კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩაბარდა პოლიციას წლების განმავლობაში ძებნილი პროკურორი საკუთარ 70 წლის იუბილეზე

 

ყოფილი პროკურორი მართლმსაჯულებას 7 წელი ემალებოდა. კანონის დამცველი თაღლითობისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის გაასამართლეს. არანაკლებ საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ერთ დროს სხვისი ბრალმდებელი, სრულიად შეგნებულად, პოლიციას საკუთარ დაბადების დღეს ჩაბარდა. 17 დეკემბერს თეზიკო ც. 70 წლის გახდა, ანუ ხანდაზმული ასაკის იყო და კარგად იცოდა, რომ ციხის საკანში არავინ გაამწესებდა. ასე რომ, ცნობილი სლოგანი – „იცოდე კანონი და იქნები დაცული”, სწორედ მასზეა ზედგამოჭრილი.

უამრავი განაჩენის თანაავტორს, ჩადენილი ცოდვები, სულ რაღაც, 5-წლიან პირობით პატიმრობად უანგარიშეს. როგორც ჩანს, კოლეგებმა  დაინდეს, რადგან, სხვა რომ არაფერი, მართლმსაჯულებას 7 წელი ემალებოდა და ამისთვის ცალკე ეკუთვნოდა სასჯელი. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ მისი ბრალდებები ანეკდოტებს უფრო ჰგავს, რაც მორალური (არა კანონის) თვალსაზრისით, მის მდგომარეობას ცალსახად ამსუბუქებს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ არ გაიმეტეს ის ციხისთვის.

მოკლედ, საქმე ეხება თენგიზ იგივე თეზიკო ც-ს, რომელიც ქვეყნის გარეთ კი არა, მამაპაპეულ სოფელში იმალებოდა. ანუ, შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა, რომ რეალურად, თეზო ც-ს ადგილსამყოფელი სამართალდამცველებმა უდავოდ იცოდნენ. მის მიგნებას, ფაქტობრივად, ძებნაც არ სჭირდებოდა, მაგრამ რატომღაც აცადეს. ალბათ, კოლეგებმა კოლეგიალობა გამოიჩინეს – „ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახია...” 

ასეა თუ ისე, კაცმა, რომელსაც მიწაზე არასოდეს უმუშავია, სოფლის მეურნეობა ისე ააწყო, დაკავების შემდეგ მოსავლის გაფუჭებაზე წუხდა. მასთან ერთად კი, მისი თანასოფლელებიც ნერვიულობდნენ, რადგან თეზიკო მათ არა მხოლოდ ფიზიკურად, ფინანსურადაც ეხმარებოდა. ეს კი მათთვის დიდი შვება იყო. 

ალბათ ამიტომაც, როდესაც თეზიკო ც. მოულოდნელად, ციხეში აღმოჩნდა, ძებნა ოჯახმა კი არა, მათ დაუწყეს. მერე კი, როცა გაიგეს, რომ ის სისხლის სამართლის დამნაშავე იყო, პოლიციის შენობის გადაწვით იმუქრებოდნენ – მათი შეხედულებით, თეზიკოსნაირი ალალ-მართალი კაცი ქვეყანაზე არ დადიოდა... აქედან გამომდინარე, თეზოკოს პირობითი სასჯელიც, ყველაზე მეტად მათ გაუხარდათ, რადგან ყოფილ ჩინოვნიკზე საკუთარ ოჯახს ხელი ისედაც ჩაქნეული ჰქონდა...

დაკარგული „მკვდარი”

როგორც საქმიდან ჩანს, თეზიკო ც-მ არა მხოლოდ კანონი, უძრავი ქონების ფასიც კარგად იცოდა. ასეთ საქმეების ისეთი „სპეცი” იყო, უძრავი ქონების ხელში ჩაგდებაში ყველას ეხმარებოდა. 

