რას გაუძლო ნინო გიორგობიანისა და ლადო ბურდულის სიყვარულმა და ვის გამო ატარებდა ის კვირაში სამ დღეს ბაქოში
ბევრი ადამიანისთვის 2011 წელი კარგი იყო, ბევრისთვის ნაკლებად კარგი, ან პირიქით. რაც შეეხება ჩვენს რესპონდენტს, „აირზენას” ფიარ-მენეჯერს, ნინო გიორგობიანს, მისთვის გასული წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა. მისი ცხოვრება გამრავალფეროვნდა და სასიამოვნო სიახლეებით შეივსო. ნინომ ცხოვრება ფეხბურთელ ლადო ბურდულს დაუკავშირა და მასთან ერთად, თავს ძალიან კარგად, კომფორტულად გრძნობს.
ნინო გიორგობიანი: 2011 წელი ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული, განსხვავებული და კარგი იყო – ამ წელს გავიცანი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი. რატომღაც სულ მეგონა, 30 წლის რომ გავხდებოდი, მაშინ შემიყვარდებოდა. არ ვიცი, ეს წინათგრძნობა იყო თუ რა, მაგრამ მართლაც ასე მოხდა.
– ანუ, 2011 წელს გაიცანით შენ და ლადომ ერთმანეთი, გქონდათ ურთიერთობა და ეს ურთიერთობა დააგვირგვინეთ კიდეც. თუმცა, საკმაოდ დიდხანს მალავდით ამ ყველაფერს და არ უკეთებდით აფიშირებას.
– არ გვინდოდა, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ სცოდნოდათ. ლადო მეუბნებოდა, გაგვთვალავენო.
– რატომ, ცრუმორწმუნეა?
– ფეხბურთელების უმეტესობა ცრუმორწმუნეა. მოედანზე სათამაშოდ რომ გადიან, თილისმები და თავისი წესები აქვთ. ფიქრობენ, თუ ასე გავლენ, ესე იგი, კარგად ითამაშებენ და ასე შემდეგ. სხვათა შორის, რაღაც მომენტში, ლადოს დავეთანხმე, რადგან რამდენჯერმე მართლა გაგვთვალეს. საჭირო რომ არ იყო და ისეთმა ვინმემ გაიგო, ჩვენი ურთიერთობის შესახებ, თითქოს თვალი გვეცემოდა – უაზროდ ვკამათობდით. რომ შევრიგდებოდით, მერე მეუბნებოდა, ხომ გეუბნებოდი, გაგვთვალავენო.
– საკმაოდ უცნაურად მოხდა თქვენი ურთიერთობის გაოფიციალურება. ეს არც მეტი, არც ნაკლები, ტელეეთერში შედგა. შენ კი მოულოდნელობისგან, ჭიქა წყალიც კი დაგჭირდა. ბევრს ისიც ეგონა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო.
– დადგმული, ალბათ, იმას ეგონა, ვინც მე კარგად არ მიცნობს. მოულოდნელობისგან იმდენად უაზრო რეაქცია მქონდა, იმის მაგივრად, ახლოს დავმჯდარიყავი ლადოსთან, გვერდით გავიჩოჩე და ისე ვუყურებდი. შოკში ვიყავი, ცოლობა რომ შემომთავაზა. ბეჭედიც კი ვერ გავიკეთე ნორმალურად ხელზე. ამაზე მერე ნიძლავებიც კი იდებოდა – გავიკეთე საერთოდ თუ არა. პირველი შოკი ის იყო, სტუდიაში რომ მოვიდა, რადგან არ ველოდებოდი. ბეჭედი რომ ამოიღო, იქ უკვე წყალი დამჭირდა.
– საქმიანი ადამიანი ხარ – ყოველთვის დაკავებული. ხომ არ აპროტესტებს ლადო იმ ფაქტს, რომ მისთვის იმდენი დრო არ გაქვს, რამდენიც საჭიროა?
– საერთოდ ვერ ვხვდები, წყვილებს რატომ აქვთ ამ თემაზე კონფლიქტები. როცა ადამიანს იცნობ, მასთან ურთიერთობა გაქვს და გსურს, საკუთარი ცხოვრება დაუკავშირო. ხომ ხედავ, ის როგორ ცხოვრობს და იმიტომ მოგეწონა, რომ ის ისეთია. როცა რაღაცის შეცვლას იწყებ, ურთიერთობაც ფუჭდება და არევ-დარევა ხდება ყველაფრის. ლადოს ნამდვილად არ უნდა, მე სახლში ვიჯდე და მხოლოდ საჭმელს ვაკეთებდე. ამიტომაც, არ გვაქვს დისკომფორტი და ერთად ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს.
– შეგიყვარდა ფეხბურთი?
– ეს რთული თემაა. რაც ლადო გავიცანი, უფრო ჩავიხედე ფეხბურთში. უფრო მეტად „ბარსელონას“ ფანი გავხდი, ლადო კი „რეალის“ ფანია. ბარსელონაში ვიყავით „ბარსა“-„რეალის“ თამაშზე, ძალიან ვისიამოვნეთ. ამ მატჩზე დასასწრები ბილეთები მაჩუქეს და ამით ლადოს სასიამოვნო საჩუქარი მეც მივუძღვენი. ძალიან ისიამოვნა. ეს იგივე იყო, მე რომ წავეყვანე „სიენენის” სტუდიაში და ექსკურსია ჩაეტარებინა.
– შენ რა სიურპრიზებს გიკეთებს?
– ლადო ბუნებით ძალიან თბილი ადამიანია, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს, რაღაცით გამახაროს. უყვარს საჩუქრების გაკეთება.
– ერთად დიდ დროს ატარებთ?
– მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ერთმანეთისთვის დრო ყოველთვის გვრჩება. ახლახან ამსტერდამში ვიყავით. „აირზენა” არის თავდაცვის სამინისტროს საკალათბურთო გუნდის, „არმიას” სპონსორი – მათი გადამყვანები ვართ. ევროლიგაზე „არმიას” ძალიან სერიოზული შეხვედრა ჰქონდა და მე და ლადოც გუნდს გავყევით – მე ჩემი საქმიდან გამომდინარე, ლადო კი, ძალიან დიდი გულშემატკივარია მათი. კარგად დამამახსოვრდა ამსტერდამში გატარებული დღეები. მადამ ტიუსოს მუზეუმშიც ვიყავით და სასაცილო სურათები გადავიღეთ. ამსტერდამიდან ჩამოვედით და მეორე დღეს მოსკოვში გადავფრინდით.
– მოგზაურობა რომ გიყვარს ვიცი, ასე რომ, გაგიმართლა და მეორე ნახევარიც ასეთი შეგხვდა. მოსკოვში რა ხდებოდა?
– ავიაციის თემაზე მომუშავე წამყვანი ჟურნალისტების, პრეს-სამსახურის წარმომადგენლების შეკრება იყო, სადაც დამასახელეს, როგორც ყველაზე კომუნიკაბელური „პიარშიკი.” სპეციალური პრიზი გადმომეცა და ძალიან ამაყი ვიყავი. ლადოც მახლდა და ძალიან კარგი დრო გავატარეთ.
– ლადო ამჟამად რით არის დაკავებული?
– აქტიურად ვარჯიშობს, რომ იანვრიდან ახალ გუნდში დაიწყოს თამაში. ამდენი ხანი პაუზა ჰქონდა, ბაქოს ედავება და ჯერჯერობით, კიდევ არ დამთავრებულა ეს პროცესი. იმედი გვაქვს, იანვარში უკვე დასრულდება.
– რას იზამ, იმ შემთხვევაში, თუ ლადო თამაშს საქართველოს გარეთ განაგრძობს?
– ვაიმე, რაც მე ბაქოში გადავფრენილვარ, აზერბაიჯანის ავიახაზები ავაშენე.
– ანუ, ამგვარ სიურპრიზებსაც უკეთებდი?
– ძირითადად, იცოდა, რომ მივფრინავდი, მაგრამ ერთი-ორჯერ, მოულოდნელად დავადექი თავზე. თვითმფრინავიდან რომ დავურეკე, მართლა მოვფრინავ-მეთქი, სტიუარდესას აზერბაიჯანული საუბარი რომ გაიგო, მერე დაიჯერა. თითქმის ყოველი პარასკევი, შაბათი, კვირა იქ ვიყავი. რომ ამბობენ, ჩემი სიყვარულის ქალაქი პარიზი, ბრიუსელი ან ამსტერდამიაო, მე ვამბობ, რომ ბაქოა-მეთქი. სწორედ იქ ვითარდებოდა ჩემი და ლადოს ურთიერთობა. უფრო თავისუფლადაც ვიყავით, ქუჩაშიც არავინ გვაკვირდებოდა და ასე შემდეგ.
– როდის გეგმავთ ჯვრისწერასა და ხელის მოწერას?
– კონკრეტულად, დაგეგმილი თარიღი არ გვაქვს, მაგრამ როგორც ლადოს ნათქვამიდან მივხვდი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე. იმდენს უნდა ჩვენს ქორწილში მოსვლა, მე და ლადო ვხუმრობთ, რუსთაველი უნდა გადავკეტოთ და სეფა გავშალოთო. აბა, არც ერთ დარბაზში არ დაეტევა ამდენი ხალხი.
– შენმა ქალიშვილმა როგორ მიიღო ლადო?
– ძალიან დამეგობრდნენ. ზოგჯერ ერთმანეთში რომ ჭორაობენ, ვეჭვიანობ – რაზე ლაპარაკობთ, მე გამჭორეთ-მეთქი? ლადოს ორი ბიჭი ჰყავს – გივიკო და ლევანიკო. აი, გივიკო, ლევანიკო და ნატა ერთად რომ იკრიბებიან, სახლი გადადგმულია სხვა პლანეტაზე. ასე მხიარულად ვცხოვრობთ ჩვენ.
