კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო გაუტეხა რუს სერჟანტს თავი დიმა ტატიშვილმა და რატომ ხოცავდა ის გასაიდუმლოებულ პოლიგონზე კურდღლებს

 

მართალია, მსახიობ დიმიტრი ტატიშვილს საბჭოთა ჯარში გატარებული ორი წელი ცუდ მოგონებად დარჩა, მაგრამ, იქ შეძენილი მეგობრების გახსენება, დღეს ძალიან სიამოვნებს. მან არც მეტი არც ნაკლები, ხუთჯერ ამოყო თავი, ეგრეთ წოდებულ „გაობახტში” და არაერთხელ გადაურჩა სიკვდილს საწვრთნელ პოლიგონზე. 

დიმა ტატიშვილი: როდესაც სკოლა დავამთავრე, არც კი მიფიქრია ჯარში წასვლაზე. სულ სხვა მისწრაფებები და მიზნები მქონდა. სიმართლე გითხრათ, უფრო სხვანაირი სამხედრო ცხოვრება მომწონდა და არა საბჭოური. საკმაოდ არასასურველი ჯარისკაცი გახლდით (იცინის). გაწვევის შეტყობინება მახსოვს, სახლში მოვიდა. შეიძლებოდა, ნახევარი წელი გადამევადებინა, ეგრეთ წოდებული კორუფციული გარიგებით, მაგრამ ეს ნახევარი წელი რას მიზამდა? გავიარე სამედიცინო შემოწმება, თავიც გადავიპარსე, მოვირგე საბჭოთა ჩექმა და წავედი მოძმე ბელორუსიის დასაცავად (იცინის). მაგრამ, ისე ყინავდა ბელორუსიაში, მერჩივნა, ავღანეთში ეკრათ თავი.

– რატომ, ყუმბარების ფონზე დაგცხებოდათ?

– (იცინის). ქართველები სითბოს შეჩვეული ხალხი ვართ და მინუს ორმოც გრადუსში რომ გიწევს დილით სირბილი, როგორია? ყუმბარებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ისე გამიჯდა სიცივე ძვლებში მთელი ორი წლის განმავლობაში, ახლაც მზარავს, ამას რომ ვიხსენებ. ქალაქ ბალტავიში იყო სტრატეგიული დანიშნულების ატომური იარაღით აღჭურვილი ნაწილი, სადაც მე მოვხვდი. ჩვენს დივიზიონში სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცები მსახურობდნენ, მაგრამ ქართველებს ჩვენი ადგილი და „ვლასტი” გვეკავა, ვერავინ შეგვეხებოდა. სადაც პირველად მიმიყვანეს, იქ ორი ქართველი ვიყავით და ისეთი ჩხუბი მომივიდა, ეგრევე სხვა ნაწილში გადამიყვანეს.

– ჩხუბი რაზე  მოგივიდათ?

– მაიძულებდნენ, ვიღაცის ნაცვლად რაღაცეების გაკეთებას. ვინც უკვე ერთი წელი იყო იქ, ახალ მისულებს ჩაგრავდა. ასე მოინდომეს და მიიღეს კიდეც. ისეთი სასტიკი ჩხუბი მოგვივიდა მე და ჩემს მეგობარ ქართველს, რომ თავი გავუტეხეთ რუს სერჟანტ ბელოვს და „გაობახტიც“ ვიგემე მთელი ათი დღე. სასაცილო ის იყო, რომ გადაწყვიტეს, ჩემი, როგორც ადამიანის განადგურება და კატეგორიულად დამემუქრნენ, კომკავშირიდან გაგრიცხავთო. არადა, ხალხი კომკავშირისთვის თავს იკლავდა. გამრიცხეთ-მეთქი, რომ ვუთხარი, პირი დააღეს. მოკლედ, მიხვდნენ, ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, გამრიცხეს კომკავშირიდან და სხვა ნაწილში გადამისროლეს. 

– ალბათ, ქალებისკენაც გაგირბოდათ თვალი.

