ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: თქვენს ჟურნალში წავიკითხე, რომ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ხანმოკლე ვადით დატოვოს საპატიმრო დაწესებულება და ამ დროს მის მიმართ ხდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება. რას ნიშნავს ამ შემთხვევაში გირაო და როგორ ხდება მისი გამოყენება?
პასუხი: გირაო არის ფულადი თანხა, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დეპოზიტზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით, მსჯავრდებულის სათანადო ქცევისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებას, ფინანსურ მდგომარეობას და მის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გირაო 3 დღის ვადაში უნდა იქნას შეტანილი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დეპოზიტზე. გირაოს შეტანის წინ მის შემტანს წერილობით აფრთხილებენ განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისას შესაძლო შედეგების შესახებ. კერძოდ, თუ მსჯავრდებულმა, რომელიც იმყოფება დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის რეჟიმში, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა დაწესებულებაში დაბრუნებას, ან ჩაიდინა ახალი დანაშაული, მის მიმართ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. მსჯავრდებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, გირაოს სახით შეტანილი თანხა 2 კვირის ვადაში, უბრუნდება მის შემტანს.
კითხვა: გთხოვთ განგვიმარტოთ, რას გულისხმობს და როგორ ხდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით პირადი თავდებობის გამოყენება?
პასუხი: პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან მისი სახელით სხვა პირი, იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევას და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე. გამონაკლის შემთხვევაში, თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი. აღსანიშნავია, რომ პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით, ან თანხმობით, აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. თავდებს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლება არ აქვს თავი იმით იმართლოს, რომ არ ჰქონდა მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას. იმ შემთხვევაში კი, თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებული იქნა თავდებობა, თითოეულ თავდებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაეკისრება ფულადი ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა.
კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ არის თუ არა საკანონმდებლო დონეზე განმარტებული ტერმინი „კორუფცია“ და დადებით შემთხვევაში, რა იგულისხმება კორუფციაში?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „კორუფცია საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის, ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის, გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა.
კითხვა: მაინტერესებს, აქვს თუ არა საჯარო მოხელეს საჩუქრების მიღების უფლება, რა შეიძლება ჩაეთვალოს მიღებულ საჩუქრად და თუ აქვს, როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი?
პასუხი: ზოგადად, საჯარო მოხელეს აქვს საჩუქრის მიღების უფლება. „საჩუქარი“ არის საჯარო მოსამსახურისთვის, მისი ოჯახის წევრისთვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ან გაწეული მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, რომელიც საერთო წესიდან გამონაკლისია. საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15 პროცენტს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5 პროცენტს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან. საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 500 ლარს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.
კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის შესაძლებელია თუ არა პირი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დაზარალებულთან შერიგების გამო?
პასუხი: დაზარალებულთან შერიგების გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულებისთვის, რისთვისაც 3 წლამდე თავისუფლება იყო გათვალისწინებული, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნული მუხლი ამოღებულია და ამგვარი შესაძლებლობა აღარ არსებობს. თუმცა, დაზარალებულთან შერიგება ითვლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.
კითხვა: მაქვს პერსონალური კომპიუტერი, სადაც ვინახავ გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც კოდირებულია. მაინტერესებს, არის თუ არა დანაშაული ნებართვის გარეშე, სხვა პირის მიერ ჩემი კომპიუტერის გამოყენება და კომპიუტერში არსებული ინფორმაციის ნახვა?
პასუხი: დიახ, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა დანაშაულია და სისხლისსამართლებრივად ისჯება. კომპიუტერულ სისტემაში იგულისხმება, აგრეთვე, პერსონალური კომპიუტერიც. უნებართვო შეღწევა კი გულისხმობს, როგორც უკანონო შეღწევას კომპიუტერულ სისტემაში, ასევე იმ შემთხვევას, როდესაც ამ უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ, არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისთვის.
კითხვა: რა გარემოებები შეიძლება, ჩაითვალოს სისხლის სამართლის პროცესში თარჯიმნის მონაწილეობის გამომრიცხავად?
პასუხი: თარჯიმანს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, როდესაც არსებითად დამოკიდებულია სისხლის სამართლის პროცესის რომელიმე მონაწილეზე, ანდა ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან.