კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხდებოდა რუსთაველის გამზირსა და მთავრობის სახლში 20 წლის წინათ და რატომ მიაჩნია თემურ ქორიძეს, რომ იმ მოვლენების საიდუმლო თვითმხილველებმა საფლავში უნდა ჩაიტანონ

ოცი წელი გავიდა 1992 წლის 6 იანვრიდან, როდესაც დასრულდა შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება. სამწუხაროდ, მოვლენები თითქოს სამართლებრივად შეფასდა, თუმცა ამას მაინც უფრო საჩვენებელი, ბუტაფორიული სახე ჰქონდა. რეალურად, როგორც თავის დროზე, რუსული მედია სარკასტულად შენიშნავდა, თბილისის ცენტრში, მიწის ერთ მცირე ნაგლეჯზე გაჩაღებული შეიარაღებული დაპირისპირება, არავის შეუსწავლია. შესაბამისად, არც გაცნობიერებული გაკვეთილი გამოგვიტანია, მხოლოდ შეგრძნების დონეზე დავისწავლეთ, რომ შეიარაღებული დაპირისპირება დამღუპველია. რა ვისწავლეთ თუ ვერ ვისწავლეთ 20 წლის წინანდელი მოვლენებით, მოვახერხეთ თუ არა იმ საბედისწერო წრიდან გამოსვლა და რატომ შეემსხვრა, მაინცდამაინც, საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის მეტ-ნაკლებად უმტკივნეულო პროცესს, თემურ ქორიძე გვესაუბრება.

 

– რა ხდებოდა 20 წლის წინათ იანვარში საქართველოში, უფრო ზუსტად, თბილისში?

– 20 წლის წინათ ჩვენც ის გავიარეთ, რაც ცივილიზებულმა სამყარომ თავისი არჩევნის გზაზე გაიარა. არაფერი განსაკუთრებული იმ დროს საქართველოში არ მომხდარა, უბრალოდ, ამან ჩვენი ერის განვითარებას უსაზღვროდ მძიმე კვალი დაამჩნია. თორემ ჩვენ ვიცით საფრანგეთის რევოლუციების ისტორია, როდესაც ფორმაციები თვალის დახამხამებაში იცვლებოდა. მაგრამ ჩვენი მცირე ზომის ქვეყნისთვის ეს დამანგრეველი რამ იყო, მით უფრო, რომ ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა ამ ყველაფერმა. ერთხელ ვთქვი და ვიმეორებ: არასდროს გამოვაქვეყნებ იმას, რაც ამასთან დაკავშირებით მაქვს მოძიებული და, ალბათ, ჩემი გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ თუ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი. იმდენად მძიმეა კონკრეტული პიროვნებების მონაწილეობის ფაქტები ამ საქმეში, რომ შეიძლება, ოჯახებიც კი დაინგრეს საქართველოში და მე ამას არ ვაპირებ, წმინდა ჰუმანური მოსაზრებების გამო. ჩვენ ბევრი რამ სამარეში უნდა ჩავიტანოთ. ამას მოვუწოდებ ჩემს ახლო მეგობრებს. ჩემი პრინციპული მოსაზრებაა, რომ ყველაფერი არ უნდა ვთქვათ. მე უკვე იმ ასაკში ვარ, როდესაც კაცს მოეკითხება, უფრო ჭკვიანი იყოს და ვცდილობ, უფრო ჭკვიანი ვიყო. თქვენ განსაჯეთ, რამდენად ვახერხებ ამას.

– იმ დღეებში, რას განიცდიდა ზვიად გამსახურდია, იყო იმედგაცრუებული ქართველი ხალხის მხარდაუჭერლობით, რას გრძნობდა იმის გამო, რომ მას ყოფილი თანამოაზრეები დაუპირისპირდნენ? 

