მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-1(575)
ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვებიდან ნათელი იყო, რომ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ლეონიდ ბრეჟნევის გვერდის ავლით, პირადად იური ანდროპოვმა მიიღო. ასეთი რამ კი უსერიოზულეს დანაშაულად ითვლებოდა და, გამჟღავნების შემთხვევაში, მისი ყველა მონაწილე თავს დაკარგავდა. თავად ბრეჟნევი იმ პერიოდში ძალიან მძიმედ იყო ავად – მას პირველი ინსულტი დაემართა, კრემლის სპეციალურ კლინიკაში იწვა, სიკვდილს ებრძოდა და ქვეყნის მართვაში არანაირ მონაწილეობას არ იღებდა. მე, რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებდა, თუ რამ გამოიწვია ასეთი უკიდურესი გადაწყვეტილების მიღება და შჩუკინს ვკითხე:
– რა დააშავა ამ კაცმა?
– სერიოზული რამ, – მომიგო შჩუკინმა, რომელიც იმ კაცის ხსენებაზე უკიდურესად გაღიზიანდა, სახე წამოეჭარხლა და მისთვის უჩვეულო ლექსიკით მითხრა, – თავისი ნათესაური ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა და, არაერთჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, თავის ნაბიჭვარ, ონანისტ ძმისშვილს მფარველობს. ანუ, ეს ნაბიჭვარი გენიოსი კრიპტოგრაფია, სამხედრო მრეწველობაში მუშაობს და საბჭოთა სამხედრო უსაფრთხოებისთვის პრაქტიკულად გაუტეხავ, შეუვალ კოდებს ქმნის. მაგრამ, რად გინდა? ეს ოცდახუთი წლის კრეტინი, ონანისტი ნაბიჭვარი, საბავშვო გადაცემებსა და სულელურ ტელევიქტორინებში იღებს ხოლმე მონაწილეობას და თავის საიდუმლო შიფრებს, რებუსებსა და შარადებში აქვეყნებს. ეს კი იგივეა, რომ ზესაიდუმლო კოდი პირდაპირ ლენგლიში, ცეერუს შტაბ-ბინაში მიიტანო. შენ მაინც ხომ ხვდები, რომ არაფერს ვაჭარბებ?
ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინი აბსოლუტურად მართალი იყო. საქმე ისაა, რომ დაზვერვის უამრავ მეთოდს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტურია ეგრეთ წოდებული „ღია წყაროები“. ანუ, როდესაც ერთი ქვეყნის დაზვერვა დაინტერესებული სახელმწიფოს პრესას, პუბლიცისტიკასა და ტელევიზიას აკვირდება, შიფრავს და ანალიზს უკეთებს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა საშინელება შეიძლება მოხდეს, როდესაც „ცეერუს“ „ღია წყაროების“ სპეციალისტები რომელიმე საბავშვო ჟურნალში ან ტელეგადაცემაში, საბჭოთა ბალისტიკური რაკეტების გასაშვებ კოდს ან რომელიმე სუპერსაიდუმლო სამხედრო ობიექტის კოდს აღმოაჩენენ? ეს კი არც ისე რთულია, რადგან, როდესაც კოდების სპეციალისტი ტელეეკრანზე ჩნდება და შარადებში სუპერკოდებს დებს, მისი პიროვნების გაგების შემდეგ, მტრული დაზვერვა, რა თქმა უნდა, მისი შარადებითაც დაინტერესდება, ეს ყველაფერი კი ქვეყნის უსაფრთხოებას კატასტროფის წინაშე დააყენებს...
მე კარგად ვიცნობდი დაზვერვის ამ მეთოდს და შჩუკინის სიტყვები რომ გავიაზრე, ვუთხარი:
– მართალია. ეს ხომ პირდაპირი ღალატია, ნუთუ ამდენს ვერ იაზრებს?
– იაზრებს კი არა! მართალია, კრიპტოგრაფიაში გენიოსია, მაგრამ, სხვა დანარჩენში უიმედო იდიოტი და ცალტვინაა, – აღშფოთდა ვიქტორ იაკოვლევიჩი, – რაღა შორს მიდიხარ, ოცდახუთი წლის ბიჭი რომ ონანისტი იქნება და ქალთან დაწოლის ნაცვლად ამ საქმით დაკავდება, მის სრულფასოვნებაზე ლაპარაკი შეიძლება? არადა, იმდენი ფული აქვს, სად წაიღოს, არ იცის. მანქანა ემსახურება და ფეხით დადის. მოკლედ, ცალტვინაა, მის თავში არაფერი შედის და უნდა მოვიშოროთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ის სამსახურს ჩამოვაშოროთ, მაგრამ, მისი ცოცხლად დატოვება მაინც დიდ საშიშროებასთანაა დაკავშირებული და მისი მოშორება ამიტომ გადაწყდა.
– არც ბიძამისს უჯერებს?
