კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხოცავდა „კაგებეს“ ყოფილი არალეგალი აგენტი ხალხს და რატომ მოაწყო მან საკუთარი დაღუპვის ინსცენირება


პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორიის მონაწილეთა უმრავლესობის ვინაობა შეცვლილია და ნებისმიერი დამთხვევა შემთხვევითია...

ორმაგი მკვლელობა

ვაკის ერთ-ერთი ახალაშენებული ფეშენებელური საცხოვრებელი კორპუსის წინ შავი ფერის „ვოლგა ვაზ 21“ გაჩერდა. ის იყო, მანქანაში მსხდომმა მამაკაცებმა გადმოსვლა დააპირეს, რომ მათ წვერულვაშიანი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი პისტოლეტიდან ორ-ორჯერ ესროლა. მანქანაში მსხდომები ადგილზევე გარდაიცვალნენ, რადგან ტყვიები მათ შუბლსა და გულში ჰქონდათ მოხვედრილი. მკვლელობა მაისის თბილ საღამოს, 19 საათსა და 35 წუთზე მოხდა და თვითმხილველები არ ჰყოლია. დაღუპულები კი, თბილისში კარგად ცნობილი იატაკქვეშა მილიონერები, ეგრეთ წოდებული „ცეხავიკები“, 39 წლის ნუგზარ დგებუაძე და 42 წლის ალიოშა კაკაურიძე იყვნენ. იმავე დღეს, ქალაქის პროკურატურაში განზრახ მკვლელობის მუხლით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ვანო გოგუაძე იძიებდა. 40 წლის გოგუაძე ჩახლართული მკვლელობების გახსნით იყო ცნობილი და ეს საქმე მას იმიტომ დაავალეს. მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მოკლული, ალიოშა კაკაურიძე, მაშინდელი საქართველოს „ცენტრალური კომიტეტის“ პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის შორეული ნათესავი იყო და ამ საქმის გახსნით ის პირადად იყო დაინტერესებული. მჟავანაძემ, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე კაბინეტში დაიბარა და ამ საქმის სასწრაფოდ გახსნა დაავალა. გამოძიებისთვის მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ მკვლელობა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან იყო ჩადენილი, რასაც მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი დეფორმირებული ტყვიები და ოთხი მასრა ადასტურებდა. გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ მკვლელობის იარაღი პისტოლეტი „მაკაროვი“ სამი წლის წინ გაუჩინარებულ იური მარკოვს ეკუთვნოდა...

შიდა მოხმარებისთვის...

ამ საქმის გამოძიებით რომ პირადად ვასილ მჟავანაძე არ ყოფილიყო დაინტერესებული, გოგუაძე ვერც „მაკაროვის“ მფლობელის გვარს შეიტყობდა და ვერც მისი გაუჩინარების ისტორიას. საქმე კი ის იყო, რომ 33 წლის იური მარკოვი „კაგებეს“ არალეგალური აგენტი იყო და მკვლელობამდე სამი წლით ადრე ბათუმში გაუჩინარდა. მჟავანაძის თხოვნით, გენერალმა ალექსი ინაურმა გოგუაძეს „კაგებეს“ არქივში მუშაობის ნება მისცა და იური მარკოვის გაუჩინარებასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალები გააცნო. საქაღალდეს, რომელსაც ეწერა: „შიდა მოხმარებისთვის“, გოგუაძე სამი დღის განმავლობაში სწავლობდა და დაადგინა, რომ მარკოვი თავისი ბოლო დავალების შესრულებისას, უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა. მას ბათუმში დასასვენებლად მყოფი ვინმე ისააკ ლოცმანი უნდა მოეკლა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა და ანტისაბჭოთა მოღვაწეობაში იყო შემჩნეული. ლოცმანს გავლენიანი მფარველები ჰყავდა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში და იმიტომ არ აპატიმრებდნენ. ბათუმში კი მარკოვს უბედური შემთხვევის იმიტაცია უნდა მოეხდინა, რაც მან შეასრულა კიდეც: მარკოვმა ლოცმანის საცხოვრებელ ოთახს ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და ამგვარად მოკლა, მაგრამ თავადაც დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ცხედრები დანახშირებული იყო, ექსპერტიზამ ლოცმანი კბილებით ამოიცნო, მარკოვი კი ფეხსაცმლის ლანჩით. როგორც გოგუაძემ „კაგებეს“ მიერ ფარულად ჩატარებული საგამომძიებლო ექსპერიმენტიდან შეიტყო, მარკოვს შემთხვევით ფეხი დაუცდა კიბეზე, სარდაფში ჩავარდა, გაითიშა და ამიტომ დაიწვა. „კაგებემ“ თავისი აგენტის პისტოლეტიც მოიკითხა და, რომ ვერ აღმოაჩინეს, ჩამოწერეს...

