კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ქირურგი სოფიკო ჭიაურელი მსახიობი და რატომ გადახტა ის გემიდან

 

„დიდი გზა განვვლე ამ ცხოვრებაში, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხომ არის, რაც ვცხოვრობ!.. პესიმისტი არ უნდა იყო. ყოველთვის უნდა გქონდეს ოცნება, რომლისკენაც მიისწრაფი. ხელი თუ ჩაიქნიე, ცხოვრებას აზრი აღარ ექნება. ყველას ჩვენ ჩვენი ჯვარი გვაქვს საზიდი. ვზიდავთ ამ ჯვარს. რაც მეტ წინააღმდეგობას ვხვდები, მით უფრო ვმაგრდები, ვსწავლობ ცხოვრების წესებს“.

სოფიკო ჭიაურელი სცენისა და ეკრანის გარეთ, უბრალო, უშუალო, კეთილი, ქარიზმატული, ეშხიანი, მოსიყვარულე, მხიარული, საინტერესო მოსაუბრე იყო, მსახიობი, რომელსაც სინამდვილეში არც ერთი წუთით არ უცხოვრია ვარსკვლავური ცხოვრებით. ის თავად ქმნიდა თავის სასცენო კოსტიუმებს, თავად იყო თავისი სახლის დიასახლისი, რეცხავდა, ალაგებდა, დადიოდა ბაზარში, ამზადებდა კერძებს... ყველა სიკეთე მასში ერთად იყო თავმოყრილი. მაშ ასე, ვნახოთ, როგორია არაჩვეულებრივი სოფიკოს ცხოვრების დღიურები.

*

მამა ღარიბი ოჯახიდან იყო. არ ჰქონდა საშუალება, გიმნაზიაში მიეღო განათლება. ამბობდა, ქუჩაში დაყრილი ჟურნალ-გაზეთებიდან გავეცანი მსოფლიოში ცნობილ კომპოზიტორებსა და მომღერლებსო. კიდევ კარგი, ღმერთმა დაანათლა დიდი ნიჭი და ყველაფრის ათვისება შეძლო. თვითონ ისწავლა ხატვა, ძერწვა, სიმღერა. კარგი ხმა ჰქონდა, ლირიკული ტენორი. მოგვიანებით ვანო სარაჯიშვილს დაუმეგობრდა. ერთ-ერთ კონცერტზე ვანოს დაუგვიანია. მამა გამოსულა მის ნაცვლად, თან, ისე უმღერია, რომ მსმენელებს ვანო სარაჯიშვილი ჰგონებიათ. 1917 წელს დიმიტრი შევარდნაძესთან, ლადო გუდიაშვილთან და ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს ისტორიული ძეგლების შესასწავლად გაემგზავრა. ყველა ფრესკა საკუთარი ხელით გადაიღო. ეს ნიმუში მუზეუმშია დაცული. ძერწვაში ხომ იმდენად ნიჭიერი იყო, რომ იაკობ ნიკოლაძემ შეამჩნია და ვაიმარში გაგზავნა სასწავლებლად. მისი გამოქანდაკებული ლენინის ძეგლი დიდხანს იდგა „არამიანცის“ საავადმყოფოს ეზოში. მამა არაჩვეულებრივად უკრავდა ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე, გიტარაზე... მრავალმხრივი ნიჭის მიუხედავად, გული მსახიობობისკენ მიუწევდა. ნათამაშებიც ჰქონდა 70-მდე როლი. რუსთაველის თეატრშიც კი უთამაშია. თეატრი უსაზღვროდ უყვარდა. პირველი მუშათა თეატრი მამამ დააარსა, ხოლო მუსკომედიის თეატრს რამდენიმე წელიწადი ედგა სათავეში. სამაგიეროდ, მას, როგორც კინორეჟისორს (და მის ფილმებს) ყველა იცნობს. მიხეილ ჭიაურელი სტალინის საყვარელი რეჟისორიაო და... ჯერ გადაასახლეს, მერე გადაღება აუკრძალეს. მულტიპლიკაციაში სცადა ბედი. იქაც თქვა სათქმელი... გადაიღო ფილმი „როგორ მარხავდნენ თაგვები კატას“... იმას კი ამბობდნენ, მიხეილ ჭიაურელი სტალინის საყვარელი რეჟისორი იყოო, მაგრამ სტალინის საყვარელი პიროვნებაც იყო. ხშირად იწვევდა ბელადი სტუმრად. თამადად ნიშნავდა. მოსწონდა მისი მჭევრმეტყველება, სიმღერა. მამა ამბობდა, მგონი, სტალინს ქართულად ლაპარაკი ენატრებოდა და მე ამიტომ მეძახდა, რათა ხშირად ქართულად გამომლაპარაკებოდაო.

*

21 მაისს გავჩნდი, ელენობას, ამიტომაც დედას უნდოდა ჩემთვის ელენე დაერქმია. მამა ჩამოვიდა და თქვა, – რა ელენე, რის ელენე, დედაჩემის სახელი, სოფიო უნდა დავარქვათო. იყო ერთი ბჭობა და ბაასი. ამასობაში, ერთი თვის გავხდი და სახელი ისევ არ მერქვა. ბოლოს მამამ დაწერა ქაღალდზე „ელენე“ და „სოფიო“, ჩაყარეს ქუდში და ჩამაყოფინეს ხელი. ამომყვა „სოფიო“. მგონი, ერთადერთი პიროვნება ვარ და გინესის წიგნში შესატანი, რომ თვითონ დავირქვი სახელი ერთი თვის ასაკში.

*

მეშინოდა, დედას არ დავმსგავსებოდი... ვერიკო ანჯაფარიძე ისეთი მკაფიო ინდივიდუალურობაა, რომლის გამეორება არ შეიძლება. ესაც არ იყოს, ხელოვნებაში საკუთარი სახის პოვნაა მთავარი. დედასთან მსგავსების შიშით, ზოგჯერ, მეორე უკიდურესობაში ვვარდებოდი. როლზე მუშაობისას რაღაცას მივაგნებდი, ვიცოდი, რომ ის ნამდვილად ჩემი იყო. მაგრამ მაინც უარს ვამბობდი, რადგან მეჩვენებოდა, რომ რაღაცით ვერიკოსეულს ჰგავდა. გვიან მივხვდი, რომ ეს უკვე მეტისმეტი იყო. გენეტიკას ვერსად გაექცევი. დედა რომ გარდაიცვალა, ალისა ფრეინდლიხმა მითხრა: ახლა ყოველდღე აღმოაჩენ შენში რაღაც ვერიკოსეულსო. მართლაც ასეა. დედა თვლიდა, რომ თეატრში მსახიობს აუცილებლად სჭირდება „თავისი რეჟისორი“, რომელსაც ის ბოლომდე ირწმუნებს, დაუჯერებს, გაჰყვება. მოკლედ, ისეთი, როგორიც მისთვის მარჯანიშვილი იყო. უამისოდ მას შეუძლებლად მიაჩნდა მსახიობის ნიჭის სრულყოფილი გამოვლენა. დედა სულ მსაყვედურობდა, რომ თეატრში ბოლომდე არ ვიხარჯებოდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანის სისხლსავსე ყოველდღიურობით ვცხოვრობდი და არა მისნაირი ფანატიკოსის ცხოვრებით. დედა ძალიან მკაცრი იყო ჩემ მიმართ, სიტყვაძუნწი. ახალი როლის თამაშის შემდეგ ყველაზე მეტად მისი მეშინოდა, მას ხომ ვერაფერს გამოაპარებდი. თითქოს საგანგებო ინტერესს არც იჩენდა ჩემი შემოქმედების მიმართ. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ვიპოვე რამდენიმე საქაღალდე, სადაც, თურმე, ჩემს შესახებ გამოქვეყნებულ რეცენზიებსა და სტატიებს ინახავდა. მაშინ, ცოტა არ იყოს, შემრცხვა... მორცხვი არ ვყოფილვარ, უბრალოდ, არასდროს წამიკითხავს ლექსი, როცა ამას მშობლები ან სტუმრები მთხოვდნენ. ასე რომ, მორცხვი არ მეთქმოდა, პირიქით, ყაჩაღანა ვიყავი. პირველობა მიყვარდა. ვთამაშობდი ფეხბურთს, ველოსიპედით დავქროდი, კარგად ვცურავდი, მინდოდა ყველაზე უკეთესი ვყოფილიყავი, ყველაზე შორს გამეცურა, ხევსურეთი, ფშავი ცხენით მაქვს შემოვლილი, თავაწყვეტილი დავაჭენებდი ცხენს...