– ბიძამისი მასზე უარესია – ამბიციურია და მედიდური. ბრეჟნევის მეგობრობა თავში აქვს ავარდნილი. როდესაც უთხრეს, ძმისშვილი მოეთოკა, იური ვლადიმიროვიჩს უხეშად მიუგო, რომ მის ნათესავს მოსათოკი არაფერი სჭირდა, – მითხრა შჩუკინმა, – ანდროპოვთან უხეშობა კი იმის ტოლფასია, რომ ათას ვოლტს დაადო ხელი...
ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინის სიტყვებიდან აშკარა იყო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და პირადად ანდროპოვის ინტერესებმა ერთ წერტილში მოიყარა თავი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საბჭოთა უშიშროების მრისხანე შეფმა, რომ ორივე პრობლემა ერთი დარტყმით გადაეჭრა და ასეთი სარისკო გადაწყვეტილება მიეღო, რომლის შესრულებაც მე დამეკისრა.
– ამხანაგო გენერალო, ამ საქმეში, ჩემი აზრით, ყველაზე რთული მათი ერთად მოხელთებაა და მთავარ პრობლემას სწორედ ეს შეგვიქმნის, – ვუთხარი ვიქტორ იაკოვლევიჩს.
– პრობლემა არ უნდა შეგვექმნას, საქმე უმოკლეს დროში, ზუსტად უნდა შესრულდეს და, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე რთულია, ოპერაცია ძალიან შეზღუდული რესურსებითაა შესასრულებელი, – მომიგო მან.
– აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს, – რესურსების გამოყენება ამ საქმის გაბაზრების ტოლფასია, რაც არ უნდა დავუშვათ.
– ამიტომ, უნდა დავსხდეთ და ყველაფერი ერთად მოვიფიქროთ. მუხინიც მალე შემოგვიერთდება.
ანდრეი ლუკიჩი მართლაც მალე მოვიდა. სამივე დავსხედით და იმაზე დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ მოგვეხელთებინა ერთად პოლიტბიუროს წევრი, რომელსაც უკან დაცვა დასდევდა და მისი გენიოსი, მაგრამ ცალტვინა კრიპტოგრაფი ძმისშვილი. ჩვენ მართლაც უამრავი ვარიანტი გავაანალიზეთ, მაგრამ არც ერთი არ გამოდგა და ბოლოს მე ვთქვი:
– ვფიქრობ, ორმაგი ოპერაცია უნდა ჩავატაროთ და, შეიძლება, ოდნავ უხეში საქმე გამოგვივიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორის გარდა, სხვებიც დაიხოცონ.
– აბა, გისმენთ, თქვი, – მითხრა შჩუკინმა.
– ბოდიშს გიხდით ამ სიტყვისთვის, – გამეცინა მე, – მაგრამ, ამ ონანისტი გენიოსით უნდა დავიწყოთ. კონკრეტულად კი ეს ფეხით მოსიარულე კრიპტოგრაფი ისე უნდა დავაზარალოთ ქუჩაში, რომ ის ჩვენთვის სასურველი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდეს. მას აუცილებლად ხელოვნური სუნთქვა უნდა დასჭირდეს. ხოლო, როდესაც მის სანახავად ბიძამისი მივა, ჟანგბადის ბალონი აფეთქდება და, როგორც ბიძა, ასევე ძმისშვილი, „უბედური შემთხვევისგან“ დაიღუპებიან.
– სწორი მიგნებაა, – გაეცინა შჩუკინს, რაშიც მას მუხინიც დაეთანხმა და ამ ორმაგი ოპერაციის დეტალების შემუშავებას შევუდექით, რომელიც უახლოეს დღეებში სისრულეში უნდა მოგვეყვანა.
ორი დღის შემდეგ, ერთ-ერთი საიდუმლო ლაბორატორიიდან გამოსულ კრიპტოგრაფს, მოსკოვის ცენტრში, საღამოს ათ საათზე, მანქანამ დაარტყა და კისერი მოსტეხა. საჭესთან მე ვიჯექი და, რა თქმა უნდა, შემთხვევის ადგილიდან სასწრაფოდ, უკვალოდ მივიმალე. დაზარალებული გენიოსი სკლიფასოვსკის სახელობის კატასტროფის ცენტრში მიიყვანეს, რეანიმაციული განყოფილების ერთადგილიან პალატაში დააწვინეს და ხელოვნურ სუნთქვაზე შეაერთეს. გვიან ღამით, ძმისშვილს ბობოლა ბიძა ეწვია სანახავად და, როდესაც ის პალატაში შევიდა მთავარ ექიმთან და საავადმყოფოს დირექტორთან ერთად, ჟანგბადის ლურჯი ბალონი აფეთქდა....
