კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დასტირიან ადამიანები გაკერპებულ ბელადებს და როგორი ტიპის საზოგადოებაზე აქვს შედეგი ტვინების გამორეცხვის პროპაგანდას

 

ჩრდილოეთ კორეა, მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, იმ ფაქტის გამო, რომ მათი 69 წლის ლიდერი –  კიმ ჩენ ირი 2011 წლის 17 დეკემბერს საკუთარ დაჯავშნილ მატარებელში გარდაიცვალა. მისი სხეული აკლდამაში მოათავსეს, სადაც დაკრძალულია მამამისი, კიმ ერ სენი, კორეელები კი, არა მხოლოდ გლოვობენ და მოთქვამენ, ლამის თავსაც ისახიჩრებენ ამ, მათი აზრით, გამოუსწორებელი უბედურების გამო. დაკრძალვის ცერემონიალს კიმ ჩენ ირის უმცროსი ვაჟი, კიმ ჩონ ინი ხელმძღვანელობდა, რომელსაც უკვე შეარქვეს „დიდი მემკვიდრე“.

როგორც ჭეშმარიტ ბელადს შეეფერება, კიმ ჩენ ირის დაბადების ორი ვერსია არსებობს: ოფიციალური ლეგენდის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის მომავალი ლიდერი დაიბადა საიდუმლო პარტიზანულ ბანაკში ჩრდილოეთ კორეის ყველაზე პატივსაცემ და მაღალ მთაზე. მისი დაბადების მომენტში ცაზე გამოჩნდა ორმაგი ცისარტყელა და კაშკაშა ვარსკვლავი. არაოფიციალური ვერსიით კი, კიმ ჩენ ირი საბჭოთა კავშირში დაიბადა, ხაბაროვსკის ოლქში და მისი სახელი იყო იური ირსენის ძე კიმი. როგორც უნდა ყოფილიყო, ის მამამისის, კიმ ერ სენის, გარდაცვალებისთანავე გახდა ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელი და იმ მომენტიდან გარდაცვალებამდე, ჩრდილოეთ კორეაში იფურჩქნებოდა „დიდი ხელმძღვანელის“ პიროვნების კულტი, რომლის კრიტიკაც ავტომატურად ნიშნავდა დაპატიმრებას. მის ოფიციალურ მემკვიდრედ ერთი წლის წინათ დაინიშნა მისივე უმცროსი ვაჟი –  კიმ ჩონ ინი. თუმცა ანალიტიკოსები მაშინვე შენიშნავდნენ, რომ კიმ ჩონ ინი მხოლოდ ფორმალური ლიდერი გახდებოდა, რეალური ძალაუფლება კი გადავიდოდა კიმ ჩენ ირის უმცროსი დისა და მისი ქმრის ხელში.

თუმცა ეს მაინც ჩრდილოეთ კორეის შიდა საქმეა (ერთი ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი აქვს), ჩვენ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ერთად ამჯერად იმაზე ვისაუბრებთ, როდიდან იღებს სათავეს ქვეყნის ხელმძღვანელების ასეთი თავგადაკლული და მასობრივი გლოვა, ძირითადად, რა ტიპის ქვეყნებში შეიმჩნევა ასეთი მონური დამოკიდებულება პოლიტიკური ხელმძღვანელის დაღუპვის გამო და რატომ აღიქვამენ თვით ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ადამიანები ხელისუფლის სიკვდილს სამყაროს აღსასრულად.

– როდიდან იღებს სათავეს ქვეყნის ხელმძღვანელის ასეთი მასობრივი გლოვა?
– ასეთი გულისამაჩუყებელი რიტუალები სათავეს იღებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როდესაც ეგვიპტეში ფარაონებს, გლოვის პარალელურად, თან აყოლებდნენ ცოლებს, ცხენებს, მონებს, სამკაულებს და ასე შემდეგ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ის იმქვეყნადაც განაგრძობდა ცხოვრებას. დროთა განმავლობაში ამან ცივილიზებული ფორმა მიიღო, უკვე ცოლებს, საყვარლებსა და მოსამსახურეებს აღარ აყოლებდნენ მიცვალებულებს, სამკაულების ჩაყოლება კიდევ დიდხანს შემორჩა, მაგრამ სახალხო გლოვა იყო. ზოგჯერ ცხადდებოდა ერთკვირიანი ან რამდენიმეთვიანი სახალხო გლოვაც. აქ ერთმანეთისგან ორი საკითხი უნდა გავმიჯნოთ: მე მომსწრე ვარ ნამდვილი სახალხო გლოვის, რაც უნიკალური შემთხვევა იყო საბჭოთა კავშირში, როდესაც ბელორუსიაში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, მართლაც, აღიარებული ლიდერი, ცეკას პირველი მდივანი მაშეროვი. ის, მაინცდამაინც, აღფრთოვანებული არ იყო მოსკოვით და ბრეჟნევით და ბელორუსიაში ყველას სწამდა, რომ მაშეროვი მოკლეს. ისტორიას შემორჩა დოკუმენტური ფოტო, რომელზეც 7-8 წლის მაშეროვი „ტულუპში“ პარტიზანებთან ერთად ავტომატით ხელშია გადაღებული. ანუ რვა წლის ბავშვი უკვე პარტიზანებთან იყო, ის მართლაც უყვარდა ბელორუს ხალხს და მას დამსახურებულად გლოვობდნენ. მეორე მხრივ, გლოვობდნენ სტალინის გარდაცვალების გამოც, მაგრამ ის უფრო ფანატიკური გლოვა იყო და, გულახდილად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად დაუმსახურებელი. მათთვის, ვინც მისტიროდა სტალინს, ტანჯვის, შიშისა და თრგუნვის გარდა არაფერი მოუტანია, მაგრამ მაინც მისტიროდნენ. ესეც პროპაგანდის შედეგი იყო: საბჭოთა პროპაგანდამ თავისი ტლანქობით თუ უხეშობით მაინც დააჯერა იმდროინდელი თაობა, რომ სტალინის სიკვდილს მოჰყვებოდა რაღაც საშინელება, წარღვნა, მეორედ მოსვლა, ქვეყანა დაიღუპებოდა, საბჭოთა კავშირში მოსავალი არ მოვიდოდა.
– მზე აღარ ამოვიდოდა.
– დიახ, არაყი გაქრებოდა. მაგალითად, საქართველოში, გურიასა და ზოგიერთ სხვა რაიონში იყვნენ პროფესიონალი მოტირლები, რომლებსაც პატიჟებდნენ უცნობი ადამიანების გასვენებებში. მათ შეეძლოთ ბუნებრივად ეტირათ მათთვის სრულიად უცხო ადამიანი, მაგრამ სტალინის შემთხვევა ამისგან განსხვავებულია. მართალია, მაშეროვიც და სტალინიც საბჭოთა ეპოქაში გარდაიცვალნენ, მაგრამ მათ შორის ის განსხვავებაა, რომ მაშეროვის დატირება იყო გულწრფელი და დამსახურებული, სტალინის დატირება კი გულწრფელი, მაგრამ დაუმსახურებელი. მაშეროვი არ ყოფილა ბელადი, მისი პიროვნება არ გაუკულტებიათ, მაგრამ ხალხს მაინც უყვარდა. საერთოდ, მაშინ რესპუბლიკების პარტიული ლიდერები დაცვის გარეშე დადიოდნენ ქუჩაში. დაცვა არც მჟავანაძეს ჰყოლია, ერთი კაცი დაჰყვებოდა, 150-კილოიანი, ტლანქი, მოუქნელი. მართალია, დაცვის უფროსი ერქვა, მაგრამ სულ ერთი კაცი იყო და მოხდა ანეკდოტი, მჟავანაძის დაცვის უფროსს მოჰპარეს „ზიმი“. თვითონ მჟავანაძე ფეხით დადიოდა ხოლმე. მაშინ ბირჟა გვქონდა სასტუმრო „საქართველოსთან“. უამრავჯერ  გამოუვლია, მოგვესალმებოდა ხოლმე. იყო შემთხვევები, გაგვიჩერდებოდა და გვიკითხავდა, ახალგაზრდებო, როგორ არის საქმე, როგორ ხართო. თუმცა მჟავანაძისადმი დიდი სიყვარული არ ყოფილა. საერთოდ, საქართველოსთვის ლიდერებისადმი სიყვარული არ არის დამახასიათებელი. ქართველი ადამიანი ბუნებით მაინც თავისუფალი იყო კერპთაყვანისმცემლობის გადმონაშთებისგან. ეს ჩვენ შემდეგ ვიხილეთ გამსახურდიასთან მიმართებაში, რაც, მე ყოველთვის ვიტყვი, ღირსებას არ ჰმატებდა ქართველ საზოგადოებას.
–  იქ ცოტა სხვანაირი სიტუაცია იყო, არაორდინარული?
– სიკვდილი სიკვდილია. კენედებიც დახოცეს, მაგრამ წივილ-კივილი და წვერის მოშვება იქ არ ყოფილა. როდესაც საზოგადოებაში არის პიროვნების კულტი,  ყველაფერს მას უკავშირებენ, მერცხლების გაზაფხულზე მოფრენასაც კი და, როდესაც ის ადამიანი აღარ არის, ამ კერპის თაყვანისმცემლებს ჰგონიათ, ის მინიმალური კეთილდღეობაც კი, რაც აქვთ, გაქრება. ეს უკვე პრიმიტივიზმია. ამის სულ ბოლო გამოვლენა ჩვენ ვნახეთ კიმ ჩენ ირის სიკვდილის მაგალითზე. მთელი ქვეყანა დასტიროდა მას, იმიტომ რომ ასე ზრდიდნენ მათ. მამამისის ოფიციალური ტიტული იყო „საყვარელი ხელმძღვანელი“, მას, სანამ პირველი პირი გახდებოდა, ერქვა „პატივცემული ხელმძღვანელი“, თუმცა შემდეგ მასაც „საყვარელი ხელმძღვანელი“ დაარქვეს, როდესაც პირველი პირი გახდა. იგივე მაო ძე დუნი, მისი ტიტული იყო „დიდი მესაჭე“, თუმცა მაო ძე დუნის დაღუპვის გამო ისეთი რამ არ მომხდარა ჩინეთში, რაც ახლა ჩრდილოეთ კორეაში ხდება, იმიტომ რომ მის სიცოცხლეშივე დაიწყო დისიდენტური მოძრაობა, მანამდე კი კულტურულმა რევოლუციამ მიაყენა დარტყმა მის პიროვნებას. შემთხვევითი არ არის, რომ ასეთი ტირილითა და ვაი-ვიშით გამომშვიდობებები ჩვენს დროში, ძირითადად, აღმოსავლეთში შემორჩა.
– დასავლეთში თუ ყოფილა ასეთი შემთხვევები ისტორიის განმავლობაში?
– ხმამაღალი მოთქმა-ტირილის ფაქტები ისტორიას არ შემოუნახავს. იქ ყველაფერი უფრო ადამიანურად ხდებოდა და ხდება. დროში დაემთხვა –  ევროპაში ვაცლავ ჰაველი გარდაიცვალა, აღმოსავლეთში –  კიმ ჩენ ირი. ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო საზოგადოების გულწრფელი წუხილი იგრძნობოდა, მაგრამ მთავარი იყო პატივისცემა და, თუ მართლაც არსებობს იმქვეყნიური ცხოვრება და ვაცლავ ჰაველის სული ხედავდა, რაც ხდებოდა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ვაცლავ ჰაველი თავისი გარდაცვალების დღეს მეორედ დაიბადა. მახსოვს, როდესაც რობერტ კენედი სასიკვდილოდ დაჭრეს, მაშინ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში ვმსახურობდი და როდესაც მუსხელიშვილთან შევედი, მისალმების შემდეგ მკითხა, ხომ არ მოგისმენია, რობერტი გადარჩა თუ მოკვდაო. ყველას ადარდებდა ეს საკითხი. აი, ეს უკვე პატივისცემა იყო, თუმცა იმავე ამერიკაში ცოლ-შვილსაც არ ჩამოუხოკავს სახე და ცრემლების ნიაღვარი არ დაუყენებიათ, როდესაც კენედი მოკვდა. საერთოდ, როდესაც ადამიანები იღუპებიან, ტრადიციას აქვს დიდი მნიშვნელობა. მაგალითად, თბილისში სხვანაირად ემშვიდობებიან გარდაცვლილს, კახეთში –  სხვანაირად, დასავლეთ საქართველოში – უფრო ემოციურად, უფრო ხმამაღლა. ის, კი, რასაც თქვენ ბრძანებთ და რასაც ჩვენ ამ დღეებში მოვესწარით: კიმ ჩემ ირისა და ვაცლავ ჰაველის გარდაცვალებებს, გვიჩვენებს, რომ ერთი არის ნორმალური ქვეყანა, მეორე კი ანტირელიგიური ფანატიზმის ქვეყანა.
– ჩვენი რელიგია კრძალავს გადამეტებულ გლოვას.
– ეს ათეისტური ფანატიზმია, ასე რომ, ფანატიკოსები და ფუნდამენტალისტები ათეისტებიც შეიძლება, იყვნენ. სტალინის  შემთხვევაშიც ათეისტური ფანატიზმი იყო, მაშინ ადამიანები დაიღუპნენ კიდეც, იმიტომ რომ ხალხმა გადათელა ერთმანეთი. ხალხი სტალინთან გამოსამშვიდობებლად, მთელი ღამის განმავლობაში იკავებდა რიგს.
– მავზოლეუმში მკვდარი ლენინის სანახავადაც იდგა რიგები. ესეც ფანატიზმის გამოვლენაა?
– ვიცით, როგორ ეწყობოდა მავზოლეუმთან რიგები. მოსკოვში პროვინციებიდან მუდმივად ჩამოჰყავდათ ექსკურსიებზე ხალხი ავტობუსებით და მავზოლეუმის დათვალიერება აუცილებელი იყო. გარდა ამისა, ხალხს აინტერესებდა კიდეც, როგორ გამოიყურებოდა ლენინი, თუმცა ბევრმა მის შესახებ, რევოლუციის გარდა, შეიძლება, არაფერიც არ იცოდა. ერთი პერიოდის განმავლობაში ლენინს გვერდით სტალინიც მიუწვინეს. პირველი იწვა ლენინი, მეორე მხარეს კი  –  სტალინი. სტალინს ვერ დახედავდი, თუ ლენინს არ შემოუვლიდი. ყველა, ვინც ჩადიოდა, პირველად სტალინს უყურებდა, ინტერესი მის მიმართ უფრო იყო. ესეც, რასაკვირველია, პრიმიტივიზმსა და პროპაგანდის შედეგად გონების გამორეცხვაზე მიუთითებს. თუ კიმ ჩენ ირის გლოვით ვიმსჯელებთ, გავიხსენებთ, როგორ ექსტაზში იყო ხალხი, ესე იგი, ის პროპაგანდა ეფექტიანი ყოფილა და ადამიანების გონების გამორეცხვას შედეგი მოაქვს. მე არ ვიცი, რა ვიწრო პროფესია ჰქონდა რუსთაველს, შეიძლება, ფსიქოლოგიც იყო, მაგრამ მან დაწერა, შიში შეიქმს სიყვარულსაო, თორემ სტალინი რა შესაყვარებელი იყო: დიდი ქარიზმა ჰქონდა, შესახედაობა თუ მჭევრმეტყველებით გამოირჩეოდა?! შიშზე იყო დაფუძნებული მისადმი სიყვარული.
– სადღაც ამოვიკითხე, ნაპოლეონს ჰქონდა კორისკული აქცენტი, რაც მას უარყოფითად ახასიათებდა, აქცენტი ჰქონდა ჰიტლერსაც, რაც, ასევე, მის ნაკლად მიიჩნეოდა, მაგრამ სტალინის აქცენტი მას შარმს ჰმატებდა და დადებით როლს ასრულებდაო.
– მეტსაც გეტყვით, ნაპოლეონი ისე გარდაიცვალა, ნორმალურად ფრანგული არც იცოდა: ფრანგულად შეცდომებით წერდა და ლაპარაკობდა. მაგრამ ნაპოლეონმა ხომ შიშით არ შეაყვარა ფრანგებს თავი?! თითქმის ყველა ფრანგმა იცოდა, რომ ნაპოლეონი ცუდად ლაპარაკობდა ფრანგულად, თანაც ის კორსიკელი იყო, კორსიკა კი საფრანგეთის ისტორიული მტერია. ტერმინი „მაფია“ სწორედ კორსიკაზე დაიბადა და მისი აბრევიატურა ნიშნავს: „სიკვდილი ფრანგ ოკუპანტებსა და დამპყრობლებს“. აი, ამ მტრული კუნძულიდან წამოსული კაცი ისე შეიყვარა საფრანგეთმა, რომ მსოფლიოში უნიკალური შემთხვევაა მისი ტიტული: ფრანგების იმპერატორი. ნაპოლეონის გარდაცვალების შემდეგ კარგა ხანს იყვნენ ბონაპარტისტები, რა თქმა უნდა, ეს კულტი იყო. სიკვდილის შემდეგაც კი 300 000 წიგნია დაწერილი ნაპოლეონზე, უამრავი ფილმია გადაღებული. კედელზე ხედავთ სურათს, რომელზეც ნაპოლეონი კრემლის ფონზეა. როდესაც რუსეთის ელჩი მოდიოდა, ბოღმით უყურებდა და მეუბნებოდა, ეს ნაციონალისტური სურათიაო.
– ტაქტიკურად დაიხიეს რუსებმა თუ არატაქტიკურად, ფაქტია, რომ ნაპოლეონი შევიდა მოსკოვში.
– და იდგა კრემლის ქონგურებთან. ხომ შეიძლებოდა, ნაპოლეონი რომელიმე ბრძოლაში მომკვდარიყო?! მაგალითად, არკოლის ხიდზე ის სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. თვითონ აიტაცა დროშა და ოთხმეტრიან ხიდზე, რომლის თითოეულ მილიმეტრსაც ავსტრიელები ქვემეხებს უშენდნენ, პირველმა გაირბინა. მსუბუქად დაიჭრა კიდეც, ოღონდ აუკრძალა ექიმებს ამის თქმა, რადგან ჯარისკაცებს უნდა სცოდნოდათ, რომ მას ტყვია არ ეკარება. იქ რომ დაღუპულიყო ნაპოლეონი, ალბათ, მასაც დაიტირებდნენ. მაგრამ მე მწამს, რომ, მიუხედავად ფრანგების დიდი სიყვარულისა ნაპოლეონის მიმართ, ბღავილი და მოთქმა არ იქნებოდა. რაც ყველაზე საინტერესოა, როდესაც ნაპოლეონი პირველად გადაასახლეს ელბაზე და გადადგომას მოაწერა ხელი, იქ გამოემშვიდობა თავის ძველ გვარდიას. ეს იყო გვარდია, რომელიც ათი წლის განმავლობაში ნაპოლეონს თან დაჰყვებოდა. სხვათა შორის, რუსეთში ეს ძველი გვარდია არ აომა. თქვა, იმიტომ არ ჩამოვედი აქ, რომ ძველი გვარდია რუსეთის თოვლში დავტოვოო. ის გვარდიელები, რომლებსაც რამდენიმე ნახმლევი იარა ჰქონდათ სახეზე, გამომშვიდობებისას ტიროდნენ, მაგრამ ეს სულ სხვა რამაა. მათთვის ნაპოლეონი იყო გამარჯვების სიმბოლო, რომელთან ერთადაც 40 გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული დიდ ბრძოლებში. ეს იყო სინანულის ცრემლები იმის გამო, რომ ასეთი ადამიანი მიდიოდა, ეს სულ სხვა გამომშვიდობება იყო. ეს არ გახლდათ თვალში ნაცრის მონური შეყრა, როგორც ეს ხდებოდა სტალინის, მაო ძე დუნისა და კიმ ერ სენის დროს. ამიტომ მათ შორის პრინციპული განსხვავებაა. თუმცა ყველა თავისებურად გლოვობს თავის მიცვალებულს. მაგალითად, მთელი სირია გლოვობდა, როდესაც ასადის უფროსი ძმა, რომელსაც ასადის მამა მემკვიდრედ ამზადებდა, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ის იყო ბრწყინვალე ოფიცერი: მაღალი, ლამაზი და არმიის, მართლაც, საყვარელი კერპი. იქაც იგლოვეს, მაგრამ ეს არ ყოფილა ეგზალტირებული მოთქმა-გოდება. მამამისმაც თავისებურად იგლოვა. თავის მშობლიურ სოფელში წავიდა და იქ ორ კვირას ჩაიკეტა.
ავიღოთ ინდოეთი, განდის შვილი მოუკლეს, შემდეგ თვითონაც მოკლეს, თანაც ის მოკლა თავისმა თითქოს ყველაზე ერთგულმა მცველმა, სინქხმა. ინდირა განდი მოკვდა პიტერ უსტინოვის თვალწინ. მასთან ინტერვიუ ჰქონდა დანიშნული, ეზოში გამოვიდა და იქ მოკლეს. როდესაც რაჯივი მოკლეს სინქხებმა, ყველა ურჩევდა ინდირა განდის, რომ სინქხები მოეშორებინა დაცვიდან და ინდოელები აეყვანა. მაგრამ ინდირამ თქვა, ეს არ იქნება პოლიტიკურად გამართლებული, მაშინ გამოვა, რომ სინქხებს საერთოდ გავრიყავთო და დატოვა დაცვა, რითაც თავის სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი. ვინც დატოვა, სწორედ მან მიუშვირა ავტომატი და ხნიერი ქალი დაცხრილა, მაგრამ ინდოეთშიც არ ყოფილა ასეთი წივილ-კივილი და ბღავილი, თუმცა გლოვობდნენ. იმის თქმა მინდა, რომ, რაც უფრო თავისუფალია საზოგადოება თავის გრძნობებში, ემოციებში, მით უფრო ნორმალური და თავშეკავებულია, ხოლო, რაც უფრო დათრგუნულია, რაც უფრო ნაკლებად თავისუფალია პიროვნება, უფრო ადვილად იქცევა მანიპულირების ობიექტად და იქ ყველაფერი, არა მხოლოდ გლოვა, გროტესკულ ფორმას იღებს.
– თუმცა ბრიტანეთმა მასობრივად იგლოვა პრინცესა დიანა?
– ტიროდნენ ქალები, მაგრამ ისეთი ბღავილი, როგორიც კორეაშია, არ ყოფილა. ისინი ტიროდნენ მოკრძალებით, წყნარად და ეს სავსებით ნორმალურია. აი, ის კი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, სტალინის, კიმ ერ სენის დატირება, კედლისთვის თავის რტყმევა არის იმ ქვეყნების პოლიტიკური სისტემების სავიზიტო ბარათი.

 

скачать dle 11.3