პირველი ბრალდების თანახმად, თეზიკოს ნათესავს, ვინმე მერაბ გ-ს მეზობლად მდებარე ბინის შესყიდვა სურდა. ყიდვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან სახლის პატრონი ქალბატონი გარდაცვლილად ითვლებოდა. ყოველ შემთხვევაში, 5 წლის განმავლობაში მასზე ახლობლებმა არაფერი იცოდნენ. ბოლოს კი შეიტყვეს, რომ რუსეთში გარდაიცვალა და სამადლოდ ვიღაცამ დამარხა. ცხადია, გარდაცვლილის  ქონება მის ახლო ნათესავს, კერძოდ, მის დას და სიძეს დარჩათ, რომელთაც ბინა უნდა გაეყიდათ. ეს ვარიანტი მათ აწყობდათ კიდეც, მაგრამ პრობლემა შეიქმნა გარდაცვალების მოწმობაზე. ამის გარეშე მემკვიდრეობა ვერ ფორმდებოდა. საქმე ის იყო, რომ მისი საფლავიც კი არ იცოდნენ. საბოლოოდ, ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად სასამართლოს უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ საჭირო იყო მოწმეები. სწორედ მოწმეებს უნდა დაედასტურებინათ, რომ ბინის მეპატრონის შესახებ არაფერი იყო ცნობილი და თითქმის 6 წლის განმავლობაში, მასზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. ცხადია, საქმის მოგვარება თეზიკო ც-მ ითავა. კერძოდ, მისი დახმარებით, მოსამართლეს მიუყვანეს თორმეტი მოწმე, რომლებმაც ოქმზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ბინის პატრონი გარდაიცვალა, ყოველ შემთხვევაში, მასზე წლების განმავლობაში არაფერი იცოდნენ. 

სასამართლო პროცესი, სხვადასხვა მიზეზით, რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ საქმე დაგვირგვინდა. თეზიკომ წინა დღეს თავად დაურეკა ახლობელს, მოწმეებიანად მისულიყო და მართლაც, მეორე დღეს მოსამართლეს ის მოწმეებით გარშემორტყმული დახვდა. როგორც შემდეგ თავად თეზიკომ განაცხადა, ყველას ისეთი შეწუხებული სახე მიაღებინა ბინის მეპატრონის უდროო და უპატრონოდ გარდაცვალების გამო, რომ მოსამართლე მათ ჩვენებებს დაეყრდნო – გარდაცვლილის დას სასამართლომ ბინა დაუკანონა. 

ცხადია, ამაში უკანონო არაფერია, მაგრამ... სწორედ სიტყვამ – „მაგრამ” გააფუჭა საქმე. აღმოჩნდა, რომ რეალურად, მოწმეები საერთოდ არ იცნობდნენ აწ გარდაცვლილს, ანუ მოსამართლე იმდენად ენდო პროკურორს, გადაწყვეტილების გამოტანისას, მათი გარდაცვლილთან ნაცნობობა საერთოდ არ გადაუმოწმებია. საბოლოოდ, საქმე სხვაგვარად განვითარდა – ბინის მეპატრონე ცოცხალი აღმოჩნდა და უკლებლივ ყველას უჩივლა. იმ მომენტისთვის თეზიკო ც. პროკურორი აღარ იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა, მასზე სისხლის სამართლის საქმე მაინც აღიძრა.   

უფრო ზუსტად, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: მას შემდეგ, რაც „გარდაცვლილის” დამ თეზიკოს ნათესავს ბინა მიჰყიდა, ახალმა მეპატრონემ ბინაში ევრორემონტი გააკეთა. ოჯახთან ერთად ის ბინაში თითქმის სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მაგრამ ერთ დღეს ასაკოვანი ქალბატონი ბინაში ქმართან ერთად დაბრუნდა. სახლი რომ გარემონტებული დახვდა, „მკვდარს” გაუხარდა, მაგრამ როცა გაიგო, ბინა მისი აღარ იყო, ყველას, მათ შორის საკუთარ დას და სიძესაც, უჩივლა... 

მოკლედ, საქმეში პოლიცია ჩაერთო და დააკავეს როგორც ბინის მყიდველი, ასევე გამყიდველი. ისინი დამნაშავედ თაღლითობაში ცნეს, რადგან აღმოჩნდა, რომ ყიდვა-გაყიდვის საქმეში ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები. 

ცხადია, მათთან ერთად დამნაშავედ ცნეს თორმეტივე მოწმე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სახლის მეპატრონე გარდაცვლილი იყო. მაგრამ, საქმის გახილვისას, გვერდი ვერ აუარეს თეზიკო ც-ს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, მოსამართლეს ცოცხალი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოეცხადებინა. სწორედ ამიტომ, თეზიკოს ბრალი დასდეს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში, მაგრამ საქმის აღძვრისთანავე, თეზიკოს კვალი დაიკარგა.

თაღლითობა ოთხი ქალბატონის წინააღმდეგ

იურიდიულად ქალი ხანდაზმულად 65 წლის შემდეგ, ხოლო კაცი 70 წლის შემდეგ ითვლება. ცხადია, თეზიკო ც-ს ეს არ ესწავლებოდა და სიმბოლურად, სწორედ საკუთარ დაბადების დღეს ჩაბარდა პოლიციას. წინა დღეს კი თანასოფლელებს საიუბილეო სუფრა გაუშალა და უთამადა კიდეც. 

სხვათა შორის, ხანდაზმული ასაკის გარდა, თეზიკომ კიდევ ერთი სათავისო დეტალი გათვალა. კერძოდ, როდესაც მასზე, თაღლითობის მუხლით, საქმე აღიძრა, იმ დროისათვის სხვა კოდექსი მოქმედებდა –  თაღლითობა 5 წლამდე პატიმრობით ისჯებოდა. მისი ძებნილობისას კი კოდექსი შეიცვალა, მუხლი 3 წლით პატიმრობამდე დავიდა. ეს კი ნიშნავდა, რომ, ვინაიდან კანონს უკუქმედების ძალა აქვს, მას გასამართლება ახალი კოდექსით მოუწევდა – პატიმარს ის სასჯელი ერგება, რომელიც მის მდგომარეობას ამსუბუქებს და არა ამძიმებს...

მეორე ბრალდების თანახმად, ძებნილმა თეზიკო ც-მ 4 ქალბატონი მოატყუა. როგორც ირკვევა, მას პურის საცხობი ჰქონდა. თუმცა,  როცა ამ ბიზნესისთვის ფართის შეძენა და პურის საცხობის გახსნა გადაწყვიტა, ქალბატონებს შესთავაზა მასთან მცხობელებად ემუშავათ, შემდეგში კი მათ მეწილეებად გააფორმებდა. გახარებული ქალები დათანხმდნენ და თეზიკოს ფორმალურად – 150-150, სულ 600 დოლარი მისცეს. თეზიკომ ფართი შეისყიდა, ბიზნესიც ააწყო, მაგრამ ფულის გადამხდელები არათუ მეწილეებად ცნო, სამსახურიდანაც კი გაყარა.

სწორედ ეს გახდა თეზიკო ც-სთვის მეორე ბრალდება. მართალია, ქალბატონებს მასთან ზეპირი (და არა წერილობითი) ხელშეკრულება ჰქონდათ, მაგრამ მათ მაინც უჩივლეს. ქალბატონების დაცვა კი ერთ-ერთის ძმამ, ადვოკატმა თამაზ კ-მ ითავა, რომელსაც წლების განმავლობაში თეზიკოს ჯინი სჭირდა...  

საქმე ისაა, რომ ადვოკატი თამაზ კ. სასამართლოს გზით ცოლს გაეყარა. ქმარი მიიჩნევდა, რომ ცოლყოფილს მისი ქონებიდან არაფერი ერგებოდა, მაგრამ გაყრამდე ცოლმა ქმარს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის პროკურატურაში უჩივლა. საქმეს კი თეზიკო ც. იძიებდა. სწორედ მან დაასკვნა, რომ ქმარი ცოლს ნამდვილად ავიწროებდა. საბოლოოდ, ცოლ-ქმრის ქონება სახლის ჩათვლით შუაზე გაიყო, მაგრამ სულ მალე ქალმა სახლის ნაწილი გაყიდა. ქმარყოფილი ეხვეწებოდა, მამაპაპეული ბინა ისევ მისთვის მიეყიდა, მაგრამ ვერ დაიყოლია, ქალი ქმარყოფილს ბინას არანაირ ფასად არ უბრუნებდა. მოკლედ, მან ბინა სხვაზე გაყიდა, მყიდველი კი, არც მეტი არც ნაკლები, თეზიკო ც-ს ნახევარძმა იყო.

სწორედ ამიტომ, ადვოკატს თეზიკოს მიმართ პირადი ინტერესი ამოძრავებდა. დარწმუნებული იყო, რომ ბინა თეზიკო ც-ს წყალობით დაკარგა და ყველაფერს აკეთებდა მის ციხეში მოსახვედრად, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია. თეზიკო ც-ს ბრალად ედებოდა ნაკლებადმძიმე კატეგორიის დანაშაული, რის გამოც პირობით, დარბაზიდან გაათავისუფლეს. თუმცა, საბოლოოდ, ადვოკატმაც მოიგო – თეზიკოს ნახევარძმამ მას ქონება მიზერულ ფასად დაუბრუნა. თანხა კი, როგორც ამბობენ, რეალურად თეზიკო ც-მ გადაიხადა...        

 

 

скачать dle 11.3