„უბედური შემთხვევა“, დისტანციური პულტის მეშვეობით განხორციელდა და პულტის ღილაკს თითი მე დავაჭირე... ყველაზე სასიხარულო კი ამ საქმეში ის იყო, რომ საშინელმა აფეთქებამ მხოლოდ და მხოლოდ ბიძა-ძმისშვილის სიცოცხლე შეიწირა, პოლიტბიუროს წევრის გვერდით მჯდომი დამსახურებული და უდანაშაულო ექიმები კი უვნებლად გადარჩნენ, მათ ერთი განაკაწრიც კი არ მიუღიათ...
ამ ამბავს რომ ვიხსენებ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერ ამაში ღმერთის ხელი ერია და უფალმა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა.
– არა, რა, ძმებო! – თქვა აფეთქების შედეგებით კმაყოფილმა შჩუკინმა, როდესაც კვლავ მის კაბინეტში შევიკრიბეთ, – ყველაზე ოპტიმისტური გაანგარიშების შედეგადაც, კი ექიმებიც უნდა დაღუპულიყვნენ, ისინი კი სასწაულებრივად გადარჩნენ, სასწაულებს კი მხოლოდ ღმერთი სჩადის და, დარწმუნებული ვარ ამ საქმეში, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ღმერთის ხელი ურევია...
შჩუკინის კაბინეტში ამაღლებული, საზეიმო განწყობა სუფევდა. ამიტომ, მუხინმა გაბედა და შჩუკინს უთხრა:
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, გასაგებია, რომ ამ საქმის ნაწილი ღმერთმა შეასრულა და ექიმები სიკვდილისგან იხსნა, მაგრამ, მეორე ნაწილი ვისია? ალბათ, ეშმაკის, ხომ?
– კი, ეშმაკის, – დაეთანხმა შჩუკინი. მუხინმა კი არ დააყოვნა და მიუგო:
– გამოდის, რომ ჩვენ ეშმაკის მსახურები ვყოფილვართ.
– გამოდის, გამოდის, – ღიმილით თქვა შჩუკინმა. – თუმცა, ზოგჯერ ეშმაკიც სჩადის სიკეთეს და ეს „ოსტატსა და მარგარიტაშიც“ კარგად ჩანს.
მართალია, მე მაშინ ბულგაკოვის არც ერთი ნაწარმოები არ მქონდა წაკითხული, მაგრამ, ზუსტად ვიცოდი, რომ მისი მთავარი აკრძალული ნაწარმოები „ოსტატი და მარგარიტა“ იყო. მუხინმა კი კაბინეტში შექმნილი ატმოსფეროს შესაბამისად ვიქტორ იაკოვლევიჩს უთხრა:
– აკრძალულ წიგნებს კითხულობთ, ამხანაგო გენერალო?
– ყველა აკრძალული, საბოლოოდ ნებადართული ხდება და ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, თუ სულ მალე ეს ნაწარმოები მილიონობით ტირაჟით არ დაბეჭდონ, – სრული სერიოზულობით თქვა შჩუკინმა, მე და მუხინს გადმოგვხედა და დაამატა, – რაც არ უნდა აკრძალო და ანადგურო, ჭეშმარიტი ხელოვნება თავის გზას მაინც გაიკვლევს. ამავე წიგნის ციტატით გიპასუხებთ, რომ „ხელნაწერები არ იწვიან...“
ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინს, მართალია, მსოფლიოს ყველაზე საზარელ ორგანიზაციაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და, ასე ვთქვათ, საზარელი პოსტი ეკავა, მაგრამ, პროგრესულად აზროვნებდა და არასდროს ეთანხმებოდა სუსლოვისნაირ გონებაშეზღუდულ დოგმატიკოსებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ, ჭეშმარიტ ხელოვნებას თუ არ აკრძალავდნენ სახელმწიფოს საფუძვლები ირყეოდა.
– სტალინი რომ სტალინი იყო, – ამბობდა ამაღლებულ განწყობაზე მყოფი შჩუკინი, – ისიც კი, ბოლომდე არ ბლოკავდა ჭეშმარიტ ხელოვნებას და, თუკი ეს შესაძლებელი იყო, მას სოციალიზმის სამსახურში აყენებდა. აიღეთ ტოლსტოის ნებისმიერი ნაწარმოები. დაინტერესებული ცენზორი მასში უამრავ ანტისაბჭოთა, ანტიკომუნისტურ თეზას აღმოაჩენს. მთავარი ის არის, თუ ამა თუ იმ ნაწარმოებში ვინ რას დაინახავს და როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებს. აბა, ერთი წამით წარმოიდგინეთ, როგორ გაღარიბდებოდა საბჭოთა და მსოფლიო ლიტერატურა, ვინმეს ლევ ტოლსტოის შემოქმედების პუბლიკაცია რომ აეკრძალა?