„კაგებეს“ მასალების გაცნობის შემდეგ, გოგუაძემ ივარაუდა, რომ მარკოვი ცოცხალი იყო და ფარულად მოქმედებდა. თუმცა, მასა და მოკლულებს შორის კავშირი ვერ დაადგინა და ივარაუდა, რომ „კაგებეს“ ყოფილი არალეგალი აგენტი ვიღაცის შეკვეთებს ასრულებდა...

ერთობლივი გამოძიება

გოგუაძე „კაგებეს“ თავმჯდომარეს, ალექსი ინაურს შეხვდა და თავისი აღმოჩენების შესახებ შეატყობინა და ვარაუდებიც გააცნო. ინაურმა ერთობლივი საგამომძიებლო სამუშაოების ჩატარების განკარგულება გასცა. უფრო სწორად, „კაგებე“ საკუთარ გამოძიებას ატარებდა და გოგუაძე ამ ჯგუფში ჩართეს. ჩატარდა ექსჰუმაცია და მარკოვის დანახშირებულ ცხედარს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარეს, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს, რადგან მაშინ მოძველებული მეთოდები საკმარისი არ აღმოჩნდა, თანაც „დეენემის“ შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ამიტომ „კაგებე“ კვლავ ორმაგ მკვლელობაში ეძებდა ხელჩასაჭიდს. მოკლულების ბიოგრაფიის კვლევისას აღმოჩნდა, რომ მარკოვის ცოლი, ადა მარკოვა, მოკლული ალიოშა კაკაურიძის საყვარელი იყო. თავდაპირველად ადას დაკითხვა უნდოდათ, თუმცა, გოგუაძის წინადადებით, დროებით თავი შეიკავეს და ქალზე ფარული თვალთვალი დააწესეს, რადგან, არსებობდა ვარაუდი, რომ მარკოვი ცოცხალი იყო და მკვლელობა მან შურისძიების მიზნით ჩაიდინა. ამიტომ, არ იყო გამორიცხული, რომ მარკოვი ცოლთანაც მოინდომებდა კონტაქტში შესვლას და ამ დროს დააპატიმრებდნენ... მიუხედავად ამისა, ქართველ გამომძიებლებს ვერსიების დონეზეც კი ვერ გაეგოთ, თუ რატომ, ვისი ბრძანებით გაითამაშა მარკოვმა საკუთარი სიკვდილი და რას საქმიანობდა ის სამი წლის განმავლობაში. მარკოვს, მეუღლე ადას გარდა, 6 წლის ვაჟი ივანე და 7 წლის გოგონა – ნატა დარჩა. „კაგებე“ 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდა ადას ბინას, ყველაფერს ვიდეოფირზე იღებდა და კადრებში მოხვედრილი ყველა ადამიანის ვინაობას ადგენდა. თვალთვალის მეთხუთმეტე დღეს „კაგებეს“ კადრებში წვერულვაშიანი ახალგაზრდა კაცი მოხვდა, რომელიც ადას შორიდან აკვირდებოდა. „კაგებემ“ სასწრაფოდ დაბეჭდა მისი ფოტოები და პიროვნების დადგენას შეუდგა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ წვერულვაშიანი არსად იყო დაფიქსირებული...

წვერულვაშიანი...

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, წვერულვაშიანი აღარ გამოჩენილა და ვერც მისმა ინტენსიურმა ძებნამ გამოიღო შედეგი. თუმცა, მერვე დღეს, იგი უკან აედევნა ადას და მორიგე ოპერ-ჯგუფმა მისი აყვანის ოპერაცია დაიწყო... ადა მარკოვა პლეხანოვის გამზირზე ფეხით მიდიოდა სამსახურში და, კინოთეატრ „კომკავშირელს“ რომ გასცდა, მარჯვნივ, ერთ-ერთ ეზოში შეუხვია. წვერულვაშიანიც უკან მიჰყვა.

– „ელვა“! „მეხი“ ვარ, შეუდექით აყვანის ოპერაციას! – გაისმა რაციაში პოდპოლკოვნიკ მახარაძის ხმა, რომელიც ამ ოპერაციის ხელმძღვანელად იყო დანიშნული.

სამიოდე წუთის მერე, ისე, რომ ადა მარკოვას არაფერი გაუგია, წვერულვაშიანი ახალგაზრდა უკვე „კაგებეს“ დახურულ მანქანაში ეგდო პირაკრული და ხელბორკილდადებული. ის იქვე გაჩხრიკეს და სამ სხვადასხვა გვარზე დამზადებული პასპორტები აღმოუჩინეს. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ დაკავებულს „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი ჰქონდა თან.

– მე მგონი, მსხვილი ჩიტი ჩაგვივარდა ხელში, – თქვა გოგუაძემ. დაკავებული შევჩენკოს ქუჩაზე, „კაგებეს“ შენობაში მიიყვანეს.

დაკავებული დუმდა და ჩვენებებს არ იძლეოდა, თუმცა, ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მისთვის ჩამორთმეული „მაკაროვი“ იური მარკოვის ტაბელური იარაღი იყო, რომლითაც ვაკეში კაკაურიძე და დგებუაძე დახოცეს. დაკავებულის ანატომიურმა შემოწმებამ უტყუარად დაადასტურა, რომ მას სახის პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, თითების ანაბეჭდების იდენტიფიკაციამ კი საბოლოოდ დაადასტურა, რომ წვერულვაშიანი სამი წლის წინათ „დაღუპული“ იური მარკოვი იყო...

„კაგებეს“ აგენტის აღსარება

იური მარკოვმა მხოლოდ მას მერე დაიწყო ჩვენების მიცემა, როდესაც მისი ვინაობის დამადასტურებელი უტყუარი საბუთები წარუდგინეს. „კაგებეს“ ყოფილი არალეგალი აგენტის დაკითხვის პატივი გოგუაძეს ერგო, რომელმაც მას ჰკითხა:

– რატომ დახოცეთ კაკაურიძე და დგებუაძე?

– კაკაურიძე ჩემი მეუღლის, ადას საყვარელი იყო ჯერ კიდევ ჩემი „სიცოცხლის“ პერიოდში და ის შურისძიების გამო ჩავაძაღლე, ხოლო დგებუაძე კი პრიკუპში მოჰყვა. თუმცა, შეცდომა დავუშვი, რომ ჩემი ტაბელური იარაღი ვიხმარე და იმ ღორს თავი არ მოვკვეთე.

– სამი წლის წინ რა მოხდა, რატომ გაითამაშეთ საკუთარი სიკვდილი და ვინ იყო თქვენ მაგივრად დაღუპული?

– ჩემ მაგივრად პროზექტურაში ნაყიდი ცხედარი იყო, რომელსაც ჩემი სამოსი ეცვა. ეს სპექტაკლი კი იმიტომ დავდგი, რომ მკვლელად მუშაობა აღარ მინდოდა. მომბეზრდა, გესმით? ძალიან მომბეზრდა ადამიანების ხოცვა და მინდოდა, ჩემს ცოლ-შვილთან ერთად ნორმალურად მეცხოვრა. მაგრამ, მკვლელობებს ვერც შემდგომში ავცდი: ლენინგრადელი ექიმი-კოსმეტოლოგი იური ფრიდმანი მოვკალი და გავაქრე, რომელმაც სახე შემიცვალა. ხოლო, როდესაც ადას ღალატის ამბავი შევიტყვე, გადავწყვიტე, ის და მისი საყვარელი დამეხოცა, მაგრამ ადა მაინც ვერ გავიმეტე და მხოლოდ კაკაურიძე გავისტუმრე იმქვეყნად.

მარკოვის ჩვენებით, ის სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ლენინგრადული კრიმინალისტური დაჯგუფების წევრი იყო და მათი ხელმძღვანელის, რეციდივისტ ვიტალი სიმაკოვის დავალებებს ასრულებდა ხალხს ხოცავდა და ბოლოს სიმაკოვიც მოკლა. მარკოვი საბურთალოზე ცხოვრობდა, ერთ-ერთ კერძო სახლში, სადაც ერთი ოთახი ჰქონდა ნაქირავები. მისი ბინის ჩხრეკისას 80 ათასი მანეთი აღმოაჩინეს. ეს ფული მარკოვმა მოკლული სიმაკოვის ბინიდან წამოიღო და ადას მოკვლის მერე უცხოეთში გაქცევას გეგმავდა.

მარკოვი დახვრიტეს. ადა მარკოვა და მისი შვილები დღესაც ცოცხლები არიან და რუსეთში ცხოვრობენ.

ათი წლის შემდეგ

იური მარკოვის დახვრეტიდან ათი წელი იყო გასული, როდესაც შვეიცარიის ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ავსტრიის მოქალაქე პაულ ვერნერი გამოცხადდა და ეგრეთ წოდებული ვიპ-ანგარიშიდან მთელი თანხის მოხსნა ისურვა. მან სათანადო საბუთი წარადგინა, ანგარიშის ნომერი დაასახელა და მორიგე მოლარეს უთხრა:

– თუ შეიძლება, ნაღდი ფული მინდა პროცენტებიანად და, რაც შეიძლება, საჩქაროდ.

