რა დამანგრეველი ენერგია აქვს ავისმოსურნეთა ფიქრებს და რა სასჯელი მიიღო ექსტრასენსმა საყვარელი მამაკაცის მოჯადოების სანაცვლოდ
ვინც თვალყურს ადევნებდა ტელეკომპანია „მზის” შოუს „მეექვსე გრძნობას” შეუძლებელია, არ განეცვიფრებინა ფინალისტი ექსტრასენსის, მაია ძიძიშვილის საოცარ შედეგებს. თბილისურ შოუში გამარჯვებული ფენომენი მიიწვიეს უკრაინაში, ტელეკომპანია „ესტებეს“ მერვე სეზონის ექსტრასენსთა ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. ქალბატონმა მაიამ საერთაშორისო ასპარეზზე ნათელმხიველობის ნიჭით სახელგანთქმული შამანებიც დაჩრდილა და გამარჯვებული სამეულის წევრიც გახდა. ახლა კიევში სხვადასხვა სეზონზე გამარჯვებული ფინალისტების კონკურსი იწყება, სადაც მაია ძიძიშვილი კვლავ მიწვეულია.
მაია ძიძიშვილი: პარანორმალური მოვლენების მიმართ ინტერესი გამიმძაფრდა მაშინ, როცა ავარიაში მოხვედრის შემდეგ რენტგენული ხედვის უნარი მივიღე და ნებისმიერი ადამიანის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე მომეწოდებოდა ინფორმაცია. ჩემს ახლად შეძენილ უცნაურ ნიჭს მხოლოდ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ვიყენებდი, მაგრამ, ერთ დღეს ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, თავის ტკივილები დღითი დღე მიმძაფრდებოდა. გამოკვლევებმა დამიდგინა მიომა, თუმცა, მედიკამენტოზური ჩარევა უშედეგო აღმოჩნდა. მაშინ მივაკითხე რეზო ხომერიკს და პარანორმალური მოვლენების შემსწავლელი მეცნიერებიდან შევიტყვე, რომ, ეგრეთ წოდებული „მესამე თვალის” გახსნას, დაუხარჯავი ენერგიის შემთხვევაში, ახლავს თავის ტკივილები. ამავე დროს, შუბლზე ჯვარი გამომესახა. თუმცა, იმხანად ექსტრასენსის საქმიანობა ტაბუდადებული იყო თბილისში, ამიტომაც, უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მომიწია სამკურნალო პრაქტიკის გავლა. თუმცა, ნათელმხილველობის ნიჭს ეგრეთ წოდებული მკითხაობისთვის არ ვიყენებდი, ჩემგან ხდებოდა მხოლოდ დიაგნოსტიკა და მკურნალობა. იმხანად საქართველოში, თბილისში, უცხოეთიდან ჩამოსული იყო ეზოთერიკოსთა ჯგუფი და მათგან ვისწავლე არა მხოლოდ მკურნალობის მეთოდები, არამედ, პარაფსიქოლოგ-ენერგეტიკოსის საქმეც. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ჩემში ენციკლოპედიური ცოდნის მოძიება პარაფსიქოლოგიაში და ჩემი წარმატების ნახევარი ამ ცოდნასაც უკავშირდება. მე რომ ენერგეტიკულად არ ვიცოდე თავის დაცვა, ავის მოსურნეთაგან, თუნდაც კონკურენტი „კოლეგებისგან”, ვერ აღმოვჩნდებოდი ფინალისტთა შორის. არ დაგიმალავთ, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან იღებდნენ მონაწილეობას უძლიერესი ექსტრასენსები, რომელთაგანაც ზოგიერთს ენერგეტიკული დარტყმების მიყენებაც შეეძლო კონკურენტებისთვის.
– ქალბატონო მაია, თქვენზე უკრაინელმა რეჟისორებმა ფილმიც გადაიღეს საქართველოში. როდის იქნება თბილისში ამ ფილმის ჩვენება?
– ფილმი გადაიღეს ფინალისტებზე, სადაც ნაჩვენებია ჩვენი შედეგები და ერთი შეხედვით დაუჯერებელი ფაქტები. უფრო სწორად ფაქტები, რომელთა ახსნაც ჯერ კიდევ უჭირს საზოგადოებას. ჩემზე გადაღებულ ფილმში აჩვენეს ჩემი მოძღვარი, მამა შიო (შავნაბადას ტაძარში მოღვაწე ბერი), რომელმაც აღნიშნა, რომ ღვთისგან არის ჩემი შესაძლებლობები და არა მაცდურისგან. როცა ჩვენი პროექტის („მეექვსე გრძნობას” ვგულისხმობ) ექსპერტს, გიგლა გობეჩიას ვუთხარი, საერთაშორისო კონკურსზე მივდივარ-მეთქი, შემახსენა, მოძღვარს დაალოცვინე გზაო და გამამხნევა: მე რომ ბულგარეთში მიდიოდი ნათელმხილველ ვანგასთან, უწმიდესმა დამლოცა და მისი კურთხევით წავედი. როგორ ფიქრობ, პატრიარქი ეშმაკის მსახურთან გამგზავნიდაო?! ამ არგუმენტით იმის თქმა მინდა, რომ, ნებისმიერი ნიჭი, მათ შორის ნათელმხიველისაც, თუ სიკეთეს ემსახურება და არა ბოროტებას, არ იგმობა ღვთისგან. იგმობა ცრუ ნათელმხილველობა; დაისჯებიან ისინი, ვინც ამ ნიჭს იბრალებენ და ხალხის გასაძარცვავად და მოსატყუებლად იყენებენ; დაისჯებიან ჯადობაზები და გამოუსყიდველი იქნება მათი ცოდვები. კიევში საკუთარი თვალით ვნახე, ექსპერიმენტის მონაწილე ჯადოს გამკეთებელი ქალბატონი როგორ გვეხვეწებოდა შველასა და სასჯელის აცილებას ჯადოს კეთების სანაცვლოდ. წარმატებული ბიზნესი ჰქონდა ამ ქალს, მაგრამ, სრული ბედნიერებისთვის საყვარელი მამაკაციც სჭირდებოდა და მოაჯადოვა მისთვის სასურველი კაცი. ის დაისაკუთრა, მაგრამ, თურმე, დამკვეთს ფული დააკლო და მანაც სამაგიერო გადაუხადა: ჯერ იმ კაცს (ჯადოს სამიზნეს) გამოუტანა სიკვდილის განაჩენი, შემდეგ კი ჯადოს გაკეთების ინიციატორს მოუბრუნდა, ყირაზე დაუყენა ბიზნესი და თან გაუსაძლისი ტკივილები და თმის ცვენაც დაეწყო. მიუტანა ფული ჯადობაზს, მაგრამ, მდგომარეობის გამოსწორება დაგვიანებული აღმოჩნდა – ძლიერმა ენერგოზემოქმედებამ მთლად გაანადგურა ის ქალი, ვინც ჩვენთან, ექსტრასენსთა ჯგუფთან, დასახმარებლად მოვიდა. ჩვენი ჯგუფის წევრებმა თითქმის ყველამ გამოვიცანით, რომ ის ქალი ჯადოს კეთებისთვის დაისაჯა. ტაძარში სიარული და აღსარება-ზიარება ვურჩიეთ. თავს იკლავდა სინანულითა და ტირილით. არ ვიცი, რა ბედი ეწია იმ ქალს, მაგრამ, ვინც მას ნახავდა, დარწმუნებული ვარ, არანაირი წარმატების სანაცვლოდ არ გაბედავდა ჯადოს დაკვეთას შავი მაგიის მსახურებთან.
ჯადოს კეთება, არცთუ იშვიათად მათ შთამომავლებზეც ცუდად გადადის. ისევ კიევში მყოფი ერთ-ერთი ექსპერიმენტატორის მაგალითს დავუბრუნდები: უკრაინის ერთ ქალაქში ხდებოდა ანომალიური მოვლენა და მათაც ექსტრასენსთა ჯგუფს მოგვმართეს დასახმარებლად. ოჯახში ყველა ავადმყოფობდა, ხშირად ხვდებოდნენ ავარიაში; საშინელი უიღბლობა იყო გამეფებული; სახლში ისმოდა უცნაური ხმები, კარების ჭრიალი. დილით რომ იღვიძებდნენ, დალაგებული სახლი ყირაზე ხვდებოდათ; გარეცხილი ჭურჭელი ხან დალეწილი იყო, ხან – ჟელეთი დასვრილი. როგორც გავარკვიეთ, ამ ოჯახის ბებია იყო ჯადოქარი და იქ მის სული ტრიალებდა – ოჯახს სთხოვა, როგორმე დახმარებოდნენ, რადგან, ჩადენილი დანაშაულისთვის იტანჯებოდა. ეს სული ჩასახლებული იყო ოჯახის რელიკვიაში – სპილოს პატარა ქანდაკებაში. ჩვენ ტელეკამერებით აღჭურვილნი ვუთვალთვალებდით მომხდარს. შუაღამისას ოჯახში გამოჩნდა ინდაურის ბუმბულის მსგავსი არსება, რომელიც გარშემო უვლიდა მთელ სახლს, ბოლოს კი სპილოსთან მიდიოდა და ქრებოდა. სწორედ ეს სუბსტანცია იყო მწვალებლის ცოდვილი სული. ჩემმა იამაიკელმა კოლეგამ, ასევე გამარჯვებული სამეულის წევრმა, ჩაატარა რიტუალი – ოჯახის რელიკვია აგიზგიზებულ კოცონში ჩააგდო. იმ დღიდან მწვალებლის ოჯახში სიმშვიდემ დაივანა და, როგორც შემდეგ გავიგეთ, უიღბლობის პერიოდიც დასრულდა. ასეთი დამანგრეველი ენერგია აქვს ჩვენთვის არა მხოლოდ ჯადობაზის საქმიანობას, არამედ, ავისმოსურნეთა ფიქრებს. ამიტომაც, საჭიროა უფალთან ყოველდღიური ურთიერთობა ლოცვითა და ფსალმუნთა კითხვით, რადგან მორწმუნე ადამიანებს ადვილად ვერ თრგუნავენ დემონური ძალები.
– ქალბატონო მაია, სპეციალური დავალებების გარდა, სახალისო ექსპერიმენტებიც ხომ არ გქონდათ?
– ძალიან სახალისო ის იყო, რომ გამოვიცანი დამალული ქართველი. ათი ოთახიდან ერთ-ერთში იყო ქართველი ჟურნალისტი ოთარ კუშანაშვილი. ჩაკეტილი სივრციდან გარედან დავადე ხელი იმ კარს, სადაც იჯდა ექსპერიმენტის მონაწილე. მე ვთქვი, რომ ექსპერიმენტის მონაწილე ქართველია-მეთქი, რადგან ქუთაისს ვხედავდი. ზედმიწევნით აღვწერე მისი პერსონა და ვთქვი მისი ცხოვრებიდან ის დეტალებიც, რაც, თურმე, უცნობი იყო კომისიის წევრებისთვისაც კი. აღნიშნულ ნომინაციაში მე ყველაზე წარმატებული აღმოვჩნდი. იყო ერთი დავალება, სადაც მხოლოდ მე და იამაიკელმა კოლეგამ, სახელად დიმ, გავიმარჯვეთ. ამ ქალბატონს ერთ-ერთი ეზოთერული გადაცემა მიჰყავს ტელევიზიით თავის სამშობლოში, სადაც პირდაპირ ეთერში პასუხობს ტელემაყურებელთა ზარებს, რომლებიც ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტას და ოპტიმალურ გამოსავალს ითხოვენ მისგან. მაღლა დამონტაჟებული იყო ავზები, რომლებიც სავსე იყო რაღაცეებით: ზოგში დამტვრეული შუშები ეყარა, ზოგში ფქვილი, ზოგშიც – ჭიები და ხოჭოები, მხოლოდ ერთი იყო ცარიელი. ჩამოწევდი თოკს და თავზე დაგეყრებოდა ათასი უბედურება. დავალების მიზანი იყო ცარიელი ავზის ამოცნობა. თვალებზე გვიკეთებდნენ სათვალეს და გვაცმევდნენ ქუდიან ლაბადებს, მტვერი და ნაგავი რომ არ დაგვყროდა სახესა და სხეულზე. მე ლაბადაც კი არ ჩამიცვამს, რადგან, შორიდანვე ვიგრძენი, სად იყო ცარიელი ავზი.
– ქალბატონო მაია, თქვენი შოუს ჟიურის წევრი იყო მსოფლიოში სახელგანთქმული პარაფსიქოლოგი იური დელერი, რომელზეც ლეგენდებს ყვებიან. რა სასწაულის მოწმე გახდით ჟიურის თავმჯდომარისგან?
– იური დელერი მართლაც ლეგენდარული ფენომენია. მას შეუძლია, მხოლოდ მზერით, საკმაოდ შორი დისტანციიდანაც კი, მოღუნოს, დაამტვრიოს ან გაადნოს ლითონის საგნები. მან მუხუდოს მარცვლიდან ორ-სამ წუთში სიტყვით აღმოაცენა მცენარე: დაიჭირა ხელში მარცვალი და უბრალოდ უთხრა: „აღმოცენდი“! და, რაც უნდა აბსურდულად მოგეჩვენოთ, თესლიდან მცენარე აღმოცენდა. მისი სამკურნალო შესაძლებლობები უსაზღვროა. მე არ ვამტკიცებ, რომ, ვინც ნათელმხილველობასა და ექსტრასენსობას იბრალებს, ყველა ნამდვილი ფენომენია, მაგრამ, არიან ჭეშმარიტად ღვთისგან მინიჭებული უნარით დაჯილდოებული მკურნალები და მათ გაფრთხილება და თანადგომა სჭირდებათ.