რატომ არ აძლევდა ბუშის ამერიკა ნებას საქართველოს, შეესყიდა ამერიკული შეიარაღება და რატომ გვაძლევს ამ უფლებას ობამას ადმინისტრაცია
აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმებიდან ერთი წელი სრულდება. შესაძლოა, ამ მრგვალი თარიღის გამო ან, სულაც, სხვა მიზეზებით, გასული წლის მიწურულს აშშ-ის კონგრესმა ეგრეთ წოდებული „ავტორიზაციის აქტი“ მიიღო, რომლის ერთი თავიც საქართველოსა და მისთვის შეიარაღების მოწოდებას ეხება. მეტიც, იმავე აქტის თანახმად, ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორები „ნატოს“ წევრ ქვეყნებთანაც გვიშუამდგომლებენ, რომ მათთანაც თავისუფალი და შეუზღუდავი სამხედრო-სავაჭრო თანამშრომლობა დავამყაროთ. აქტს ამ ეტაპზე მხოლოდ ბარაკ ობამას ხელმოწერაღა აკლია.
რას ნიშნავს „ავტორიზაციის აქტი“, რატომ მიეძღვნა ამერიკის შეერთებული შტატების შიდა დოკუმენტის ნაწილი საქართველოს, რა დოზით გაახელებს რფ-ს, რა როლს შეასრულებს ირანთან მოსალოდნელ, შესაძლოა, ბირთვულ კონფლიქტში და, რაც მთავარია, რას შეჰმატებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, – საკითხს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე განგვიმარტავს.
– რატომ ჩათვალა ამერიკამ აუცილებლად, რომ თავის შიდა დოკუმენტში თავი საქართველოსთვის მიეძღვნა?
– ჯერ კიდევ 1998 წელს, როდესაც საფუძველი ეყრებოდა ამერიკა-საქართველოს მჭიდრო სამხედრო ურთიერთობას, შეაფასა პენტაგონმა საქართველოს შეიარაღებული ძალები. დაიდო დოკუმენტი, რომელშიც ასახული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული პრობლემები. ეს პერიოდი იყო, როდესაც შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველო კურსს იღებდა „ნატოსკენ“. ამას მოჰყვა აქტიური ნაბიჯები, სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობა, საქართველოს მიერ სხვადასხვა ვლდებულების აღება. ქართველი ოფიცრები მასობრივად დაიძრნენ ამერიკისა და ევროპის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში და, შესაბამისად, ორწლიანი აქტივობის შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო აქტიური მზადება საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარებისთვის, რომელიც დაგვირგვინდა „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით“. ეს იყო, თუ არ ვცდები, 110-მილიონიანი პროექტი, რომელიც ხმარდებოდა არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნას, არამედ ამერიკელი ინსტრუქტორების ყოფნას საქართველოში, შეიარაღებული ძალების იმ ნაწილებისთვის, რომლებიც პროგრამაში იღებდნენ მონაწილეობას, შეიარაღების შესყიდვა და ასე შემდეგ, მაგრამ წარმოიქმნა პრობლემები. იმის გამო, რომ ამერიკის ფირმებს არ ჰქონდათ ლიცენზია, საქართველოსთვის მიეყიდათ შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, ამერიკის შეერთებული შტატები იძულებული გახდა, ფულის ნაწილი დაეხარჯა რუსული წარმოების შეიარაღების შესასყიდად. იმავე „კალაშნიკოვის“ შესასყიდად, რა თქმა უნდა, არა რუსეთისგან, არამედ ჩეხეთისგან, პოლონეთისგან ან უკრაინისგან. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამერიკელებმა რუსული სამხედრო ტექნიკა ჩამოიტანეს.
– რატომ არ ჰქონდათ უფლება ამერიკულ ფირმებს, იარაღი მიეყიდათ საქართველოსთვის?
– ამერიკის სამხედრო ბაზარზე დაშვებას სჭირდება ნებართვა. უნდა მიღებულიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი. მაგალითად, დანიასა და მალტას ასეთი ხანგრძლივი დრო არ დასჭირდებოდათ, იმიტომ რომ მათ არ აქვთ კონფლიქტები და მათთვის იარაღის მიყიდვა არ შეიცავს არანაირ რისკებს. ასეთი თანამშრომლობის ერთ-ერთი რისკია, არ წახალისდეს ესა თუ ის ქვეყანა აგრესიულ ქმედებაში და არ მოხდეს ისე, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მიერ ამერიკული იარაღის შესყიდვის შემდეგ, ამ ქვეყანამ ეს შეიარაღება მესამე ქვეყანას მიჰყიდოს. ამერიკის დაზვერვა მეგობარ ქვეყნებშიც მუშაობს, იმიტომ რომ ამერიკის უსაფრთხოება არ მოიცავს მხოლოდ მოწინააღმდეგეების განადგურებას, მეგობარ ქვეყნებზეც უნდა ფლობდნენ ინფორმაციას, რომ იცოდნენ, რა ტიპის პროექტები განახორციელონ მათთან ერთად.
– და 13 წელი ამას მოანდომეს?
– მაგრამ ამ 13 წელიწადში იყო ხავერდოვანი რევოლუცია, პოლიტიკური არასტაბილურობა, აჭარის რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ლიდერი, აჭარაში იდგა რუსეთის შეიარაღებული ძალები, ანუ ქვეყანაში იყო არასტაბილურობის პოტენციალი. 2003 წლის შემდგომ ახალი ხელისუფლება მოვიდა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდებოდა გარკვეული დრო, დარწმუნებულიყო, რომ საქართველო განვითარების სტაბილურ სტადიაზე გადავიდა.
– ბუშის პრეზიდენტობისას, რომელმაც დემოკრატიის შუქურა გვიწოდა, რატომ ვერ მოხერხდა ამ საკითხის გადაჭრა? მის ადმინისტრაციას ეჭვი ეპარებოდა ხელისუფლების სტაბილურ პროამერიკელობაში?
– ამერიკა, როგორც ქვეყანა, არ დადის ცალკეული ადამიანების ახირებებზე, ამდენად, არ იყო საკმარისი ბუშის კეთილგანწყობა. რა თქმა უნდა, „ავტორიზაციის აქტი“ დამაგვირგვინებელი ფაზაა. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რადგან ამერიკისა და საქართველოს თანამშრომლობა ძალიან გაღრმავდა. მისასალმებელი იქნება, თუ ამას მოჰყვება ეკონომიკური თანამშრომლობა ბარიერების გარეშე, ძალიან დიდ მოგებას ვნახავთ.
– რას ნიშნავს ეს ჩვენთვის კონკრეტულად? ჩვენ, თუ არ ვცდები, 2002 წელს გავაფორმეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამთავრობოთაშორისო შეთანხმება, რის თანახმადაც, ამერიკელ სამხედროებს შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა სიის საფუძველზე, პირადობის მოწმობის გარეშე, შენობა-ნაგებობებში განთავსება იჯარის გადასახადის გარეშე, სადაც ვერ შევა საქართველოს ვერც ერთი ძალოვანი უწყება შესამოწმებლად და ასე შემდეგ. ცოტა დამამცირებელი არ არის?
– ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესი, იმისთვის, რომ მოვახდინოთ გარღვევა და შევდგეთ, როგორც სახელმწიფო. ამისთვის უნდა გავიაროთ გრძელი გზა, რადგან ჩვენი რეგიონი არასტაბილურია და აქ უამრავი სახელმწიფოს ინტერესი ეჯახება ერთმანეთს. ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა კი გვაძლევს საშუალებას, გარკვეული ეტაპები გამოვტოვოთ და უფრო სწრაფად მოვაგვაროთ პრობლემები. ალბათ, არის დამამცირებელი, მაგრამ, პრაგმატული თვალსაზრისით. ეს არის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა. თუ საქართველოს ექნება ამბიცია, ამერიკის ტერიტორიაზე განალაგოს თავისი ჯარები და ამერიკა უარს იტყვის, ეს რა თქმა უნდა, იქნება დამამცირებელი.
– ნეტავ, ჩვენს სრულ ტერიტორიაზე განგვათავსებინა ჯარები, არ გვინდა ამერიკის ტერიტორია.
– ანუ მოვლენებს უნდა შევხედოთ პრაგმატულად და ემოციის გარეშე. ჩვენ გვაქვს ომი რუსეთთან და საზავო ხელშეკრულებამდე ჯერ კიდევ შორს არის. მეტიც, ამის წინაპირობაც არ ჩანს. ჩვენ რომ ძლიერი სახელმწიფო ვიყოთ, შეგვეძლო, შეგვექმნა ბიუროკრატიული ბარიერები, მაგრამ, რადგან რთულ ვითარებაში ვართ და არ არის გამორიცხული, დივერსიული აქტები რუსეთის მხრიდან, ეს შეთანხმება უფრო მოქნილად მოქმედების საშუალებას გვაძლევს. რაც უფრო გამარტივებული იქნება ურთიერთობა, მით უფრო სწრაფი და ეფექტიანი იქნება რეაგირება. ისევ „ავტორიზაციის აქტს“ დავუბრუნდეთ: რას მივიღებთ მისგან? ჯერჯერობით ის არ არის რატიფიცირებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ობამა წინააღმდეგი არ წავა. ერთი მხრივ, ჩვენს თავდაცვის უწყებას შეეძლება პირდაპირი კონტაქტების დამყარება ცალკეულ ამერიკულ ფირმებთან იარაღის მოწოდების შესახებ, თუმცა ეს რთული მოლაპარაკებები იქნება და ამერიკის პოლიტიკოსების მუდმივი კონტროლით განხორციელდება. მეორე მხრივ, „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ დეფექტებიც გამოსწორდება, როდესაც ამერიკელები იძულებული გახდნენ „კამაზის“ ტიპის ავტომანქანები და „კალაშნიკოვები“ შეესყიდათ.
– აბა, „კალაშნიკოვები“ უკვე ამოვიღეთ ქართული ჯარის შეიარაღებიდანო?
– არა, ჩვენი ძირითადი შეიარაღება ისევ „კალაშნიკოვია“ და ახლა, თუ ამერიკა გამოყოფს 100 ან 200 მილიონს ჩვენს დასახმარებლად, ამ თანხიდან ის თავის იარაღს შეისყიდის ჩვენთვის.
– კიდევ?
– ისრაელი ძალიან მოგებული რჩება იმით, რომ ამერიკასთან მჭიდრო სამხედრო ურთიერთობა აქვს. ის ძალიან დიდ დახმარებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეიარაღების თვალსაზრისით. ყოველწლიურად მილიარდი დოლარის ფარგლებშია შესყიდვები. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ საუდის არაბეთთან 50-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა და საუდის არაბეთმა საავიაციო ტექნიკა შეისყიდა, ისრაელმა ბოლო მოდელის გამანადგურებლები მიიღო, საუდის არაბეთი კი ბოლო მოდელისას არ იღებს. თუმცა ისრაელის ფულიც ფულია და საუდის არაბეთისაც.
– ჩვენ გვანდობენ, მოგვცემენ უახლესი ტიპის ავიაგამანადგურებლებს?
– ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ისე უნდა მოიქცე, რომ მოგცენ. სახელმწიფოს განვითარების მთავარი ელემენტი უსაფრთხო გარემოა. ის, რომ ვიღაცას ენას მოვუჩლექთ და ტკბილად დაველაპარაკებით, არ ნიშნავს, რომ ამით ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. მსოფლიო პოლიტიკაში არ არსებობს არც ერთი წინააღმდეგობა, რომელიც დათმობებით გადაჭრილიყოს. ამდენად, ჩვენ დათმობების გზით არ უნდა ვიაროთ, ჩვენ უნდა ვიაროთ იმ გზით, გვქონდეს შესაძლებლობა, რომ არავის არაფერი დავუთმოთ და, მეორე, მივიღოთ, რაც ჩვენია. ამისთვის კი საჭიროა, ქვეყნის თავდაცვის პოტენციალი იყოს ძალიან მაღალი. ზედაპირული დამოკიდებულების მქონე ქართველი პოლიტიკოსების პოლიტიკური აქტივობა კი არ სცდება პოპულისტურ თემებს. მათ წარმოდგენა არ აქვთ არც ერთ სიღრმისეულ თემაზე.
– ეს „ავტორიზაციის აქტი“ რაღაცნაირად არის დაკავშირებული ანტისარაკეტო სისტემის განლაგებასთან აღმოსავლეთ ევროპასა და თურქეთში, ანუ საქართველოშიც ამზადებს სათანადო ნიადაგს?
– ანტისარაკეტო სისტემის საქართველოში განლაგება არ იგეგმება. სქემა გასაიდუმლოებულია და ამიტომაც სახელდება ხან თურქეთი, ხან – ჩეხეთი და ასე შემდეგ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თურქეთში განლაგდება თუ საქართველოში, საქართველო ამ ქოლგის ქვეშ მაინც მოჰყვება. ჩვენ ხომ არ ვიცით, ხვალ რა მოხდება პაკისტანში, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი? როგორ განვითარდება მოვლენები ირანში, ჩრდილოეთ კორეაში?! ანუ გარკვეული რისკები არსებობს და ბირთვული საშიშროების წინააღმდეგ უნდა არსებობდეს დამცავი ფარი და ძალიან კარგი, თუ ამ ქოლგის ქვეშ მოვყვებით.
– რუსეთს ის ფაქტი, რომ გვეხსნება გზა ამერიკული შეიარაღების შესყიდვის, უდავოდ, გააღიზიანებს?
– ჯერჯერობით მათ აგრესიული განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუმცა ამას აქვს თავისი მიზეზები: რუსეთში შიდა პოლიტიკური დაძაბულობაა, ირანის პრობლემის გადაჭრის დროც მოვიდა, სირიაში პრობლემაა, რაც არაბული სამყაროს რუსეთთან დაპირისპირებას იწვევს და ეს საშუალებას გვაძლევს, ჩვენი პრობლემა რუსეთისთვის იყოს ერთ-ერთი და არა ერთადერთი. ამას ჩვენი პოლიტიკოსები უნდა გრძნობდნენ, ღმერთმა არ ქნას, ირანს დაარტყანო. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს არაფერზე, ქართულად ნათარგმნიც კი არ არის მეორე მსოფლიო ომზე დაწერილი არც ერთი წიგნი. მეორე მსოფლიო ომს ვიცნობთ ბრეჟნევის დროინდელი სახელმძღვანელოებით და გვგონია, რომ სტალინი გლობუსით მართავდა.
– მეორე მსოფლიო ომზე კი არა, ჩვენი არც ერთი ომის ანალიზი არ გაგვიკეთებია?
– აფხაზეთის პრობლემა მარტივად გადავჭერით, ვთქვით: შევარდნაძემ გაყიდაო და სხვა არაფერი გვაინტერესებს. 2008 წელსაც ყველაფერი დავაბრალეთ სააკაშვილს და ამით გადავწყვიტეთ ეს პრობლემა, თითქოს ეს მხოლოდ სააკაშვილის ბიოგრაფიის ნაწილი იყოს და არა საქართველოს ისტორიის ნაწილი. სამოქალაქო ომზეც განვაცხადეთ, რომ რუსების მოწყობილიაო და არც დავფიქრებულვართ, როგორ მოაწყო რუსეთმა. რატომ მოაწყო, მაინცდამაინც, საქართველოში და ვერ მოაწყო სხვაგან. ანუ ზედაპირულები ვართ, არ გვინდა, ჩავწვდეთ პრობლემის არსს და ამიტომ, როდესაც ახალი პრობლემა წარმოიშობა, არ ვიცით, როგორ შევაფასოთ. შეფასების კრიტერიუმებიც კი არ გვაქვს. ამიტომაც მოხდა ისე, რომ ეს უმნიშვნელოვანესი აქტი ყურადღების მიღმა დარჩა, არადა ამით ჩვენ ერთადერთ ზესახელმწიფოსთან მჭიდრო სამხედრო ურთიერთობაში შევდივართ. მსჯელობა მიდის, ვინ ვინ დააფინანსა და რამდენი გადაურიცხა, მაშინ, როდესაც მილიონი დოლარი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჰქვია თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების მიღება.