– ყველანი ერთად ცხოვრობთ?
– ჯერჯერობით, არა. თუმცა, ძალიან გვინდა, ერთი დიდი სახლი შევიძინოთ. ამჟამად ხან ჩემთან, ხან ლადოსთან ვცხოვრობთ. სხვათა შორის, 2011 წელი იმითაც იყო ჩემთვის გამორჩეული, რომ პირველად შევხვდი ახალ წელს ჩემს ახალ სახლში, რომელიც მანამდე, ცოტა ხნით ადრე შევიძინე. მოკლედ, რუსთაველის გამზირს არ ვცდებით. სამსახურიც იქვე მაქვს, ბავშვიც პირველ სკოლაში დადის, „ერისიონში” ცეკვავს და ასე. ლადოს სახლიც პირველი სკოლის უკანაა.
– ბურდულის გვარი სიმღერასთანაც ასოცირდება. ლადოც ხომ არ მღერის?
– კი, განსაკუთრებით კარაოკეში გამოსდის სიმღერა. ბაქოსა და უკრაინაში უყვარდა კარაოკეში სიარული. მაინტერესებს, უკრაინაში რა რეაქცია ჰქონდათ მის სიმღერაზე, თორემ ბაქოში რა ხდებოდა, კი ვიცი. ლადოს შემხედვარე, მეც გავბედე სიმღერა და დუეტში ვიმღერეთ.
– მოკლედ, ნინო გიორგობიანმა 2011 წელს სასურველი მამაკაცი იპოვა.
– იცი, რა არის, არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ჩემი ქმარი ფეხბურთელი ყოფილიყო. ამას ვერც დავუშვებდი. ჟურნალისტიკა და ფეხბურთი ბევრისთვის აცდენილი სფეროებია. არც ლადოს უფიქრია ჟურნალისტის შეყვარება, რადგან, ძირითადად, სპორტსმენებს ჟურნალისტები არ უყვართ, ჟურნალისტებს – სპორტსმენები.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– საერთოდ, როგორ გავიცანი იმას გეტყვი. „აირზენა” და „ჰეინეკენი” აკეთებდნენ ერთობლივ პროექტს. ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალზე დასასწრები ბილეთების გათამაშება იყო. ივენთი უფრო კარგად რომ გაშუქებულიყო, „ფეისი“ ფეხბურთელები უნდა მომეწვია. ჩემს მეგობარს, გიორგი გულბანს დავურეკე. ასეთი სიტუაცია მაქვს და ვინ დავპატიჟო, ვინ არის თბილისში-მეთქი. დემეტრაძეა აქ და ლადო ბურდული ჩამოვიდა ახლახანსო. დემეს ვიცნობ, ჩემი მეზობელი იყო და დავურეკავ, მაგრამ ეს ლადო ბურდული ვინ არის, არ ვიცი, მაგის თავი არ მაქვს, გააფრთხილე და მერე დავურეკავ-მეთქი. მოკლედ, დავურეკე, გამარჯობა, ლადო, მე ნინო ვარ გიორგობიანი-მეთქი. მეგონა, ჩემი სახელი მისთვის ნაცნობი იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, საერთოდ არ მიცნობდა. აქ არ ცხოვრობდა იმ პერიოდში. ის კი დავითანხმე, მაგრამ მე ვერ მივედი გახსნაზე, რადგან სამსახურიდან მივლინებით წავედი თელავივში. გახსნაზე ვერა, მაგრამ დახურვაზე მივედი გადაპრანჭული. გამოვედი სიტყვით, დაჯილდოებამაც კარგად ჩაიარა და ღონისძიების ბოლოს, ლადომ შემომთავაზა, სადმე წავიდეთ, არ გშიაო? უარი ვუთხარი, ძალიან დავიღალე, მეძინება და სახლში მირჩევნია წასვლა-მეთქი. სახლში რომ მივედი, ჩემი მეგობარი დამხვდა, ისე მშია, თუ არ წამომყვები სადმე, ცხოვრებაში ხმას არ გაგცემო. გამოვიცვალე, რაღაც აჯაჯულად ჩავიცვი და გავყევი. მოკლედ, შემთხვევით ზუსტად იქ მივედით, სადაც ლადო იყო მეგობართან ერთად. რომ დავინახე, ხელები ავიფარე თვალებზე და უკან გამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ლადომ დამიძახა, მოდი აქ, უკვე დაგინახეო. აი, ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა, რომლის შემდეგაც ჩვენი ურთიერთობაც აეწყო და განვითარდა კიდეც. რაც მთავარია, ჩვენმა სიყვარულმა გაუძლო დროს და თბილისელ ჭორიკნებს.