კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წაართვეს მანანა თოდაძეს სახლი და როდის უნდოდა მას მონაზვნად აღკვეცა

თუ შეცვლი საკუთარ ცხოვრებას, ისე, როგორც ეს წლების წინ მანანა თოდაძემ გააკეთა, ალბათ, არ წააგებ. ამ მშვენიერმა ქალბატონმა და ძალიან ლამაზი ხმის მქონე მომღერალმა, ისევე, როგორც მისმა ბევრმა კოლეგამ, საქართველოში საკუთარი ადგილი ვერ იპოვა და მოსკოვში წავიდა, სადაც შოუ-ბიზნესი ყვავის და იფურჩქნება. ქალბატონმა მანანამ იქაც მოიპოვა წარმატება და პატივისცემა, თუმცა, ხალხის სიყვარული მას არც აქ აკლდა. როგორია მოსკოვში მისი ცხოვრების წესი, რა ხდება მის პირად ცხოვრებასა და კარიერაში, რაზე უწევს დამატებით მუშაობა ფინანსური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და ვისთან ერთად გრძნობს თავს ყველაზე კარგად, მომღერალი თავად გიამბობთ.

 

– ქალბატონო მანანა, როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

– დილით რომ ვდგები, პირველ ყოვლისა, ყავას მივირთმევ. ხშირად გვიან მოვდივარ სახლში, მაგრამ, რაც უნდა დაღლილი ვიყო, აუცილებლად ვუყურებ ტელევიზორს, ისე ვერ დავიძინებ.

– რა ამოიღეთ თქვენი ცხოვრების წესიდან, რაც მიუღებლად მიგაჩნდათ?

 – პრინციპში, ისეთი არაფერი. მიმაჩნია, რომ ცხოვრების თავისი წესები აქვს. უბრალოდ, დრო რომ გადის, ხასიათის კორექტირება ხდება – ალბათ, ყველა ასეა. ყოველ შემთხვევაში, აუცილებელია, შენს ხასიათში, თვისებებში რაღაც კორექტივები შეიტანო, მით უმეტეს, თუ ურთიერთობებსა და საქმეში გიშლის ხელს. ჩემთვისაც, ისევე, როგორც სხვისთვის, მიუღებელია ტყუილი, ღალატი, უპასუხისმგებლობა. ამას ნამდვილად ვერ ვეგუები.

– როგორია მოსკოვიდან, თქვენი თვალით დანახული ქართული შოუ-ბიზნესი და კმაყოფილი თუ ხართ დღეს ფინანსურად, თბილისში ცხოვრებისგან განსხვავებით?

– შოუ-ბიზნესი მანდ ერთეულებისთვის არსებობს, რაც დიდ დანაშაულად მიმაჩნია. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში ძველი, კომუნისტების ხანა დაბრუნდა – ეს იმის ბიძაშვილია, ის იმის მამიდაშვილი... მხოლოდ საკუთარი გარემოცვა „გულაობს“, მნიშვნელობა არ აქვს, ნიჭიერია ის თუ არა. ვისაც არ ეზარება, ყველა მღერის. კი ბატონო, ემღერებათ და მღერიან, მაგრამ, ბავშვს რომ ჰკითხეს, რა გატირებსო? გამდის და ვტირიო – ზუსტად ასეა. რაც შეეხება ჩემს ფინანსურ მდგომარეობას, ცოტა უხერხულია ჩემთვის ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ, გეტყვით, რომ მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა ღონისძიებაში, კონცერტებზე, მიწვევენ ფესტივალებსა და კონკურსებზე ჟიურის წევრად. დამატებით ვმუშაობ მუზეუმში, ვხელმძღვანელობ ჩამწერ სტუდიას, ვოკალის პედაგოგი ვარ და ბავშვებს ვამეცადინებ. განურჩევლად ეროვნებისა, ყველა ბავშვს ვასწავლი ქართულ სიმღერას და, ვერც კი წარმოიდგენთ, რა დიდი სიამოვნებაა, განსაკუთრებით, როცა რუსი ბავშვები მღერიან ქართულად. მათ რომ ვუსმენ, როგორი სიყვარულით მღერიან, სიამაყით მევსება გული. უსაქმოდ არასდროს ვყოფილვარ. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ და ამან ძალიან მიშველა. ასე რომ, ფინანსურად არავისზე არ ვარ დამოკიდებული, ღმერთი რასაც მაძლევს, იმის მადლობელი ვარ! 

– ყოველთვის ფორმაში ხართ, შესაბამისად, წლებიც არ გეტყობათ. ჩვენთან ქალების უმრავლესობას, პოპულარულია თუ არაპოპულარული, არ აქვს საშუალება, საკუთარ გარეგნობაზე სათანადოდ იზრუნონ. მაინტერესებს, როგორ ახერხებთ, ყოველთვის ლამაზად გეცვათ, გეკეთოთ გემოვნებიანი აქსესუარები, გესხათ არაჩვეულებრივი სუნამო... თუ თხოულობთ ხოლმე თქვენი ქალიშვილისგან, ლეილასგან ან უახლოესი მეგობრებისგან სამოსსა და სამკაულს, თუნდაც სცენისთვის?

– ჩემი ცხოვრების წესია, ყოველთვის ვიყო ფორმაში და ამისთვის სულაც არ მჭირდება დიდი დრო. საერთოდ, არასოდეს მიყვარდა სხვისგან ტანსაცმლის თხოვება, რაც მაქვს, იმით ვახერხებ თავის გატანას. ჩემი ლეილა მათამამებს საჩუქრებით. ხშირად მოგზაურობს უცხოეთში და ჩემთვის ლამაზი სამკაულები და ტანსაცმელი ჩამოაქვს, ხან მეგობრები მჩუქნიან სხვადასხვანაირ აქსესუარებს. ჩემი მეგობარი მაია მიქაშავიძე მიგზავნის ხშირად თავის შესანიშნავ სამკაულებს, რომლებიც ძალიან ალამაზებს ჩემს გარდერობს. ასე რომ, სხვებისგან რაღაცის თხოვნა არ მჭირდება. ყველაფერი საკმარისად მაქვს.

– რა არის თქვენი განტვირთვა?

– საკმაოდ აქტიურად ვცხოვრობ – ძალიან გადატვირთული გრაფიკით ვმუშაობ. მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებ, ჩემს მეგობრებთან ერთად რომელიმე მათგანის სახლში შევიკრიბოთ ან სადმე წავიდეთ. მიყვარს კინოში, პრეზენტაციებზე, კონცერტებზე წასვლა მათთან ერთად. ყველაზე დიდ სიამოვნებას მაინც ჩემი ოჯახის წევრებთან ყოფნა მანიჭებს. სულიერად ვისვენებ და ყველა პრობლემა მავიწყდება. სულ რაღაც საქმეში ვარ, რაღაცას ვაკეთებ, ხან ახალ სიმღერას ვსწავლობ, ხან ლექსს ან მოთხრობას ვწერ, ხან ვკერავ... ასე რომ, მოსაწყენი დრო არ მრჩება.

– ახლა წარმოიდგინეთ, საქართველოდან რომ არ წავსულიყავით, როგორ იქნებოდით? რაზე იმუშავებდით? კონცერტები აქ არ ტარდება და არაფერი მნიშვნელოვანი აქ არ ხდება...

– საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, მე დღეს საერთოდ არავინ ვიქნებოდი. როგორც ახლა, მაშინაც ბევრს არ აწყობდა, რომ მემღერა და ჩუმ-ჩუმად მბლოკავდნენ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მორალურად გავენადგურებინე. იმ პერიოდში ბინაც კი წამართვეს, რომელიც სხვას მისცეს. აღარ მინდა იმ საშინელებების გახსენება, რაც მაშინ მოხდა. გადარჩენის ერთადერთი გზა იყო – მალე წამოვსულიყავი საქართველოდან და თავი გადამერჩინა. ამაზე სწორი ნაბიჯი ცხოვრებაში არ გადამიდგამს. აქ ნულიდან დავიწყე ცხოვრება. თუმცა, ერთი კი ვიცი: როდესაც თბილისში ჩამოვდივარ, ხალხის ისეთ სიყვარულს ვგრძნობ, სიტყვებით ვერ გადმოგცემ. დღემდე შემორჩა ხალხს ჩემი სიყვარული და პატივისცემა, ეს მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი დიდი შრომის ფასია. პოპულარობას შეძლებისდაგვარად ვინარჩუნებ. მე არასდროს მიღალატია ჩემი ხალხისთვის. ყოველთვის ვმღეროდი იმ სიმღერებს, რაც მათ მოსწონდათ. ხშირად ჩამოვდივარ თბილისში და ჩემი, „ივერიის“ ბიჭები რამე ღონისძიებას რომ აწყობენ, ყოველთვის მათ გვერდით ვარ.

– რას შეცვლიდით სიამოვნებით?

– ჩემი ლეილა ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. ვაპირებთ დიდი სახლის აშენებას, სადაც ყველა ერთად ვიცხოვრებთ. მიყვარს ოჯახური ტრადიციები, მაგალითად, როდესაც საღამოს მთელი ოჯახი ერთად ვახშმობს. სანამ თბილისში ვცხოვრობდი, ამას ვახერხებდით, ახლა მხოლოდ ზაფხულში თუ ვახერხებთ ერთად დასვენებას. ხშირად გვიწვევენ მე და ლეილას კონცერტებზე, დიდი წარმატებები გვაქვს. რაც შეეხება საოჯახო საქმეებს, თუ ლეილასთან ვარ სახლში, მაშინ თვითონ არის დიასახლისი, უყვარს რაღაცეების კეთება; როცა ჩემთან მოდიან სტუმრად, ერთად ვაკეთებთ ყველაფერს. ერთადერთი, რაც ძალიან მაწუხებს, ჩემს თამუნასთან სიშორეა – ის თავის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს. მე და ლეილას მათ გარეშე ცხოვრება გვიჭირს, თუმცა, ყოველდღიური სატელეფონო კავშირი გვაქვს მათთან. მანდ რომ ვცხოვრობდი, ხშირად ვფიქრობდი, ნეტავ, სადმე შორს წამიყვანა, რომ არავინ მიპოვოს და მშვიდად ვიცხოვრო, თუნდაც მონაზვნად აღვიკვეცო-მეთქი. ეს იმ პერიოდში მემართებოდა, გაუსაძლისი რომ ხდებოდა ყოფა. როგორც კი რეალობას შევეჯახებოდი, მაშინ ვფიქრქრობდი ამაზე, მაგრამ, შვილები? მათ გარეშე ხომ შეუძლებელი იქნებოდა ჩემი ცხოვრება?! უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე და ჯერ არ მიფიქრია იმაზე, თუ როგორ შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას. სანამ შემიძლია, ვიმღერებ, მერე კი ვნახოთ, რა იქნება. ცხოვრება თვითონ მიკარნახებს, შემდეგ როგორ ვიცხოვრო. ჩემი ოცნებაა, სერიოზული საბავშვო მუსიკალური თეატრი ჩამოვაყალიბო. ამას ახლაც ვაკეთებ – ბავშვებთან ვმუშაობ, მაგრამ, მინდა, ეს საქართველოში გავაკეთო.

 

 

скачать dle 11.3