– ჩემთვის ეს შეკითხვა მძიმედ საპასუხოა, იმიტომ რომ იმ ტრაგიკულ დღეებში, როდესაც სროლა დაიწყო, იარაღის ყველა სახეობიდან ესროდნენ ზვიად გამსახურდიას, თორემ ჩვენ ვინ ვიყავით?! პრინციპიც ასეთი იყო: ყველა მინუს ერთი. თუ მთელი იმ პროცესებიდან ამოვაგდებთ იმას, რომ ესროდნენ მხოლოდ ზვიად გამსახურდიას, მის წესს აზროვნებისას და, თუკი ჩავიკეტებით იმაში, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესი, პასუხს ვერ მივიღებთ. ეს იყო ბრძოლა ზვიად გამსახურდიას იდეასთან. ეს იყო კაცი, რომელიც მოვიდა იმისთვის, თავი დაედო საქართველოსთვის. ის თავისი ბავშვობიდან მოდიოდა აქეთკენ და ცოტა უცხო სხეულივით იყო საქართველოსთვის. მიუხედავად ამისა, ზვიად გამსახურდიამ შეძლო ის, რომ 1991 წლის 31 მარტს საბჭოთა საქართველოში აღზრდილმა და დაბადებულმა მთელმა ქართველობამ თქვა: დიახ, მე მინდა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო! ეს იყო ზვიად გამსახურდიას გარჯის, წვალებისა და წამების უდიდესი შედეგი და, ბოლოს, როდესაც ის ჯვარს აცვეს, ამაში სრული ანალოგია შეგვიძლია, დავინახოთ იესო ქრისტეს ბედთან. იესო გვეუბნება, რომ ყველა ადამიანი მის ხატად არის შექმნილი. მე არ მიკვირს, რაც ზვიად გამსახურდიამ გადაიტანა. მას თავის ერთ-ერთ დაბადების დღეზე ვუთხარი და ამის მომსწრე იყო უამრავი ადამიანი: მე ვერ წარმომიდგენია ზვიად გამსახურდია თბილ ლოგინში სულს ღაფავდეს და ისე კვდებოდეს. უსათუოდ ტყვიით მოკვდებით-მეთქი. მას ეს ვუთხარი თავის ყველაზე ბედნიერ დღეს. ერთი სიტყვითაც კი პროტესტი არ გამოუთქვამს. არათუ მას, იქ მყოფ საზოგადოებასაც კი არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იმის საწინააღმდეგოდ, რაც მე მაშინ ვთქვი. ანუ ზვიადი მოწოდებული იყო იმისთვის, თავი დაედო სამშობლოსთვის და, რამდენიც უნდა უკიჟინონ ამ პიროვნებას, რომ ცუდი პრეზიდენტი იყო, შეცდომები დაუშვა, ზვიად გამსახურდია, სანამ საქართველოს არსებობა უწერია, მაინც დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მესაძირკვლე. მან ყოველგვარი სკიპტრის, ჯარისა და ლაშქრის გარეშე მიაღწია იმას, რომ საქართველო გათავისუფლებულიყო.

– ჩვენ მივიღეთ ყველაზე მძიმე დარტყმები, ყველაზე მძიმე დანაკარგები განვიცადეთ დამოუკიდებლობის გზაზე, არადა ეს დამოუკიდებლობა ყველამ მიიღო, რუსეთმაც კი, თუმცა არ ვიცი, ვისგან გახდნენ დამოუკიდებელი. რატომ დავზარალდით ჩვენ ყველაზე მეტად?

– იმიტომ რომ ჩვენ მხარი ვუქციეთ იმ გზას, რა გზითაც უნდა წასულიყო საქართველო. ჩვენ არ წავედით ნაციონალური სახელმწიფოს შექმნის გზით და დავიწყეთ ხელის ცეცებით სიარული აქეთ-იქით და როგორც ამირანის მითშია, იქვე მივედით, გუშინ რომ დავკათ ისარი. მერამდენედ უნდა მივიდეთ იქ, სადაც ჩვენთვის კარი დაკეტილია? გვეუბნებიან, თქვენ ძალიან კარგები და მშვენიერები ხართ, მაგრამ ვერ შემოგიშვებთ. ნატოს გენერალური მდივანი ხშირად ჩამოდის საქართველოში და გვეუბნება, კარი ღიაა, ოღონდ მოწესრიგდით, კარგად ჩაიცვით და დაიხურეთ, იყავით სიმპათიურები და შემოგიშვებთ ჩვენს სახლშიო, მაგრამ ჩვენ ეს ვერ იქნა და ვერ მოვახერხეთ.