მე და მუხინს ჩაგვეცინა, შჩუკინმა კი ასეთი რეზიუმე გააკეთა:
– ჭეშმარიტ ხელოვნებას ზემოდან ხელდასხმულები ქმნიდნენ, ხელდასხმულების შემოქმედებას კი, რაც უნდა აკრძალო და ანადგურო, მაინც ვერ მოსპობ...
შჩუკინის კაბინეტში მსგავსი საუბრები თითქმის არასდროს იმართებოდა და ჩემს კარიერაში ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შჩუკინი ბოლომდე გულახდილი იყო.
– შეფს რომ ვუსმენდი, მეგონა სოლჟენიცინს ვკითხულობდი, – მითხრა მუხინმა, როდესაც ვიქტორ იაკოვლევიჩის კაბინეტიდან ერთად გამოვედით, – იმ ონანისტისა და მისი გაბღენძილი ბიძის სიკვდილმა ამხანაგი გენერალი მშვენიერ ხასიათზე დააყენა და, გული მიგრძნობს, რომ სულ მალე მას კიდევ ერთ ვარსკვლავს მოუმატებენ.
ანდრეი ლუკიჩი არ შემცდარა და ვარსკვლავი არა მხოლოდ შჩუკინს, არამედ მე და მუხინსაც მოგვიმატეს, სოლიდური ფულადი ჯილდოებიც გადმოგვცეს. აშკარა იყო, ასეთი სიუხვე ანდროპოვის წყალობა იყო, რომელმაც ჩვენი მეშვეობით პოლიტბიუროში მორიგ წარმატებას მიაღწია.
ჩინის მომატება, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ ამ სიხარულს ჩემი ოჯახის წევრებს ვერ გავუზიარებდი და ვერც ვარსკვლავებითა და ორდენებით დახუნძლულ საზეიმო მუნდირს მოვირგებდი.
– რა კარგია, საყვარელო, რომ აფერისტობა და ორპირობა არ შეგიძლია და არ გიყვარს, – მითხრა ერთხელ მერიმ, მე კი მას მივუგე:
– ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ძვირფასო. რა საჭიროა ჩვენ შორის თვალთმაქცობა, ჩვენ ხომ უზომოდ გვიყვარს ერთმანეთი, ტყუილი კი სიყვარულის მტერია...
„სიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს, რომე არ ჰმონებდესო“, – უთქვამს პოეტს და აბსოლუტურად სწორადაც, რადგან ამ ქვეყნად არ მეგულება ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც არ ყოფილა სიყვარულის მონა... მე ახლაც მისი მონა ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემნაირ ადამიანებს ,,რკინის კაცებს” უწოდებენ, მერის სიყვარული დღემდე სულში მინთია და ჩემს რკინის გულს წვავს და ადნობს... უკვე მერამდენედ ვიმეორებ, რომ მერი ჩემი ერთადერთი სიყვარულია და რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები ამაში. საკმარისი იყო, მისი ლამაზი სახე მენახა და მისი სათნო ხმა გამეგონა, რომ, რაც უნდა ცუდად ვყოფილიყავი, კარგად ვხდებოდი. სიყვარულმა ეჭვიანობა იცისო, რომ ამბობენ, ესეც გამომიცდია. მართალია, მერის არასდროს მოუცია ჩემთვის ამის საბაბი, მაგრამ, ერთ, რბილად რომ ვთქვათ, თავხედს, არცთუ ისე რბილად მოვექეცი...
ერთხელ ერთ შორეულ ქვეყანაში ძალიან მძიმე და სარისკო საქმე გავაკეთე და სასწრაფოდ თბილისში დავბრუნდი, რომ ჩემი მერიკოსთვის დაბადების დღე მიმელოცა.
– ძალიან დაქანცული ხარ, კოკი. დღეს მოსკოვში დარჩი, გამოიძინე და თბილისში ხვალ გაფრინდი, – მირჩია შჩუკინმა, რომელსაც უთენია ვეწვიე ლუბიანკაზე და ანგარიში ჩავაბარე.
– არა, ამხანაგო გენერალო, დღეს მერის დაბადების დღეა და დღესვე უნდა მივულოცო, – მივუგე ვიქტორ იაკოვლევიჩს.
შჩუკინს აღარაფერი უთქვამს, ხელი ჩამომართვა, გამომემშვიდობა და კაბინეტიდან გამომისტუმრა. მე კი აეროპორტში გავქანდი, თვითმფრინავის გამოფრენამდე თხუთმეტი წუთით ადრე სპეციალური ჯავშნით შენახული ბილეთი ავიღე და თვითმფრინავში ჩავჯექი. სამუშაო დღე იყო. ამიტომ, თბილისის აეროპორტიდან ჯერ კოლმეურნეობის მოედანზე გავქანდი და უამრავი წითელი ვარდი ვიყიდე, შემდეგ კი მერიკოს სამსახურისკენ ავიღე გეზი, რომ ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს ავტობუსების გაჩერებასთან დავხვედროდი და დაბადების დღე მიმელოცა. იქვე, გაზეთების ჯიხური იდგა და მას ვეფარებოდი, რომ მერის შორიდან არ დავენახე და ჩემს გამოჩენას უფრო დიდი მოულოდნელობის ეფექტი ჰქონოდა.