– სად იყო ქალი? ჩვენი ნაწილის გარშემო, თორმეტი კილომეტრის რადიუსით, მარტო ტყე იყო. ხეებს  ხომ არ დავერეოდით?! ვხუმრობდით ბიჭები, კაცო, ზოოფილია ხომ არის და ბოტანიკაფილია, ნეტავ, თუ არსებობსო (იცინის). ისე, დიდი ხანი რომ გავეჩერებინეთ იქ, კი დაგვემართებოდა ბოტანიკაფილია თუ არა, ფლორაფილია მაინც (იცინის). თავიდან რომ მივედი ახალ ნაწილში, გამომკითხეს, რატომ გადმოგიყვანესო. ვუთხარი, სერჟანტი შემომელახა. აბა, ტექნიკა მე არ გამიფუჭებია და არაფერი, სიტყვიერი უთანხმოება კი ხშირად მომდის-მეთქი. იქ უფრო მეტი თავისუფლება იყო და სიტუაციასაც ვაკონტროლებდით. არაფრის დამტკიცება არ გვიწევდა. ჩვენი „კამანდირი” ვინც იყო, რომ მივედი არ დამხვდა. მითხრეს, გული აწუხებსო. ვიფიქრე, ბუნჩულა კაცი იქნება თუ გული აწუხებს, ეტყობა, აქაური სიტუაცია მოქმედებს და ვერ უძლებს-მეთქი. გავიხედე, დილაა  და ვიღაც კაცი შემოვარდა სპორტულებში ჩაცმული და არაადამიანური ხმით დაიღრიალა: „პადიომ!”. აზრზე ვერ მოვედი. მოკიდა ხელი ჩემს საწოლს და მეორე სართულიდან ჩემი საბნიან-ლეიბიანად „ჩამომიღო”. ეს „კამანდირი“, პოდპოლკოვნიკი, გვარად „ზილიონი“ იყო – რა დამავიწყებს მის გვარს. მოკლედ, დაგვაყენა და ყველას დედა შეგვაგინა. ვიფიქრე, ეს ხომ არ „უბერავს”, რას ჰქვია დედებს გვაგინებს-მეთქი. თურმე, ყველას ასე მიმართავდა. ეგონა, ასე თუ მოიქცეოდა, ღირსებას და „ვლასტს” შეინარჩუნებდა. პირველი ჩხუბი ამ ნაწილში ამის გამო მომივიდა და ისევ, „გაობახტში“ აღმოვჩნდი. თვითონვე გაილახეს თავი თორემ მე ხელები კი არ მეფხანებოდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ ყინავდა. ერთხელ ვირბინეთ მინუს ორმოც გრადუს ყინვაში და გაყინულები მივედით „პალატკაში“. საჭმელი დაგვხვდა – „პერლოვკა” და ჩაი. ცხოვრებაში არ მიჭამია ფაფა, ვიფიქრე, ჩაის დავლევ-მეთქი. არადა, ეს გაყინული უნდა დადგე, გრძელ რიგში, რომ ჯერ ის საზიზღარი „პერლოვკა” დაისხა და მერე ჩაი. რადგან ფაფა არ მინდოდა, პირდაპირ ჩაის ჩამოსასხმელ ქვაბთან მივედი. გავიხედე, მომიახლოვდა ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი – შიკულა და მითხრა, ურიგოდ რატომ მიდიხარ, ვითომ ვინ ხარ და რით გამოირჩევი სხვებისგანო. ვუთხარი, არ მინდა ფაფა, ჩაი მინდა-მეთქი. ისევ გამიმეორა, რატომ არ დგახარ რიგშიო. ვუხსნი, არ მინდა ფაფა, მინდა ცხელი ჩაი დავლიო, დავეგდო და დავიძინო-მეთქი. იცი, რა ქენი მასე თუ გინდა, დადექი რიგში, ფაფა არ აიღო და ჩაის რიგში მერე გადაინაცვლეო. არც ვაციე, არც ვაცხელე და პირდაპირ ვუთხარი – დურაკი ხარ-მეთქი. რაო, დურაკიო?  – გადაირია. დამემუქრა, ნახე, რა გიქნაო. კი გამცრა ტანში, წინასაახალწლო დღეები იყო და ამ ახალ წელს „გაობახტში“ არ მიკრას თავი-მეთქი. მართლაც, საღამოს გამომიყვანა „სტროიდან” და 30 დეკემბერს „გაობახტში“ არ ჩამსვა?! მთელი ახალი წელი იქ გავატარე. „გაობახტის“ ზედამხედველები, ანუ  ყარაულში იყვნენ ქართველები და იცოცხლეთ, მამარაგებდნენ ალკოჰოლითა და საქართველოდან გამოგზავნილი სურსათ-სანოვაგით. ახალ წელს გოზინაყიც გვქონდა, ჩურჩხელაც და ბლიანი არაყიც.

– ბლიანი არაყი რას ნიშნავს?

– რას და, ჩაასხამდნენ ქილაში არაყს, ჩაყრიდნენ ბლებს და ვითომ ბლის კომპოტს გვიგზავნიდნენ. თან ოფიცერს თუ მისცემდი ერთ ქილას, მაშინ შენც თამამად დალევდი. იქაც გაყოფა „მოსული” იყო. ძირითადად, კომბოსტოს და კარტოფილს გვაჭმევდნენ. იქიდან ჩამოსული „გაკრახმალებულები” ვიყავით ბიჭები (იცინის). ყველაზე ძვირფასი იყო წერილები, რომლებიც იქ მოდიოდა. ის წერილები დღესაც შენახული მაქვს. წარმოიდგინეთ, როცა რომანტიკულ ასაკში ხარ კაცი და, გოგონას წერილი მოგდის ჯარში – ხვდები, რომ ის გელოდება... ეს ყველაზე დიდი რომანტიკაა, 18-19 წლის ასაკში. 

– საწვრთნელ ბაზაზე იარაღის გამოცდა, გამოუცდელი ჯარისკაცისთვის რთული არ იყო?

– ის იარაღი გასაიდუმლოებული კი იყო, მაგრამ ახლა ყველაფერს „დავფქვავ” (იცინის). აფხაზეთის ომში, რუსები გვიშენდნენ „გრადის” სისტემებს, ჩვენ იქ გვქონდა რაკეტა „ურაგანი”. ის რვამეტრიანი იყო, რაკეტის ფორმის და უფრო საშიში. აი, ასეთი ორი ცალი რომ გვქონოდა ქართველებს, მაშინ დედას ვუტირებდით და აფხაზეთის ომს ნამდვილად მოვიგებდით. მე საწვრთნელ ბაზაზე ეგრეთ წოდებული „მეკავშირე” ვიყავი, ჩემი მეგობარი ვასო კი – მზვერავი. ამ ბაზაზე, წავიდოდნენ ჯარისკაცები, დაზვერავდნენ და მონიშნავდნენ ადგილებს. მე ერთმანეთს ვაკავშირებდი მათ და მიდიოდა ბათქა-ბუთქი. ისეთი ომი მაქვს საწვრთნელ ბაზაზე ნანახი, ადამიანის სიცოცხლე რომ არაფრად  ღირდა. კიდევ კარგი, გადავრჩით, თორემ, სიკვდილიც დაშვებული იყო. ეს საინტერესო სანახავი კი იყო, მაგრამ საკმაოდ ცუდად ჩამრჩა მეხსიერებაში. ვუყურებდი ტანკებს, ვერტმფრენებიდან ბომბების დაშენას, გამანადგურებელ რაკეტებს და ეს როგორი აღსაღქმელია! თან, მოჰყავდათ კურდღლები და მათზე გადიოდნენ ცდებს. ანუ, როგორც ცოცხალ ძალას, ისე აღიქვამდნენ და საწყლები, ზოგი რომ არ კვდებოდა, ძალით ვჭრიდით ყელს, რომ მერე, საღამოს, კარტოფილთან ერთად გვეჭამა. ზოგ კურდღელს კი ყურის ბარაბნები უსკდებოდა იმ ბომბების და სროლების ხმაზე. ერთხელ, პოლიგონზე დაგვტოვეს, უფრო სწორად, დავავიწყდით და დაგვტოვეს. იქ, ისეთი ადგილია, სადაც მოსახლეობას გასვლა ეკრძალება, რადგან შეტევების დროს, უსაფრთხოება არ არის გარანტირებული. მოკლედ, ერთი წვრთნის დროს, დაავიწყდათ ჩვენი წაყვანა და მე, ვასო და ერთი ქართველი ბიჭი დავრჩით პოლიგონზე. ციოდა, ცეცხლი ავანთეთ. უცებ დაიწყო დაბომბვა ვერტმფრენებიდან და სწორედ იმ ადგილებს ბომბავდნენ, სადაც ცეცხლი ენთო. ცეცხლით ინიშნებოდა ის ადგილები, სადაც მათ სამიზნე უნდა მიეტანათ. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდით. არიქა, ვეცით, ჩავაქრეთ ცეცხლი, შევიყუჟეთ „ხიჟინაში” და ღმერთის წყალობით, გადავრჩით. ისეთ რეჟიმში ვიყავით, სანამ არ გვეტყოდნენ ჭამეო, ჭამის უფლება არ გვქონდა. ტყეში რომ კენკრა დაგვენახა, მას ვერ ჩავიდებდით პირში, თუ ოფიცერს არ შევეკითხებოდით. სანამ „ატბოის” არ გვეტყოდნენ, მანამდე ძილის უფლებაც კი არ გვქონდა. ზოგს მოჰქონდა სამახსოვროდ ჯარიდან ქამარი, მუნდირი, ჩექმა... მე არაფერი წამომიღია, წერილებისა და დღიურის გარდა. სხვათა შორის, შემომთავაზეს დარჩი, ჩააბარე სამხედრო სასწავლებელში და ორ წელიწადში ოფიცერი გახდებიო. უარი ვთქვი რუსულ ჯარში სამხედრო სამსახურზე. მსახიობობა ვარჩიე და აქ ჩამოვედი. ქართველები რუსულ ჯარში ვიყავით „ქართული ელიტა”, ოღონთ იმათი გაგებით ეს ცუდი იყო (იცინის). მაშინ მძიმე გადასატანი გახლდათ ის ყველაფერი, დღეს კი ყველა დღე კარგად მახსენდება. „კაჩიგარიაშიც” მომიწია მუშაობა. მუგუზალი გინახავთ? ჰოდა, ის ვიყავი მეც. ჯარში მივხვდი, რომ არავინ ზრუნავს შენზე. იქ საკუთარი თავის იმედად ხარ, უცხო ხალხის გარემოცვაში და ცოტა სხვანაირად უნდა იმოქმედო. ისე გვიყურებდნენ ქართველებს, როგორც გამოსაცდელებს. რთულ სიტუაციაში ჩვენ გვიშვებდნენ, რომ წინააღმდეგობებს შევჯახებოდით, ღამეები გაგვეტეხა, გავყინულიყავით, მაგრამ გვეწვნია ეს ყველაფერი და შევგუებოდით. ნამდვილად გვიქმნიდნენ სირთულეებს და ამას ვერ ვეგუებოდით. თავსაც ვიცავდით და ერთმანეთიც გაგვიტანია. კვირაში ერთხელ რომ გიწევს ბანაობა, ამის მოთმენა როგორია, აბა, მითხარით? ესეც უნდა აგვეტანა და პრეტენზია არ გამოგვეთქვა. მოკლედ, ჯარი იცით, როგორი რამ იყო ჩემთვის? წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება რომ შეკუმშო და იმ ორ წელში ჩატიო. მთელი ცხოვრება თითქოს იმ ორ წელში გავიარე. თუმცა, ისეთი მეგობრები შევიძინე, ამისთვის ცხოვრების „შეკუმშვა” ნამდვილად ღირდა.

 

 

скачать dle 11.3