რა ბედნიერება ეწვია 18 წლის გოგონას საახალწლოდ და ვინ იპოვა მან თბილისიდან ბელორუსში
45 წლის ირინა ვლადიმერის ასული ნოვიკოვა (მეუღლის გვარია) ეძებდა მამის ფესვებს (მოგვარეებს, მამის ნათესაობას – კვესიტაძეებს).
ისტორია: ვეძებ მამაჩემის ფესვებს – მის ნათესაობას. მათი გვარი კვესიტაძეა (შესაძლებელია, გვარი არასწორად ვიცით). ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ოდესაში გაიცნეს, შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ. მამაჩემი ეროვნებით ქართველი იყო – დაბადებული საქართველოში. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ვლადიმერ გიორგის ძე კვესიტაძე. უკრაინაში კი მამა სრულიად შემთხვევით მოხვდა. მამის ნათესაობის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს, რადგან მამას თვითონაც არაფერი ახსოვდა მშობლების შესახებ. საქმე ისაა, რომ ბავშვთა სახლში მიაბარეს, საიდანაც შემდგომში გააშვილეს კიდეც. ასე დაშორდა თავის სამშობლოს. მისი ნამდვილი გვარი და სახელი კი მისმა აღმზრდელმა მშობლებმა, ანუ ბებიაჩემმა და ბაბუაჩემმა გაუმხილეს. სამწუხაროდ, უკვე მესამე წელია, რაც მამა გარდაიცვალა. მთელი ცხოვრების განმავლობაში, ის ოცნებობდა, რომ ეპოვა თავისი მშობლები, მაგრამ ვერ შეძლო. სიკვდილის წინ მამამ ძალიან მთხოვა, მეცადა და მომეძებნა მისი ნათესაობა. ვიცი, ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ცხოვრობენ მამის ნათესავები და მათ რაიმე იციან ამ ისტორიასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, მამაჩემი ფიზიკურად ჰგავდეს თავის მშობლებს (რა თქმა უნდა, ისინი ამჟამად ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ შეიძლება, შორეული ნათესავები გამოგვეხმაურონ).
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩვენს რუბრიკაში გასული წლის „თბილისელების“ ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა. ჩემს რესპონდენტს მამის ნათესაობის პოვნის ძალიან მცირე შანსი ჰქონდა, რადგან მათ შესახებ მან თითქმის არაფერი იცოდა. საბედნიეროდ, ირინას ძიებამ შედეგი გამოიღო და დღესდღეობით მას სატელეფონო კავშირიც კი აქვს მის ნათესაობასთან მამის მხრიდან.
ირინა ნოვიკოვა: ძალიან ბედნიერი ვარ და უზომოდ გახარებული! დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თქვენ და მთელ თქვენს რედაქციას. მამაჩემი სრულიად შემთხვევით მოხვდა უკრაინაში, მას, როგორც ადრე გითხარით, მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მისი ბავშვობა სამამულო ომს დაემთხვა და 1940 წელს მშობლებმა ის დიდი გაჭირვების გამო (მრავალშვილიანი ოჯახი იყო), ბავშვთა სახლში მიაბარეს. იქიდან კი, მისმა აღმზრდელმა მშობლებმა იშვილეს. მამის ნამდვილი სახელი და გვარი აღმზრდელებს არ დაუმალავთ (ვლადიმერ კვესიტაძე, დაბადებული 1937 წლის 30 ივნისს). ვიცოდით, რომ მამა საქართველოდან იყო და ის ბავშვთა სახლი მდებარეობდა აჭარაში (სამწუხაროდ, ბავშვთა სახლის ზუსტი მისამართი ჩემთვის უცნობია). ამგვარად, მოხვდა მამა უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, სადაც გაიზარდა. როგორც კი მამამ სიმართლე გაიგო, თავისი წარმოშობის შესახებ, მან მაშინვე გადაწყვიტა, მშობლებისა და ნათესავების მოძებნა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მამა სამი წლის წინ გარდაიცვალა და გარდაცვალებამდე მთხოვა, მისი ფესვები მომეძებნა. ამიტომაც გადავწყვიტე, დაგკავშირებოდით, თუმცა მართლა ვერ წარმოვიდგენდი, მამის ნათესაობას, თუნდაც შორეულს, თუ ვიპოვიდი. ეს ნამდვილად სასწაულია! საბედნიეროდ, მამაჩემის დისშვილმა (სახელად მას ლამარა ერქვა, იცოდა მამიკოს ისტორია, მამაჩემი ხომ დედმამიშვილებში ყველაზე უმცროსი იყო). მამის დას, ანუ მამიდაჩემს მოუყოლია ეს ამბავი თავისი შვილისთვის, მას კი სიკვდილის წინ თავისი შვილისთვის მოუყოლია. ანუ, მამის არსებობის შესახებ მათ იცოდნენ, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოედგინათ, თუ მათი ნათესავი უკრაინაში გააშვილეს.
– ამჟამად მამის ნათესაობასთან თუ გაქვთ კავშირი და გეგმავთ თუ არა მათთან შეხვედრას?
– დიახ. მას შემდეგ, რაც თქვენ მამაჩემის ნათესავების ტელეფონის ნომერი გადმომეცით, მე მათ დავურეკე და ჩვენ უკვე ერთი კვირაა, რაც სატელეფონო კავშირი გვაქვს. საბედნიეროდ, მამაჩემს ბევრი ნათესავი ჰყავს. ყველანი ბათუმში ცხოვრობენ, ზოგი თბილისშიცაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში, ვინახულებთ ერთმანეთს. ჯერჯერობით კი, სატელეფონო კავშირითა და ინტერნეტითაც კარგად ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ისინი თავიანთ სურათებს მიგზავნიან, მე კი მათ – ჩემს ფოტოებს.
– მაინც, როგორ მიხვდნენ ისინი, რომ სწორედ თქვენ ხართ 1940 წელს აჭარის ბავშვთა სახლში მიბარებული ადამიანის შვილი. ან თქვენ როგორ დააზუსტეთ, რომ სწორედ ეს ხალხია მამათქვენის შორეული ნათესავები?
– საბედნიეროდ, მათ ზუსტად იცოდნენ, რომ მამა ბავშვთა სახლში 1940 წელს მიაბარეს და მას ჰყავდა კიდევ ერთი ძმა და ერთი და (რაც მე წინა ინტერვიუში ვახსენე). ასევე, მათ იცოდნენ მამის დაბადების ზუსტი თარიღი წელი და რიცხვი (1937 წლის 30 ივნისი). მამის ბიოლოგიურ მშობლებს, ანუ ჩემს ნამდვილ ბებიას და ბაბუას, სამუდამოდ არ უნდოდათ ბავშვის იქ დატოვება, უბრალოდ, როგორც ჩანს, მათ ვეღარ მოახერხეს (ან ვერ მოასწრეს) მისი იქიდან გამოყვანა. თქვენ რომ ნახოთ, ჩვენი ნათესავების სურათები, მსგავსება მათ შორის ძალიან დიდია. მამა ძალიან ჰგავდა თავის მშობელ დედას და უფროს დას. სამწუხაროდ, მამიდაჩემი ცოცხალი აღარაა, არც მისი შვილია ცოცხალი. მაგრამ, კავშირი მაქვს ბიძაშვილებთან და მამიდაშვილის შვილებთან. ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.