უცებ მერიც გამოჩნდა. მას წითელი, თეთრკოპლებიანი კაბა ეცვა და განსაკუთრებულად ლამაზი იყო. მე გული ამიჩქარდა და ცოლის შესაგებებლად მოვემზადე, როდესაც ჩემ გვერდით მდგარი მამაკაცის ხმა მომესმა. ჩვენ რკინის თხელი კედელი გვყოფდა და მამაკაცი ვერ მხედავდა, რომელმაც თავის გვერდით მდგომ მეორე მამაკაცს უთხრა:
– ერთი, ეს გამაჟიმინა და მერე თუ გინდა ძირში მომაჭრან.
– ვინ, მალხაზ? – ჰკითხა ,,ძირში მოჭრის” მსურველს მეორე მამაკაცმა.
– აბა, თუ მიხვდები, ვისზე ვიტყოდი, ბატონო ვახტანგ? – ირონიულად უთხრა მალხაზმა ვახტანგს, მან კი არანაკლები ირონიით მიუგო:
– აბა, მე რა ვიცი, ზოგს კოჭლი და ბრუციანი ევასება, ზოგსაც, სულაც, ძაღლი და კატა. მე შენი გემოვნება არ ვიცი და არც გულთმისანი ვარ, რომ მივხვდე.
– ჭირსაც წაუღია ძაღლი და კატა და ყველა მახინჯი. აი, ის, ბიჭო, მერი, წითელკაბიანი რომ მოდის, იმაზე გეუბნები.
– იცნობ?
– ჩვენთან მუშაობს ექიმად. კარგა ხანია, ვეჩალიჩები და, ალბათ, შევაბამ...
ამ, „ალბათ შევაბამ“, რა თქმა უნდა, გული არ გამიხეთქა, რადგან მერიზე იყო ლაპარაკი და მასში არანაირი ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ, გულზე ძალიან ცუდად მომხვდა და მიზერულმა ეჭვმაც კი გამკრა, რაზეც მე თვითონ გამეცინა. მერის შეგებება გადავიფიქრე, გავისუსე და მივაყურადე.
– ჰო, მშვენიერი ქალია, ძალიან ლამაზი და მოხდენილი. ასეთებს კარგი პატრონები ჰყავთ და მისი ქმრის არ გეშინია? – თქვა ვახტანგმა.
– მე და შიში? ქმარს არ ვიცნობ, მაგრამ, ნაღდად ვიღაც სირი იქნება. „პერევოდჩიკია“ და ტურისტებს ემსახურება.
„გაგაპერევოდჩიკებ“, შე ნაბოზარო, თუ ჩაგავლე ხელები, შუაზე ქათამივით გაგხლეჩ, – გავიფიქრე გუნებაში და ვახტანგის პასუხს მოვუსმინე:
– მერე რა, რომ ტურისტებს ემსახურება, თუ გინდა, მუშა იყოს. იქნებ, ვაჟკაცი კაცია და ცოლიც ძალიან უყვარს?!
– მე რა, ცუდი ტიპი ვარ? – ცინიკურად თქვა მალხაზმა, – მაგის ქმარი რომ კარგი ტიპი იყოს, ასეთ ქალს ტროლეიბუსით ატარებდა?
– შენ ხომ, რას ამბობ... – ჩაეცინა ვახტანგს, – სულ „ჩაიკებით“ დაქრიხარ!
– ,,ჩაიკით” არა, ძმაო, მაგრამ, ზეგ „ცელკა“ „მოსკვიჩს“ მივაქროლებ სახლში და მერის იმ მანქანაში გავჟიმავ, – ნიშნის მოგებით თქვა მალხაზმა, ვახო კი არ შეეპუა:
– კარგი, კარგი, გეყოფა, ბაქიბუქი. შენს ცოლზე რომ ასე ილაპარაკონ, კარგი იქნება? მე, მაგალითად, ჩემს ცოლზე ასეთის მთქმელს ყვერებით დავკიდებ. ახლა კი კარგად მეყოლე...
ვახტანგი ტროლეიბუსში ავიდა და მერიც მას აჰყვა უკან. მე, ყვავილებით ხელში, კიოსკს ამოფარებული დავრჩი და მალხაზის წასვლას ველოდებოდი, რომ მისი პერსონა მეხილა. როგორც იქნა, მალხაზის ტრანსპორტიც მოვიდა და კარგად შევათვალიერე მასში ამავალი მელოტი, ხშირწარბება, მოკლეხელება და ძალიან სასაცილო, ღიპიანი კაცუნა.
„ეს უპირებს მერიკოს გაჟიმვას? – გავიფიქრე გუნებაში, – რაო, რა თქვა ვახომ, ყვერებით დავკიდებდიო? ძალიან კარგი იდეაა, შეიძლება, გამოვიყენო“.
მელოტი კაცუნა, მალხაზი, კბილის ექიმი იყო და იმავე პოლიკლინიკაში მუშაობდა, სადაც ჩემი მერი. რა თქმა უნდა, ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა მერისთვის და ამაზე ფიქრიც სასაცილო იყო, მაგრამ მისი სულელური ბოდვები გულზე მომხვდა და გადავწყვიტე, ჭკუა მესწავლებინა. გავიგე, რომ მალხაზი 31 წლის, უცოლშვილო დანტისტი იყო და სვანეთის უბანში მარტო ცხოვრობდა პატარა კერძო სახლში. ორი დღის შემდეგ, ანუ იმ დღეს, როდესაც ამ კაცუნამ ახალი „მოსკვიჩი“ შეიძინა, მის კერძო სახლში შევიპარე და მოუთმენლად ველოდი მასპინძლის გამოჩენას. დაახლოებით 10 საათი იქნებოდა, როდესაც მან ახალთახალი მანქანა ეზოში შემოაყენა და კარი დახურა. შემდეგ სახლში შემოვიდა, თან უხამს სიმღერას მღეროდა, რომელიც შიშველ ქალებსა და სექსს შეეხებოდა.
„ამას ნაღდად სექსუალური პრობლემები აქვს, მაგრამ, არა უშავს, მე მოვუგვარებ“, – გავიფიქრე გუნებაში და ჯერ სპეციალური ნიღაბი ჩამოვიფარე სახეზე, რომ კაცუნას ჩემი სახე არ დაენახა, შემდეგ ქეჩოში ჩავავლე ხელი, მოვქაჩე და სინათლის ანთების უფლება არ მივეცი, თან პირზე ავაფარე ხელთათმანიანი ხელი და ვუჩურჩულე:
– თუ დაიყვირებ, ენას ამოგაძრობ!
– ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ? – ჩურჩულითვე მომიგო მალხაზმა, რომელიც შიშისგან ისე კანკალებდა, ციებიანივით აკაკუნებდა კბილებს კბილებზე...
მალხაზი კედელთან მივაყუდე და ერთი ხელი პირზე მივაჭირე, რომ არ ეყვირა, მეორე ხელით კი ალესილი ხანჯალი ამოვაცურე, სამოსზე დავუსვი და ისე დავუსერე, რომ ტანსაცმელი თავისით ჩასძვრა და დედიშობილა დარჩა.
გარე განათების შუქი ზოლად ეცემოდა მის შიშველ სხეულს. მე მას თვალი შევავლე და სარკაზმით ვუთხარი:
– რა დედამ გაგაჩინა, შე უბედურო, ასეთი, ნორმალური ზომის რომ არაფერი გაქვს?!
მალხაზმა ხელები ინსტინქტურად წინ აიფარა და შემომტირა:
– რა გნებავთ, რატომ დამცინით, რა დაგიშავეთ?
– შენზე მითხრეს, სექსგიგანტიაო და შენი ,,საოცრების” სანახავად მოვედი. ხელები მოაშორე, რომ შენი მშვენებით დავტკბე! – ვუთხარი მალხაზს, უეცრად სილა შემოვკარი, თან, რომ არ წაქცეულიყო მეორე ხელით ყელში ვწვდი და ჰაერში ავწიე, – აპოლონი ხარ, ნამდვილი აპოლონი, შენ შემოგევლე!
მალხაზი ახროტინდა. მე მას ფეხები წინასწარ გამზადებული ბაწრით შევუკარი, ჰაერშივე ამოვატრიალე და დაკლული ძროხასავით ფოლადის უზარმაზარ ლურსმანზე ჩამოვკიდე, რომელიც კედელში იყო ჩასობილი.
– რას მერჩით, რა დაგიშავეთ? – ქვითინებდა მალხაზი, თან, არ ავიწყდებოდა და ,,თქვენობით” მომმართავდა.
– ხმას არ აუწიო, აპოლონ, თორემ, ამ ბასრი ხანჯლით მაგ მატლს მოგაჭრი და კატებს გადავუგდებ, – დავემუქრე პირქვედაკიდებულ მალხაზს, რომელიც შემევედრა:
– ოღონდ ამას ნუ იზამთ და, რაც ოქრო-ვერცხლი და ფული მაქვს, უკლებლივ ჩაგაბარებთ.
– ბევრი გაქვს?
– დიახ, დიახ, ბევრი მაქვს და სულ თქვენი იყოს.
– აპოლონ! – მივმართე მალხაზს, – ერთი რჩევა უნდა მოგცე და, თუ არ შეასრულებ, იცოდე, კიდევ მოვალ, მაგ მატლსაც მოგაჭრი, მაგ მელოტ თავსაც, ფულსაც წაგართმევ და ბოლოს ამ სახლში ამოგბუგავ. გაიგე?
