ასოთა თამაში
ანუ ეს ის არ არის, რაც შენ იფიქრე
ვიდრე ოპოზიცია კბილებს ილესავს (ბუნებრივია, საკუთარს ან საკუთარი ხარჯით დაბჟენილ-გაპრიალებულს და არა საპრეზიდენტო პროგრამის ხარჯით) და აქეთ – „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის“ გასაჩივრებისთვის ემზადება, იქით – საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურებამდე ამ ამბის მისაწვდენად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავკაცი ბ-ნი კუბლაშვილი გვარწმუნებს, რომ ამ სადავო მუხლს, რის მიხედვითაც, პარტიებსა და მათთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს აქამდე მიღებული დაუხარჯავი თანხების უკან დაბრუნება მოუწევთ, უკუქმედების ძალასთან არანაირი კავშირი არ აქვს (ანუ, ეს ის არ არის, რაც თქვენ იფიქრეთო).
ბ-ნი კუბლაშვილი აცხადებს, რომ „ყველა პარტიის დაფინანსება მაქსიმალურად გამჭვირვალე და მიღებულ კანონთან შესაბამისი უნდა იყოს“, რასაც, თუ გულზე ხელს დავიდებთ, არც არავინ აპროტესტებს, უფრო პირიქითაც, პირქვე დამხობილი მიესალმება. ხოლო შემდეგ დასძენს: „კანონი ძალაში შევა, არსებობს მასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში იქნება. შესაბამისად, ყველა პარტიის ფინანსები ამ რეგულაციებს უნდა შეესაბამებოდეს“, გულზე თუ სხვაგან დადებით, ესეც სავსებით მისაღებია. თუმცა ამ განმარტების მიუხედავადაც, გაუგებარია, თუ კანონს უკუქმედების ძალა არ მინიჭებია, რატომ უნდა გავრცელდეს ის კანონის მიღება-ამოქმედებამდე განხორციელებულ ქმედებაზე? ხოლო, რაკი ეს ახალი კანონი პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებს, უკან დააბრუნონ იურიდიული პირებისგან კანონის ამოქმედებამდე მიღებული დაუხარჯავი ძალები, ფაქტია, რომ კანონს უკუძალა აქვს, საქმე მხოლოდ ასოთა თამაშშია.
ანუ, ზოგი კუნთებს ათამაშებს, ზოგიც – ასოებს და, არიან ისეთებიც, მილიარდებს რომ ეთამაშებიან! დიახ, აი, ასეთი მრავალფეროვანი და ანცი გახდა ეს აწ უკვე წარსულად ქცეული 2011 წლის ქართული პოლიტსპექტრი!