ვინ არიან წელიწადის ყველა დროს ხათუნა სხირტლაძის სანტა კლაუსები და რა ტრადიცია მოიგონეს ყველა დღესასწაულზე მან და ნიკა ნაყოფიამ
ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ მშვენიერი „მის საქართველო“ – ხათუნა სხირტლაძე მეუღლესთან, ნიკა ნაყოფიასთან და უსაყვარლეს შვილთან, ნიკოლოზ ჯუნიორთან ერთად, ჰოლანდიაში ცხოვრობს. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ძალიან საყვარელი წყვილი მაასტრიხტის უნივერსიტეტში სწავლობს. ისინი საახალწლოდ თბილისში ჩამოვიდნენ და ახალი წლების შემდეგ სწავლას კვლავ განაგრძობენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, ორივე საქართველოში დაბრუნებასა და მუშაობის დაწყებას გეგმავს.
ხათუნა სხირტლაძე: სამწუხაროდ, მხოლოდ ზაფხულსა და ზამთარში ვახერხებთ თბილისში ჩამოსვლას, სხვა მხრივ, სწავლის რეჟიმიდან გამომდინარე, ძალიან დატვირთულები ვართ. ამ დროს ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდები. ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებ სწავლას, რომ თბილისში ჩამოვიდე. თან, ახალ წელთან შეხვედრა ყოველთვის თბილისში გვიხარია და ვცდილობთ, ამ დღეებში აქ ვიყოთ. ყოველთვის მიხაროდა ახალი წლის დადგომა, სურვილებს მამაჩემს ვუთქვამდი – პირდაპირ ვეუბნებოდი და ისიც ყველაფერს მისრულებდა. ბავშვობაში ის ჩემი სანტა იყო. ახლა უკვე ბევრი სანტა მყავს – მამაჩემი, ნიკა და ბატონი კობა. ძალიან კარგია, ბევრი სანტა რომ გყავს, თან არა მხოლოდ ზამთარში, მთელი წლის განმავლობაში არიან სანტები. ყოველთვის იმას მაჩუქებენ ხოლმე, რაც ძალიან გამიხარდება.
– ნიკა არ გისვამს კითხვებს, რომ გაიგოს რა გინდა?
– თურმე, ცდილობს, გამომტყუოს, მერე ვხვდები, რომ სიურპრიზის მოწყობა უნდოდა. მეც მიყვარს საჩუქრების გაკეთება. შეიძლება, ძვირფასი საჩუქრები არ იყოს, მაგრამ ყველაფერს გულით ვაკეთებ და იმედია, ამით სხვებს ვახარებ.
– თუ გაქვთ თქვენს პატარა ოჯახში განსაკუთრებული ტრადიციები?
– ჩვენ ძალიან მშვიდი, ჰარმონიული ოჯახი გვაქვს, ყოველგვარი ჩხუბისა და კამათის გარეშე. რაც შეეხება ტრადიციებს, ყოველ დღესასწაულზე ჩემი და ნიკას მოგონებული რეცეპტით ვაცხობთ ტირამისუს, რომელიც ძალიან გემრიელია და მხოლოდ იმათ ვუკეთებთ, ვინც ძალიან გვიყვარს. ეს ხდება მაშინ, როცა რაღაც ხდება, რაიმე დღესასწაული ან ღირსშესანიშნავი თარიღია. საერთოდ, საჭმელებსაც სულ ერთად ვაკეთებთ, გადაწყვეტილებასაც ურთიერთშეთანხმებით ვიღებთ. თუმცა, ნიკა მამაკაცია და ბოლო სიტყვა მაინც მას ეკუთვნის.
– როდესაც წყვილი ადრეულ ასაკში ქმნის ოჯახს, შვილები უჩნდებათ, უფროსები სულ ამბობენ: ამათ როგორ უნდა გაზარდონ ბავშვები, თვითონაც ბავშვები არიანო.
– არასდროს, ერთი წუთითაც არ მინანია ამ ნაბიჯის გადადგმა. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ცხოვრება რომ მახსენდება, სულ ვფიქრობ: ნეტავ, რას ვაკეთებდი ნიკას და ჯუნიორის გარეშე-მეთქი. მათ გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. როდესაც გავთხოვდი, ყველაფერი გაცნობიერებული, გააზრებული მქონდა. ვიცოდი, რომ ჩემი შვილი მე უნდა გამეზარდა. რა თქმა უნდა, დამხმარეც მყავს, მაგრამ 24 საათს მეც მასთან ერთად ვატარებ. ვერ ვტოვებ, მინდა, სულ ჩემთან იყოს, მე გავზარდო. ჩემი და ნიკას გაზრდილია ჯუნიორი, დიდი ენერგია გვაქვს ჩადებული. ძალიან ტკბილია. ძალიან კარგი გასაზრდელია, არ გვიქმნის პრობლემებს. თუ ბავშვს ღვიძავს, ჩვენთან ერთად უნდა ყოფნა. იმ პერიოდში ვცდილობთ მასთან ვიყოთ და არ ვიმეცადინოთ. როცა იძინებს, მერე მთელი ღამე ვათენებთ.
– სწავლის მხრივ, ალბათ, რთული და დატვირთული რეჟიმი გაქვთ.
– ძალიან რთული რეჟიმი გვაქვს: დილით ადრე ვდგებით, მივდივართ უნივერსიტეტში, მერე მოვდივართ სახლში და მთელი დღე უნდა ვიმეცადინოთ, არაფერს ჩამოვრჩეთ. შაბათ-კვირასაც ვერ მისცემ თავს დასვენების უფლებას. სულ საკუთარ თავზე უნდა მუშაობდე, სწავლობდე. რა თქმა უნდა, არ ვწუწუნებ და არც ვნანობ ამას. ორივემ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მიმაჩნია, იქ ბევრად კარგ განათლებას ვიღებთ. თან, ჩვენი ფაკულტეტი უნიკალურია – ევროპული სამართალი, გავდივართ 4 სხვადასხვა ქვეყნის სამართალს, შესაბამისად, ოთხჯერ უფრო მეტად დატვირთულები ვართ.
– უცხოეთში ცხოვრებამ, ალბათ, თქვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მყარი, მჭიდრო გახადა.
– რა თქმა უნდა, არის რთული მომენტები, მაგრამ შენ უნდა გადალახო. ამიტომ, ერთმანეთის გვერდში დგომის გარეშე, ამის გაკეთება შეუძლებელია. მეც და ნიკაც კიდევ უფრო დამოუკიდებლები გავხდით, ერთმანეთის მიმართ უფრო სხვა ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, უფრო მაგრად ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში.
– როდესაც ნიკა პირველად ვნახე, მაშინ პატარა იყო. თუმცა, რომ ვისაუბრეთ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ასაკთან შედარებით, უფრო განვითარებული იყო, სხვანაირად აზროვნებდა.
– როდესაც ცოლად გავყევი, მაშინ 19 წლის იყო. ვინც კი გაიცნო, ყველას უკვირდა. 19 წლისას ნამდვილად არ ჰგავდა, თავის ასაკთან შედარებით უფრო მეტად განვითარებული, ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი ადამიანი იყო. ამან, რა თქმა უნდა, იმოქმედა ჩემზე. ასეთი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არც შემიყვარდებოდა და ასე უცებ არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს. თან, გაცნობიდან სამი თვის შემდეგ გავყევი ცოლად. ნიკა რომ გავიცანი, იმ დღიდან ვიცოდი, რომ მის გვერდით გავატარებდი მთელ ცხოვრებას. 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, სამი წელი გახდა, რაც ერთად ვართ. ეს დღე ჩვენთვის ყველაზე ბედნიერია. ორი ნიკოლოზის დღეა, თან წმიდა ნიკოლოზის ხსენება და პლუს ამას ჩვენი დღეა.
– როგორ აღნიშნავთ ამ დღეს?
– ყოველთვის სადმე მივდიოდით მე და ნიკა, რომანტიკული ვახშამი გვაქვს ხოლმე სასიამოვნო გარემოში. მაგრამ, წელს ვერ მოვახერხეთ, რადგან გამოცდები გვქონდა. მხოლოდ გაგვახსენდა – დღეს 19 დეკემბერიაო, მაგრამ ვერ აღვნიშნეთ. რაც მაასტრიხტში წავედით, დაბადების დღესაც ისე ვეღარ აღვნიშნავთ. ივნისში ვართ დაბადებულები და სულ სწავლის პროცესს ემთხვევა.
– როგორი წელი იყო თქვენი ოჯახისთვის 2011?
– მე და ნიკა წავედით მაასტრიხტში, ჩავაბარეთ უნივერსიტეტში, კიდევ ძმისშვილი შემეძინა და ამიტომ, ეს წელი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი იყო. თუმცა, ჯერ არ მინახავს, 4 თვის არის, ჩემი ძმა ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ნახვა, ძალიან მტკივა გული. 24 საათის განმავლობაში სკაიპში ვარ, ისეთი საყვარელია. ჯუნიორს ჭკუა ეკეტება, ისე უყვარს. ლუკას ფოტოებს სულ კოცნის, ეფერება. სკაიპში თუ დაინახავს, გიჟდება, აქედან რაღაცეებს სჩუქნის, ეთამაშება, დიდ სიყვარულშია.
– შენი და ნიკას ურთიერთობიდან, თანაცხოვრებიდან, ალბათ, არის ისეთი რაღაც, რაც დღემდე განსაკუთრებულად გახსოვს.
– აფრიკაში რომ დამნიშნა, ეს ყველაზე სასიამოვნო იყო. ყოველთვის ყურში მესმის სიტყვები, როდესაც მითხრა: მე შენ მიყვარხარო და არასდროს მავიწყდება. რა დამავიწყებს იმ მომენტს, როდესაც ბავშვი გამიჩნდა. ნიკა ჩემ გვერდით იყო, ბავშვი რომ ამოიყვანეს და ჩვენ სამივე ერთად ვიყავით – ეს მომენტი არასოდეს დამავიწყდება. მენატრება ბავშვის გაჩენა. მინდა, რომ ძალიან ბევრი ბავშვი გავაჩინო. ოპერაციის მომენტები, საავადმყოფო არასდროს მავიწყდება და ერთი სული მაქვს, როდის იქნება კიდევ. აუცილებლად გავაჩენ კიდევ შვილს. მოვრჩე სწავლას და მერე ჯუნიორისნაირი 10 შვილი რომ მყავდეს, თანახმა ვართ მეც და ნიკაც. მასაც ძალიან უნდა.
– ალბათ, ხშირად ფიქრობთ იმაზე, თუ როგორი იქნება ჯუნიორის მომავალი.
– ხშირად ვფიქრობთ, არ გვინდა, მის გადაწყვეტილებაში ჩავერიოთ, თუნდაც პროფესიასთან დაკავშირებით.
– ვიცი, რომ თქვენთან, მაასტრიხტში ხშირად ჩამოდიან შენი და ნიკას მშობლები. ბატონ კობასაც ეხერხება შვილივით სიურპრიზების მოწყობა?
– ხშირად არიან ჩვენთან. კობა ძალიან კარგი ადამიანია, ისეთია, სიტყვებით ვერც დაახასიათებ, სიურპრიზებით არის სავსე. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და ის ნიკას მამაა. ძალიან კარგი ადამიანია, სულ ჩვენს ბედნიერებაზე, კომფორტზე ზრუნავს. ნიკას დედაც ძალიან კარგი ადამიანია. მული კი ისეთი საყვარელია... პატარაა თან, ვმეგობრობთ.