მოლარეს ლამის თვალები გადმოსცვივდა და ვერნერს ჰკითხა:

– რა ბრძანეთ?

ვერნერმა მოლარეს თავაზიანად გაუღიმა, თხოვნა გაუმეორა და დაამატა:

– და, თუ შეიძლება, სასწრაფოდ.

– ჰერ, თქვენ 60 მილიონი დოლარის წაღება გნებავთ?

ვერნერი შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია და მოლარეს ღიმილით შეუბრუნა კითხვა:

– რა, არ მაქვს უფლება?!

– როგორ არა, ჰერ, როგორ არა, – შეიშმუშნა მოლარე, – მაგრამ, ცოტა მოცდა მოგიწევთ. ძალიან დიდი თანხა მიგაქვთ და ეს პროცედურა გარკვეულ დროს მოითხოვს. თუმცა, არანაირი პრობლემა არაა და, სანამ ფულს მოგართმევდეთ, კონიაკი მიირთვით.

ვერნერი ცალკე ოთახში მიიპატიჟეს და ფრანგული კონიაკი მიართვეს, მოლარე კი ბანკის მმართველს ეწვია კაბინეტში და ჯერ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, ბოლოს კი უთხრა:

– ეს ვიპ-ანგარიში განსაკუთრებულ აღრიცხვაზეა და ვალდებული ვართ, პოლიციას შევატყობინოთ. ათი წელია, არავის უსარგებლია და სიმართლე გითხრათ, არც კი მახსოვდა. რომ არა ასეთი კოლოსალური თანხა, შეიძლება, პოლიცია არც კი გამხსენებოდა, თანაც, 60 მილიონი დოლარი თითქმის ნახევარ ტონას იწონის და ნეტავ, ეს ბატონი როგორ აპირებს მის წაღებას?

მოლარემ ვერნერის შესახებ პოლიციას შეატყობინა და, მას შემდეგ, რაც ბანკში პოლიციის აგენტები მივიდნენ და ფულის გაცემის ნება დართეს, ვერნერს 60 მილიონი ჩაუთვალეს, სპეციალურ ფურგონში ჩაულაგეს და გამოემშვიდობნენ.

პაულ ვერნერი თავად მიუჯდა „მერსედესის“ საჭეს და ავტომობილი ადგილიდან დაძრა, ხოლო პოლიციის აგენტები მას კუდზე დაასხდნენ და ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაუწესეს. ვერნერმა 70 კილომეტრი გაიარა, ლოზანის ტბასთან ჩამოქვეითდა და თავის ფულიანად ერთ-ერთ ვილას შეაფარა თავი. სამი დღის შემდეგ კი სპეციალურად ჩამოფრენილმა „ცეერუს“ სპეცჯგუფმა პაულ ვერნერი დააპატიმრა, რომელიც სინამდვილეში 42 წლის რუსი პროპორშჩიკი პაველ ჩურკინი აღმოჩნდა... ჩურკინი იური მარკოვის ჯალათი იყო და სწორედ მისგან შეიტყო დახვრეტამდე ათიოდე წუთით ადრე შვეიცარიის ბანკში არსებული ანგარიშის შესახებ. „ცეერუსთვის“ მიცემულ ჩვენებაში ჩურკინი წერდა: „მარკოვმა მითხრა, რომ თუ გადავარჩენდი, ძალიან ბევრ ფულს მომცემდა. მე ის მოვატყუე, რომ ვუშველიდი და ასე შევიტყვე ამ საბანკო ანგარიშის ამბავი. როგორც მან მითხრა, ფული ვინმე ლოცმანის საკუთრება იყო, რომელიც მარკოვს ბათუმში მოუკლავს და მკვლელობამდე ათი წუთით ადრე გამოუტეხავს. ამ ფულის ხელში ჩასაგდებად ათი წელი ვემზადებოდი. ვისწავლე ფრანგული და გერმანული ენები. ვიშოვე ფული, პასპორტი და საბჭოთა კავშირიდან გაქცევაც მოვახერხე, მაგრამ, ნათქვამია, რაც არ გერგება, არ შეგერგებაო...“

ჩურკინი რვა წლით ჩასვეს ციხეში, გათავისუფლების მერე კი, მან იტალიაში ცხოვრება ისურვა და მოგვიანებით მემუარებიც გამოსცა.


скачать dle 11.3