როგორ ვმართოთ ჩვენი ცხოვრება სასიკეთოდ და რა გზით დავიბედოთ უკეთესი ბედ-იღბალი
ახალი წელი ყველა ოჯახისთვის ბედნიერი დღეა. მას, შეძლებისდაგვარად, ყველა, ლამაზად გაწყობილი სუფრით, მორთული ნაძვის ხითა და აუხდენელი ოცნების ახდენის სურვილით ხვდება: თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი გიული ამბობს, ოცნება მაშინ აგვიხდება, თუ მის ახდენაში თავად შევიტანთ წვლილს. ასე რომ, გაითვალისწინეთ მისი რჩევები და იმოქმედეთ ისე, თავს დიდი ბედნიერება მიანიჭოთ.
გიული: ახალ წელს ყველა იმედითა და სურვილებით ხვდება. ეს ბუნებრივია, რადგან სრულდება ძველი, მას წარსულს ვაბარებთ და იწყება ახალი, რომელსაც ადამიანისთვის სიახლეების მოტანა შეუძლია. ამბობენ, როგორი განწყობითაც დავხვდებით მას, მთელი წელი ისეთი განწყობა დაგვებედებაო. არადა, არ მეგულება ადამიანი, ვისაც ამ ჯადოსნურ დღეს ამაღლებული განწყობა არ აქვს. თუმცა, ხშირად წელი ისე არ მიდის, როგორც დავიბედეთ. ამაში კი ჩვენ მიგვიძღვის წვლილი. თუ იმ პატარა ნიუანსებს გაითვალისწინებთ, რაც წინაპრებმა ეგრეთ წოდებული ცრურწმენების სახით დაგვიტოვეს, მაშინ, მერწმუნეთ, ყველაფერი რიგზე იქნება. თანაც, ეს კონკრეტული მიზნებისა და სურვილების ახდენაშიც დაგვეხმარება. გეტყვით, რომ ჩვენი ბედისწერა მჭიდროდაა დაკავშირებული ამულეტის ცნებასთან. ბევრი თილისმას და ამულეტს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს და ერთი და იგივე ჰგონია.
– და მაინც, როგორ გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან და რა დატვირთვა აქვს ამ ორივეს ახალი წლის დღეებში?
– მართალია, მათი გარჩევა უნდა შეგვეძლოს, რადგან ახალი წლის დღეებში ამულეტის ტარება სასიკეთოდ წაგვადგება. ამულეტი და თილისმა კი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება და ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო. მაგალითად, თილისმა არის ნივთი, რომელიც კონკრეტული შემთხვევისთვისაა შექმნილი და მისი დამზადებისას, გასათვალისწინებელია ფორმა, მასალა და შეფერილობა. თილისმა იმ ადამიანს გადასცემს საჭირო და სასარგებლო ენერგიას, რომელიც მას ატარებს. ამულეტად კი ნებისმიერი ნივთი შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ, ის უნდა დამუხტოთ დადებითი ენერგიით, რომ ბედისწერასთან დაგაკავშიროთ, მან თქვენს იღბალზე იმოქმედოს. ამულეტების ყიდვა დღეს პრობლემა აღარ არის, ბევრმა შეიძლება, შემოგთავაზოთ ისეთი ამულეტები, რომლებიც თითქოს თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე, სიყვარულზე, გათხოვებასა და კარიერაზე აგებს პასუხს. ასეთი ამულეტის შეძენა ფულის ფუჭი ხაჯვაა. აქვე გეტყვით, რომ ის ინდივიდუალურია და არასწორად შერჩეული ამულეტის ტარებისას, ირღვევა მისი კავშირი ბედისწერასთან და მისმა გავლენამ შესაძლოა, ნეგატიური შედეგები მოგიტანოთ. მაგალითად, ევროპაში ყველა ადამიანს ტრადიციად აქვს, რომ ახალი წლის დღეებში აუცილებლად შეიძინოს ამულეტი და ის მთელი წელი ატაროს. ამით სჯერათ, რომ წარმატებებს იბედებენ. იქ, ამ ამულეტის დამზადებაზე პარაფსიქოლოგთა ჯგუფები მუშაობენ, აქ კი კუსტარულად დამზადებულ ამულეტებს ასაღებენ, რომელსაც არანაირი ენერგეტიკული ძალა არ გააჩნია. ამულეტი, რომელიც ზუსტად თქვენთვისაა დამზადებული და დამუხტული, მუდამ თქვენს გვერდით უნდა იყოს, უნდა ეხებოდეთ მას, ხედავდეთ ყოველდღიურად. ასე რომ, კიდევ ვამბობ, ის ინდივიდუალურია და შესაძლოა სხვისმა ამულეტმა თქვენ ბედნიერება ვერ მოგანიჭოთ.
– ამ მხრივ რას გვირჩევთ, როგორ შევარჩიოთ ამულეტი, რომ მან ბედნიერება მოგვანიჭოს მთელი წლის განმავლობაში?
– გირჩევთ, ამულეტად ისეთი ნივთი შეარჩიოთ, რომელიც გლუვია და არ აქვს მახვილი კუთხეები. მის ფორმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ის ძალიან უნდა მოგეწონოთ. მასთან ენერგეტიკული კავშირი რომ დაამყაროთ, საჭიროა, ახალი წლის დღეებში მუდამ თან გქონდეთ, მაგალითად, სუფრასთან, საწოლში, მანქანაში და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ნივთი თქვენს კანს უნდა ეხებოდეს. უმჯობესია, თუ ამულეტს გულზე დაკიდებულს ატარებთ დღისითაც და ღამითაც. თუ გინდათ, რომ კონკრეტულ ნივთს ამულეტის თვისებები მიანიჭოთ და მან თქვენს ბედსა თუ კარიერაზე სასიკეთოდ იმუშაოს, ერთ პატარა საიდუმლოს გაგანდობთ. მოკლედ, ძილის წინ ადამიანი ფიქრობს კონკრეტულ საკითხზე, საკუთარ თავში იკეტება, აკეთებს ფაქტების ანალიზს და აწყობს მომავლის გეგმებს. ამ დროს ქვეცნობიერი აქტიურად აგრძელებს მუშაობას, გულზე დაკიდებული ამულეტი კი ნელ-ნელა იმუხტება. დილით მას უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია თქვენთვის. ამულეტსა და ბედისწერას შორის რომ უდიდესი კავშირია, ეს ფაქტია და ამაში ბევრი თავად დარწმუნდა კიდეც. ასე რომ, შეარჩიეთ ახალი წლის დღეებში თქვენთვის სასურველი ამულეტი, დამუხტეთ ის თქვენს სასიკეთოდ და ოცნებები მარტივად აიხდინეთ.
– ქალბატონო გიული, წესად იქცა, რომ ახალ წელს ყველა ოჯახში ახალი ცოცხი უნდა იყოს. ამბობენ, ამას დიდი მაგიური დატვირთვა აქვს და ოჯახისთვის ბედნიერება და იღბალი მოაქვსო. ეს თუ მართალია და ზოგადად, რამდენი ცოცხი უნდა ინახებოდეს სახლში?
– ახალ წელს რომ ახალი ცოცხით უნდა შეხვდეთ, ეს ახალი არაა. ყოველ შემთხვევაში, ჩემს გარშემო ყველამ იცის და ითვალისწინებს კიდეც. გეტყვით, რომ ცხოვრების მართვა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. თუ შეგვიძლია, ჩვენი ცხოვრება უფრო სასიამოვნო, მრავალფეროვანი, სახალისო და წარმატებული გავხადოთ, ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. რაც შეეხება ცოცხს, არ არის რეკომენდებული ბინაში ორი ცოცხი გქონდეთ, ის ბედზე ცუდად აისახება და არ არის გამორიცხული, საყვარელი ადამიანისგან ღალატის გამო გული დაგწყდეთ. ასევე, ნუ გამოხვეტავთ საცხოვრებელს, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გზაშია. ამით მის მშივიდობიან მგზავრობას უზრუნველყოფთ.
– კი მაგრამ, ბინაში ცოცხის რაოდენობა, საყვარელი ადამიანის ღალატთან რა კავშირშია?
– თქვენ წარმოიდგინეთ და კავშირშია. ჩვენს წინაპრებს სახლში განგებ არ ჰქონდათ ორი ან მეტი ცოცხი, რომ საყვარელი მეუღლის ღალატისგან დაზღვეულნი ყოფილიყვნენ. საერთოდ, ბინაში არ ვარგა ორი ცოცხი, თორემ, თუ ერთი სახლში გაქვთ, მეორე კი – ეზოში, ეს დასაშვებია. ასევე, არასასიამოვნო სტუმრის შემდეგ, აუცილებლად სველი ცოცხით უნდა გამოხვეტოთ ოთახი, რათა ის ენერგია, რომელიც მან საცხოვრებელში დატოვა, ადვილად გაანეიტრალოთ და გარეთ „გახვეტოთ”. ბევრი ამბობს, ეს ყველაფერი სისულელეაო, მაგრამ დამიჯერეთ, სწორედ ისინი აკეთებენ ამას და ითვალისწინებენ ზემოთ თქმულს. ვერ ვხვდები, რა არის ამაში დასამალი. თუ ეს თქვენს ოჯახსა და ბედზე სასიკეთოდ აისახება, რა დასამალია? რას ვიზამთ, თუ არ უნდათ აღიარება, ნუ აღიარებენ. მთავარია, კარგად და ბედნიერად იყვნენ. ჩემი რჩევებით თუ გაიუმჯობესებენ ყოფას, ეს მხოლოდ გამახარებს.