კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების ტოპ-თხუთმეტეული

სპორტულმა ინტერნეტ-პორტალებმა 2011 წლის შეჯამება დაიწყეს და პლანეტის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცების გამოვლენას შეუდგნენ. წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა სპორტის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლებისთვის და „თბილისელების” ამ ნომერში  საუკეთესო 15 მამაკაცი სპორტსმენისგან შემდგარ ერთგვარ რეიტინგს გთავაზობთ.

 

ნოვაკ ჯოკოვიჩი – ჩოგბურთი (24 წლის. სერბეთი)

2011 წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია სერბი ჩოგბურთელის კარიერაში. წელს მან ზედიზედ ჩაატარა 41 დაუმარცხებელი მატჩი და პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდა. ჯოკოვიჩმა მოიგო 10 ტურნირი ერთეულებში, მათ შორის სამი – „დიდი სლემის” გათამაშების სერიიდან: ავსტრალიის ღია პირველობა, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა. ჯოკოვიჩმა 2011 წელს ჩოგბურთელისთვის სარეკორდო თანხა – 12,6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამასთან ერთად, წელს შედგა მისი დებიუტი დიდ კინოში – მან საკუთარი თავი განასახიერა სილვესტერ სტალონეს ფილმში „შეუჩერებელნი 2-ში”, რომლის პრემიერა 2012 წლის აგვისტოში შედგება.

ლიონელ მესი – ფეხბურთი (24 წლის. არგენტინა)

2010-2011 წლების ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი 12 გატანილი ბურთით, ესპანეთის ჩემპიონატისა და, „უეფას” ვერსიით 2011 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. არგენტინელმა მესიმ თითქმის ყველაფრის მოგება მოახერხა „ბარსელონასთან” ერთად, ერთადერთი გამონაკლისი ესპანეთის სამეფო თასია. მან, ასევე წარუმატებლად იასპარეზა ეროვნულ ნაკრებთან ერთად „კოპა ამერიკაზე”, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი სამართლიანად ითვლება თანამედროვეობის უდიდეს ფეხბურთელად, რომელსაც მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს, იგი ყველგან და ყოველთვის აგვიანებს.

კრიშტიანუ რონალდუ  – ფეხბურთი

(26 წლის. პორტუგალია)

2010-2011 წლების სეზონზე რონალდუმ რამდენიმე რეკორდი დაამყარა. ესპანეთის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 40 გატანილი გოლია, სულ კი სეზონის განმავლობაში მან 53-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. გარდა ამისა, „გოლი+პასის“ სისტემით იგი „პრიმერადივიზიონის“ უპირობო ლიდერი გახდა და ორი პუნქტით გადაასწრო ლიონელ მესის. რონალდუ პირველი ფეხბურთელია „რეალის” ისტორიაში, რომელმაც ოთხჯერ შეასრულა ჰეთ-თრიკი 2011-2012 წლების სეზონის პირველ 11 ტურში. 2012 წელს რონალდუსგან ახალი სიმაღლეების დაპყრობას მოელიან, პირველ ყოვლისა კი მადრიდელი ქომაგები მისგან „ბარსელონისა” და მესის ჰეგემონიისთვის წერტილის დასმას ელიან. გარდა ამისა, ზაფხულში რონალდუ ქორწინდება რუს მზეთუნახავზე ირინა შეიკზე.

მენი პაკიაო  – კრივი (32 წლის. ფილიპინები)

32 წლის პაკიაომ 2011 წელს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გამართა ნახევრად მსუბუქ წონაში და ორივეჯერ გაიმარჯვა რინგზე. ამერიკელი შეინ მოსლი და მექსიკელი ხუნა მანუელ მარკესი თანამედროვეობის უდიდესი მოკრივისთვის ჩვეულებრივი „საზარბაზნე ხორცი” აღმოჩნდნენ. პაკიაო, WBO-ს ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მფლობელია.

იოჰან ბლეიკი (21 წლის. იამაიკა) – მძლეოსნობა

იამაიკელი მორბენალი სპრინტერების ელიტის წევრი 2011 წელს გახდა. ტეგუში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბლეიკმა ორ ესტაფეტაზე, 100 და 4X100 მეტრზე სირბილში, ოქროს მედლები მოიპოვა. გარდა ამისა, მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა – მანძილი ბოლო ესტაფეტაში 37,04 წამში დაფარა.

უსეინ ბოლტი – მძლეოსნობა (25 წლის. იამაიკა)

თანამედროვეობის უდიდესი სპორტსმენი და რეკორდსმენი ბოლტი, რომელსაც სისწრაფის გამო „ელვას” უწოდებენ, თითქმის ყველა მოქმედი რეკორდის ავტორია. იგი ყველაზე სწრაფად დარბის 100-მეტრიან დისტანციაზე (9,58 წამი), თუმცა წელს მან ფალსტარტის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო, რამაც ბლეიკი გააჩემპიონა. ბოლტმა უდიდესი წვლილი შეიტანა იამაიკის ნაკრების გამარჯვებაში 4X100 მეტრზე ესტაფეტაში.