– გავიგე, ბატონო, გისმენთ, მირჩიეთ.
– ზუსტად ორ კვირაში თუ არ გადაიხვეწები თბილისიდან, იცოდე, დანაპირებს შეგისრულებ.
– გადავიხვეწები, ბატონო, გადავიხვეწები, მიბრძანეთ, სად წავიდე!
– სადაც გინდა, თუნდაც ჯანდაბაში, ოღონდ თბილისში აღარ უნდა გნახო, – ვუთხარი მალხაზს, სახლიდან გავედი. შემდეგ მის „მოსკვიჩს“ ცეცხლი წავუკიდე და იქაურობას გავშორდი...
„სექსგიგანტმა“ ზუსტად ხუთ დღეში დატოვა საქართველოს დედაქალაქი და თბილისში ის აღარასდროს შემხვედრია. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ ვნახე ისრაელის ერთ-ერთ ფეშენებელურ კურორტზე, სადაც მე ერთი კერძო შეკვეთის შესასრულებლად ვიმყოფებოდი.
ბედის ირონიით, ისე მოხდა, რომ ჩემი ,,ობიექტი” მალხაზის ბიზნესპარტნიორი იყო და შეკვეთის შესასრულებლად მათთან დაახლოება გახდა საჭირო. მე მათ საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებულ რუსად წარვუდგინე თავი და ისე ოსტატურად ვიყავი შენიღბული, რომ ვერაფერს შემატყობდნენ. რომც შეეტყოთ, მალხაზს ჩემი სახე ნანახი არ ჰქონდა და აბა, რას წარმოიდგენდა, თუ მერის ქმარი ვიყავი, მით უმეტეს, რომ რუსულად ვლაპარაკობდი და, თანაც, შეცვლილი ხმით.
ნაცნობობის მეოთხე დღეს ობიექტმა და მალხაზმა ფეშენებელურ ვილაში დამპატიჟეს, რომელიც ნაქირავები ჰქონდათ. გაშლილ სუფრასთან მალხაზი ორმა ჭიქამ შეაქეიფიანა და ისეთი ტრაბახი დაიწყო, იფიქრებდი, ნახევარი სამყარო გაჟიმული ჰყავსო. მელოტი კაცუნა ლაყბობდა, მე კი ვუსმენდი, თან მომენტს ვეძებდი, რომ „ობიექტი” მომეკლა. ვიხელთე თუ არა დრო, სასმელში საწამლავი ჩავუყარე და საიქიოში გავამგზავრე – მან სუფრაზევე დადო თავი და გაიყურსა. მოტრაბახე მალხაზმა რომ ეს დაინახა, მითხრა:
– ორჭიქიანია. ხომ ხედავ, როგორ მიეძინა. ამის ასაკში მე ლიტრობით ღვინოს ვსვამდი და არ ვთვრებოდი, თან, ხუთ-ექვს ქალს ერთად ვჟიმავდი...
მალხაზს მოვუბოდიშე და ტუალეტში გასვლა მოვიმიზეზე. სინამდვილეში კი ვილა სასწრაფოდ დავტოვე, წინასწარ გამზადებულ კატერში ჩავჯექი და სანამ იქაურობას დავტოვებდი, მალხაზს მობილურზე დავურეკე.
– გისმენთ, – მიპასუხა „სექს-გიგანტმა“ ებრაულად, მე კი მას ქართულად ვუთხარი:
– აპოლონ! შენი მეგობარი მკვდარია. პოლიციას ჩემ შესახებ არაფერი უთხრა, თორემ, ერთი ადგილით დაგკიდებ!
მალხაზის პასუხისთვის აღარ მომისმენია, ან მეტყოდა კი რამეს? მე მობილური ზღვაში მოვისროლე და კატერით იქაურობას მოვშორდი...
მალხაზთან დარეკვით, ცოტა არ იყოს, კონსპირაციის ნორმები დავარღვიე, მაგრამ, ძალიან მინდოდა იმ საქმისთვის ასეთი წერტილი დამესვა. თანაც, ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ მალხაზი საშინელი წამების შედეგადაც კი არ იტყოდა, რომ მისი პარტნიორი ქართულად მოლაპარაკე ქილერმა მოკლა. თუმცა, რომც ეთქვა, მე მაინც ვერავინ ვერაფერს მავნებდა.
არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს ჩემი სიტყვები, თითქოს თავდაჯერებული კრეტინი ვარ და ათწლეულების განმავლობაში მოუხელთებლობამ ყურადღება მომიდუნა. არა! მე ძველებურად ფრთხილი და დაკვირვებული ვარ და, შანსი არ არის, გაუთვლელი და ემოციური ნაბიჯი გადავდგა. ჩემი პრინციპია „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. თუმცა, არის სიტუაციები, როდესაც ელვისებური მოქმედებაა საჭირო, გაზომვის დრო აღარ რჩება და ყველაფერი შენს რეაქციაზეა დამოკიდებული.
