ ძველ სიყვარულს და ახალ წელს ახალს დაელოდებით. ეს ახალი, შესაძლოა, სწორედ ის ძველი აღმოჩნდეს, რომელსაც თქვენ უკვე წერტილი დაუსვით.
ახალი წელი აუცილებლად გაგანებივრებთ სიყვარულით, თუკი მის ჯეროვნად მიღებასა და „გამასპინძლებას” შეძლებთ. ბევრი არაფერია საჭირო: დახვდით პოზიტიური განწყობით, რაც შეიძლება იმედიანად და, რა თქმა უნდა, ღიმილით, რომელიც მერე, მთელი წლის განმავლობაში თქვენი თანამგზავრი იქნება.
შეეგუე... ადვილია
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში, მით უმეტეს, როცა საქმე ოჯახს ეხება, უნდა დაივიწყოთ მოსაზრება: საუკეთესო თავდაცვა – თავდასხმაა! არავითარ შემთხვევაში! საკითხისადმი ასეთი მიდგომა აუცილებლად მიგიყვანთ კოლაფსამდე. შეიძლება, ქორწინების მერე, ის ისეთი არ აღმოჩნდა, როგორი შთაბეჭდილებაც მასზე გქონდათ; შეიძლება, ცოტათი იმედიც გაგიცრუათ, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სასწრაფოდ უნდა დაამთავროთ ურთიერთობა. დაფიქრდით. გიყვართ? – მაშინ, ნუ დაინახავთ დიდ პრობლემას იქ, სადაც უმნიშვნელო „ხარვეზი“ არსებობს და შეეცადეთ, შეეგუოთ პარტნიორის ზოგიერთ ჩვევას, ახირებასა და მის ხასიათს.
მანამ, სანამ მასზე გული მოგივათ და „გაიბერებით,” გაითვალისწინეთ ის, რომ არც თქვენ ხართ იდეალური. იმასაც უწევს რაღაცაზე თვალის დახუჭვა და რაღაცასთან შეგუება. მართალია, ზრდასრულ ასაკში ეს ადვილი არ არის (ახალგაზრდები უფრო მარტივად უყურებენ ერთმანეთის „პრივიჩკებს”), მაგრამ, გონებით თუ მიუდგებით, შეძლებთ.
მაგალითად, ელოდით, რომ დაბადების დღეზე ქმარი იტალიურ რესტორანში დაგპატიჟებდათ, მაგრამ, მან პიცა სახლში შეუკვეთა?! – ნუ გაუბრაზდებით. მამაკაცებს ფანტაზიებში ცოტა უჭირთ. ამაზე სკანდალის ატეხა ნამდვილად არ ღირს. მთავარია, რომ საერთოდ არ დაავიწყდა.
მოერიდეთ კრიტიკას – ეს კაცებს საშინლად არ უყვართ, მტკივნეულად აღიქვამენ და ხშირ შემთხვევაში, იბოღმებიან. შენიშვნა მსუბუქად, მშვიდად და ტაქტიანად უთხარით, ნატაციებისა და ჯიბრის გარეშე.
სხვათა შორის, ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ სიყვარული – ეს არის ერთმანეთთან შერწყმული მეგობრობა და კომფორტი. რომელ მეგობრობასა და კომფორტზეა საუბარი, თუკი მუდმივად შეეცდებით ერთმანეთის გადაკეთება-გამოსწორებას?! ასე რომ, გაითვალისწინეთ.
ყველაფერი უკეთესობისკენ...
იცით, როგორ უნდა იყოთ მუდმივად ოპტიმისტურ ტალღაზე? ეს ძალიან ადვილია, თუკი საკუთარ თავს დაარწმუნებთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება – მხოლოდ უკეთესობისკენაა. სინამდვილეში, ასეც არის. დაფიქრდით და მიხვდებით, რამდენჯერ შემოტრიალდა თქვენს სასარგებლოდ სიტუაცია, რომელიც თავიდან მხოლოდ ტკივილისა და იმედგაცრუების მომტანი ჩანდა.
ფსიქოლოგები ამბობენ, შეიქმენით სათანადო განწყობა და საქმე სანახევროდ გაკეთდებაო. სიტუაციის ჩვენებური აღქმა განაპირობებს მის პოზიტიურობას და პირიქით. მაგალითად, როცა დარწმუნებული ხართ, რომ ესა თუ ის ადამიანი დაინტერესებულია თქვენით, თამამდებით და, შესაძლოა, ინიციატივის საკუთარ ხელში აღებასაც მოერიდოთ.
პირადი ცხოვრების მოწყობისას დაივიწყეთ შებოჭილობა. ძალდაუტანებლობა და მოქმედების თავისუფლება წარმატებას არ დაგიგვიანებთ.
ბედნიერება უნდა გინდოდეთ, მისკენ უნდა მიილტვოდეთ. მერე რა, თუ ბევრჯერ გიტირიათ. ეტყობა, ასე იყო საჭირო. უთხარით საკუთარ თავს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და მალე ნახავთ, რომ ეს ასეც მოხდება.
გაიხსენით სიყვარულისთვის, გაიხსენით მეგობრობისთვის, გაიხსენით სიხარულისთვის და ყველაფერი მართლაც შეიცვლება უკეთესობისკენ.