კადელ ევანსი – ველოსპორტი (34 წლის. ავსტრალია) 

ავსტრალიელი ველომრბოლელი კადელ ევანსი „მწვანე კონტინენტის“ პირველი წარმომადგენელია ისტორიაში, რომელმაც 2011 წელს „ტურ დე ფრანსის” პრესტიჟულ რბოლაში გაიმარჯვა. გარდა ამისა, ევანსმა 2011 წელს კიდევ ორ მნიშვნელოვან ველორბოლაში მოიპოვა გამარჯვება: რომანდიისა და ტირენო-ადრიატიკის ტურებზე.

მარკ კავენდიში – ველოსპორტი (26 წლის. დიდი ბრიტანეთი) 

კავენდიში 2011 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ბრიტანელებს დაკარგული დიდება დაუბრუნა ველოსპორტში – 1965 წლის შემდეგ ნისლიანი ალბიონის არც ერთ წარმომადგენელს არ მოუგია ეს ტიტული. გარდა ამისა, კავენდიშმა 11 სპრინტერულ გრანდ-ტურზე მოიპოვა გამარჯვება.

პეტერ ნორტუგი – თხილამურები (25 წლის. ნორვეგია)

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მოთხილამურემ და ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა პეტერ ნორტუგმა 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოლმენკოლენში 5 მედალი მოიგო: 3 ოქროსი და 2 ვერცხლის. 

რაიან ლოჰტე – ცურვა (27 წლის. ამერიკის შეერთებული შტატები)

შანხაის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლოჰტემ 6 მედალი მოიპოვა: 5 ოქროსი და 1 ვერცხლის. მას ეკუთვნის პირველი მსოფლიო რეკორდი მას შემდეგ, რაც 2010 წელს ჰიდროკოსტიუმები აკრძალეს. 200-მეტრიან დისტანციაზე ლოჰტემ ოქროს მედალი მოიგო და მანძილი 1:54.00 წამში გაცურა.

დირკ ნოვიცკი – კალათბურთი (33 წლის. გერმანია)

ნოვიცკიმ პირველად გააჩემპიონა „დალას მავერიქსი” ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში  და, ასევე, ფინალური სერიის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია NBA-ს ისტორიაში მოქმედ კალათბურთელებს შორის და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპელი ლეგიონერი პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში. 

დერიკ როუზი – კალათბურთი (23 წლის. ამერიკის შეერთებული შტატები)

„ჩიკაგო ბულზის” ახალი ლიდერი და 2010-2011 წლების სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე NBA-ში, როუზი, ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, რომელსაც ოდესმე დაუმსახურებია ამ ტიტულის მოპოვება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში. ლოკაუტის გამო მიმდინარე სეზონი NBA-ში მან გვიან დაიწყო და ჯერ არ გამოუვლენია თავისი საუკეთესო შესაძლებლობები, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იგი კვლავ „ბულზის” რიგებში იქნება. აღსანიშნავია, რომ ბოლო კალათბურთელი ჩიკაგოური გუნდიდან, რომელმაც ყველაზე სასარგებლო მოთამაშის ტიტული მოიპოვა, ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი იყო.

ტარიე ბე – ბიატლონი (23 წლის. ნორვეგია) 

რუსულ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბიატლონში ნორვეგიელმა ტარიე ბემ ნამდვილი ფურორი მოახდინა – მან ხუთი სინჯის მედალი მოიგო, მათ შორის 3 ოქროსი და დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში.

სებასტიან ფეტელი – ავტოსპორტი, „ფორმულა-1“ (24 წლის. გერმანია)

2011 წლის „ფორმულა-1-ის“ გამარჯვებული და ყველაზე ახალგაზრდა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ავტორბოლების ისტორიაში, ფეტელი, ახალი თაობის მრბოლელთა შორის საუკეთესოა, რასაც იგი წლიდან წლამდე ამტკიცებს. გასული სეზონის 19 გრან-პრის გათამაშებიდან მან 15-ში მოახერხა გამარჯვება და ფინიშის ხაზის გადაკვეთა.

ტიერი დუსატორი – რაგბი (30 წლის. საფრანგეთი)

მსოფლიოს 2011 წლის საუკეთესო მორაგბე და მსოფლიო თასის ვერცხლისმედალოსანი ტიერი დუსატორი თანამედროვე რაგბის უკაშკაშესი ვარსკვლავია, რომელსაც მარტოს ძალუძს მატჩის შედეგის გადაწყვეტა. დუსატორი 2011 წლის მსოფლიო თასის საუკეთესო მორაგბედაც დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ახალზელანდიელები გახდნენ. იგი მეორე მორაგბეა ფრანგული რაგბის ისტორიაში, რომელსაც მსგავსი ტიტული ხვდა წილად.

 

скачать dle 11.3