საბჭოთა კავშირის რღვევა დაწყებული იყო. 9 აპრილის წინა დღეები იდგა. თბილისი მდუღარე ქვაბს ჰგავდა. ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებდა და აშკარა იყო, რომ რაღაც ძალიან ცუდი უნდა მომხდარიყო. მთავრობის სახლის წინ მოშიმშილეების აქცია ორიოდე საათის დაწყებული იყო, როდესაც ცენტრიდან გამოგზავნილი მეკავშირე ალექსანდროვის ქვემო ბაღში შემხვდა და მითხრა:
– უჩვეულო საქმეს გავალებენ.
– რა საქმეს?
მეკავშირემ ერთი ძალიან ცნობილი ქართველი არაფორმალი ლიდერის სახელი მითხრა და დაამატა:
– არსებობს ზუსტი ინფორმაცია, რომ ამერიკელების მიერ დაქირავებული კაცი მის მოკვლას აპირებს. შენ ის კაცი უნდა დაიცვა, თან, შეძლებისდაგვარად, ქილერი აღმოაჩინო და გაანეიტრალო. ამ საქმეზე სხვებიც მუშაობენ, მაგრამ, შენც ჩაგრთეს, როგორც ძალიან გამოცდილი პროფესიონალი და ამიერიდან მას თვალი არ უნდა მოაცილო.
– ის კაცი ამერიკელების წაქეზებულია, ახლა კი ალბათ, იმიტომ წირავენ, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და საკუთარი კარტები გაათამაშონ, – ვუთხარი მეკავშირეს.
– მეც ზუსტად ასე ვფიქრობ. დამპალი ამერიკელები! – მტკიცედ თქვა მეკავშირემ.
– დროებით ციხეში ჩასვან ეს ლიდერი და სიკვდილს გადაარჩენენ, – ვთქვი მე, – თუმცა, მისი დაჭერა ხალხს უფრო ააბობოქრებს და ამერიკელებს ეს ვარიანტი აწყობთ. ერთი სიტყვით, ისინი წაუგებელ თამაშს თამაშობენ.
– დამპალი ამერიკელები! – გაიმეორა მეკავშირემ, მე კი განვაგრძე:
– მოკლედ, კარგი არაფერი მოხდება. აშკარაა, რომ ამერიკელებს დესტაბილიზაციის გამოწვევა სურთ, რომ თავიანთი პოლიტიკა გაატარონ, ხალხი კი ფეხებზე ჰკიდიათ. არა! ძალიან ცუდი რამ მოხდება – ყველაფერი იქითკენ მიდის და, მოკლავენ თუ არ მოკლავენ იმ ლიდერს, მე მგონი, ამერიკელები თავისას მაინც მიაღწევენ.
– დამპალი ამერიკელები! – მესამედ თქვა მეკავშირემ, – „ზაკვოს“ ჯარია მობილიზებული, დღეს ღამით „სპეცნაზის“ დამატებითი ძალები ჩამოჰყავთ. როგორც ეტყობა, სამხედროებისთვის უნდათ ხელების შეწმენდა.
– კი, ნაცნობი ხერხია, – დავემოწმე მეკავშირეს, – ავღანური ავანტიურაც სამხედროებს შესტენეს. მათ ხომ ჭკუა არ აქვთ და სწორხაზოვნად მოქმედებენ. მოკლედ, ჩემო ძმაო, უახლოეს დღეებში ცუდია მოსალოდნელი და ამაში დარწმუნებული ვარ.
– დამპალი ამერიკელები! გორბაჩოვის დედაც, რომ ქვეყანა ასე გააბარდაგა და ამერიკელებს აგულავებს! – კბილებში გამოცრა მეკავშირემ.
– არა მარტო გორბაჩოვის, კიდევ სხვებისაც, – დავამატე მე და მშრალი ხიდის მხრიდან მომავალ დემონსტრანტთა კოლონას შევავლე თვალი, რომელსაც ჩემ მიერ დასაცავი ობიექტი ედგა სათავეში.
„სა-ქარ-თვე-ლო!“ – სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რომლებიც გვიახლოვდებოდნენ და აშკარა იყო, რომ რუსთაველის გამზირისკენ, მოშიმშილეებისკენ მიემართებოდნენ.
– აი, ობიექტიც თავად გეახლა და, შეგიძლია, დავალების შესრულებას შეუდგე. მე კი წავედი, მშვიდობით და მშვიდობას გისურვებ, – მითხრა მეკავშირემ და წავიდა. მე დემონსტრანტებს შევუერთდი, ობიექტს მაქსიმალურად მივუახლოვდი და ცენტრის დავალების შესრულებას შევუდექი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში