პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ჯიმი კარტერის მიმართვა ჩრდილოეთ კორეას
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა ჩრდილოეთ კორეის ახალი მმართველისთვის – კიმ ჩონ ინისთვის გაგზავნილ პირად წერილში, მწუხარება გამოთქვა, დიადი კიმ ჩენ ირის გარდაცვალების გამო, თავად მას კი წარმატება უსურვა ქვეყნის მმართველობაში. თავის წერილში კარტერმა ასევე, სურვილი გამოთქვა, რომ სიამოვნებით კიდევ ერთხელ ესტუმრებოდა სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას. ექსპრეზიდენტი კარტერი ბოლო პერიოდში ორჯერ ეწვია ჩრდილოეთ კორეას და მოლაპარაკებებს მართავდა აწ გარდაცვლილ კიმ ჩენ ირთან – ბირთვულ პროგრამაზე, ქვეყანაში არსებული საკვები პროდუქტების დეფიციტსა და ამერიკელი ტურისტების გათავისუფლებაზე, რომელთაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდათ ბრალად. ჯიმი კარტერის უშუალო ჩარევით, მოხერხდა ამერიკელების გათავისუფლება კორეული საკონცენტრაციო ბანაკიდან.
ლუკაშენკოს „ქამრის მოჭერის” პოლიტიკა
ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გადაწყვიტა, უარი თქვას ძვირად ღირებულ იტალიურ კოსტიუმებზე, ახალ ციგურებსა და ჰოკეის სათამაშოდ საჭირო ატრიბუტიკაზე. ამის თაობაზე პრეზიდენტმა თავის მიმართვაში ილაპარაკა. ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბელორუსული წარმოების კოსტიუმების ხარისხი საკმაოდ მაღალია. ამ ფაქტის დასამტკიცებლად კი, მან ჟურნალისტების წინაშე გაიხადა პიჯაკი და მასზე დაკერებული ეტიკეტი აჩვენა – „მეიდ ინ ბელარუს”. გარდა ამისა, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ამიერიდან მხოლოდ ბელორუსული წარმოების საკვებ პროდუქტს მიიღებს, რადგან უცხოური წარმოების, ძვირიანი პროდუქტების მიღებას, მას სინდისი დაუშლის.
კამბოჯის მეფის კეთილი ნება
კამბოჯის მეფემ – ნოროდომ სიამონმა საახალწლოდ სამეფო ამნისტიის ფარგლებში რამდენიმე ათეული პატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის, რუსი ბიზნესმენი – ალექსანდრ ტროფიმოვი. მას პედოფილიის ბრალდებით, 17- წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ტროფიმოვი 2007 წლის ოქტომბერში დააკავეს და მას ბრალად ედებოდა 17 არასრულწლოვან გონაგოსთან სექსუალური კავშირის დამყარება. მათ შორის, ყველაზე პატარა ასაკით 13 წლის გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ყველა არასრულწლოვანი პროსტიტუციით იყო დაკავებული. ეს, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმეა კამბოჯაში და დასავლელ ექსპერტებს გაუკვირდათ, რომ მეფემ რუსი პედოფილი ამნისტიით გაათავისუფლა.
მუშარაფი ბრუნდება
პაკისტანის ყოფილმა პრეზიდენტმა – ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის აუცილებლად დაბრუნდება სამშობლოში, რათა ქვეყანა დაღუპვისგან იხსნას. მუშარაფის თქმით, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, პაკისტანში მოვლენები არადემოკრატიული სცენარით ვითარდება. ექსპრეზიდენტი მოქმედ ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ არმიის ჩართვა პოლიტიკაში ქვეყნისთვის ფატალური გამოდგება. მუშარაფმა, ასევე, არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში შესაძლოა, მოხდეს სამხედრო გადატრიალება და ამან შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს პოლიტიკური კრიზისი პაკისტანში. მას შემდეგ, რაც მუშარაფმა საკუთარი ნებით დატოვა პრეზიდენტის თანამდებობა 2008 წელს, ის ლონდონსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს აფარებს თავს. 2011 წელს მას ბრალად წაუყენეს ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის ორგანიზატორობა, რასაც მუშარაფი კატეგორიულად უარყოფს.
გამდიდრებული პუტინი
პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ, ცნობილი გახდა რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის ქონებრივი დეკლარაციის რამდენიმე პუნქტი. ოთხწლიანი პრემიერობის შემდეგ, პუტინის შემოსავალმა 17,7 მილიონი რუბლი შეადგინა, შემოსავლის წყაროდ სახელდება – რუსეთის ფედერაციის სამთავრობო აპარატის ხელფასი, სამხედრო პენსია, მიღებული დივიდენდები საბანკო ანაბრებიდან და აქციებიდან. წინა არჩევნების წინ, პუტინის შემოსავალი 10 მილიონით ნაკლები იყო. იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან იღებდა ხელფასს, ასევე მიიღო ჰონორარი ორი საგამომცემლო სახლისგან, რომლებმაც მისი ნაშრომები დაბეჭდეს. იმ პერიოდში პუტინი არ იღებდა სამხედრო პენსიას და არ ჰყავდა ავტომობილი.