რატომ არ დათანხმდა დიდიმ მირცხულავა ლავრენტი ბერიას შეთავაზებულ წინადადებას და ვინ შეაფასა მისი ხელები „მომღერალ ხელებად“
„როდესაც ევგენი მიქელაძე გარდაიცვალა, მისი ფრაკი დიდიმ მირცხულავას გადასცეს და ამ ფრაკით დირიჟორობდა. ევგენი დიდიმოს თავადაც ძალიან დიდ პატივს სცემდა და ყველა ამბობდა, რომ ევგენის დიდიმო დირიჟორობით ძალიან ჰგავსო“...
ცნობილი ქართველი დირიჟორის, დიდიმ მირცხულავას ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან, საზოგადოებისთვის უცნობი დეტალები დიდიმ მირცხულავას დისშვილმა – ვაჟა შარვაშიძემ საგანგებოდ ჩვენი მკითხველისთვის გაიხსენა....
ვაჟა შარვაშიძე: დიდიმ მირცხულავა ძალიან მომთხოვნი გახლდათ და სცენაზე არავის გაუშვებდა, თუ კარგი მომღერალი ან მოცეკვავე არ იყო... მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი, ფატმან მუხტაროვა, „კარმენის“ სამღერლად თბილისში ჩამოვიდა და, ვინაიდან იგი საერთაშორისო კლასის მომღერალი იყო, რეპეტიციის გარეშე მოინდომა, სპექტაკლში ემღერა. დიდიმოს უთქვამს, შემღერების გარეშე სცენაზე არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებო. როცა ფატმან მუხტაროვას ეს ამბავი შეატყობინეს, იგი დიდიმოსთან მივიდა და ჩუმად უთხრა: მოხუცებული ვარ, ძველებურად ვეღარ ვმღერი; პროფესიონალებთან ერთად სიმღერა რომ დავიწყო, თქვენ ამას მაშინვე მიხვდებით და ნუ ჩამაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, სპექტაკლში როგორღაც თავს გავიტანო... დიდიმოს უთქვამს: ხმამაღლა ნუ იმღერებ, მაგრამ, რეპეტიციაში მონაწილეობა მიიღე, სცენები ერთმანეთში რომ არ აგერიოსო. ფატმანმა დაუჯერა, სპექტაკლმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა და ფატმანმა საჯაროდ განაცხადა: მართლაც შესანიშნავი დირიჟორი გყოლიათო... ასევე, თბილისში ჩამოსულები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ბალერონი ვლადიმირ ვასილიევი და მისი მეუღლე – კატია მაქსიმოვა. მათ „დონ კიხოტი“ უნდა ეცეკვათ. სპექტაკლის წინ ვასილიევმა დიდიმოს აუხსნა, თუ რა ტემპში უნდა წაეყვანა სპექტაკლი. დიდიმო წინააღმდეგი წასულა – „დონ კიხოტს“ უფრო სწრაფი რიტმი აქვსო, ვასილიევი კი მაინც თავისას იჟინებდა – მოსკოვის დიდ თეატრში და მსოფლიოს სხვა თეატრებში ამ ტემპში ვცეკვავო... დაიწყო სპექტაკლი, დარბაზი გადაიჭედა და, დღესაც მახსოვს, როგორ ჩიკორივით ბზრიალებდა ვასილიევი. შევატყვე, ცეკვის დროს იგი სამჯერ მივიდა დირიჟორთან ახლოს და რაღაც დაუძახა... სპექტაკლმა წარმოუდგენლად წარმატებით ჩაიარა. ბიძაჩემთან შესვლა რომ დავაპირე, სადირიჟოროში ვასილიევმა შემასწრო. ისინი ათი წუთის შემდეგ გამოვიდნენ, ერთმანეთს გადაეხვივნენ და დაშორდნენ... ბიძაჩემი მიყვებოდა, ვასილიევს უთქვამს – ჩემს სიცოცხლეში ასეთ ტემპში პირველად ვიცეკვე, სულ მეშინოდა, რომ ვეღარ გავუძლებდი და ამიტომაც სამჯერ გთხოვეთ შეგენელებინათო... დიდიმოს უთქვამს, მივხვდი, ამ ტემპში ცეკვა რომ შეგძლებიათ და მომავალშიც ასე გააგრძელეთო...
– ამ სიმკაცრის გამო კონფლიქტებიც ჰქონდა?
– ვახტანგ ჭაბუკიანი როცა ცეკვავდა, ვახტანგის სურვილით, ძირითადად, დიდიმო დირიჟორობდა. ვახტანგ ჭაბუკიანი ასაკში რომ შევიდა, გასაგები მიზეზების გამო, ძველებურ ტემპში ვეღარ ცეკვავდა. ერთხელაც, რეპეტიციის შემდეგ, ვახტანგს დიდიმოსთვის დაუძახია – ტემპი დაგავიწყდაო? დიდიმოს უპასუხია – მე კი არ დამავიწყდა ტემპი, შენ ვეღარ ბზრიალებ ძველებურადო... ამის გამო ვახტანგ ჭაბუკიანი იმდენად გაბრაზდა, ოთხი წელი ხმას აღარ სცემდა. შემდეგ თავად ვახტანგმა დაურეკა დიდიმოს და უთხრა, მოდი, თორემ, შენ გარეშე მართლა ვეღარ ვბზრიალებ ძველებურადო.
– დიდიმ მირცხულავას სხვა ქვეყანაში მოღვაწეობა არ სურდა?
– დიდიმოს ბრწყინვალე ხელი ჰქონდა და ამას ყველგან აღნიშნავდნენ. მოსკოვში მასზე ასეთი რეცენზია დაიწერა – „მომღერალი ხელები...“ მიიწვიეს მოსკოვში, მაგრამ არ წავიდა. თბილისის ოპერაში სამჯერ შესთავაზეს მთავარი დირიჟორის თანამდებობა, მაგრამ, არ დათანხმდა. ამბობდა, სპექტაკლს ვინც დირიჟორობს, მთავარი დირიჟორიც ის არისო. ამ თანამდებობაზე ყოფნა არ სურდა, რადგან მიაჩნდა, რომ დრო ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში დაეხარჯებოდა... ზურაბ ანჯაფარიძემ „კარმენი“ დიდიმოსთან მოამზადა და მოსკოვში რომ წავიდა სამღერად, ყველა სპექტაკლი შეუსწორეს გარდა „კარმენისა“. მელიკ-ფაშაევს რომ გაუგია, ზურაბ ანჯაფარიძე დიდიმოს მომზადებული იყო, უთქვამს, ყველაფერი გასაგებიაო... დირიჟორი ირაკლი ჭიაურელი მოსკოვში რომ მიდიოდა ასპირანტურაში ჩასაბარებლად, მისი ოფიციალური პედაგოგი იყო აღიარებული დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი. ვინაიდან ირაკლის მამა და დიდიმო ახალგაზრდობის მეგობრები იყვნენ, ირაკლის ჩუმად დიდიმოც ამეცადინებდა. ირაკლის მოსკოვში რომ ჰკითხეს, ვინ არის შენი პედაგოგიო, – ოდისეი დიმიტრიადიო – უპასუხა... კიდევო? – დიდიმ მირცხულავაო. ეტყობა ბრწყინვალე დირიჟორის ხელიო, – უთქვამთ...
– ევგენი მიქელაძე დიდიმ მირცხულავას გამორჩეულად აფასებდა?
– ევგენი მიქელაძე ამბობდა, დიდიმ მირცხულავა უნიჭიერესი მუსიკოსია, სასწავლებლად ლენინგრადში უნდა გავუშვა და მსოფლიო კლასის დირიჟორი დადგებაო... ევგენი მიქელაძე რომ გარდაიცვალა, მისი ფრაკი დიდიმოს გადასცეს. ყველა ამბობდა, დიდიმ მირცხულავა ევგენი მიქელაძეს ძალიან ჰგავს დირიჟორობითო... დიდიმო სტუდენტობის პერიოდში მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლებს დირიჟორობდა და ერთ-ერთ სპექტაკლს, თურმე, ლავრენტი ბერიაც დაესწრო. სპექტაკლის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის დირექტორს დიდიმოსთვის უთქვამს, ლავრენტი ბერია სულ შენ გიყურებდა, სცენისკენ იშვიათად იხედებოდაო... ლავრენტი ბერიას დაუბარებია მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი და უთქვამს, დირიჟორი ძალიან ნიჭიერი ბიჭი ჩანს და ოპერაში გადაიყვანეთო. დიდიმომ ოპერაში გადასვლაზე უარი თქვა – ჯერ სტუდენტი ვარ, მირჩევნია, მარჯანიშვილის თეატრში გავიარო პრაქტიკა, თანაც, ჩემი მაესტრო ევგენი მიქელაძეა და, უხერხულია, ოპერაში წავიდეო...
– ევგენი მიქელაძის ტრაგიკულ ცხოვრებაზე რას ამბობდა?
– არ ვიცი, ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას... საერთოდ, ევგენი მიქელაძე ძალიან მკაცრი იყო და მომღერლების ლანძღვა-გინებაც უყვარდა... ერთი ქალბატონი იხსენებდა: პატარა რომ ვიყავი, რეპეტიციას დავესწარი, რომელშიც მღეროდნენ დათიკო გამრეკელი, დავით ბადრიძე და ნუცა მიქელაძე... ევგენი მიქელაძე, თურმე, ნუცა მიქელაძეს გამუდმებით ეძახდა: „კრეტინო, დეგენერატო“!.. ამ რეპეტიციას კი ლავრენტი ბერია ესწრებოდა. მას ევგენი მიქელაძისთვის რომ უთქვამს, როგორ ბედავ, ასეთი სიტყვებით მიმართო საბჭოთა მსახიობებსო, ევგენის უპასუხია, ეს შენი საქმე არ არის და გაჩუმდიო... ამის გარდა, დიდი პოლიტიკური ხლართებიც იყო. თავის მხრივ, ევგენი პარტიულ ნომენკლატურასთან მეგობრობდა. მის ქალიშვილს აქვს წიგნი, რომელშიც ფოტოა – სერგო ორჯონიკიძე და ევგენი მიქელაძე ერთად არიან სტადიონზე.
– ისევ დიდიმ მირცხულავას დავუბრუნდეთ: როგორი იყო მისი პირადი ცხოვრება?
– პირად ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ტრაგიკული პიროვნება იყო. რამდენადაც მკაცრი და მომთხოვნი იყო ხელოვნებაში, იმდენად რბილი ხასიათის და ლიბერალი გახლდათ ახლობლებთან. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავდა, ნამდვილი თავადი – ნინა ჭავჭავაძე. ნინას ბავშვი გაუხდა ცუდად – ზღვაში ჩახტა, თავი რაღაცას დაარტყა და დიდხანს ავადმყოფობდა. ამ დროს კი, თურმე, ნინა დიდიმოსგან ბავშვს ელოდა. დიდიმო რომ გარდაიცვალა, საფლავზე ბიცოლაჩემმა ტირილით გამანდო, საიდუმლო – ერიკა ცუდად რომ მყავდა, დიდიმოსგან ბავშვს ველოდებოდი, მაგრამ, ვიფიქრე, ერიკას ვეღარ მივხედავ-მეთქი და ბავშვი ჩუმად მოვიშორეო... სამწუხაროდ, დიდიმ მირცხულავას შვილი არ დარჩა და ამას ძალიან განიცდიდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებაში უზარმაზარი წარმატებები ჰქონდა. ქართული სპექტაკლები უცხოეთში პირველად დიდიმომ გაიტანა. „დაისი“ პოლონეთში რომ წაიღო, სპექტაკლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დიდიმომ დადგა „აბესალომ და ეთერი“ გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში. უცხოეთში, სადაც კი დირიჟორობდა, მის ხელოვნებას ყოველთვის განსაკუთრებული შეფასება ჰქონდა. მთლიანად ხელოვნებით იყო მოცული, დალევა, თამადობა და ასეთი რამეები არ უყვარდა... სტალინური პრემიის ლაურეატი იყო. დავით თორაძის „გორდა“ რომ დადგეს, ვახტანგ ჭაბუკიანმა, დავით თორაძემ, ვერა წიგნაძემ და დიდიმ მირცხულავამ სტალინური პრემია მიიღეს... ვერა წიგნაძე დიდიმოს დასაფლავებაზე რომ მივიდა, მიცვალებულს ხელები დაუკოცნა და თქვა – ასეთი ხელები არავის არ ჰქონდაო.
– მისი ახლობლებიდან ვინმე გაჰყვა ხელოვნებას?
– დიდიმოს სიკვდილის წინ მე ვადექი თავზე და ასეთი რამ მიამბო: ზაქარია ფალიაშვილთან გასინჯვაზე ექვსი დირიჟორი შევედით, მათ შორის ჩემი ძმა – ვანიჩკა მირცხულავაო... (ვანიჩკა მირცხულავა ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი იყო). ზაქარია ფალიაშვილს უთქვამს, თქვენ შორის ყველაზე ნიჭიერი ვანიჩკა მირცხულავა არისო. დიდიმო ამბობდა, ვანიჩკა მართლაც იმდენად ნიჭიერი იყო, როდესაც პატარები ვიყავით, მცირე ანსამბლი ჩამოაყალიბა და ქორწილებში და პანაშვიდებზე დავდიოდით. ვანიჩკა პირველი იყო და ჩვენ მისი „დამქაშები“ ვიყავით... დიდიმო ძალიან ჯავრობდა, ვანიჩკა მუსიკას რომ არ გაჰყვა. ასევე, ცხონებულ ჩემს ძმაზე თქვა (ჩემი ძმა კარგი ვიოლონჩელისტი იყო, კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული). ძალიან კარგი ბგერა ჰქონდა და მანაც როგორ დაგვაღალატა, მუსიკას რომ არ გაჰყვაო... დიდიმომ თავიდან მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ, მის მეგობარ ჟორა კემულარიას უთქვამს, ნიჭიერი მუსიკოსი ხარ, რა გინდა მათემატიკურზეო. მან გამოიტანა დიდიმოს საბუთები მათემატიკურიდან და კონსერვატორიაში შეიტანა.
– ევგენი მიქელაძის ფრაკი ვის გადაეცა დიდიმ მირცხულავას გარდაცვალების შემდეგ?
– თუ არ ვცდები, რეზო ტაკიძეს... დიდიმ მირცხულავა რომ დირიჟორობდა, რეზო ტაკიძე სულ მის გვერდით იყო და სპექტაკლებში შეჰყავდა... კარგად მახსოვს, რეზო ტაკიძე პირველად რომ დირიჟორობდა სპექტაკლს, დიდიმო როგორ გულშემატკივრობდა – სურდა, სპექტაკლი მაღალ დონეზე ჩატარებულიყო.