როგორ უმალავდა სალომე წაქაძე ფეხმძიმობის ამბავს მეუღლეს და რატომ არის ის უცნაური ორსული
გასული 2011 წელი, განსაკუთრებით კი აგვისტო, სალომე წაქაძისა და მისი მეუღლის, დათო კირკიტაძისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან სწორედ მაშინ გაიგეს მომავალმა მშობლებმა, რომ მათ ოჯახს ყველაზე საპატიო წევრი – პატარა ალექსანდრე შეემატებოდა. ისედაც ლამაზი სალომე, დედობის მოლოდინმა და ფეხმძიმობამ უფრო ლამაზი და მშვენიერი გახადა. მისი თვალები კი, კიდევ უფრო მეტადაა გაბრწყინებული.
სალომე წაქაძე: 2011 წელი არ დაიწყო კარგად. 1 იანვარს ავარიაში მოვყევი, მე არაფერი დამიშავდა, მაგრამ ავტომობილი გავაფუჭე. დათრგუნული ვიყავი და ვფიქრობდი, ძალიან ცუდი წელი დაიწყო-მეთქი. ნამდვილად არ ველოდებოდით, რომ ამ წელს ასეთი სიურპრიზი გვექნებოდა. საბოლოო ჯამში, წელი ძალიან კარგად დამთავრდა და ახალი, 2012 წელი კიდევ უფრო დიდი მოლოდინით დაიწყო. ველოდებით პატარას, რომელიც აპრილში დაიბადება. ოჯახში ყველანაირი მზადება გვაქვს უკვე, შესაბამისად, ახალი წელი განსაკუთრებული იქნება ჩვენთვის, რადგან უკვე პატარა გვეყოლება სახლში და სხვანაირად მოვემზადებით. ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებით, მაგრამ წელს რუსთავში შევხვდით ღია ცისქვეშ, კონცერტზე. დათო იქ უნდა ყოფილიყო და მარტო ვერ დავტოვებდი. ვერც მე დავრჩებოდი სახლში. მომავალ წელს სახლში შევხვდები პატარასთან ერთად.
– შენ და დათო 5 წელია მეუღლეები ხართ. 5 წლის თავზე ახალი სიცოცხლის ჩასახვა, ალბათ, კიდევ უფრო მეტად სასიხარულო იყო.
– თავიდან მე და დათო უცხოეთში ვიყავით სასწავლებლად. ამიტომ, თავს ვიკავებდით, არ გვინდოდა, ბავშვს სწავლაში ხელი შეეშალა. ახლა, ამ პერიოდში კი არ ველოდებოდით, სიურპრიზი იყო. აგვისტოს ბოლოს გავიგეთ და იმ დღეს წავედით კალათბურთელების საგულშემატკივროდ. ცოტა არ იყოს, მერე რომ დავფიქრდი, გამიკვირდა, 5 წლის შემდეგ რომ პატარას, ელოდები და ლიტვაში გადაფრინდები. მაგრამ, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. იმავე დღეს წავედი ექიმთან და მან დამრთო ნება. სხვათა შორის, ბევრი სხვა რამ უფრო მავნე ყოფილა, ვიდრე ფრენა. რაც მთავარია, ექიმის კონტროლის ქვეშ იყო.
– დარწმუნებული ვარ, საოცარი ემოციები გექნებოდა, როცა ორსულობის ამბავს გაიგებდი. ალბათ, დათოს მაშინვე დაურეკე.
– არ დამირეკავს. დათო იმ დღეს ბათუმში იყო. მეც დილით ჩამოვედი თბილისში. რომ გავიგე ფეხმძიმედ ვიყავი, არ დავიჯერე. ერთ დღეში სამჯერ გადავამოწმე – სისხლის ანალიზიც გავიკეთე და ექოსკოპიაზეც რომ ვნახე, ნამდვილად ვიყავი ფეხმძიმედ, მერე დავიჯერე. მაგრამ, მეორე დღემდე ძალიან შევიკავე თავი, დათოს არაფერი ვუთხარი. ხელიდან ვერ გავუშვებდი იმ მომენტს, რომ არ დამენახა დათოს სახე, როცა ამ ყველაფერს ვეტყოდი. ტელეფონით ეს ემოცია არ გამოჩნდებოდა. ამიტომ, მერჩივნა მომეთმინა. თან, კიდევ ერთხელ გადავამოწმე. ის ღამე არ ვიცი, როგორ გავატარე. ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა და არ დამერეკა, რადგან ლაპარაკში შეიძლება, ვერ მომეთმინა და მეთქვა. მეორე დღეს, რომ ჩამოვიდა და ვუთხარი, სიტყვით ვერ გადმოვცემ, როგორი ემოცია ჰქონდა. მანამდეც, რა თქმა უნდა, გვინდოდა, ბავშვი, მაგრამ ამას არასდროს მივიჩნევდით პრობლემად, არ ვითრგუნებოდით. ორივეს ისეთი დაძაბული გრაფიკი გვაქვს, ეტყობა, ამისთვის დროც არ გვრჩებოდა. მაგრამ, ახლა, რომ გავიგეთ, ბავშვს ველოდებით, იმხელა სიხარული გვქონდა, მივხვდით, როგორ ძალიან გვდომებია.
– პირველ შვილზე ყოველთვის ამბობენ რა მნიშვნელობა აქვს გოგონა იქნება თუ ბიჭიო. თუმცა, მამებს გულის სიღრმეში ყოველთვის ბიჭი უნდათ.
– ჩემთვის მართლა არ ჰქონდა მნიშვნელობა. მაღაზიებში რომ შევდიოდი, გოგონების ტანსაცმლისკენ უფრო გამირბოდა თვალი, ვიდრე ბიჭების. გოგონები უფრო გაპრანჭულები და სასაცილოები არიან. ერთადერთი ის იყო, რომ სულ მინდოდა, დიდი ძმა მყოლოდა. პირველი ბიჭი მაინც კარგია, რომ მერე პატარა და ჰყავდეს. დათოც ამბობდა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ, რომ გაიგო ბიჭიაო, ისე გაუხარდა, მივხვდი, რომ თურმე ჰქონია მნიშვნელობა.
– სახელის ამბავიც ადვილად მოაგვარეთ?
– ბავშვობიდან მინდოდა, ბიჭისთვის ალექსანდრე დამერქმია, გოგონასთვის კი ალექსანდრა. მერე, დათოს რომ გავყევი ცოლად, აღმოჩნდა, რომ მამამისს ალექსანდრე ჰქვია. ამიტომ, ამაზე აღარც გვქონია საუბარი.
– ასეთ მდგომარეობაში ქალი, ალბათ, ბევრი რამის გადაფასებას იწყებს, საკუთარ თავს ამზადებს დედობისთვის.
– როცა თხოვდები, მაშინაც იცვლება რაღაცეები, მარტო საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი – ორი ადამიანის მაგივრად გიწევს ფიქრი. როცა ორსულად ხარ, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, როგორც ადამიანს მთლიანად გცვლის – თავისთავად მოდის მზრუნველობის შეგრძნება, პასუხისმგებლობა გემატება. შენს თითოეულ ნაბიჯს, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, რადგან ბავშვზე მოქმედებს. შენი ემოციები ბავშვზე გადადის, ამიტომ მნიშვნელოვანია რით იკვებები, რას უსმენ, როგორი ემოციები გაქვს. ამიტომ, ცდილობ, ისე იყო, რომ შენც კარგად იგრძნო თავი და პატარამაც – არ ითრგუნები, დეპრესიაში არ ხარ.
– ხასიათი შეგეცვალა?
– დათო მეუბნება, უცნაური ორსული ხარო. ხასიათი არ შემიცვლია და არც არაფერი მომდომებია. თუმცა, ვიცი, რომ, თუ რაღაც მოგინდება, აუცილებლად უნდა ჭამო, თუ, რა თქმა უნდა, ბავშვისთვის მავნე არ არის, რადგან ეს, ბავშვის ნერვებზე მოქმედებს. არც მანამდე ვყოფილვარ პრეტენზიული და არც ახლა ვარ. არასდროს დამირეკავს, ეს წამომიღე-მეთქი, მით უმეტეს, ღამე არ ამიყენებია. მთავარია, დილით მშიერი არ ვიყო, რადგან ამ დროს ყველაფერი მოქმედებს. ვცდილობ, ვისაუზმო და ისე გამოვიდე სახლიდან. მით უმეტეს, ზამთრის პერიოდია და არ შეიძლება, იმუნიტეტი დაქვეითებული გქონდეს, იმდენი ვირუსია. თუმცა, ვირუსებზე აცრა მაქვს გაკეთებული. მე და დათოს კინო გვიყვარს და ერთადერთი, ორივეს რეჟიმის გამო, სადაც ვახერხებთ წასვლას, ეს არის კინო. მაგრამ, ახლა ვერიდები, ხალხმრავლობაა და მეშინია, არ შემხვდეს ვირუსი.
– არ ელაპარაკებით ბავშვს?