*

მამა ფილმს „ბერლინის დაცემას“ იღებდა სტალინგრადში. მე და დედა მოგვიანებით ჩავფრინდით. მაშინ ათი წლის ვიყავი. მახსოვს, ირგვლივ არც ერთი სახლი არ იდგა. დაბომბვას ყველა დაენგრია, ამიტომ გემზე ვცხოვრობდით. იქიდან მოჩანდა შუა ვოლგაში პატარა კუნძული. რადაც უნდა დამიჯდეს, იქამდე უნდა მივცურო-მეთქი, ჩავიდე გულში. ვიცოდი, ამის ნებას არ მომცემდნენ, ამიტომ დრო ვიხელთე, გავიპარე, ჩავხტი მდინარეში და გავცურე. კუნძული უკაცრიელი დამხვდა, ხეებიც კი არ იდგა, მხოლოდ ბუჩქები იყო. უცებ მოიღრუბლა, ვოლგა აღელდა, წვიმა წამოვიდა. უკან გამოცურვის შემეშინდა. დავჯექი და დავიწყე ფიქრი. რომანტიკულად მეჩვენებოდა, რომ მარტო ვიყავი კუნძულზე. თავი მაინ რიდის წიგნების გმირად წარმოვიდგინე. ბინდი რომ წამოვიდა, შევშინდი. დავინახე, ნაპირთან გემზე ფარნები აანთეს, ეტყობა, მეძებდნენ. წამოვხტი, ხელების ქნევა დავიწყე... როგორც იქნა, შემამჩნიეს, სამშვიდობოს რომ გამომიყვანეს, მაშინ პირველად და უკანასკნელად დამიყვირა მამამ, – შენ გინდოდა მოვმკვდარიყავიო? ვიჯექი ჩემთვის და ვფიქრობდი, – ნეტავ, რა გრძნობაა ასეთი, ჩემმა მშობლებმა შვილის დაკარგვა ასე რომ განიცადეს-მეთქი. ჩემიანები სულ მეჩხუბებოდნენ, რად გინდა ასე შორს რომ გადიხარო. მე კი სწორედ ეს მინდა. გავცურე იქამდე, საიდანაც ხმა აღარ ისმის. გავერთიანდებით მე, მზე და ზღვა, შევერწყმები ბუნებას... ორი წლის წინ პარაშუტი გამოჩნდა ზღვაზე. აუცილებლად ამით გადმოვფრინდები-მეთქი. ორი წელიწადი ვერ მომარგეს, ხან ქამარი, ხან რა... მაინც ავისრულე ოცნება! ესეც გამოვცადე.

*

ჩემ წინაშე არასოდეს არ მდგარა აუცილებლობა, რომ მე, ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის შვილი, მაინცდამაინც მსახიობი უნდა ვყოფილიყავი. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. ექიმობაზე ვოცნებობდი ძალიან. ქირურგობა მინდოდა და დარწმუნებული ვარ, მართლა რომ ამხდენოდა ეს ოცნება, არც ისე ურიგო ქირურგი გამოვიდოდა ჩემგან. მაგრამ, მე მგონი, არ შევმცდარვარ და არც ვნანობ ჩემს არჩევანს.

*

მისაღებ გამოცდაზე „ბაბაჯანას ქოშებს“ ვკითხულობდი. მახსოვს, სიცილისგან გულწასული მთელი კომისია კინაღამ სკამიდან გადმოვარდა. ქართულად რომ წავიკითხე, რუსულად მთხოვეს თარგმნა. ასე მოვხვდი კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში. ძალიან ხელმოკლედ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ სტიპენდია გვქონდა, მაინც გვიჭირდა. მამა სვერდლოვსკიდან ფულს რომ მიგზავნიდა, ყველა ჩემი კურსელი ზეიმობდა. ერთი კვირის საჭმელზე გვყოფნიდა. დღემდე მახსოვს ჩვენი ბუფეტი, უფასო ჩაი და მდოგვგადასხმული და მარილმოყრილი შავი პური...

*

ჩემი პირველი ნათლობა სცენაზე მოხდა. მაშინ რვა წლისა ვიყავი და თითქოს დღეს მომხდარიყოს ის ამბავი. მახსოვს თელავი, იქაური თეატრის კულისები. მე ვდგავარ და თვალებდაჭყეტილი შევყურებ სცენას. მიდის წარმოდგენა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და უცებ ვიღაცის უხილავმა ძალამ ხელში ამიტაცა და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, რომ სცენაზე აღმოვჩნდი. იცეკვე, გენაცვალე, – ჩამესმა მამაკაცის ხმა. მოვიხედე და დავინახე გიორგი შავგულიძე. მან პირველად დამადგმევინა ფეხი სცენაზე, ქართული თეატრის სცენაზე.

*

ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა. მაშინ ვიფიქრე, ღმერთისტოლა ვარ-მეთქი. ჩემზე იყო დამოკიდებული პატარა არსების სიცოცხლე. ბევრი ბედნიერი წუთი არსებობს ცხოვრებაში, მაგრამ ამას არც ერთი არ შეედრება. მარკესის ნათქვამია: ბედნიერება ერთი წუთით გრძელდება, ამას იგებ, როცა ის ქრებაო. ჩემი აზრით, ნამდვილი ბედნიერება სიყვარულთან ერთად კვდება. სიყვარული მარტო ქალისა და მამაკაცის გრძნობა არ გახლავთ, ეს შვილის, სამშობლოს სიყვარულია... თვითონ სიყვარული რა არის? ეს არის სურვილი; იცხოვრო და ეს სურვილი მხოლოდ შენთან ერთად შეიძლება გაქრეს.

*

საჭესთან დიდი ხანია, ვზივარ. კოტე ძალიან ფრთხილია, მისგან განსხვავებით, მე ვარ გიჟი, მიყვარს გიჟური სიარული. ფოთში ამას წინათ სამ საათში ჩავედი, ისე ჩქარა მივდიოდი, რომ 160 კილომეტრი საათში განვავითარე. მანქანაში კიდევ ისხდნენ ჩვენი მეგობრები, ისეთი გასუსულები იყვნენ, რომ მეგონა, ეძინათ, თურმე, შიშისგან ხმას ვერ იღებდნენ. კოტემ იცის, რომ თუ მეტყვის წყნარად იარე, უარესს ვიზამ, ამიტომ სულ მეუბნება, – მიდი, სოფო, მიაჭირეო. შეიძლება ითქვას, რომ პროფესიონალი მძღოლი ვარ.

*

ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ დედაჩემის სახელობის ქუჩაზე, სახლში, სადაც დავიბადე და პირველად შევისუნთქე ჰაერი. ძალიან რომ გვიჭირდა, პურის ფულიც არ გვქონდა, მოსკოვშიც გვიწვევდნენ, კიევშიც, დიდ ფულს გვთავაზობდნენ. ვერ წარმომედგინა აქედან წასვლა და ვიცი, სწორად ვფიქრობ.

 

 

скачать dle 11.3