– ისევ 20 წლის წინანდელ მთავრობის სახლს დავუბრუნდეთ. ზვიად გამსახურდია როგორ აფასებდა ვითარებას თუ სხვა გზა აღარ ჰქონდა და იქ უნდა დარჩენილიყო? ხომ ხდება ხოლმე, რომ უკან უბრალოდ ვეღარ დაიხევ?

– არ მახსოვს, ზვიად გამსახურდია იმ პერიოდის უმძიმეს წუთებშიც კი სასოწარკვეთილი და დათრგუნული ყოფილიყო. როდესაც მას პირველად დაურეკა თენგიზ სიგუამ და ორსაათიანი ულტიმატუმი წაუყენა, მეც შევესწარი ამ საუბარს, ისმოდა კიდეც თენგიზ სიგუას ხმა. ზვიად გამსახურდია, ფაქტობრივად, დათანხმდა წასვლას. ჩაიცვა პალტო, გაიკეთა კაშნე, ერთად ჩამოვედით ქვემოთ, სადაც მისი მანქანა იდგა, რომელიც ტელეფონებით იყო აღჭურვილი. უცებ მოვიდა ერთი ახალგაზრდა დაცვიდან და უთხრა, რომ მას ურეკავდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო ქალბატონი მანანა, რომელიც მას ესაუბრა. ზვიადი დარჩა და ბოლომდე მიიღო ტყვიების ის წვიმა, რომელიც სტყორცნეს მთავრობის სახლს. ამის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მე მიწევდა მთავრობის სახლში შესვლაც და გამოსვლაც. ზვიადმა გვთხოვა, რომ მე და ავთანდილ რცხილაძეს ყურადღება მიგვექცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მისი ოჯახისთვის. ჩვენ ყოველდღე მივდიოდით მასთან ოჯახში, ამას დაადასტურებს ქალბატონი მანანა და, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში. 28 დეკემბერს მთავრობის სახლში შესვლა შეუძლებელი გახდა, ის ალყაში მოაქციეს.

– შინაგან საქმეთა სამინისტროში რა ხდებოდა?

– ეს ცალკე საუბრის თემაა. ეს იყო აბსოლუტურად დემორალიზებული უწყება, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მე მათ პირველსავე დღეს ვთხოვე: თქვენ ხელისუფლება არ გთხოვთ მხარდაჭერას, ჩვენ თქვენგან მოვითხოვთ, შეასრულოთ პროფესიული მოვალეობა და, როდესაც ამ მოწოდებით მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, დარბაზში ექვსი კაცი იჯდა. ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო, მაშინ მინისტრი გახლდათ დილარ ხაბულიანი, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა.

– მთავრობის სახლში ადამიანები თავიანთი ნებით იყვნენ.

– რა თქმა უნდა. მეტიც, როდესაც პირველად ესროლეს მთავრობის სახლს, ზღვა ხალხი მოაწყდა, მაგრამ დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, ჩვენ არ ვიცით, ვინ არის შერეული ამ ხალხშიო. ვერ გარისკეს მათი შემოშვება მთავრობის სახლის ეზოში, თორემ იქ უამრავი ხალხი იყო, რომლებსაც სურდათ ხელისუფლების დაცვა. ეს არ არის გადაჭარბებული და არც თავის მოსაწონებლად ნათქვამი სიტყვები. ზვიად გამსახურდიამ მაშინვე აირჩია მოწამეობრივი გზა, როდესაც ჩაიკეტა მთავრობის სახლში, 4 000-მდე კაცი ჰყავდა და სულის შებერვით გააქრობდნენ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ზვიადმა ეს არ გააკეთა და ბოლომდე მიიღო დარტყმა.

– ახლანდელი გადასახედიდან, რა ჯობდა ქვეყნისთვის, რომ გაექრო?

– თვითონ ზვიადმა გასცა ამას პასუხი თავის დროზე, ჩვენ გავიმარჯვებდით და მათზე გამარჯვება არ იყო დიდი პრობლემა, მაგრამ მორალურად დავმარცხდებოდითო. ზვიადი ამქვეყნიდან მორალურად გამარჯვებული წავიდა.

– ქვეყანა როგორი დარჩა?

– რაც შეეხება ქვეყანას: ნებისმიერ შემთხვევაში ზვიადის პოზიცია ცამდე მართალი იყო და ეს გახლდათ მამულიშვილის, ერისკაცის პოზიცია. ზვიადის იდეალი იყო ქართველი მარტვილი, სამშობლოსთვის წამებული ადამიანი და ის, ალბათ, მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ელოდებოდა ამ მდგომარეობაში ჩადგომას და მას უფალმა მიანიჭა იმის უნარი, ყოფილიყო სამშობლოსთვის წამებული და დევნილი და არა მარტო სიცოცხლეში. სიკვდილშიც დევნილი იყო ზვიად გამსახურდია. ამიტომ არ არის საჭირო გამოძიებების ჩატარება, მით უფრო, პოლიტიკური კონიუნქტურის დასაკმაყოფილებლად, რაც კოკო გამსახურდიამ გააკეთა. ზვიად გამსახურდიას ცხოვრების, განსაკუთრებით, ბოლო ორი თვე, ფაქტობრივად, იყო ასკეტისა და წმიდანის ცხოვრება. თუკი ვინმეს რამე პრეტენზია აქვს ზვიად გამსახურდიასთან, მე ვურჩევდი, მისი ცხოვრების შესწავლა დაიწყოს მისი აღსასრულიდან, მისი ფინალიდან.

– რა მისცა ამ ქვეყანას მისმა მოწამეობრივმა აღსასრულმა: რით გაამდიდრა, რა ჯობდა: ცოცხალი დარჩენილიყო თუ მოწამეობრივად აღსრულებულიყო?

– როდესაც ეგრეთ წოდებული მონანიება მოხდა, რაც სუფთა წყლის პოლიტიკური ტაქტიკა იყო, მას დაუწყეს ყიჟინა, შენ უნდა მომკვდარიყავი და ერთი კარგი სალოცავი ხატი გვეყოლებოდაო. მახსოვს, ზვიადის გაოგნებული სახე, კი მაგრამ, რას მისცემდათ მათ დღეს ჩემი სიკვდილი? მე მოვკვდებოდი, მაგრამ მე უნდა მებრძოლაო. ის უკან დახევაც, რომელიც მან გასული საუკუნის 70-იან წლებში გააკეთა, იყო ტაქტიკური, მით უფრო, რომ მაშინ ძალიან რთული სიტუაცია იყო, მას გაასახლებდნენ საქართველოდან და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. რა მისცა საქართველოს ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივმა აღსასრულმა? ჩვენ უნდა გავიაზროთ არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი ცხოვრება, არამედ, რისთვის ეწამნენ ჩვენი ჰაგიოგრაფიის გმირები. თავი დავანებოთ შუშანიკს, ჰაბოს, ისინი არაქართველები იყვნენ და მხოლოდ რელიგიური რწმენა აღაფრთოვანებდათ. გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელი, უამრავი სხვა და ბოლოს, ორი ქართველი რაინდი: ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომლებმაც ყველაფერი გადაიტანეს, ტალახიც, ფურთხიც, ყველანაირი შეურაცხყოფა, მიმსგავსებული, რაც გადაიტანა ჩვენმა მაცხოვარმა. ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვის. მოდი, ასე შევაფასოთ: ისინი არ შეიძლება, იქცნენ მდუმარე ქანდაკებებად, მავზოლეუმებად, პირამიდებად, ისინი აუცილებლად მოახდენენ გავლენას ქართველ საზოგადოებაზე. მე ვფიქრობ, რომ მომავლის საქართველო დაეფუძნება ამ ღირებულებებს. თუ ამ ღირებულებებს არ დაეფუძნება მომავლის საქართველო, ის იქნება განწირული, გადაგვარებული და არაქართული საქართველო. მე ვიცი ყველა სენტენცია, რომელიც დაკავშირებულია ოპტიმიზმთან, რომ ოპტიმისტები ცუდად აზროვნებენ, რომ ოპტიმისტები ცუდად წერენ, მაგრამ ქართველი ერისადმი რწმენაში ვერაფერი შეარყევს ჩემს ოპტიმიზმს, იმიტომ რომ ჩვენ მეოცე საუკუნის მიწურულს საბჭოთა პირობებში დაბადებულ ქართველ საზოგადოებაში გვყავდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ეს ისეთი მოვლენაა, რომელიც გვიდასტურებს, რომ, თურმე, ვერც ერთი პოლიტიკური სისტემა ვერ აღემატება ღვთაებრივ კანონზომიერებას. ზვიადმა და მერაბმა დაამტკიცეს ჩვენი ისტორიის უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში, რომ, თურმე, არ შეიძლება, პიროვნება მოაქციო სისტემის კლანჭებში, პიროვნება თავისუფალი რჩება მაშინაც კი, როდესაც სახელმწიფოში მძვინვარებს ტოტალიტარიზმი და ავტორიტარიზმი. ეს თაობებს გადმოგვედო და ჩვენ ამ ადამიანებმა გვაგრძნობინეს, რომ სისტემები ვერ თრგუნავს პიროვნების თავისუფლებას.

– მე მაინც მგონია, რომ ვერ გამოვიყენეთ ეს თავისუფლება, იმიტომ რომ თავისუფლება დიდი ტვირთია. ორიოდ სიტყვა ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის პიროვნულ დაპირისპირებაზეც ვთქვათ. რომელმა გაიმარჯვა, უკვე, ალბათ, შეიძლება ამის შეფასება?

– ჩინებული ჟურნალისტი მელორ სტურუა თავის უბრწყინვალეს პუბლიცისტურ წერილში: „ზვიად გამსახურდიას ტრიუმფი და გამარჯვება“, შენიშნავდა, ედუარდ შევარდნაძეს ხალხი მოსთხოვს მხოლოდ გაზს, შუქს, წყალს და სხვას არაფერს. მაგრამ, თუ ედუარდ შევარდნაძე ამას ვერ გააკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დაიღუპება საქართველოში, იმიტომ რომ მისგან არავინ მოითხოვს იმ იდეალების განხორციელებას, რომელიც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას ჰქონდაო. ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის გზები არასდროს გადაკვეთს ერთმანეთსო. გასული საუკუნის 80-90-იანი წლების საქართველო ზვიად გამსახურდიასგან არ მოითხოვდა პურს და სანახაობას, ედუარდ შევარდნაძეს კი ჩამოსვლისთანავე მოსთხოვა. განსხვავება ედუარდ შევარდნაძესა და ზვიად გამსახურდიას შორის აბსოლუტურად თვალშისაცემია. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, გლობალურ ომში დამარჯვებულმა ზვიად გამსახურდიამ მაინც მიაღწია გამარჯვებას, ანუ მორალური გამარჯვება, რაც ზვიად გამსახურდიამ მოიპოვა, გაცილებით თვალშისაცემია და მუდმივად დარჩება ქართველი ერის ისტორიაში. მელორ სტურუამ ზუსტად გაავლო სადემარკაციო ხაზი, რით შეიძლება, იყოს განსხვავებული ზვიად გამსახურდიას ქართული იდეალი და პრაგმატული საქართველო ედუარდ შევარდნაძის სახით. ედუარდ შევარდნაძე დამარცხდა თავის პრაგმატიზმში. მას არ გაუმართლა თავის პოლიტიკურ კარიერაში. ზვიად გამსახურდია მთაწმინდაზე განისვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დიმიტრი ყიფიანისა და ილია ჭავჭავაძის ტოლი და სწორია, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ნელდება მისადმი ბიოლოგიური ზიზღის გამოხატვა. ზვიად გამსახურდია გამარჯვებული წავიდა ამ ქვეყნიდან, ედუარდ შევარდნაძე კი, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ცხოვრებიდან მიდის დამარცხებული და თავლაფდასხმული.

 

 

скачать dle 11.3