– უფრო ვეფერები. სანამ სქესს გავიგებდი, მანამდე არ ველაპარაკებოდი. თურმე თუ ბიჭია და გოგონა გგონია – როგორც გოგოს ისე ელაპარაკები, ან პირიქით, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს ბავშვზე. არ ვიცი, ეს მართალია თუ არა, მაგრამ სქესი რომ გავიგე, მერე როგორც ბიჭს ისე ველაპარაკები. თან, ჩვევა ჩამომიყალიბდა, სულ მუცელზე მიკიდია ხელი. ჰგონიათ, რომ მტკივა. მინდა, რომ ვიგრძნო, მომედოს. ძალიან არ მაწუხებს და მინდა, ვიგრძნო, როგორ გაინძრევა. პირველად რომ გაინძრა, სასწაული შეგრძნება დამეუფლა. მაგრამ, უფრო სასწაული იყო, როდესაც ექოსკოპიაზე გულის ცემას მოვუსმინე.
– დათო დაგყვება ექოსკოპიაზე, ექიმთან?
– სულ დამყვება და ვცდილობთ, ისეთ დროს ჩავეწეროთ, რომ სამსახურიდან არ მქონდეს პრობლემა. დილის 9 საათზე ვეწერებით და დათოც ახერხებს წამოსვლას, მარტო არ მიშვებს. რომ არ უყურებდეს როგორ მოძრაობს ბავშვი, როგორ ვითარდება, ალბათ, სხვა დამოკიდებულება ექნებოდა, ახლა კი, მგონია, უკვე გაიცნო და ელოდება. მამა ვაკუუმში არ უნდა მოაქციო. დათო ძალიან დაინტერესებულია – ორშაბათობით ახალი კვირა გვეწყება და კვირა დღეს ერთად შევდივართ საიტზე, ვეცნობით, მომავალ კვირას ბავშვს რა უნდა განუვითარდეს, რამდენი იქნება სიგრძეში, წონა, ტვინის განვითარება როდის იწყება.
– ფიქრობდი, რომ დათოც ასე იქნებოდა ამ ყველაფერში ჩართული?
– არ მეგონა, რადგან დათო ძირითადად, სამსახურის საქმეებშია ჩართული. შეიძლება, სახლში იყოს, რაღაცას ელაპარაკებოდე და ამ დროს სამსახურზე ფიქრობდეს. თითქოს ყველაფერს სამსახურის თვალით უყურებდა. ერთხელ მე, ფანჯარა რომ გავაღე და ვთქვი: რა კარგია თოვლი-მეთქი, სახეზე შევხედე და არ გაუხარდა. მეწყინა. მაგრამ, მერე თქვა და მე მივხვდი, რომ ის ფიქრობდა: შეიძლება, მის მხარეში დიდთოვლობა ყოფილიყო, მანქანები უნდა გაეშვა, გზები გაეწმინდათ, რომ ხალხი არ ყოფილიყო იზოლირებული. ახლა ბავშვს, რომ ველოდებით, ამ მხრივ ცოტა უფრო გამოფხიზლებულია. ოჯახში საერთო მოლოდინი და საფიქრალი გაჩნდა – უკვე კვირებს ითვლის, ელოდება. ბავშვსაც ეკონტაქტება, ერთი-ორ სიტყვას ეუბნება. იმდენად ვგრძნობ იმ ძალას და ენერგიას, რომელიც ბავშვს უნდა მოვახმარო, თითქმის არ მეშინია ამ პასუხისმგებლობის. მგონია, რომ გავზრდი და აღვზრდი კარგ ბავშვს, რადგან მთლიანად ამაზე ვარ მობილიზებული. როცა რაღაც მინდა, ყოველთვის გამომდის, მით უმეტეს, თუ ამხელა ენერგია მოვახმარე. არც პასუხისმგებლობის მეშინია, არც პატარა ბავშვთან დარჩენის და, არც მშობიარობის. დათოც შემართულია, ვგრძნობ, რომ ჩაერევა იმ დოზით, რა დოზითაც მამა უნდა ჩაერიოს. ძალიან პატარებიც რომ არ ვართ, ესეც მოქმედებს. როცა შენც არ იცი რა გინდა, არ ხარ ჩამოყალიბებული, ძნელია, ბავშვზე და მის ჩამოყალიბებაზე იზრუნო. ვფიქრობ, ორივე ისეთ ასაკში ვართ, იდეალურია ამ დროს შვილი გყავდეს. აქამდე რომ გვყოლოდა, ალბათ, სხვანაირად იქნებოდა, ახლა კი ორივე მზად ვართ.