როგორი იყო მზია ნიორაძისთვის მარიას თეატრში გატარებული 12 წელი და რატომ გადაწყვიტა მან იმ თეატრიდან წამოსვლა, რომელშიც მთელი მისი ოჯახი მოღვაწეობდა
მზია ნიორაძე ერთადერთი ქართველი საოპერო მომღერალია, მსოფლიოში აღიარებულ ქართველ საოპერო მომღერალთა შორის, რომელიც უკვე წლებია საქართველოში ცხოვრობს და საგასტროლოდ სამშობლოდან მიემგზავრება... უცხოეთში კი მას უდიდესი სცენები ელიან, რომლებიც უკვე მომღერალმა კარგა ხანია დაიპყრო...
მზია ნიორაძე: საქართველოში 2007 წელს, ჩემს ვაჟთან ერთად დავბრუნდი, როდესაც სიტუაცია რუსეთში ქართველების მიმართ უკიდურესად დაიძაბა... თუმცა, შემდეგ მაინც მიწევდა მოკლევადიანი გასტროლებით გასვლა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, ვინაიდან, წინასწარ მქონდა დაგეგმილი კონცერტები და სპეკტაკლები. თბილისში დაბრუნებულს საოცარი სიტუაცია დამიხვდა: – საზოგადოება ორად იყო გახლეჩილი – ჩვენიანებად და არაჩვენიანებად. თავდაპირველად ეს ყველაფერი არ დავიჯერე, სანამ პირადად საკუთარ თავზე არ ვიწვნიე. მე, მზია ნიორაძეს, წარმოუდგენელი სისასტიკით მომეპყრნენ და არც კი მოისურვეს ჩემთან თანამშრომლობა. თურმე, ჩემს სამშობლოში ადამიანი ნიჭის მიხედვით აღარ ფასდება (იცინის).
– მარიას თეატრში რამდენი წელი მოღვაწეობდით?
– იტალიაში სწავლის შემდეგ „კარმენის” დადგმაზე მიმიწვია ვალერი გერგიევმა. სიტყვით ვერ გადმოვცემ იმ სიხარულს, რაც მე მაშინ განვიცადე. კარმენის პარტიის შესრულებას მოჰყვა: ამნერისი – „აიდაში”, ებოლი „დონ-კარლოში” და ასე შემოვრჩი მარიას თეატრს 12 წელი.
– მარიას თეატრი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საოპერო თეატრად ითვლება. წამოსვლის გადაწყვეტილება ასე ადვილად როგორ მიიღეთ?
– თანამშრომლობა ისეთ უდიდეს თეატრთან, როგორიცაა მარიას თეატრი, ნებისმიერი მომღერლისთვის საოცნებოა, მაგრამ, 2008 წლის იმ ავადსახსენებელი აგვისტოს ომის დროს მე საქართველოში ვიმყოფებოდი, ომი საკუთარი თვალით ვნახე, მამაც 10 აგვისტოს გარდამეცვალა და გახსენებაც კი მიჭირს, რაც თავს გადაგვხდა. ამ ყოველივეს შემდეგ გადავწყვიტე, საერთოდ შემეწყვიტა თანამშრომლობა მარიას თეატრთან. გავაუქმე სოლო კონცერტები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში და, აგრეთვე მარიას თეატრთან. თავიდან მარიას თეატრის ხელმძღვანელობამ სასტიკი უარით მიიღო ჩემი გადაწყვეტილება და მირჩიეს, კარგად გამეაზრებინა, რამხელა ზიანს მივაყენებდი ამით ჩემს კარიერას. არც ჩემთვის და არც მათთვის არ იყო მომგებიანი, ჩემი შემცვლელის მოძებნა ადვილი არ იყო, ვინაიდან ჩემი განცხადება წასვლის თაობაზე მოულოდნელი აღმოჩნდა (38 როლი მქონდა სხვადასხვა სპექტაკლში).
– არ ნანობთ, მარიას თეატრი რომ დატოვეთ?
– სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო მეტი დრო მომეცა საკუთარი გასტროლებისთვის, რაც უფრო საინტერესოა, თუმცა 12 წელი, რომელიც მარიას თეატრში დავყავი, არც ისე ცოტაა. ბევრი მეგობარი შევიძინე პეტერბურგში, ასევე, მელომანთა საზოგადოება, რომლის წევრებიც დიდი სიხარულით ელოდებოდნენ ჩემს გამოჩენას თეატრის სცენაზე. ყოველი სპექტაკლი ზეიმი იყო ჩვენთვის. ერთმანეთს სიხარულს ვჩუქნიდით.
– დაბრუნებას არ აპირებთ?
– თუ შენი, როგორც პროფესიონალი მომღერლის კარიერა უკვე შედგა და მიწვევები გაქვს მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში, რა თქმა უნდა, ერთ თეატრთან თანამშრომლობა არ არის სასურველი. თავისუფლებას არაფერი ჯობია.
„მეტროპოლიტენ ოპერაში“ ჩემს კოლეგებს მარიას თეატრიდან ბევრჯერ შევხვედრივარ, ჩვენ შორის კეთილგანწყობა და დიდი სიყვარულია.
– ბევრ საოპერო მომღერალს მიაჩნია, რომ „მეტროპოლიტენ ოპერაში“ გამოსვლა უკვე მწვერვალის დაპყრობას ნიშნავს. თქვენ ამ თეატრში არაერთხელ გამოსულხართ...
– თქვენი სიტყვიდან გამომდინარე, მე ეგ მწვერვალი ბევრჯერ მაქვს დაპყრობილი (იცინის). ნიუ-იორკში ისეთი განწყობა გეუფლება, თითქოს საკუთარ სახლში ხარ. „მეტროპოლიტენში“ ვიმღერე: – ელენა ბეზუხოვა – „ომი და მშვიდობაში“, ამნერისი – „აიდაში,” მადალენა – „რიგოლეტოში” და ასე შემდეგ. მომავალ სეზონზე ისევ მაქვს მიწვევა.
– ამერიკის სხვა ქალაქებშიც გამოსულხართ?
– გასულ სეზონზე მაიამის დიდ თეატრში მქონდა გასტროლები ორი თვით. შემოთავაზებაზე უარი არ მითქვამს, რადგან მაიამის თეატრი მიწვევდა კონტრალტოს პარტიის შესასრულებლად პუჩინის ოპერაში „და ანჟელიკა”. ყოველი რეპეტიციის შემდეგ პლაჟზე გავრბოდი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბანაობა აკრძალულია. მოგეხსენებათ, მაიამის ოკეანის სანაპირო ცნობილია ზვიგენების თავდასხმებით ხალხზე, მაგრამ ოკეანეში ცურვა მაინც დიდ სიამოვნებას მგვრიდა. ისე გავირუჯე, რომ აფრო ამერიკელს ვგავდი. სპეკტაკლის რეჟისორი, მხატვარი, კოსტიუმერები, გრიმიორები საფიქრალში ჩაცვივდნენ და სპექტაკლის პრემიერამდე კატეგორიულად ამიკრძალეს მზის დანახვაც კი.
– მოსკოვის დიდ თეატრშიც გექნებათ ნამღერი...
– კონცერტები მქონია, მაგრამ, სპექტაკლში არ მიმღერია.
– საქართველოში რომ ტარდება გრანდიოზული საღამოები, თქვენ რატომ არ მონაწილეობთ?
– ჯერჯერობით მოწვევა არც ერთ საღამოზე არ მიმიღია.
– მოგწონთ ეს საღამოები?
– ზოგიერთი მათგანი საკმაოდ საინტერესოა.
– ისევ პეტერბურგში დავბრუნდეთ... იყო პერიოდი, როდესაც მარიას თეატრში ლამის მთელი თქვენი დიდი ოჯახი მოღვაწეობდით...
– ჩვენი დიდი ოჯახით მე ყოველთვის ვამაყობ. რაც შეეხება მარიას თეატრში მოღვაწეობას, სამახსოვროდ მაქვს შემონახული 2006 წლის 4 იანვრის აფიშა, სადაც ირმა ცეკვავს დილის სპექტაკლს „კორსარში”, მე კი იმავე საღამოს გამოვდივარ ჩაიკოვსკის ოპერა „მაზეპაში”. ხშირად ეშლებოდათ თუ განგებ ბეჭდავდნენ შეცდომით აფიშებს, ვერ გეტყვით. მაგალითად: „გედების ტბა”, ოდეტა-ოდილია – მზია ნიორაძე; „დონ-კარლოსი”, ებოლის პარტია – ირმა ნიორაძე“. ეს ხშირად მეორდებოდა და პეტერბურგის საზოგადოება ასეთი აფიშის წაკითხვისას ძალიან ხალისობდა.
– სხვადასხვა ქვეყანაში გამოსვლისას ქართველ ხელოვანებთან თუ გიწევდათ შეხვედრა?
– თითქმის მთელ მსოფლიოში ვართ ქართველები ჩვენი ნიჭის წყალობით მიმოფანტულნი. ნიუ-იორკში შევიკრიბეთ ომის შემდეგ და საქველმოქმედო კონცერტი ჩავატარეთ – ომში დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს დავეხმარეთ.
– თბილისში რომელ თეატრებში დადიხართ?
– უფრო დრამატულ სპექტაკლებს ვესწრები. დრამა მართლაც უმაღლეს მწვერვალზეა თბილისში. ძალიან მომეწონა რობიკო სტურუას „ნადირობის სეზონი”, მარჯანიშვილის თეატრში ლევან წულაძის „ფიგაროს ქორწინება”, „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ ხომ ფანტასტიკურია.
– კონსერვატორიაში არ გსურთ პედაგოგიური მოღვაწეობა?
– ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე მაქვს წარმატებული კარიერა და მომავლის მიზნები. მოგეხსენებათ, გასტროლები შეიძლება ისე მიებას ერთმანეთს, რომ ექვსი-შვიდი თვე ვერ ჩამოვიდე თბილისში. პედაგოგობა კი ყოველდღიურ შრომას მოითხოვს...