– გასაგებია, 13 წელი იფიქრეს ამაზე, მაგრამ 2012 წლის შემოდგომაზე არჩევნებია და არავინ იცის, რა მოხდება. არჩევნების წინ ამ აქტის მიღება ნიშნავს, რომ, მათი გათვლებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება?
– მათ არანაირი გარანტია არ აქვთ, მათ აქვთ პროგნოზები და, ამ პროგნოზებიდან გამომდინარე, ალბათ, საქართველოში კურსის ცვლილება მომავალში არ იგულისხმება, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არ არის ვალდებულება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას მუდმივად შეუძლიათ საქართველოში პროდასავლური ძალების წახალისება, რაც გამორიცხულია რუსეთის მხრიდან. ანუ რუსეთს მხოლოდ ხისტი, ნაჯახის პოლიტიკის გატარება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძე აშკარად აკეთებდა აქცენტს რუსეთზე, მას რუსეთისგან ქმედითი დახმარება არ მიუღია. დახმარებაში, რა თქმა უნდა, ჯარების გადმოსხმას არ ვგულისხმობ. ლაპარაკია პრორუსული განწყობების წახალისებაზე საქართველოში, რომ რუსეთთან დამეგობრების პროცესები დაწყებულიყო; რუსეთს გაეკეთებინა მინიშნებები, რომ ცვლიდა თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ანუ პრორუსულმა ძალამ არანაირი დახმარება არ მიიღო, მეთოდები, რომლებსაც ფლობს ამერიკა და ევროპა, რუსეთს არ გააჩნია, ამიტომ საქართველოს ამომრჩევლისთვის ყოველთვის დასავლური სამყარო იქნება მიმზიდველი. ამდენად, რა თქმა უნდა, ამერიკა და ევროპა კურსის ცვლილებას არ ელოდება, თუმცა, თუ ეს მოხდება ძალისმიერი მეთოდებით, მაშინ სხვა რეალობა იქმნება. ერთი სიტყვით, რუსეთი არაფერს გვთავაზობს.
– ჩვენ ვიცით, რა გვინდა, შეგვიძლია რამის შეთავაზება?
– როგორც წესი, შეთავაზება მოდის ძლიერისგან, მან თავის მეზობელს უნდა შესთავაზოს ორივესთვის მომგებიანი ეკონომიკური პროექტები. მაგალითად, ავიღოთ თურქეთი. იმის გამო, რომ გააჩნია ინტერესი ამ რეგიონში, ცდილობს, საქართველოსთან მჭიდრო სამხედრო ურთიერთობა ჰქონდეს და საქართველოს უანგაროდ გადმოსცემს გარკვეული ღირებულების ტექნიკასა და შეიარაღებას. ეს მეგობრული ნაბიჯებია და ორმხრივი ურთიერთობა სწორედ ასე ლაგდება. არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ასეთ ნაბიჯებს გადმოდგამს, ის, ძირითადად, ქმნის კონფლიქტებს და შემდგომ მათ იყენებს, როგორც პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლის ბერკეტებს. ეს არ არის მეგობრობის შემოთავაზება. მაგრამ, რაც უნდა ვილაპარაკოთ, რუსეთი, როგორც მტერი, არსებობს და საქართველომ შეძლო მეგობარი ქვეყნების მოპოვება, თუმცა, როგორ გამოვიყენებთ ამ მეგობრებს, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული: ჩვენ ნაცვლად არავინ იომებს, ჩვენ ნაცვლად თავს ზედმეტად არავინ აიტკიებს, მაგრამ არის ჩარჩოები რომლის ფარგლებშიც დაგვეხმარებიან. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ამ დახმარების ზომა-წონა და რის მიღწევა შეგვიძლია ამით. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი პოლიტიკური ელიტა გვეყოლება.